ENG

“გოლდენ კომის” შეთავაზება სიხშირეების მართვასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს

03 აგვისტო, 2011

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “ალფა-კომის” 4 წლიანი მმართველობის უფლება შ.პ.ს. “გოლდენ კომს” გადასცა შეგახსენებთ, რომ “ალფა-კომი” სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სატელევიზიო ანძას ოპერირებს და რადიო, ტელევიზიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიათა სიგნალებს გადასცემს. შ.პ.ს. “გოლდენ კომი” ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც აუქციონში მონაწილეობა მიიღო და 110 000 ლარის საფასურად ალფა–კომის 4 წლიანი მმართველობა ჩაიბარა.(საწყის ფასად აუქციონზე 100 000 ლარი დასახელდა). ჩვენს წინა ბლოგში უკვე აღვნიშნეთ, რომ აუქციონის ჩატარების პროცესი რამდენიმე პრობლემას შეიცავდა. კერძოდ, აუქციონის ჩატარებისთვის განკუთვნილი მოკლე დროის პერიოდს (11 დღე) და არასაკმარის დოკუმენტაციას, რაც პოტენციურ მყიდველს გადაწყვეტილების მიღებში ხელს შეუშლიდა. რა ვიცით შ.პ.ს. “გოლდენ კომის” შესახებ? საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად “გოლდენ კომი” შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოა, რომელიც 2011 წლის 11 ივლისს, “ალფა კომის” მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული აუქციონის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე, დარეგისტრირდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა რომელიმე სამთავრობო უწყებას წინასწარ არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია “ალფა კომის” აუქციონზე გამოტანის შესახებ. ეს ინფორმაცია უცნობი უნდა ყოფილიყო “გოლდენ კომისთვისაც”. თუმცა, კითხვას ბადებს, რატომ არის “გოლდენ კომის” სახელწოდება ასე მიმსგავსებული “ალფა კომის” სახელწოდებასთა. შ.პ.ს. “გოლდენ კომის” 100 % წილის მფლობელია ინდივიდუალური მეწარმე ბატონი ვასილ ბოლაშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიის ოფიციალურად შემდეგ მისამართზეა დარეგისტრირებული: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 158, სადაც ასევე სასტუმრო “გოლდენ პალასი” მდებარეობს. აღნიშნული სასტუმროს ოფიციალური მფლობელია არა ბატონი ბოლაშვილი, არამედ ბატონი ვასილ გეჯაძე. შ.პ.ს. “გოლდენ კომის” გარდა ბატონ ბოლაშვილის სახელთან ასოცირდება ასევე სასტუმრო ფიროსმანი, რომელიც რეგისტრირებულია ბოლაშვილის საიდენტიფაკაციო კოდით და მდებარეობს თბილისში მისამართზე აღმაშენებლის ხეივანი მე-7 კილომეტრი. პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ბატონ ბოლაშვილს 2010 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის შემოწირულობის სახით 2 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გაუღია (სიაში ბატონი ბოლაშვილი 26-ე ადგილზეა). შ.პ.ს. “გოლდენ კომი” ვალდებულია შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განახორციელოს 12 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შ.პ.ს. “ალფა-კომში”, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებად რჩება, და ასევე კომპანიის "საქმიანობის პროფილიც" უნდა "შენარჩუნდეს". საინტერესოა, რა წყაროებით მოიპოვებს "გოლდენ კომი" ინვესტიციის განსახორციელებლად საჭირო ფინანსებს? ზოგადად, პრივტიზაციის იმ ფორმისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ასე ხშირად მიმართავს, აუქციონში გამარჯვებულს დასაწყისისთვის არ სჭირდება დიდი რაოდენობის თანხა, საწყისს ეტაპზე მას შედარებით უმნიშვნელო თანხა აქვს გადასახდელი. ინვესტიციისთვის საჭირო სრული თანხა შემდეგ წლებში იფარება. შ.პ.ს. “გოლდენ კომს” შეუძლია ოთხ ნაწილად გაწერილი 110 000 ლარის გადასახადისთვის განკუთვნილი პირველი ტრანში(27,500 ლარი) შ.პ.ს. “ალფა-კომის” მმართველობიდან მიღებული შემოსავლიდან განახორციელოს, ვინაიდან სახელმწიფოსათვის გადასახდელი პირველი შენატანი მხოლოდ 2012 წლის აგვისტოსათვის უნდა განხორციელდეს.იგივე გზით, რეინვესტირებისათვის საჭირო 12 მილიონი დოლარიც მას შეუძლია მომდევნო 4 წლის განმავლობაში დააგროვოს. მაგრამ რომელი სახელმწიფო უწყების მოვალეობა იქნება 2015 წელს შეაფასოს, მოხდა თუ არა დაპირებული თანხის რეალურად ინვესტირება?და თუ "გოლდენ კომმა" ვერ მოახერხა საჭირო თანხის მოძიება და მისი "ალფა კომში" ინვესტირება, რა ზომებს მიმართავს მთავრობა?

Author: მათიას ჰუთერი, მამუკა ანდღულაძე
Media