ENG

ოცნების სასამართლოს ანატომია

21 თებერვალი, 2019

 

2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, მწვავე პრობლემა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების, განსაკუთრებით პროკურატურის, ძლიერი გავლენა სასამართლოზე.   ამ პერიოდში სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და სისხლისა და ადმინისტრაციული  სამართლის საქმეების განხილვისას სისტემური ხარვეზები ფიქსირდებოდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანი სასამართლოს შექმნა იყო, თუმცა დღემდე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მოწმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” სასამართლოს გაჯანსაღების ძლიერი პოლიტიკური ნება ვერ გამოავლინა. ხელისუფლების ცვლილებიდან 7 წლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან კვლავაც ის მოსამართლეები არიან, რომლებიც წლების მანძილზე უსამართლო და მორჩილ სასამართლო სისტემასთან ასოცირდებოდნენ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის არაჯანსაღმა პროცესმა თვალნათლივ გამოაჩინა, რომ სასამართლო სისტემა ღრმა კრიზისშია.

შექმნილი მძიმე ვითარების მიზეზების გამოვლენისა და მასში ხელისუფლების როლის უკეთ წარმოჩენის მიზნით, დინამიკაში  წარმოგიდგენთ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ ძირითად მოვლენებს:

2012 წლის ოქტომბერი-დეკემბერი 

ახალ ხელისუფლებას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სასამართლოსთან. არჩვნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე, “ქართული ოცნების” ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  ის დავის წამოწყებას გეგმავდა  იმ მოსამართლის წინააღმდეგ, „რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ ერთ დღეში 60 უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.” ამავე პერიოდში სასამართლომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვა დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ პერიოდში სასამართლო კვლავ ზეგავლენის ქვეშ იყო და ცდილობდა ახალი ხელისუფლებისათვის ხელი შეეშალა. იმ ფაქტს, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების სიმრავლეს ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამდა, ადასტურებს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2012 წლის დეკემბრის სიტყვებიც: „საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ხალხს ათავისუფლებს კუბლაშვილის სასამართლო და არა პროკურატურა!”

2013 წლის 6 მარტი

ბიძინა ივანიშვილი  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ივანიშვილის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ სასამართლო პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლებულიყო.

 

2013 წლის დასაწყისი

„ქართული ოცნების” ამჟამინდელი დეპუტატი და მოსამართლეთა კლანთან დაახლოებული პირი, ვანო ზარდიაშვილი გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

2013 წლის მაისი

ძალაში შევიდა მართლმსაჯულების რეფორმის „პირველი ტალღის” ცვლილებები, რომელთა დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნებოდა. ცვლილებების თანახმად, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 7 ახალი მოსამართლე წევრი, მათ შორის საბჭოს მდივანი უნდა აერჩიათ.

2013 წლის 20 მაისი

იუსტიციის მინისტრმა წინა ხელისუფლების პერიოდში სისხლის სამართლის „უსამართლოდ განხილული” საქმეების გამოსავლენად და შესაცვლელად, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა. წულუკიანის თქმით, კომისიის მუშაობას შესაძლოა, ზოგიერთი მოსამართლის დასჯაც მოჰყოლოდა.

2013 წლის 4 ივნისი

იუსტიციის საბჭოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა „მოსამართლეთა ერთობა”. ასოციაცია 50-მდე მოსამართლეს აერთიანებდა, რომლებიც ღიად საუბრობდნენ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე. ასოციაციის პრეზენტაციას დაესწრო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რამაც გააჩინა განცდა, რომ მათ „ქართული ოცნება” უჭერდა მხარს.

2013 წლის 6 ივნისი

თეა წულუკიანმა საბჭოს არჩევნებამდე 3 დღით ადრე განაცხადა: „9 ივნისს იქნება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს წევრები. მოსამართლეებს ეძლევათ ისტორიული შანსი, გათავისუფლდნენ როგორც კუბლაშვილის, ასევე მეიშვილის, ჩინჩალაძის, ანუ ხელმძღვანელობის დიქტატისგან. [...] “.

2013 წლის 9-16 ივნისი

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს წევრები აირჩია, სადაც ვერ გაიმარჯვა ვერც ერთმა კრიტიკულად განწყობილმა მოსამართლემ. გირგვლიანის გახმაურებული საქმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად აირჩიეს.

მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვეს მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძის გარშემო გაერთიანებულმა კლანის წარმომადგენლებმა და საბჭოში მოხვდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც, საკუთარ კოლეგებს წარსული საქმიანობისათვის ხელშეუხებლობას ჰპირდებოდნენ. მოსამართლეთა ამ ჯგუფის წარმომადგენლები კოლეგებს მიმართავდნენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მოსამართლეთა კატეგორიებად (ღირსეულ და არაღირსეულ მოსამართლეებად) დაყოფას და მხარს უჭერდნენ ყველა მოქმედი მოსამართლის ავტომატურად, კონკურსის გარეშე, უვადოდ გამწესებას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილმა კოლეგებს იუსტიციის მინისტრის მიერ პრესისათვის 3 დღით ადრე მიცემული ინტერვიუც შეახსენა. მისი განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებას მოსამართლეთა დისციპლინური დასჯა მოჰყოლოდა. ამ რიტორიკამ  მოსამართლეთა ძირითადი ნაწილის კონსოლიდირება სწორედ ამ ჯგუფის გარშემო მოახდინა.

2013 წლის 14 ივლისი

პარლამენტმა აირჩია იუსტიციის საბჭოს 4 არამოსამართლე წევრი: ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე. მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების გადაწყვეტილებას საბჭოში არამოსამართლე წევრის ხმაც სჭირდება, შესაბამისად პარლამენტის მიერ შერჩეულ წევრებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

2013 წლის 12 ივლისი

მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. ივანიშვილი: “კუბლაშვილთან ერთად დღეს პირველად შევხვდი ბატონ ლევან მურუსიძეს, რომელიც გახლავთ იუსტიციის საბჭოს მდივანი. დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, რომ სასამართლოში არის ძალიან ბევრი ჯანსაღი, ძალიან ბევრი პროგრესული კადრი.”

წყარო: netgazeti.ge

2013 წლის 1 ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს კიდევ ერთხელ შეხვდა. “მე აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში, ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, რომ ის განწყობილია ისე როგორც მე, მკვეთრად, რომ ყოველგვარი გავლენისაგან გაათავისუფლოს სასამართლო… მე კიდევ ერთხელ ვერ ვმალავ ჩემს ემოციებს და ვრწმუნდები, რომ სასამართლოში არის ხალხი, და აი ვნახე კაცი, რომელიც ნამდვილად პასუხისმგებლობას იკისრებს იმისთვის, რომ სასამართლო იყოს მომავალში სამართლიანი და სასამართლოს ჰქონდეს პრესტიჟი და ნდობა მოსახლეობისგან”,  – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა.

2013 წლის ნოემბერი

ძალაში შევიდა მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი. ცვლილების თანახად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები ყოველი წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად იმსახურებდნენ ისინი უვადოდ გამწესებას.

2013 წლის 28 ნოემბერი

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა უვადოდ გადაიდო.  „კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილად არის გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ. თუ ადამიანს გაამართლებ, მას გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

2014 წლის 8 აპრილი  

მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძეს შეხვდა. “აუცილებელია და გარდაუვალი არის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა კანონპროექტების შემოქმედების პროცესში, მე მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ეს ჩართულობა და პროცესში მოხდეს თქვენი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს] მონაწილეობა და ჩართულობა”, განაცხადა  ღარიბაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წყარო: netgazeti.ge

2014 წლის 1 აგვისტო

სასამართლო რეფორმის „მეორე ტალღა” დასრულდა. რეფორმის ფარგლებში, უარი არ ითქვა გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე, რამაც მოსამართლეები მოწყვლადი გახადა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე ხელისუფლების მხრიდან მომდინარე გავლენების მიმართ.

2014 წლის ოქტომბერი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიას მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის” ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა.

2015 წლის 30 იანვარი

ლევან მურუსიძის ბრძანებით, მაშინდელი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა  იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. თავად ზარდიაშვილი სასამართლოს ყოფილი მოხელე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013); თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012)) იყო და მას კლანის წევრებთან ახლო ნათესაურ-მეგობრული კავშირები აქვს. კერძოდ, ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან.

2015 წლის მარტი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კონსტანტინე კუბლაშვილი ნინო გვენეტაძემ ჩაანაცვლა. ნინო გვენეტაძის ინიციატივით „მესამე ტალღის” კანონპროექტს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დაემატა, რომელსაც მოსამართლეთა კორპუსის ნაწილი მწვავედ დაუპირისპირდა. მათ შორის, უთანხმოების საგანი გახდა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ამოქმედება და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი.

2015 წლის ივნისი

             მთავრობამ „მესამე ტალღის” რეფორმის განახლებული პაკეტი დაამტკიცა.

2015 წლის ივლისი

პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახურულ ფორმატში შეხვდა იუსტიციის საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს და მისგან სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან” დაკავშირებით მოსამართლეთა კორპუსის შენიშვნები მოისმინა, რომელიც განსხვავდებოდა მთავრობისა და ნინო გვენეტაძის პოზიციებისგან.

2015 წლის 5 აგვისტო

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მის მფლობელობაში არსებული შპს „პანორამას“ მოთხოვნით, სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება დააყადაღა, დირექტორსა და მეწილეებს კი სრულფასოვანი მართვისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ფუნქციები შეუზღუდა.

2015 წლის სექტემბერი

დაიწყო „მესამე ტალღის” ცვლილებათა პაკეტის საკანონმდებლო განხილვები პარლამენტში.

2015 წლის 19 ოქტომბერი

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „მესამე ტალღის“ კანონპროექტები უკვე ინიცირებული იყო პარლამენტში, თეა წულუკიანი 160 მოსამართლეს, მათ შორის, ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე არ მიიწვიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით იყო კანონპროექტებში გათვალისწინებული, გადაიხედებოდა.

2015 წლის ოქტომბერი

იუსტიციის საბჭომ თვითნებურად შეაჩერა იუსტიციის სკოლაში მსმენელების მიღება - ამით ხელოვნურად შეუშალა ხელი სისტემაში ახალი კადრების შედინებას და სანაცვლოდ, დაიწყო იმ მოსამართლეების გადანიშვნა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას 10- წლიანი ვადა 2015-2017 წლებში ეწურებოდა.

2015 წლის ნოემბერი

სასამართლო კორპუსში დაიწყო დისკუსია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და მოსამართლისადმი „დასაშვები კრიტიკის” ზღვარის დაწესების შესახებ. საკითხის ინიციატორი საბჭოს მაშინდელი არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე იყო. ამ წინადადებას საბჭოს სხვა წევრებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს.

2015 წლის 25 დეკემბერი

მძაფრი საზოგადოებრივი პროსტესტის მიუხედავად, ლევან მურუსიძე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ დაინიშნა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული „გირგვლიანის მკვლელობის საქმის” განმხილველი მოსამართლის საააპელაციო სასამართლოში გამწესებას მხარი დაუჭირეს საბჭოში პარლამენტის კვოტით დანიშნულმა წევრებმაც. ამ პერიოდიდან მოყოლებული პარლამენტის მიერ დანიშნული წევრები თითქმის ყველა საკითხზე მოსამართლე წევრების იდენტურ ს პოზიციებს აფიქსირებდნენ.

2015 წლის 29 დეკემბერი

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის საბჭო და მისი თავმჯდომარე გააკრიტიკა: "არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნებმა არაერთი პრობლემა გააჩინა, რომელიც თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა." რამდენიმე დღეში მამუკა ახვლედიანმა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების იუსტიციის საბჭოდან გაჟონვის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი დღემდე უცნობია.

2015 წლის 30 დეკემბერი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არანაირი ფორმალური თანამდებობა აღარ ეკავა, განაცხადა: „სისტემის მსხვერპლი გახლდათ გირგვლიანი და არა ისე, როგორც დღეს ხატავენ, რომ ეს ლამის თავიდან ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო, იმხელა აჟიოტაჟია აწეული.”

2016 წლის 1 თებერვალი

გაიმართა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც მოსამართლეთა ნაწილმა ღიად გამოხატა ლევან მურუსიძის მხარდაჭერა. ისმოდა ისეთი განცხადებები, როგორიცაა „მეც ვარ ლევან მურუსიძე”. მოსამართლეთა ამ რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული წრეების  საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

2016 წლის 22 თებერვალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან 2 თვეში, იუსტიციის საბჭომ  არსებითი პროცედურული დარღვევებით დაითხოვა თანამდებობიდან. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ დანიშნულმა წევრებმაც.

2016 წლის 4 მარტი

იუსტიციის საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. სხდომა სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა, რომლის მოთხოვნა იყო საბჭოს ნაჩქარევად არ აერჩია ახალი თავმჯდომარე.

2016 წლის 16 მაისი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „კაბელების საქმეში” დამნაშავედ ცნო  თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „კაბელების საქმეზე” განვითარებულმა მოვლენებმა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზების საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა.

2016 წლის 2 ივნისი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის მიმართ კიდევ ერთხელ  გამოხატა მხარდაჭერა, უწოდა რა მას წინა ხელისუფლების „სისტემის მსხვერპლი”.

2016 წლის 21 ნოემბერი

მიხეილ ჩინჩალაძის ნათესავი და ახლო მეგობარი ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების” სიით პარლამენტში შედის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. ამის შემდეგ, ის აქტიურად ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

2016 წლის 29 დეკემბერი

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტი. პარლამენტში კანონპროექტების ტექსტი მოულოდნელად და საჯარო განხილვის გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა. მათ შორის, საბოლოოდ აღარ იქნა გათვალისწინებული ცვლილებები, რომელთაც ვენეციის კომისია დადებითად აფასებდა (მაგ.: სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის წესის შემოღებაზე უარი ითქვა და მათი დანიშვნის უფლება კვლავ იუსტიციის საბჭოს შეუნარჩუნდა).

გარდა ამისა, მიხეილ ჩინჩალაძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ათწლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, კანონპროექტში დასკვნით ეტაპზე, პროცედურული ხარვეზებით შეტანილ იქნა შესწორება, რომლითაც განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გამოსაცდელი პერიოდის გარეშე, უვადოდ გამწესების შესაძლებლობა. ამ ცვლილებამ გააჩინა ეჭვი, რომ ის კონკრეტულად მიხეილ ჩინჩალაძეს მოარგეს.

2017 წლის იანვარი

პრეზიდენტმა ვეტო დაადო  „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. მან პარლამენტს მოუწოდა კანონპროექტში დაებრუნებინათ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობის წესი და ასევე, გაეუქმებინათ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა.

2017 წლის თებერვალი

პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და  „მესამე ტალღის” ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა.

 

მესამე ტალღის” რეფორმის თითქმის 3 წლით გაჭიანურების შედეგად:

• 2014-2016 წლებში ხარვეზიანი წესით დაინიშნა 100-ზე მეტი მოსამართლე;

• გადავადდა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ამოქმედება;

• შენარჩუნდა ყველა მოსამართლისათვის დადგენილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა;

• შენარჩუნდა სასამართლოს თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის წესი,  მოსამართლეების მიერ მათი არჩევითობის ნაცვლად;

• მოსამართლეთა დანიშვნის წესში შენარჩუნდა ხარვეზები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს;

• გადავადდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედება.

 

2017 წლის 10 თებერვალი

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ კომპანია „ფილიპ მორისს” სს „თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე ანაზღაურება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკისრა. საქმეში შესაძლო კორუფციული გარიგების თაობაზე ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა მოგვიანებით გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი ფარცხალაძის სახელიც ფიგურირებდა.

2017 წლის 2 მარტი

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

2017 წლის 23 მარტი

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მე-5 არამოსამართლე წევრად შოთა ქადაგიძე აირჩია. მის კანდიდატურასთან  დაკავშირებით საჯარო განხილვები არ გამართულა იმ ფონზე, როცა  თავად იურიდიულ წრეებშიც კი მის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი.

2017 წლის 8 მაისი

იუსტიციის საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საბჭოს სხდომაზე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხი უნდა განეხილათ. საბოლოოდ, საკითხის განხილვა გადაიდო.

2017 წლის 11 მაისი

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე დახურული გასაუბრების შედეგად სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნა.  გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ დანიშნულმა წევრებმაც.

2017 წლის 25 მაისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე თანამდებობრივი  უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე გადადგა.

2017 წლის 29 მაისი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არსებული შემადგენობისათვის უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ პოზიციაზე მიხეილ ჩინჩალაძე დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სამოქალაქო სექტორის აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მეორე დღეს, იუსტიციის საბჭოს შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.

წყარო: imedinews.ge

2017 წლის 21 ივნისი

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 4 ახალი არამოსამართლე წევრი აირჩია. პროცესი ვერ აკმაყოფილებდა გამჭვირვალობის სტანდარტებს და ახალი წევრების უმრავლესობის შესახებ საზოგადოებითვის ძალიან მწირი მონაცემები იყო ხელმისაწვდომი. არჩეული წევრების უმეტესობა მოსამართლე წევრებს ყველა გადაწყვეტილებაში დღემდე უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

2017 წლის 24 ივნისი

საბჭოს შემადგენლობა არსებითად განახლდა. მოსამართლე წევრებს შორის, ამჯერად, რეალური კონკურენცია აღარ ყოფილა და დასახელებულმა კანდიდატებმა ყოველგვარი განხილვების გარეშე მიიღეს კოლეგების თითქმის აბსოლუტური მხარდაჭერა. კონფერენციამ საბჭოს წევრებად დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი ბონდარეკნო, ხოლო საბჭოს მდივნად - გიორგი მიქაუტაძე აირჩია.

2017 წლის 21 სექტემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 21 სექტემბერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი „ფილიპ მორისის” საქმეზე გამოთქმული კრიტიკის გამო 3 000 ლარით დააჯარიმა.

2017 წლის 26 სექტემბერი

პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და თავმჯდომარის ნომინირების უფლება იუსტიციის საბჭოს გადაეცა.

2017 ოქტომბერი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ლიდერობით შეიქმნა სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღაზე” მომუშავე სამუშაო ჯგუფი. ამ პერიოდიდან სასამართლო რეფორმებს ჩამოაშორეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ეს პროცესი ეკა ბესელიამ გადაიბარა. „მეოთხე ტალღის” რეფორმაზე მუშაობის პროცესი იზოლირებულად, პროფესიული ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა.

2017 წლის 20 ოქტომბერი

საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ უვადოდ დამატებით 34 მოსამართლე გაამწესა, მათ შორის კლანის გამოკვეთილი წევრები: დიმიტრი გვირტიშვილი, თამარ ალანია, დავით მამისეიშვილი, ვასილ მშვენიერაძე, მამია ფკახაძე, მერაბ გაბინაშვილი და ირაკლი შენგელია. უვადოდ არ დანიშნულა არც ერთი მოსამართლე, ვინც კლანის მიმართ კრიტიკული იყო.

2017 წლის 1 დეკემბერი

პარლამენტმა ევა გოცირიძე, რომელმაც ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას ღიად დაუჭირა მხარი,  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. არჩევამდე ევა გოცირიძემ მურუსიძისადმი მისი მხარდაჭერის მიზეზებზე ისაუბრა და ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი გადაწყვეტილება არა კანონით, არამედ გარეშე ფაქტორებით იყო მოტივირებული. მისი განმარტებით, მოსამართლეთა დიდი ნაწილი „სწორებას აკეთებდა” ლევან მურუსიძეზე, შესაბამისად, თუკი იგი დატოვებდა სისტემას, შესაძლოა მოსამართლეების ამ ნაწილს ამ ფაქტის იდენტიფიცირება საკუთარ თავთან მოეხდინათ და თავიანთი უფლებამოსილების ბოლო წლები გამოეყენებინათ „არაადეკვატურად”.

2018 წლის 22 თებერვალი

იუსტიციის საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ დანიშნა თანამდებობაზე. მათ შორის იყო სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე. ამ საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

2018 წლის 23 თებერვალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შავაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე მასზე ზეწოლას ახდენდა. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

2018 წლის მარტი

„მეოთხე ტალღის” რეფორმის სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაიბარა. როგორც 2018 წლის დეკემბრიდან განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ამ პროცესიდან ეკა ბესელიას ჩამოშორება, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად მოხდა.

2018 წლის 2 აგვისტო

ნინო გვენეტაძე მოულოდნელად გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. გადადგომის რეალური მიზეზები ამ დრომდე  უცნობია. ნინო გვენეტაძე მედიასთან არ გამოჩენილა.

2018 წლის 24 დეკემბერი

იუსტიციის საბჭომ, ყოველგვარი პროცედურების გარეშე და არაფორმალური შეთახმების შედეგად, პარლამენტს უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 10-კაციანი სია გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ როგორც მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე  საბჭოს წევრები  - დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

2018 წლის 27 დეკემბერი

იუსტიციის საბჭომ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნა.

ამავე დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ფორსირებულად დამტკიცების პროცესის გაჩერების მოტივით, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატის, მათ შორის, ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე, ვანო ზარდიაშვილი და რამდენიმე სხვა დეპუტატი მას მოსამართლეთა კლანის მიერ წარდგენილი სიის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას და დამტკიცებას სთხოვდა.

2018 წლის 28 დეკემბერი

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იუსტიციის საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. კობახიძემ თქვა, რომ  საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდებოდა.

2019 წლის 12 იანვარი

ირაკლი კობახიძე გიორგი მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ შეხვდა. მან განაცხადა, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის კანონით მოწესრიგებაზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდებოდა. ამ ჯგუფში აბსოლუტურ უმრავლესობას მოსამართლეთა კლანის წევრები და მათ მოკავშირეებად მიჩნეული დეპუტატები შეადგენენ.

2019 წლის 21 იანვარი

მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს პარლამენტს მათი კანდიდატურები არ განხილულიყო. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მოთხოვნა მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის და საბჭოს იმ წევრების გადადგომა და სისტემიდან წასვლა იყო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პრობლემურ 10-კაციან  სიას.

2019 წლის  27 იანვარი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მეოთხე ტალღის” სამუშაო ჯგუფის არსებულ ფორმატში შესვლაზე უარი განაცხადეს. ჯგუფი დატოვეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

 

2019 წლის 28 იანვარი

ინტერნეტ სივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალა გავრცელდა. ეს ფაქტი თავად ეკა ბესელიამ სასამართლოს მიმართ მის კრიტიკულ პოზიციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მას  „აკრძალული მეთოდებით” ებრძოდნენ.

2019 წლის 5 თებერვალი

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც მკაფიოდ იკითხებოდა სასამართლოში არსებული კლანის მხარდაჭერა. პოლიტსაბჭომ ყველა, ვინც განსხვავებულ და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდა, პოლიტიკური ინტერესების ქონასა და სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ „ორკესტრირებულ შეტევაში” დაადანაშაულა. 

2019 წლის 6 თებერვალი

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის” ეთერში ოდიოზური მოსამართლეების შესახებ განაცხადა: „შეიცვალა [სასამართლო] სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“