ENG

ნიაზ ხალვაშსა და შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში კორუფციის ნიშნები იკვეთება

04 ოქტომბერი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა შპს „ბიზონის”, რომელიც ქიბარ ხალვაშის ძმას, ნიაზ ხალვაშს ეკუთვნის,   შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის” და შპს „მეგაკოს”  ირგვლივ განვითარებული მოვლენები და მიიჩნევს, რომ საქმეში, შესაძლოა, სხვადასხვა უწყებების შეთანხმებული მოქმედების შედეგად კორუფციის ნიშნები იკვეთებოდეს.  

ნიაზ ხალვაშსა და შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს” შორის დავა

გავრცელებული ინფორმაციით დავა ნიაზ ხალვაშსა და კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალის” მფლობელებს შორის დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ნიაზ ხალვაში „ტრანსკავკასიის კრისტალს” იმ ქონებას ედავება, რომელიც 2006 წლიდან ხალვაშის საკუთრება იყო და „თიბისი ბანკთან” გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების გამო 2010 წელს დაკარგა. ქონება „თიბისი ბანკის” საკუთრებაში გადასვლის შემდეგ 2012 წელს კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალმა” შეისყიდა და 2017 წლამდე ფლობდა.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნიაზ ხალვაშმა, რამდენიმე წლის წინ, აღნიშული ქონების დაბრუნების ინტერესი გამოხატა და კომპანიის წარმომადგენლებს  საფასურად 1 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა შეთანხმება დაბალი ფასის გამო ვერ შედგა. კომპანიის მფლობელებს ქონების გასხვისება 3 500 000 დოლარად სურდათ. შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის” წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ კომპანიის მესაკუთრეებს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაუკავშირდა, რომლის ვინაობასაც არ გვისახელებენ და გააფრთხილა, რომ მათ ქონება ნიაზ ხალვაშზე უნდა გაესხვისებინათ. ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა ფასი შეამცირეს და გადაწყვიტეს ქონება 2 500 000 დოლარად გაეყიდათ, თუმცა ნიაზ ხალვაში თანახმა მხოლოდ 1 100 000 დოლარის გადახდაზე იყო.

პარალელური დავა შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს” და შპს „მეგაკოს” შორის

ზემოთ აღნიშნულ მოლაპარაკების საბოლოოდ ჩაშლას დაემთხვა „თიბისი ბანკთან” დაკავშირებული1 კომპანიის შპს „მეგაკოს” მიერ დავის დაწყება კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალთან”. იგი კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ედავებოდა.

დავა სასამართლოში შპს „მეგაკოსა” და შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს” შორის გაგრძელდა. შპს „მეგაკო” „ტრანსკავკასიის კრისტალისგან” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო 1 297 914 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. მათ შორის ხელშეკრულება 2010 წლის 20 ივლისს გაფორმდა, რომლის თანახმადაც შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს” შპს „მეგაკოსათვის” 9 თვის ვადაში 2 196 კვ.მ ფართის სამუშაო - სასაწყობო შენობა უნდა აეშენებინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანიას 802 526 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. სასამართლომ მხარეს ზიანის ანაზღაურება იმ სამუშაოებიდან გამომდინარეც დააკისრა, რაზეც მიღება-ჩაბარების აქტი უკვე არსებობდა და მხარეები სამუშაოს ჯეროვან შესრულებაზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ. აღნიშნული შემდეგ შეცვალა სააპელაციო სასამართლომ და განმარტა, რომ: „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ის ნაწილი, რაც მოიცავდა შენობის პროექტირება (კონსტრუქცია) და გეოლოგიას, საერთო ჯამში 41 560 ლარის ღირებულებით, შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის მიერ” შესრულდა ჯეროვნად.“ საბოლოოდ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს” შპს „მეგაკოს” სასარგებლოდ 635 453 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულად გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის” მიერ განხოციელებული სამუშაოები არ იყო მხარეებს შორის შეთანხმებული პროექტის შესაბამისი. ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო და ურთიერთშეუსაბამო დეტალი გამოიკვეთა. როგორც დასკვნიდან ჩანს, საექსპერტო სამუშაოები ჩაუტარდა სადავოდ გამხდარი შენობის მთლიან ნაწილს, მაშინ როდესაც იმავე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 აპრილის წერილში, ირკვევა, რომ ექსპერტებმა გამოკვლევები ჩაატარეს შენობის მხოლოდ ნაწილზე (0,00 დან +3,40 ნიშნულის ნაწილი). გარდა ამისა, დასკვნიდან ასევე ჩანს, რომ შემოწმებულია „ზედა დაუმთავრებელ სარტყელში გამოყენებული არმატურა”, თუმცა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ექსპერტმა ახსენა, რომ შენობის ზედა ნაწილი კიბის არქონის გამო ვერ შეამოწმა.  შესაბამისად, საინტერესოა, რატომ არ გახდა აღნიშული გარემოებები ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი მოსამართლისათვის, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ საქმეში „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას” მომზადებული ალტერნატიული დასკვნაც არსებობდა, რომელიც „ტრანსკავკასიის კრისტალის” მიერ სამუშაოების ჯეროვნად შესრულებას ადასტურებდა. ასევე გაუგებარია, რატომ არ ისარგებლა მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლით,2 რომელიც მას დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის უფლებას ანიჭებდა.

სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სასამართლომ კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალს” 45% - იანი წილის გასხვისება და დაგირავება აუკრძალა შპს „ფენიქს ბაზალტში”, რომელიც 2013 წელს არის დაფუძნებული და წესდების მიხედვით, სხვადასხვა პროდუქტების წარმოების, ექსპორტ - იმპორტის, რეექსპორტის, მონტაჟისა და მომსახურების სფეროში საქმიანობს. სასამართლომ კომპანიას ასევე მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ნივთი დაუყადაღა, ესენია:

  • ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მწვანე კონცხი,   2 501 კვ.მ. ფართობის მიწა;

  • ზესტაფონის რაიონი, სოფელი პირველი სვირი, 43 302 კვ.მ. ფართობის მიწა;

  • ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაურის,  30 022 კვ.მ. ფართობის მიწა;

  • თელავის რაიონი, სოფელი კონდოლი, 63 021 კვ.მ. ფართობის მიწა.

კანონის თანახმად ყადაღას, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო იმ შემთხვევაში იყენებს, თუკი „[…]უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს [...]”.

აუდიტორული - საკონსულტაციო კორპორაციის „ინტერაუდიტის” დასკვნის თანახმად კი მხოლოდ სოფელ კონდოლსა და სოფელ პირველ სვირში რეგისტრირებული ქონებების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1 043 344 ლარს, რაც  შპს „მეგაკოსათვის” ასანაზღაურებელ თანხას  ერთ ნახევარჯერ აღემატება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია, სასამართლოს განჩინება შპს „ტრანსკავკასიის კრისტალისთვის”  ქონების არაპროპორციულად დაყადაღების ნაწილში.

ამ ფონზე, საინტერესოა, სასამართლოს განმარტება ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, როდესაც ყადაღის დადებას შპს „მეგაკოსათვის” „ტრანსკავკასიის კრისტალი” ითხოვდა. სასამართლოს განმარტებით: „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. [...] სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ზომა უნდა იყოს ადეკვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილებისა.” ამავე განჩინებაში, ასევე განმარტებულია, რომ „მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უდავოდ გამოიწვევს მოპასუხე საწარმოთა პარალიზებას, რაც ეწინააღმდეგება მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის პრინციპს”. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ იხელმძღვანელა იგივე პრინციპით სასამართლომ, როდესაც ყადაღას შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის” ქონებას ადებდა.

აღსრულების ეროვნული ბიურო

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყვეტილება იძულებით აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა. სააღსრულებლო ფურცლის თანახმად, შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს” შპს „მეგაკოსათვის” 635 453 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა  და იმ ქონების ჩამონათვალი მიაწოდა, რომლის რეალიზაციითაც მოვალის დაკმაყოფილებას შეძლებდნენ და კომპანიას ნაკლები ზიანი მიადგებოდა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შპს „მეგაკოს” მოთხოვნის საფუძველზე, სწორედ ის ქონება გაიტანა საჯარო აუქციონზე, რომლის შესყიდვაც „ტრანსკავკასიის კრისტალისგან” თავდაპირველად ნიაზ ხალვაშს სურდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ერთადერთი მიზანი მოვალის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა და არა კრედიტორისათვის ზიანის მიყენება, გაუგებარია, რა საფუძვლით უთხრა უარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალის” წარმომადგენელს შეთავაზებაზე.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 30 022.00 კვ.მ მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 9 შენობა - ნაგებობა 6 284 000 ლარად შეაფასა.  აღსანიშნავია, რომ ქონების გარკვეული ნაწილი შეფასდა მისი შემადგენელი ნაწილის გარეშე, რამაც, ცხადია, შეამცირა სარეალიზაციო ქონების ღირებულება. მაგალითად, „ინტერაუდიტის” დასკვნის თანახმად, მიწაზე განთავსებული სამი ამწე იმდენად მყარად იყო დაკავშირებული შენობასთან, რომ მის დემონტაჟს შესაძლოა შენობის მთლიანობის დარღვევა გამოეწვია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ამწეები ნივთის შემადგენელი ნაწილებია და ქონების სარეალიზაციო ფასში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ექსპერტიზის ამავე დასკვნის მიხედვით, სამივე ამწის ღირებულება ჯამში 39 062 ლარს შეადგენს. შემფასებელმა შეფასების დოკუმენტში ასევე არ გაითვალისწინა დამატებით ის 17 შენობა - ნაგებობა, რომელიც სარეალიზაციო ქონებაზეა განთავსებული და რომელიც ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის.

საჯარო აუქციონის მიმდინარეობა

2017 წლის 6 მარტს პირველი აუქციონი გამოცხადდა, სადაც ქონების ფასი 4 713 000 ლარი იყო და რომელიც პრეტენდენტის არ არსებობის გამო ჩაიშალა. ამის შემდეგ ჩატარდა ჯერ პირველი განმეორებითი და შემდეგ მეორე განმეორებითი აუქციონი. ქონების შეძენით ნიაზ ხალვაში მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნივთის ფასი უკვე 0.00 ლარი გახდა და საბოლოოდ მისმა კომპანიამ, შპს „ბიზონმა”,  მიწა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობები 942 600 ლარად შეისყიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმაზე გაცილებით უფრო ნაკლები თანხაა, რასაც ნიაზ ხალვაში შპს „ტრანსკავკასია კრისტალის” მფლობელებს სადაო ქონების ნაცვლად თავდაპირველად სთავაზობდა (1 100 000 აშშ დოლარი).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აუქციონის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, მანამ სანამ ტერიტორიის მესაკუთრე შპს „ბიზონი” გახდებოდა, ნიაზ ხალვაშის წარმომადგენლებმა შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის” მფლობელებს სადაო ქონების ტერიტორიაზე შესვლის საშუალებები გადაუკეტეს, თუმცა ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოჰყოლია. ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნივთზე საკუთრების უფლება შპს „ბიზონმა” მოიპოვა, ნიაზ ხალვაშმა თანმხლებ პირებთან ერთად არაერთხელ სცადა ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შეღწევა, თუმცა მას ამის საშუალებას კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალის” დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ. ორგანიზაციის ეჭვებს იმის შესახებ, რომ აღნიშნულ საქმეში „ტრანსკავკასიის კრისტალის” წინააღმდეგ სხვადასხვა უწყებები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ამძაფრებს ისიც, რომ  29 მარტს, ღამის 12 საათზე, ნიაზ ხალვაშის სატელეფონო ზარის საფუძველზე, ქარხნის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მივიდა და კომპანიის დაცვის თანამშრომლები საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანა. როგორც მათ ადგილზე განუმარტეს, გადაყვანის მიზეზი შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება და იმის დადგენა იყო, რამდენად კანონიერად იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე. ორგანიზაციისათვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო დაცვის თანამშრომლების ტერიტორიიდან გაყვანა, თუკი საპატრულო პოლიციას მხოლოდ მათი შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება სურდა.

შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის"  დაცვის თანამშრომლების პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით ისარგებლა ნიაზ ხალვაშმა და  ტერიტორიაზე  თანმხლებ პირებთან ერთად შევიდა. ამის გამო, კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის” წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ტერიტორიიდან იმ ტექნიკის გამოტანა, რომელიც მათი საკუთრებაა და რომლითაც შპს „ბიზონი” დღემდე სარგებლობს. მიუხედავად კომპანიის წარმომადგენლების არაერთი მიმართვისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ სასამართლოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლო შეთანხმებული მოქმედებებისა და ასევე,  შესაძლო კორუფციული გარიგების საფუძველზე, ნიაზ ხალვაში, ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე ქონებას იმაზე გაცილებით უფრო დაბალ ფასად დაეუფლა, ვიდრე მის გასხვისებას ქონების მესაკუთრეები გეგმავდნენ. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დროულად და ობიექტურად გამოიძიოს იგი.  

საყურადღებოა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წლებია სასამართლოსა თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებებში  მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახორციელებს და აღნიშნული საქმე არ არის პირველი, რომლითაც ორგანიზაცია დაინტერესდა.

1 შპს „მეგაკო”, რომელიც 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 30 % წილის მფლობელები მამუკა ხაზარაძის მეუღლე (15%) და შვილი(15%) არიან

2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლი: „თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს”