ENG

ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები GNCC-ის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში

28 სექტემბერი, 2016

საქართველოს კომინიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2015 წელს შრომის ანაზღაურების სახით  335,095 ლარი, ხოლო პრემიის სახით 70,978 ლარი მიიღო. 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 2015 წელს აპარატმა ანაზრაურებაზე 150 ათასი ლარით მეტი დახარჯა მიუხედავად იმისა, რომ აპარატმა პრემიებზე 6,561 ლარი დაზოგა.  

მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თამთა ტეფნაძის განმარტებით და, ასევე, მარეგულირებლიდან მიღებული ოფიციალური წერილიდან ირკვევა, რომ აპარატში ხარჯების ზრდა 2015 წელს თანამშრომელთა რიცხობრიობის ზრდამ გამოიწვია.

მიღებული წერილის თანახმად, 2015 წლამდე აპარატში თამთა ტეფნაძის ჩათვლით დასაქმებული იყო 6 თანამშრომელი. 2015 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა 3 ადამიანით, მათ შორის 2 ადამიანი აპარატში კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტებიდანაა გადაყვანილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” საუბარში თამთა ტეფნაძემ განაცხადა, რომ ამ ორი ადამიანიდან ერთი ილია რთველიაშვილია, ხოლო მეორე ირინა ტყემალაძე. ისინი შტატგარეშე თანამშრომლები არიან. ილია რთველიაშვილი  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯომარის, ზურაბ ტყემალაძის ნათლულია. აღნიშნულს რთველიაშვილიც ადასტურებს და განმარტავს, რომ ტყემალაძე “მამამისის ახლო მეგობარია, ფაქტობრივად ოჯახის წევრი.” თუმცა, მისი განცხადებით, მას მუშაობის ოცდაერთწლიანი გამოცდილება აქვს და მის დასაქმებასთან ზურაბ ტყემელაძე არასოდეს ყოფილა კავშირში. საზოგადოებრივი დამცველის აპარატის მეორე თანამშრომელი ირინა ტეყემალაძე კი  ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილია. აღსანიშნავია, რომ თავად თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე დანიშვნამდე ტყემალაძის კომიტეტში იყო დასაქმებული. საკონკურსო კომისიაში, კი რომელიც საზოგადოებრივ დამცველს ირჩევდა, თავად ტყემალაძეც მონაწილეობდა.

“საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის აპარატს დაემატა რამდენიმე თანამშორმელი, მათ შორის 2 შტატგარეშე თანამშრომელი: ირინა ტყემალაძე, რომელიც PR-ზე და მარკეტინგზე ზრუნავს და ილია რთველიაშვილი, რომელიც არის იურისტი. რაც შეეხება უშაულოდ ილიას, იგი არის კვალიფიციური პირი, რომელიც ჩვენ სამსახურს ადგება. იგი, როგორც დანარჩენები საჯარო კონკურსის წესით არ დანიშნულა, რადგან ამას კანონი არ გვავალდებულებს. თუმცა სწორედ მე ვარ ის ადამაინი, ვინც ითხოვს, რომ ეს კანონი გავრცელდეს ჩვენზე”  - განაცხადა ტეფნაძემ.

აპარატის ვებგვერდზე განყოფილებაში ჩვენი გუნდი, სადაც აპარატის 5 თანამშრომლის ბიოგრაფიაა განთავსებული, დამატებული არ არის ილია რთველიაშვილის და ირინა ტყემალაძის ბიოგრაფიები. თუმცა, ილია რთველიაშვილმა ჩვენ თავად მოგვაწოდა საკუთარი CV, რომლის მიხედვითაც მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო და ენერგო სექტორში უსაფრთხოების მიმართულებით.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომხმარებელთა საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური 2007 წლიდან 2014 წლის 11 თებერვლამდე არ ყოლია.

მარეგულირებელში მოსვლის შემდგომ, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველმა სამსახურში რამდენიმე თანაშემწე აიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე მშვილდაძე ტეფნაძის მსგავსად საქართველოს პარლამენტში მუშაობდა. იგი საგარეო საქმეთა კომიტეტში იურისტის პოზიციას იკავებდა.

თამთა ტეფნაძის აპარატშივე დასაქმდა პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის ვაჟი გიორგი ხუნდაძეც. ტეფნაძის განმარტებით, რომელიც მან media.ge-ს მისცა, ხუნდაძის დანიშვნის მიზეზი მისი განათლებაა, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამოადგებოდა სამსახურს. გიორგი ხუნდაძე  2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხის დასაცავად. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“ მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორად.

მეტი სიცხადისათვის ამ მომეტისათვის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მუშაობს: ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ზურაბ ტყელამაძის ნათლული, ზურაბ ტყემალაძის კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი  თამთა ტეფნაძე, პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის შვილი. ტეფნაძის თანაშემწედ ასევე მუშაობს მისივე მეჯვარე, ნათია ფანგანი რომელიც აპარატში 2015 წელს დაინიშნა.  

საზოგადოებისთვის უცნობია 2015-2016 წლებში თამთა ტეფნაძეს ხელფასის სახით რა თანხა აქვს მიღებული, რადგან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას არც 2015 და არც 2016 წლის დეკლარაციებში მითითებული არ აქვს. როგორც ჩვენთან საუბრისას ტეფნაძემ განმარტა სახელფასო შემოსავლის მითითება დეკლარაციაში ორივე წელს: “უბრალოდ გამორჩა.”

საზოგადოებრივი დამცველის ვებგვერდზე არ არის განთავსებული 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც მარტში ჩატარდა.

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“