ნეპოტიზმი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მექრთამეობა: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯარო სექტორში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების კვალდაკვალ, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების ან მათი სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის, საჯარო სამსახურში გამოცხადებული რეორგანიზაციების, კონკურსებისა და ატესტაციების შედეგად საზოგადოებაში სულ უფრო აქტიური განსჯის საგანი გახდა ნეპოტიზმის პრობლემა. ნეპოტიზმის ფაქტების სავარაუდო გახშირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის შეშფოთების ზრდას ხელი მმართველი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც შეუწყო. მათ თავიანთ განცხადებებში საჯარო სამსახურში კადრების მიღების ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ან ირიბად გაამართლეს, ან ნეპოტიზმთან ბრძოლის არასაკმარისი პოლიტიკური ნება გამოავლინეს (იხ. ამ თემაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „მრეწველების“ ლიდერის, გოგი თოფაძის და სხვა განცხადებები).
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2015 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში დაინტერესდა საჯარო სამსახურში ნეპოტიზმსა და კორუფციის სხვა ფორმებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების განწყობით.
როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამართლებს სრულად (1%) ან ნაწილობრივ (4%) თანამდებობის პირების მხრიდან ღია კონკურსის გარეშე თავიანთი ნათესავების, მეგობრების ან პარტიის წევრების საჯარო სექტორში დასაქმებას. კერძო სექტორში მსგავი დასაქმება კი 19%-ს მიაჩნია სრულად (4%) ან ნაწილობრივ (15%) გამართლებულად. ამავე დროს, გამოკითხულთა 68%-ისთვის თანამდებობის პირების მიერ ნათესავების, მეგობრების ან პარტიის წევრების საჯარო სექტორში დასაქმება ნაწილობრივ (20%) ან საერთოდ (48%) გაუმართლებელია, კერძო სექტორში კი რესპონდენტთა 34%-ისთვის (შესაბამისად, 17% და 27%). ნაწილობრივ გამართლებულად, ნაწილობრივ კი გაუმართლებლად თანამდებობის პირების მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას საჯარო სექტორის შემთხვევაში მოქალაქეთა 17%, კერძო სექტორის შემთხვევაში კი 25% მიიჩნევს.
იმის დასადგენად, თუ რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ნეპოტიზმის პრობლემა საქართველოში, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ვკითხეთ, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის გარდა) სმენოდათ თუ არა მათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უსამართლო იყო და ხელმძღვანელობის მხრიდან უპირატესობა მეგობრებს, ნათესავებს ან პარტიის წევრებს მიენიჭათ. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ხშირად სმენოდათ, 29%-მა კი აღნიშნა, რომ იშვიათად სმენოდათ. გამოკითხულთა 39%-ს საჯარო სამსახურში კონკურსის უსამართლოდ ჩატარების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალების გარდა სხვა წყაროდან ინფორმაცია არ გაუგია.
საზოგადოების ნაწილში არსებული შეშფოთების პასუხად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2015 წლის მარტში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოვიდა. 2015 წლის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 65% მიიჩნევს, რომ მეგობრების, ნათესავების ან პარტიის წევრების საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევით დასაქმება დასჯადი უნდა იყოს, 20% კი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
ასევე საყურადღებოა, რომ 2013 წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევები ძალიან გავრცელებული ან გავრცელებულია - 2015 წელს ასეთი რესპონდენტების რაოდენობა 25% არის (ძალიან გავრცელებული - 4%, გავრცელებული - 21%), მაშინ როცა 2013 წლის გამოკითხვის თანახმად ანალოგიური მონაცემი მხოლოდ 12% (ძალიან გავრცელებული - 3%, გავრცელებული - 9%) იყო. შესაბამისად, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით, 16%-ით (33%-დან 17%-მდე) შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ მაღალჩინოსნების მხრიდან თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენება „უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია“ (2015 წ. – 11%; 2013 წ. - 17%) ან საერთოდ არ არის გავრცელებული (2015 წ. – 6%; 2013 წ. – 16%). გაზრდილია მოქალაქეთა იმ ჯგუფის რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ თანამდებობის პირების მხრიდან საკუთარი პოზიციების პირადი ინტერესებისთვის გამოყენება „ნაწილობრივ გავრცელებულია და ნაწილობრივ არა.“ გამოკითხულთა შორის 2015 წელს ამ მოსაზრებას რესპონდენტთა 31% ეთანხმებოდა, 2013 წელს კი 21%.
რაც შეეხება პოზიტიურ ცვლილებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ, კვლევის მიხედვით, 2015 წელს საჯარო სამსახური კვლავაც დიდწილად თავისუფალია მექრთამეობისგან და ამ მხრივ 2013 წელთან შედარებით გაუმჯობესებაც აქვს. 2015 წელს კითხვაზე, უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მათთვის ან მათი ოჯახის წევრისთვის მოუთხოვიათ თუ არა ქრთამი საჯარო სამსახურში, გამოკითხულთა 99% პასუხობდა, რომ არა. 2013 წელს ამავე კითხვაზე უარყოფითი პასუხი რესპონდენტთა 95%-ს ჰქონდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2015 წლის 28 აპრილი-6 მაისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3.7%-ია.