მუნიციპალიტეტების უკანონო ლიკვიდაცია თვითმმართველობებს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მუნიციპალიტეტების უკანონო ლიკვიდაცია თვითმმართველობებს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ

14 ნოემბერი, 2014

2014 წლის ივლისში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით განხორცილდა ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხის, გორის, მცხეთის და თელავის მუნიციპალიტეტების ლიკვიდაცია. ამ ერთეულების ნაცვლად თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები ჩამოყალიბდა.

მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკანონოდ შეაფასა შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების არარსებობის გამო. ჩვენმა ორგანიზაციამ მუნციპალიტეტებს მოუწოდა, რომ განეხორციელებინათ არა ლიკვიდაცია, არამედ მუნიციპალიტეტების რეორგანიზაცია, თუმცა რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, შვიდივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა მიიღეს გაფრთხილება მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან გამო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად თითოეულ გათავისუფლებულ პირზე გაიცა კომპენსაცია - ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა გათავისუფლებული პირები მალევე დაინიშნენ ახლადჩამოყალიბებული თვითმმართველი თემის და თვითმმართველი ქალაქის სრუტქტურებში დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად. მაგალითისათვის, ლიკვიდაციის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 276 თანამშრომელი 10-14 ივლისს თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული, მათგან 109 თანამშრომელი კი 14-29 ივლისის შუალედში დაინიშნა დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, შესაბამისად სამუშაო წყვეტა დასაქმებულ მოხელეთა ნაწილისათვის ერთ თვეზე მეტი არ ყოფილა. ლიკვიდირებული ზუგდიის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ აგვისტოსა და სექტემბერშიც. მთლიანობაში, კომპენსაციის სახით შვიდივე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის 2 203 168 ლარი იქნა გაცემული.

აღსანიშვნავია, რომ ზუგდიდის, ახალციხის, გორის და მცხეთის ლიკვიდირებული  მუნიციპალიტეტების ყოფილ საჯარო მოხელეთა დაახლოებით 60% დასაქმდა ახლადშექმნილ თვითმმართველობებში, ოზურგეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში 50%-ზე მეტი, თელავის მუნიციპალიტეტში კი 70%-ზე მეტი.

ასევე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება - თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაუქმდა თემის/სოფლის რწმუნებულის აპარატი, სადაც გარდა რწმუნებულისა საშუალოდ 3-4 სპეციალისტი მუშაობდა. თემს/სოფელს მიენიჭა ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიშნავს მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტების ყოფილ საჯარო მოხელეთაგან საშუალოდ 50-60 % დასაქმდა ახალ თვითმმართველ ერთეულებში, სხვა შემთხვევაში ეს პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა მეტიც ყოფილიყო.

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული კომპენსაციის სახით თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის გამო იხილეთ ცხრილში:

 
ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ახალი თვითმმართველი ერთეულები უნდა შექმნილიყო არა მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის, არამედ მათი რეორგანიზაციის გზით, რითაც ერთის მხრივ ამ პროცესს მოიყვანდა სრულ შესაბამოსობაში არსებულ საკანონმდებლო ნორმებთან, ხოლო მეორეს მხრივ კომპენსაციის გაცემა მოხდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ახლად შექმნილ თვითმმართველ ერთეულებში არ დაინიშნებოდნენ ახალ სამუშაო ადგილებზე, ასევე, თანხა, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან კომპენსაციის გაცემისთვის დაიხარჯა, მოხმარდებოდა მუნიციპალიტეტებში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას.