ENG

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის ყველა კომპანია ტენდერის გარეშე შეირჩა

19 თებერვალი, 2016

 

2013 წლიდან 2015 წლის ივნისის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებზე მთლიანობაში 7 368 743  ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა მთლიანად გამარტივებული პროცედურით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. ამ მიზნით საკვლევ პერიოდში 142 ხელშეკრულება დაიდო, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 7 823 217 ლარი შეადგინა. თუმცა, ვინაიდან მიმწოდებელთან ანგარიშსწორება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის მიერ დადგენილ სამუშაოთა ფაქტიური ღირებულების შესაბამისად ხორციელდება, ფაქტობრივი ანაზღაურების ჯამურმა მაჩვენებელმა 7 368 743 ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის მთავრობის ადმინისტრაციას ტენდერი არ გამოუცხადებია, რაც კონკურენტული ვაჭრობის შედეგად თანხის დაზოგვის შესაძლებლობას გააჩენდა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა 2 336 768 ლარის ოდენობით შპს-ს „ანაგი” გადაერიცხა. შპს-ს „ანაგი” 1995 წელს არის დაარსებული. კომპანიის 100%-იან წილს ნანა აროშიძე ფლობს, ხოლო წილის მმართველი მისი მეუღლე - ზაზა გოგოტიშვილია, რომელიც 2008-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ქალაქ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2011 წელს კომპანია 6 ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა  არც ერთში არ გაუმარჯვია, 2012 წელს შპს-მ „ანაგი” 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამში გაიმარჯვა. 2013-2015 წლებში კომპანია 12 ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა არცერთ მათგანში არ გაუმარჯვია. ამავე დროს, “ანაგს” 2015 წელს გამარტივებული შესყიდვის გზით 4 ხელშეკრულება (საერთო ღირებულებით 923 000 ლარი) გააფორმა თბილისის განვითარების ფონდთან, 2013 წელს კი - 4 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდთან.  ასევე, 2011-2012 წლებში, კომპანიას გამარტივებული წესით სულ 37 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

1 215 029 ლარი შპს-მ „თბილი სახლი” მიიღო. „თბილი სახლი” 2001 წელს დაარსდა. კომპანიას სამი პირი ფლობს: მალხაზ კურტანიძე (55%), რუდოლფ ნაზაროვი (40%) და ლევან კურტანიძე (5%). 2011-2016 წლებში შპს „თბილი სახლი”  100 ტენდერში მონაწილეობდა, რომელთაგან 47-ში გაიმარჯვა. 2012-2016 წლებში კი, კომპანიას გამარტივებული შესყიდვის წესით 142 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

შპს-მ „პრიზმა” გაწეული სამუშაოებისათვის 1 122 589 ლარი მიიღო. კომპანია 1997 წელს არის დაფუძნებული. მისი მეასკუთრეები გიორგი მუსერიძე (70%), გიორგი ნაკაშიძე (10%) და გურამ ჯანიბეგაშვილი (20%) არიან. 2011-2015 წლებში შპს-ს „პრიზმა”  90 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 28-ში გაიმარჯვა. ამავე პერიოდში კომპანიას გამარტივებული შესყიდვების გზით 10 ხელშეკრულება აქვს დადებული, რომელთა საერთო ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება.

შპს-მ „ამიგა” და შპს-მ „გრუსია” , შესაბამისად, 726 424 და 508 136  ლარი მიიღეს. შპს „ამიგა” 1999 წელს დაარსდა, მისი 100%-იანი წლის მფლობელი ბესარიონ მერმანიშვილია. 2011-2016 წლებში შპს „ამიგას”  87 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 22 ტენდერში გაიმარჯვა. 2012-2015 წლებში კი, გამარტივებული შესყიდვის წესით 22 ხელშეკრულება აქვს დადებული.

შპს „გრუსია” 2009 წელს არის დაარსებული. მისი მეწილეები გრიგოლ ჟვანია (50%) და ივანე ფოჩხიძე (50%) არიან. 2013-2015 წლებში კომპანიას 4 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულება 150 000 ლარს აღემატება. ამავე პერიოდში კომპანიას გამარტივებული შესყიდვის გზით 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 9 000 ლარია.

როგორც კომპანიების აღწერილობიდან ჩანს,  არც ერთი მათგანი არ არის ახლად დაფუძნებული.  მათი ხელმძღვანელები არ ფიგურირებენ მმართველი პარტიის შემომწირველთა სიაში. მხოლოდ შპს-ს „ანაგი” ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ირაკლი გოგოლაშვილმა (დირექტორი), დავით ჩანტლაძემ (პროკურისტი) და 100% წილის მფლობელი ნანა აროშიძემ 2012 წელს, ა(ა)იპ-ს „საქართველო არ იყიდება”, შესაბამისად, 9 000, 2 000 და 60 000 ლარი შესწირეს, თუმცა მას შემდეგ ისინი შემომწირველთა სიაში აღარ ფიგურირებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკუთარ შენობაზე გაწეული  ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა - 3 874 093 ლარი შენობის სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა. 2 515 084 ლარი სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს მოხმარდა, ფანჯრებისა და კარების მოწოდება-მონტაჟის სამუშაოებზე 189 111 ლარი დაიხარჯა, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟისთვის 870 241 ლარი, ხოლო არქიტექტორული დიზაინისთვის კი 108 393 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დაიდო.  

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/) უკვე რამდენიმე თვეა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისი შემსყიდველის ან კონკრეტული ხელშეკრულების ნომრის (CMR კოდის) მიხედვით მონაცემების ძებნისას, ელექტრონული პორტალი 0 ჩანაწერს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად, ასეულობით კონტრაქტის შესახებ ცნობები თავად მოგვაწოდა. ამ მიზეზით თითოეული ხელშეკრულების შესახებ დამატებით ინფორმაციაზე კვლევის ფარგლებში ხელი არ მიგვიწვდებოდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  არაერთხელ დაუკავშირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაგვისახელეს. პრობლემის შესახებ სააგენტოს ინფორმირებისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, ტექნიკური ხარვეზი კვლავაც არ გამოსწორებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში კვალავაც არაა ხელმისაწვდომი.

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“