მთაწმინდის გამგეობის მანკიერი საკადრო პოლიტიკა
მიმდინარე წლის მარტში მოგვმართა ორმა მოქალაქემ და მოგვაწოდა ინფორმაცია მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკადრო პოლიტიკაში არსებულ ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ისინი განსაკუთრებით გამოყოფდნენ კონკურსებზე გასაუბრების ეტაპს და მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის პროცესს. მათი თქმით, პროცესებმა განსაკუთრებით საგანგაშო ხასიათი 2014 წლის აგვისტოდან მიიღო, როდესაც მთაწმინდის გამგებლად გელა არჩვაძე დაინიშნა. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულმა მოქალაქეებმა ვინაობა არ გაგვიმხილეს, მათი თქმით მხოლოდ სრული ანონიმურობის შემთხვევაში იქნებოდა მათი უსაფრთხოება დაცული. ჩვენი მიერ გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთაწმინდის გამგეობის საკადრო პოლიტიკაში მართლაც იკვეთება რამდენიმე სერიოზული პრობლემა.
იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობით კონკურსის გასაუბრების ეტაპის ეფექტიანი დაკვირვება, შეფასება, ან გადამოწმება ფაქტიურად შეუძლებელია (არ არსებობს გასაუბრების აუდიო, ან ვიდეო ჩაწერის ვალდებულება, შეფასების ცხადი და განჭვრეტადი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში ძალიან დიდია საკონკურსო კომისიის დისკრეცია და ა.შ.) გამგეობიდან დროებით მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
სანამ მიღებული ინფორმაციის ანალიზს შევეხებით, მოკლედ აღვწეროთ თუ რა რეგულაციებს აწესებს კანონი დროებით მოვალეობის შემსრულებლებთან დაკავშირებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით დროებით მოვალეობის შემსრულებელი:
-
დროებით, უკონკურსოდ ინიშნება იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსით უნდა შეივსოს;
-
ინიშნება არაუმეტეს 3 თვის ვადით1;
-
დაუშვებელია იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.
თბილისის რაიონის გამგეობებში მოვალეობის შემსრულებლებს ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.
ზემოთ აღწერილი რეგულაციებიდან გამომდინარეობს, რომ გამგებელს კონკურსით შესავსებ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებელი შეუძლია ერთპიროვნულად დანიშნოს, თუმცა 3 თვის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებელმა უნდა გაიაროს კონკურსი ან დატოვოს ეს თანამდებობა.
გამგეობიდან გამოვითხოვეთ ყველა ბრძანება, რომელთა მეშვეობითაც არჩვაძემ გამგებლად დანიშვნიდან, ანუ 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის მარტის ჩათვლით დროებით მოვალეობის შემსრულებლები დანიშნა. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გელა არჩვაძემ ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა დროს მოვალეობის შემსრულებლად 94 პირი დანიშნა, იმ ფონზე როდესაც მთაწმინდის გამგეობის შტატი სულ 77 მოსამსახურისგან შედგება.
როგორც აღვნიშნეთ, მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს 3 თვის ვადით შეიძლება დაინიშნოს, სწორედ ამ ვადის დარღვევის თავიდან ასაცილებლად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ხდებოდა ზოგიერთი თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადანიშვნა, სავარაუდოდ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც 94 მოვალეობის შემსრულებლიდან 45 გადაინიშნა სხვა პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლად, მოგვიანებით კი მეორედ გადანიშნული 45-დან 10 მოსამსახურე მესამედ დაინიშნა სხვა პოზიციაზე ისევ მოვალეობის შემსრულებლებად.
ამ პროცესიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გადანიშვნების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის რომ გამგებელს თანამდებობაზე შეენარჩუნებინა მის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული საჯარო მოსამსახურეები რომლებსაც არ ქონდათ გავლილი კონკურსი და ამავე დროს ფორმალურად დაეცვა კანონი და არ დაერღვია 3 თვიანი შეზღუდვა.
შედეგად, 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით გამგეობაში იმ პოზიციების დიდ ნაწილზე, რომლებიც კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც კონკურსი არ ქონდათ გავლილი.
აღსანიშნავია, რომ გამგეობაში გამოცხადებულ კონკურსებში საკონკურსო კომისიის წევრი არის გამგებელიც. ამავე პერიოდში გამგეობაში ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული 118 კონკურსიდან 57 ჩაშლილად გამოცხადდა აქედან 47 სწორედ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული ჩაშლილი კონკურსი, გამგებელს აძლევდა საშუალებას ამ პოზიციაზე მისი შეხედულებისამებრ დაენიშნა მოვალეობის შემსრულებელი.
ჩვენ ვეცადეთ შევხვედროდით მთაწმინდის გამგებელს, რათა გავცნობოდით მისი პოზიციას. სამწუხაროდ ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად გამგებელმა ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა.
მთაწმინდის გამგეობაში არსებული მდგომარეობა გამონაკლისი არ არის, ქვეყნის საჯარო სამსახურში არსებულ სისტემურ პრობლემებზე სასამართლო ხელისუფლებამაც არაერთხელ მიუთითა, ამ მხრივ საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაში საქმეზე ი. კ. თბილისის მერიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ „...სახელმწიფოს საჯარო სამსახურის ფუნქციონირებაში უმწვავესი პრობლემებია, რომლებიც განპირობებულია საჯარო სამსახურის არსისა და ამოცანების ნაკლებად გააზრებულობით, კანონის უზენაესობის სტანდარტის უგულებელყოფით, საჯარო სამსახურის პირადი და პარტიული ინტერესების მომსახურების ასპარეზად, პარტიული მუშაკებისა თუ აქტივისტების დასაქმების საშუალებად მიჩნევით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული უპატივცემულობით, თავად საჯარო მოხელეთა მხრიდან პერსონალური პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობით, დაბალი პროფესიული კვალიფიკაციით, რაც, საბოლოო ჯამში, აფერხებს ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ყოველივე ეს კი, იწვევს დასაქმებულთა (და არა მხოლოდ) უიმედობას, აქვეითებს მათ სამსახურებრივ მოტივაციას, აჩენს განცდას, რომ ქვეყანაში ყოველი პოლიტიკური ცვლილებისას, საფრთხე ემუქრება მათ სამსახურს, რის გამოც, მათი საქმიანობა მიმართული ხდება არა უპირატესად სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა ეფექტურ განხორციელებაზე, არამედ ძირითადად იმაზე - არ მოხდეს მათი განთავისუფლება სამსახურიდან და ამგვარ ვითარებაში, თანამდებობრივ და ადამიანურ პრინციპულობაზე, მმართველობითი საქმიანობის კვალიფიციურ განხორციელებაზე, უმრავლეს შემთხვევებში, საუბარიც კი ზედმეტია.“
სამართლიანი საკადრო პოლიტიკის კუთხით სერიოზული პრობლემები ბევრ სხვა საჯარო უწყებაშიც არაერთხელ გამოვლენილა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარებით 58 საჯარო მოხელეს სასამართლოს მეშვეობით აღუდგა დარღვეული შრომითი უფლებები არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთაწმინდის გამგეობის მსგავს მანკიერ პრაქტიკას სხვა საჯარო დაწესებულებებიც მისდევენ.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზედამხედველობა გამგებლის საკადრო პოლიტიკაზე და მოახდინოს სათანადო რეაგირება, რათა არ დაირღვეს საჯარო სამსახურის ნეიტრალურობის, მიუკერძოებლობის და კანონიერების პრინციპები.
_____________________________________________________________
1 დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით.