ENG

მოვლენების ქრონოლოგია მამუკა ახვლედიანის პირველი განცხადებიდან მის გათავისუფლებამდე

26 თებერვალი, 2016

 

ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის არსებული დაძაბულობის მომსწრე გახდა, რომელიც საბოლოოდ მამუკა ახვლედიანის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

29.12.2015 - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა. ახვლედიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მუშაობა გააკრიტიკა. ახვლედიანის განმარტებით, ისინი დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებდნენ.

04.01.2016 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი „თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 დეკემბრის განცხადების შეფასება“ იყო. აღნიშნულ სხდომაზე მამუკა ახლედიანი არ გამოცხადებულა. ამავე დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შეხვდნენ.

06.01.2016 - მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქუთაისის საქალაქო სასამართლო გამოეხმაურა. სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიზანი საზოგადოების თვალში სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება იყო, რაც „მისი მხრიდან ამორალურ, უზნეო და უღირს საქციელს წარმოადგენდა”. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ასეთმა კრიტიკამ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია, ცალკეულმა მოსამართლეებმა სასამართლოს შიდა ქსელში (ინტრანეტი) მამუკა ახვლედიანის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.

აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით, 2016 წლის 10 თებერვალს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ დისციპლინური საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. კოალიციის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჯარო განცხადება მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით, ასევე ცალკეული მოსამართლეების მიერ შიდა ქსელში გამოხატული არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარები არღვევს სამოსამართლო ეთიკის წესებს, ასევე წარმოადგენს მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.

11.01.2016 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მოწმეთა დაკითხვის წესის ამუშავებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილებოდა. აღნიშნულ სხდომას მამუკა ახვლედიანი დაესწრო. მასთან გამართული მწვავე დისკუსიის შემდეგ საბჭოს რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. წევრებმა მამუკა ახვლედიანს მის მიერ 29 დეკემბერს გაკეთებული განცხადების შინაარსი შეახსენეს და აღნიშნეს, რომ მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ესწრებოდა იგი სხდომას და თანამშრომლობდა საბჭოსთან, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოს მიმართ ამგვარი კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა.

01.02.2016 - მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას სრული ნდობა გამოუცხადეს. მოსამართლეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური ძალებისა და პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებების გამო, რაც საბჭოს საქმიანობაზე ზეგავლენად მიიჩნიეს და ამგვარი ზეგავლენის მცდელობების აღკვეთა მოითხოვეს.

02.02.2016 - მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2015 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების სავარაუდო გამჟღავნების შესახებ აცნობა.

02.02.2016 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადების თანახმად, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების სავარაუდო გამჟღავნებასთან დაკავშირებით საბჭოში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოკვლევა.

03.02.2016 - ინფორმაციას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების სავარაუდო გამჟღავნების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ნინო გვენეტაძის განმარტებით, მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა, თუმცა, ეთიკის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ის ამ მიზნებზე ვერ ისაუბრებდა.

03.02.2016 - მამუკა ახვლედიანმა , იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 29 დეკემბერს გაკეთებული განცხადებების გამო, მის მიმართ დისციპლინური დევნის დაიწყების შესახებ განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ახვლედიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დისციპლინური წარმოება ნინო გვენეტაძის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა.

19.02.2016 - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების სავარაუდო გამჟღავნებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკვლევის შედეგები საბჭოს მდივანმა წევრებს გააცნო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ.

22.02.2016 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. საპირისპირო მოსაზრება მხოლოდ ერთმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა გამოხატა. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამართლიანობის პრინციპი დაარღვია და მისი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა.

23.02.2016 - ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლა. ასევე, გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა გამწესებისა თუ სასამართლო თანამდებობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა.

23.02.2016 - მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას აბსურდული ბრალდება წაუყენა. ამასთან, მას პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ამავე დღეს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილ პროცედურებს. გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და საბჭოს მხრიდან კანონის თვითნებურ, არასწორ გამოყენებაზე მიუთითებს.

23.02.2016 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სასამართლოს სისტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. მოსამართლეებმა ღიად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება და აღნიშნეს, რომ სასამართლოში გარკვეული სახის მენეჯერულ ხარვეზებთან ერთად, ასევე თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემები არსებობდა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“