მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებაა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებაა

03 ივნისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც  მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო..  

დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  1. დასაქმების და უმუშევრობის მაჩვენებლები

2016 წელს მოსახლეობის ის წილი,[1] რომელიც თავს უმუშევრად თვლის, 2013 წლის მონაცემთან შედარებით 1 პროცენტული ფუნქტით, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5 პროცენტული ფუნქტით შემცირდა და მოსახლეობის 65% შეადგინა, ეს კი საქართველოს დაახლოებით 2 მლნ მოქალაქეს უდრის.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მაჩვენებლებს, 2013 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 14.6% ხოლო, 2015 წელს 12.0% იყო.  ფაქტებიდან ნათელია, რომ სტატისტიკის სამსახურის და CRRC - ის გამოკითხვის შედეგები განსხვავებულ ინფორმაციას გვაძლევს, რაც აღრიცხვის მეთოდოლოგიაში არსებული განსხვავებითაა გამოწვეული.[2] (იხ. გრაფიკი 1)

გრაფიკი 1. დასაქმების და უმუშევრობის მაჩვენებლები

 

  1. „ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური’’[3]  მოსახლეობის მაჩვენებლები

 

გრაფიკი 2.1-იდან ნათელია, რომ 2016 წელს მოსახლეობის 65%-იდან ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის 47% დაინტერესებული არ არის სამსახურის პოვნით, ეს კი საქართველოს დაახლოებით 980 ათას მოქალაქეს უდრის. ეს მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.[4]  

გრაფიკი 2.1: „ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური’’ მოსახლეობის მაჩვენებლები

 

გრაფიკი 2.2 - გვიჩვენებს, რომ 2016 წელს მოსახლეობის იმ 65%-იდან ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის 76% (1,583 ათასი მოქალაქე) ბოლო 4 კვირის განმავლობაში არც კი ეძებდა სამსახურს. ეს მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი 2.2: „ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური’’ მოსახლეობის მაჩვენებლები

 

გრაფიკი 2.3. ცხადყოფს, რომ 2016 წელს უმუშევართა 65%-იდან 46%-ი (960 ათასი მოქალაქე) მომავალი ორი კვირის განმავლობაში არ იყო მზად სამსახურის დასაწყებად. ეს მაჩვენებლები წინა წლის მონაცემებთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.

გრაფიკი 2.3: „ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური’’ მოსახლეობის მაჩვენებლები

 

გრაფიკი 3 - დან ნათელია, რომ 2016 წელს ყველაზე დიდი - 5 პროცენტული ფუნქტით იმ ადამიანთა ოდენობა გაიზარდა ვინც საკუთარ ბიზნეს უძღვება/თვითდასაქმებული დაქირავებულია თანამშრომლების გარეშე, მიწის ნაკვეთზე მუშაობის ჩათვლით. შესაბამისად, 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც დაქირავებული თანამშრომლები ჰყავთ. რაც უარყოფითი ფაქტია. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებიდან 31% -ი არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უარყოფითი ფაქტია, რადგან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილის ზრდა კიდევ უფრო მეტად ზრდის ბიუროკრატიას, აწვება ბიუჯეტს და იწვევს სახელმწიფო ფინანსების არაეფექტიან ხარჯვას.

გრაფიკი 3: დასაქმებულთა განაწილება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით    

 

გრაფიკი 4 - იდან ნათელია, რომ თუ 2015 წელს მოსახლეობის (დასაქმებულების) ყველაზე დიდი წილის - 24% - ის შემოსავალი 261- 400 ლარის ინტერვალში მერყეობდა და 19% -ის 401-800 ლარის ფარგლებში, 2016 წელს დასაქმებულების 22% ის შემოსავალი 401- 800 ლარის და 21%-ის 261 - 400 ლარის ფარგლებშია. მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 73%-ის  ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარს არ აჭარბებს.  

საგულისხმოა რომ, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2014 წელს საშუალო ხელფასი 818 ლარია.

გრაფიკი 4: შემოსავლის განაწილება

 

გრაფიკი 5-ი ცხადყოფს, რომ 2016 წლის მონაცემებით მოსახლეობის 51%-ს  სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება მიაჩნია საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად, (სადაც 56+ წლის მოსახლეობის 58% -ი, 36-55 წლის მოსახლეობის 57% -ი  და 18-35 ასაკის მოსახლეობის 41%-ი ფიქრობს ასე); რაც შეეხება მოსახლეობის 23%-ს, მათი მოსაზრებით წარმოება, ქარხნები და ფაბრიკების განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (56+ წლის მოსახლეობის 24%-ი, 36-55 ასაკის მოსახლეობის 20%-ი და 18-35 ასაკის მოსახლეობის 25%-ი ფიქრობს ასე). რაც შეეხება ტურიზმის სფეროს მოსახლეობის 9%-ს მიაჩნია ამ სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად (56+ წლის მოსახლეობის 3% - ი, 36-55 ასაკის მოსახლეობის 8% და 18-35 ასაკის მოსახლეობის 14%-ის მოსაზრებას წარმოადგენს ეს).  

გრაფიკი 5: სფერო რომლის განვითარებაც მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოს ეკონომიკისთვის

 

გრაფიკი 6 - ზე წარმოდგენილ მონაცემებში იგივე ტენდენცია იკვეთება რაც გრაფიკი - 5 ში.  მოსახლეობის 17%  სურს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება (სადაც 56+ წლის მოსახლეობის 19%, 36-55 ასაკის მოსახლეობის 21% და 18-35 ასაკის მოსახლეობის 11% ფიქრობს ასე); მოსახლეობის 11%-ს სურს წარმოება/ მრეწველობა (ქარხნები და ფაბრიკები) სექტორში დასაქმება (56+ წლის  მოსახლეობის 9%, 36-55 ასაკის მოსახლეობის 16% და 18-35 ასაკის მოსახლეობის 8% ფიქრობს ასე). მოსახლეობის 9% სურს ტურიზმის სექტორში დასაქმება, სადაც ასაკობრივ ჭრილში ეს მონაცემები შემდეგია: 56+ წლის მოსახლეობის 2%, 36-55 წლის მოსახლეობის 7% და 18-35 წლის მოსახლეობის 17% სურს აღნიშნულ სფეროში დასაქმება.

გრაფიკი 6:  სფერო რომელშიც ისურვებდნენ ყველაზე მეტად დასაქმებას

 

დასკვნა და რეკომენდაციები:

გამოკითხვის შედეგების ანალიზიდან ნათელია:

  • 2016 წელს მოსახლეობის წილი ვინც თავს უმუშევრად თვლის, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

  • დასაქმებულებიდან 31% -  არის დაქირავებული მუშაკი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში.

  • მოსახლეობის დაახლოებით 75%-ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარს არ აჭარბებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად:

  • 2015 წელს 2014 წელთან შედარებით უმუშევრობა 12.4%-იდან 12.0% მდე (0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა), რაც დადებითი ფაქტია.

  • ასევე მცირედით, თუმცა 2.8 პროცენტული პუნქტით (28 ათასი ადამიანით) მაინც შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში, თუმცა მათი წილი მაინც მაღალი- 57%-ია.

  • აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითდასაქმებულთა 83% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, რაც მთლიანად დასაქმებულთა თითქმის ნახევარ - 48%-ს შეადგენს, ხოლო სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ-ს წილი კი ქვეყნის მთლიან მშპ-ში მხოლოდ 9.2%-ია.

აქედან ნათელია, რომ მოსახლეობის ნახევარი რომლებიც ქვეყანაში დასაქმებულებად ითვლებიან რეალურად ძალიან მცირე პროდუქტს ქმნიან; შესაბამისად, ქვეყანაში ადამიანური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება ხდება. მანამდე სანამ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა წილი მნიშვნელოვნად არ შემცირდება, უმუშევრობა კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად დარჩება.

დასაქმების ზრდის ყველაზე რეალურ გზად  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მიგვაჩნია, რაც დაბალი გადასახადებით/მაღალი მოგების მარჟით და სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოთი მიიღწევა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად

  • მოსახლეობის - 51% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მთავარი სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

  • მოსახლეობის - 17%-ს ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება სურს.

 

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორს წამყვანი როლი არ უკავია და ზოგადად ამ სფეროს წინსვლა ტექნოლოგიებზე და არა ადამიანებზეა დამოკიდებული. სწორედ საზოგადოების ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, მთავრობა საარჩევნოდ მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და ხმების მოზიდვის მიზნით სახელმწიფო ფინანსებს სოფლის მეურნეობის სექტორში არაეფექტიანად ხარჯავს. ეს კი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და თოთოეული ჩვენგანის ცხოვრების დონის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.

თუ მოსახლეობის პრიორიტეტი  სოფლის მეურნეობის სექტორი აღარ იქნება, სახელმწიფო ნაკლებად დახარჯავს რესურს ამ მიმართულებით, საიდანაც უკუგება ძალიან მცირეა. თუ ნაკლები ფინანსები დაიხარჯება არაეფექტიანად, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენი ცხოვრების დონეზეც დადებითად აისახება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადეობის განწყობები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რადგან ჩვენი მოსაზრებები მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას  სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რაც თავის მხრივ დიდ წილად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების დონეს.      

 

[1] ჩვენ გამოკითხვის მონაცემები შევწონეთ, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ არა უბრალოდ გამოკითხულთა, არამედ კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობის (გენერალური ერთობლიობის) განწყობებზე. წინამდებარე პუბლიკაციაში სწორედ ამიტომ ვუთითებთ მოსახლეობის და არა გამოკითხულთა პროცენტებს.  კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობა (გენერალური ერთობლიობა) კი არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. მაშასადამე, 3,185,586 ადამიანი არის ის მოსახლეობა, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით შევარჩიეთ 2032 რესპონდენტი. ცდომილების საშუალო ზღვარი შეადგენს 3.2%-ს.

[2.1]სტატისტიკის სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით „დასაქმებულია (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე (შვებულების, ავადმყოფობის, წარმოების დროებით გაჩერების, სამუშაოდან დროებით დათხოვნის, ან მსგავსი მიზეზების გამო),  თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ’’

{2.2} (CRRC) - ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით დასაქმებულად ითვლება 18 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც იღებს შემოსავალს მხოლოდ ფულადი სახით. აქ დასაქმებულად არ ითვლებიან ის ადამიანები, რომლებიც ნატურით იღებენ შემოსავალს (რომელთა წილიც დასაქმებულთა ოდენობაში რეალურად დიდია). ასევე ამ გამოკითხვაში არ მოხდა იმის დაზუსტება გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა თუ არა პირი; ასევე შესაძლოა პირი იყოს სამუშაოდან დროებით დათხოვნილი და ამის გამო ის თავს უმუშევრად თვლიდეს, როცა სტატისტიკის სამსახურის მიხედვით ასეთი პირი დასაქმებულდა ითვლება. (CRRC) - ის გამოკითხვის შედეგები დაფუძნებულია ადამიანების აღქმაზე და აქ არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტები.

[3.1] სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით ეკონომიკურად არააქტიურია - 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირს განმავლობაში. აგრეთვე პირი რომელიც ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს მოძებნის შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.

[3.2]ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა წარმოადგენს დასაქმებულების და უმუშევრების ჯამს.

[4] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროცენტული მონაცემების დაჯამებამ შესაძლოა არ მოგვცეს 100%: პროცენტული მონაცემების აღქმის სიმარტივისთვის, მონაცემები შესაბამისი არითმეტიკული კონვენციით მთელ რიცხვებამდე მეტობით ან ნაკლებობით დავამრგვალეთ, რის გამოც ზოგიერთ დიაგრამაზე პროცენტული მონაცემების ჯამი შესაძლოა 100%-ზე ოდნავ მეტი ან ნაკლები იყოს.

 

Author: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"