მოსახლეობის 56% მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გაწიოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მოსახლეობის 56% მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გაწიოს

25 მაისი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო.

ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები შემდეგია:

1. ჯანმრთელობის დაზღვევა

1.1. მოსახლეობის ნაწილი [1], რომელიც მზად არის ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაიზიაროს, 2015 წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, კერძოდ, მოსახლეობის 56% ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს, რაც, შესაბამისი ანალიზით დგინდება, რომ საქართველოს სულ მცირე 1.7 მილიონ მოქალაქეს უდრის. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 1. ჯანმრთელობის დაზღვევის სასურველ პაკეტში გადახდის სურვილი და შესაძლებლობა

1.2. მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ  იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, რაც 5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოსახლეობის 18%-ს მიაჩნია, რომ  ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ. 

გრაფიკი 2. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევაზე

1.3. მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, ნაწილობრივ -- თავად ადამიანებმა, რაც 2015 წელთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს 2015 წელთან შედარებით 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს დაახლოებით 1.4 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 3. ვინ უნდა გადაიხადოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი - მოქალაქემ თუ სახელმწიფომ

2. სამედიცინო მომსახურებები და საყოველთაო ჯანდაცვა

2.1. საინტერესოა, რომ მოსახლეობის 41%-ს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფობის დროს ვერ მისულა ექიმთან  იმის გამო, რომ კონსულტაციის ღირებულების  მის მიერ გადასახდელი წილი მეტისმეტად მაღალი იყო, ხოლო 59%-ს ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 4. შემთხვევები, როდესაც  ავადმყოფობის დროს ვერ მიდიან ექიმთან  თანაგადახდის მაღალი წილის გამო

2.2. გამოკითხვამ აჩვენა, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსარგებლეთა დიდი ნაწილი არ იცვლის სამედიცინო მომსახურების დაწესებულებას, რის უფლებასაც მათ პროგრამა ყოველ  2 თვეში ერთხელ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების წარდგენის გარეშე აძლევს [2]. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 5.რა სიხშირით იცვლიან საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეები გეგმიური სამედიცინო მომსახურების დაწესებულებას

2.3. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იმ მოსარგებლეებიდან, ვინც გამოიყენა სამედიცინო დაწესებულების შეცვლის უფლება, შეცვლის მიზეზად 37% ტერიტორიული სიშორეს ასახელებს,  15% -- ექიმების დაბალ კვალიფიკაციას, 13% -- ანალიზების სანდოობას [3], 3% კი - სანიტარულ პირობებს.  შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 6. საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეების მიერ გეგმიური სამედიცინო მომსახურების დაწესებულების ცვლილების მიზეზები

2.4. ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერთ-ერთ სერიოზული პრობლემად თვითმკურნალობა რჩება, კერძოდ მოსახლეობის 25%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ანტიბიოტიკი ან ანტრიდეპრესანტი ექიმის დანიშნულების გარეშე მიუღია, ხოლო 74%-ს არ მიუღია. ეს მონაცემები, ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ  ასიათასობით ადამიანი ეწევა თვითმკურნალობას, ხოლო მოსახლეობის 25%-ის დიდი ნაწილი რეცეპტების სისტემის გვერდის ავლით კვლავ ახერხებს რეცეპტული წამლების შეძენას. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 7. თვითმკურნალობა

3. რეკომენდაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ:

  • საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს, თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს, როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი, როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს. 

აქ, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენეფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც სადაზღვევო       კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება.

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას რეცეპტების სისტემის გვერდის ავლის პრევენციის ეფექტური მექანიზმი, მათ შორის უზრუნველყოს ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე დროული გადასვლა და ელექტრონული რეცეპტების სისტემის შედეგიანი  მონიტორინგი.

___________________________________________________

[1] ჩვენ გამოკითხვის მონაცემები შევწონეთ, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ არა უბრალოდ გამოკითხულთა, არამედ კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობის (გენერალური ერთობლიობის) განწყობებზე. წინამდებარე პუბლიკაციაში სწორედ ამიტომ ვუთითებთ მოსახლეობის და არა გამოკითხულთა პროცენტებს.  კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობა (გენერალური ერთობლიობა) კი არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. მაშასადამე, 3,185,586 ადამიანი არის ის მოსახლეობა, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით შევარჩიეთ 2032 რესპონდენტი. ცდომილების საშუალო ზღვარი შეადგენს 3.2%-ს.

[2] ეს შესაძლებლობა 2013 წლამდე არსებულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებთან შედარებით მნიშვნელოვანი სიახლე იყო იმდენად რამდენადაც პროგრამით მოსარგებლეებს აძლევდა ნებისმიერი მიზეზით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეცვალათ გეგმიური სამედიცინო მომსახურების დაწესებულება. ეს მიზეზი შეიძლება იყოს ტერიტორიული სიშორე, ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, ანალიზების სანდოობა, სანიტარული პირობები და ა.შ.

[3] ეს არის ანალიზების სანდოობის პაციენტის აღქმის მაჩვენებელი, რაც, ცხადია, ვერ იქნება ანალიზების სანდოობის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროცენტული მონაცემების დაჯამებამ შესაძლოა არ მოგვცეს 100%: პროცენტული მონაცემების აღქმის სიმარტივისთვის, მონაცემები შესაბამისი არითმეტიკული კონვენციით მთელ რიცხვებამდე მეტობით ან ნაკლებობით დავამრგვალეთ, რის გამოც ზოგიერთ დიაგრამაზე პროცენტული მონაცემების ჯამი შესაძლოა 100%-ზე ოდნავ მეტი ან ნაკლები იყოს.

Author: მიხეილ კუკავა