მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ მედიკამენტების ფასი ძალიან გაიზარდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო.
წამლების მოხმარებასთან დაკავშირებით, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები შემდეგია:
-
მოსახლეობის [1] 47% ფიქრობს, რომ იმ მედიკამენტების ფასები, რისი ყიდვაც ყველაზე ხშირად უწევთ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა, 35%-ის აზრით -- ცოტათი გაიზარდა, 9%-ის აზრით -- არ შეცვლილა, ხოლო 2%-ის აზრით -- ცოტათი შემცირდა [2].
2. 2014 წლის 1 სექტემბრიდან რეცეპტით შესაძენი წამლების არეალის გაფართოებას მოსახლეობის 51% უარყოფითად აფასებს, რაც 2015 წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მცირდება, 9% - დადებითად, რაც 2015 წელთან შედარებით ასე 2 პროცენტული პუნქტით მცირდება. 39%-ის აზრით მათზე და მათ ოჯახზე რეცეპტით შესაძენი წამლების არეალის გაფართოებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაც 2015 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით იზრდება.
3. საინტერესოა, რომ იმ ადამიანების 30%, ვინც კონკრეტულ აფთიაქში ყიდულობს მედიკამენტს, ამ აფთიაქს უპირატესობას ანიჭებს დაბალი ფასის გამო, 24% -- ტერიტორიული სიახლოვის გამო, 14% -- გათამაშებებში მონაწილეობის ან ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობის გამო, 11% -- მედიკამენტების ხარისხის გამო, 11% -- მომსახურების ხარისხის გამო, ხოლო 4%-ის აზრით მიზეზი ის არის, რომ მედიკამენტები, რისი შეძენაც სურს, მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქშია.
4. აფთიაქების მიმართ პრეფერენციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
_____________________________________
[1] ჩვენ გამოკითხვის მონაცემები შევწონეთ, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ არა უბრალოდ გამოკითხულთა, არამედ კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობის (გენერალური ერთობლიობის) განწყობებზე. წინამდებარე პუბლიკაციაში სწორედ ამიტომ ვუთითებთ მოსახლეობის და არა გამოკითხულთა პროცენტებს. კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობა (გენერალური ერთობლიობა) კი არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. მაშასადამე, 3,185,586 ადამიანი არის ის მოსახლეობა, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით შევარჩიეთ 2032 რესპონდენტი. ცდომილების საშუალო ზღვარი შეადგენს 3.2%-ს.
[2] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროცენტული მონაცემების დაჯამებამ შესაძლოა არ მოგვცეს 100%: პროცენტული მონაცემების აღქმის სიმარტივისთვის, მონაცემები შესაბამისი არითმეტიკული კონვენციით მთელ რიცხვებამდე მეტობით ან ნაკლებობით დავამრგვალეთ, რის გამოც ზოგიერთ დიაგრამაზე პროცენტული მონაცემების ჯამი შესაძლოა 100%-ზე ოდნავ მეტი ან ნაკლები იყოს.