მოქალაქეთა დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მოქალაქეთა დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ

23 სექტემბერი, 2015

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით [1], ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ორ უმთავრეს მიგნებას წარმოადგენს ის, რომ: 1. საქართველოს მინიმუმ 1.5 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს 2. საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხული ბენეფიციარების 36% ჯერ კიდევ არ სარგებლობს გეგმიური ამბულატორიის მომსახურებებით, რაც ნიშნავს რომ სულ ცოტა 1.1 მილიონი ლარი იხარჯება 1.1 ბენეფიციარზე ისე, რომ ისინი ამ მომსახურებებით არ სარგებლობენ [2].

ქვემოთ გთავაზობთ საზოგადოებრივი აზრის ჩვენი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებებს:

1. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯანსაღად აფასებს ჯანდაცვაზე როგორც საკუთარ, ისე სახელმწიფოს ფინანსურ პასუხისმგებლობას, კერძოდ, გამოკითხულთა დაახლოებით 46% (საქართველოს მინიმუმ 1.5 მილიონი ზრდასრული მოქალაქე) ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს, საქართველოს მთავრობას მოსახლეობის ამგვარი განწყობა საშუალებას აძლევს არსებული გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს და გამოთავისუფლებული რესურსი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვისკენ მიმართოს, მაგალითად:

გამოკითხულთა 46% მზად არის გადაიხადოს საკუთარ სამედიცინო დაზღვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ასეთი ხალხის რაოდენობა 5 პროცენტული პუნქტით მეტი იყო.

გრაფიკი 1. ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევის სასურველ პაკეტში გადახდის სურვილი და შესაძლებლობა [3]

1.1. გამოკითხულთა 57%-ს მიაჩნია, რომ  იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, ხოლო გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ  ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ. 

გრაფიკი 2. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევაზე

1.2. გამოკითხულთა 25%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, რაც 2013 წელთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს 2013 წელთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.2 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

გრაფიკი 3. ვინ უნდა გადაიხადოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი - მოქალაქემ თუ სახელმწიფომ

2. საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხული ბენეფიციარების 36% ჯერ კიდევ არ სარგებლობს გეგმიური ამბულატორიის სერვისებით, რაც იმას ნიშნავს რომ სულ ცოტა 1 მილიონი ლარი ყოველთვიურად იხარჯება 1.1 ბენეფიციარზე, რომლებიც ამ სერვისით არ სარგებლობენ.

არსებული მდგომარეობა: დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხუთი ძირითადი პაკეტით (მინიმალური, საბაზისო, მიზნობრივი, ასაკობრივი და ვეტერანთა) ქვეყნის მთელს მოსახლეობას ფარავს, რაც 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 3.7 მილიონი ადამიანია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

1. გეგმიური ამბულატორია, რაც მოითხოვს დარეგისტრირებას;

2. გადაუდებელი ამბულატორია, რაც არ მოითხოვს დარეგისტრირებას;

3. გადაუდებელი სტაციონარი, რაც ასევე არ მოითხოვს დარეგისტრირებას.

საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ რესპონდენტთა 64%-მა განაცხადა, რომ დარეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, 29%-მა განაცხადა, რომ არ დარეგისტრირებულა (ეს მოსარგებლეები სოციალური მომსახურების სააგენტომ ავტომატურად დაარეგისტრირა ბაზაში გეგმიური ამბულატორიის მომსახურებებისთვის), ხოლო 7%-მა თქვა, რომ არ ახსოვს ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ ბენეფიციართა 36% არ იყენებს გეგმიური ამბულატორიის მომსახურებს, რაც, დაახლოებით 1.1 მილიონ ბენეფიციარს უდრის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო თითო დარეგისტრირებულ მოსარგებლეზე 1.11-დან 2.15 ლარამდე იხდის, გამოდის, რომ წელიწადში მინიმუმ 12 მილიონი ლარი იხარჯება მილიონზე მეტ ბენეფიციარზე, რომელიც ამ მომსახურებებით არ სარგებლობს.

2.1. კითხვაზე ხართ თუა რა დარეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკითხულთა 64% დადებითად პასუხობს.

გრაფიკი 4. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია

2.3. კითხვაზე „ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგიხდათ თუ არა გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის თანხის დამატება” 21% პასუხობს დადებითად, 47% უარყოფითად და 32% აცხადებს, რომ ასეთი მომსახურება არ დასჭირვებია.

გრაფიკი 5. თანხის დამატების სტატისტიკა გეგმიური ამბულატორიული მომსახურებების მიღებისას

გრაფიკი 6. გეგმიური ამბულატორიული მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სტატისტიკა (ზოგად ჭრილში)

გრაფიკი 7. გეგმიური ამბულატორიული მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სტატისტიკა (პაკეტების ჭრილში)

მიგვაჩნია, რომ ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხზე მეტად თავად მოსარგებლეების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინაიდან სახელმწიფო სხვადასხვა საშუალებით ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ.

3. რეკომენდაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

  • უნდა შეცვალოს პასიური ბენეფიციარების ავტომატურად დარეგისტრირების პრაქტიკა, როდესაც ბენეფიციარმა არც ის იცის რომელ დაწესებულებაში დაარეგისტრირეს და არც ის, რომ საერთოდ დაარეგისტრირეს.

  • უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომელიც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს. აქ, ჩვენი აზრით, ყველაზე უკეთესი გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება.

___________________________________________________

[1] კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულ იქნა 1867 რესპონდენტი. კვლევა ასახავს საზოგადოებრივ აზრს 2015 წლის აპრილის მდგომარეობით.

[2] ჩვენ კალკულაციისთვის ავიღეთ 2013წ. საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. მაშასადამე, 3,185,586 ადამიანი არის ის პოპულაცია, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით შევარჩიეთ 1867 რესპონდენტი.

[3] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროცენტული მონაცემების დაჯამებამ შესაძლოა არ მოგვცეს 100%: პროცენტული მონაცემების აღქმის სიმარტივისთვის, მონაცემები შესაბამისი არითმეტიკული კონვენციით მთელ რიცხვებამდე მეტობით ან ნაკლებობით დავამრგვალეთ, რის გამოც ზოგიერთ დიაგრამაზე პროცენტული მონაცემების ჯამი შესაძლოა 100%-ზე ოდნავ ნაკლები ან მეტი იყოს.

Author: მიხეილ კუკავა