ENG

მოისყიდა თუ არა რუსთავის საკრებულოს წევრმა ამომრჩეველი?

13 ივნისი, 2012

2012 წლის 11 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ უწყებამ შეისწავლა ქ. რუსთავის საკრებულოს წევრის თამაზ გველუკაშვილის მიერ მოსახლეობისთვის დარიგებული ცხვრებისა და ღვინოს შესახებ არსებული ინფორმაცია. მოკვლევის შედეგად კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ „სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში, ქ. რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი დაურიგა არა საკრებულოს წევრმა მალხაზ გველუკაშვილმა, არამედ ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა, რომელიც არის პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი“. მიჩნეულ იქნა, რომ კახა ბარათაშვილმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განახორციელა 7920 ლარის უკანონო შემოწირულება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება არ არის თანმიმდევრული. მართალია, ბარათაშვილის მიერ ცხვრისა და ღვინის მოსახლეობისათვის გადაცემა კონტროლის პალატამ დაადასტურა თავისი მოკვლევით, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც - საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვა. კახა ბარათაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც თავისთავად გააჩნია საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს.

ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირია იმის ფონზეც, რომ მომდინარე წლის ივნისის დასაწყისში მოსახლეობის სურვილების ასრულების მხოლოდ დაპირების გამო დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა დაბრალდათ. ამ შემთხვევაში კონტროლის პალატამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და საქმეში პროკურატურა ჩართო. რაც შეეხება რუსთავში მომხდარ ფაქტს, კონტროლის პალატა რატომღაც ვერ ხედავს ამომრჩევლის მოსყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო ცხადად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რადგანაც საქმე გვაქვს არა მხოლოდ დაპირებასთან, არამედ საჩუქრების გადაცემის განხორციელებულ ქმედებასთან. ამასთანავე, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ქმედების ჩამდენი პირი პოლიტიკური გაერთიანების არა რიგითი აქტივისტი, არამედ მაღალი თანამდებობის პირია, კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ საარჩევნო მოტივებს.

სახელისუფლებო ორგანოების ასეთი არათანმიმდევრული და არაობიექტური ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესებს და ხელს უშლის კონკურენტული და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას.

მივმართავთ:

  • კონტროლის პალატას, აღნიშნული საქმე რეაგირებისთვის გადაუგზავნოს პროკურატურას და მომავალში ეცადოს მეტი თანმიმდევრობა და ობიექტურობა გამოიჩინოს პოლიტიკური პარტიების ქმედებების მიმართ;
  • საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და მიიღოს შესაბამისი ზომები.
Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
elections