ENG

მნიშვნელოვანი ინსტიტუტისადმი ნდობა საქართველოში 2016 წელს

23 მაისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც  მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად კითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობას.

წინა წლების მსგავსად, 2016 წელს მოსახლეობის1 ყველაზე დიდი რაოდენობა ყველაზე მეტად ენდობა მასწავლებლებს. შემდეგ მოდიან ექიმები, პრეზიდენტი, პოლიცია და პრემიერმინისტრი. 2015 წლის გამოკითხვასთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული პრემიერმინისტრის ნდობის მაჩვენებელი (რესპონდენტები, რომლებიც სრულად ენდობიან, ან უფრო ენდობიან, ვიდრე არა).

მოსახლეობის ყველაზე მეტი - 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი ბიძინა ივანიშვილი იყო.

2013-2015 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (11 პროცენტული პუნქტით) იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეების მიერ პირადი მიზნების მისაღწევად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ძალიან გავრცელებულია.   

36 პროცენტი იმ მოსახლეობისა, რომელსაც სმენია პროკურატურის რეფორმის შესახებ, ფიქრობს, რომ ეს უწყება თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, ხოლო 40 პროცენტის აზრით, არ არის თავისუფალი.

მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (43 პროცენტი), ასევე, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიზებულია - ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც 71 პროცენტის აზრით, მიუღებელია.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ, 46 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო პოლიტიზებულია. მიუხედავად ამისა, იგივე რაოდენობის რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო კვალიფიციურია.

590

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება, ვინაიდან ამ ინსტიტუტმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გამოკითხულთა 39 ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კვალიფიციურია, 30 პროცენტის აზრით - პოლიტიზებულია, 29 პროცენტი ფიქრობს, რომ სამართლიანია, ხოლო 26 პროცენტი - მიკერძოებულია.

გამოკითხულთა 35 პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად (კარგად, ან უფრო კარგად, ვიდრე ცუდად), ხოლო 41 პროცენტი უარყოფითად აფასებს.

________________________________________

1ჩვენ გამოკითხვის მონაცემები შევწონეთ, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ არა უბრალოდ გამოკითხულთა, არამედ კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობის (გენერალური ერთობლიობის) განწყობებზე. წინამდებარე პუბლიკაციაში სწორედ ამიტომ ვუთითებთ მოსახლეობის და არა გამოკითხულთა პროცენტებს.  კვლევის არეალში მოქცეული მთლიანი მოსახლეობა (გენერალური ერთობლიობა) კი არის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. მაშასადამე, 3,185,586 ადამიანი არის ის მოსახლეობა, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით შევარჩიეთ 2032 რესპონდენტი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“