მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივი ანალიზი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივი ანალიზი

25 სექტემბერი, 2026

შესავალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განაგრძობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას.

2026 წლის 21 ივლისს ორგანიზაციამ, საქმეთა დეტალური შესწავლისა და შეფასების საფუძველზე, გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების სია.[1] მასში შეტანილი იქნენ ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირები, რომელთა დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება აშკარად უკავშირდებოდა 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებში ამა თუ იმ ფორმით მათ მონაწილეობას, მათ მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობას.

2026 წლის ივლისის ბოლოს ჩვენ დაგვიკავშირდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მოგვაწოდა ე.წ. “პიჯაკების”, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია “იმედის” საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები.

ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

წარმოგიდგენთ ჩვენს მიგნებებსა და სამართლებრივ შეფასებებს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

I. მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეები

მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღემდე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა ან ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია 6 ბრალდების საქმე. აქედან 4 საქმეზე საქმის წარმოება დასრულებულია და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. სხვადასხვა ეტაპზე სასჯელთა შთანთქმის ან შეკრების პრიციპიდან გამომდინარე, დღეისათვის საბოლოო სასჯელი შეადგენს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, ეს ვადა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ვადის დინება დაწყებულია 2021 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაკავებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნული საქმეები შეჯამებულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

№

საქმე

ბრალდების წარდგენა

პირველი ინსტანციის განაჩენი

ინდივიდუალური სასჯელი

შემდგომი მოვლენები

საბოლოო სასჯელში წილი

 

 

 

 

 

 

 

1

გირგვლიანის / შეწყალების საქმე

27.11.2014

05.01.2018

თავდაპირველად 4 წელი; ამნისტიის შემდეგ 3 წელი

2018 წლის სხვა მსჯავრთან მიმართებით უკვე არსებული სასჯელების სისტემაში შევიდა

3 წელი

2

გელაშვილის საქმე

05.08.2014; 10.11.2014 ბრალდება დამძიმდა

28.06.2018

თავდაპირველად 8 წელი; ამნისტიის შემდეგ 6 წელი

2018 წლის მეორე მსჯავრი

6 წელი

3

პატარკაციშვილის საქმე: 7 ნოემბერი, „იმედი“, ქონება, მეტალურგიული ქარხანა

28.07.2014

განაჩენი ჯერ არ დამდგარა

—

საქმე დღემდე სასამართლოს განხილვაშია

—

4

„პიჯაკების“ საქმე

13.08.2014

12.03.2025

9 წელი

შემდგომი განაჩენების ერთობლიობაში გამოყენებულ იქნა ამ სასჯელის 8 წელი

+8 წელი

5

საზღვრის უკანონო კვეთა

დაკავება

01.10.2021

ბრალდება 20.10.2021

17.03.2025

4 წელი და 6 თვე

სსკ 59-ე მუხლით ნაწილობრივ შეიკრიბა 12.03.2025 წლის განაჩენთან

+4 წელი და 6 თვე, საბოლოო 12.5 წლამდე

6

„ზვიგენის სელფი“ / 2025 წლის საბოტაჟის საქმე

06.11.2025

განაჩენი ჯერ არ დამდგარა

—

8 ოპოზიციური ლიდერის ერთიან საქმეში განიხილება;

სასამართლო განხილვაშია

—

II. საქმეები, რომლებიც ჩვენი ანალიზის მიღმა დარჩა

სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფიგურანტების შეწყალებასთან და ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების მასალები და ამ საქმეებზე გამოტანილი განაჩენები ჩვენი ანალიზის და შეფასების მიღმა დარჩა, რადგან ამ საქმეებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები დარღვეულად არ მიიჩნია.[2]

III. საქმეები, რომლებიც შესწავლილი და გაანალიზებული იქნა

A. ე.წ. „პიჯაკების საქმე“

1. დანაშაული, რომლისთვისაც დაედო მსჯავრი მიხეილ სააკაშვილს

სასამართლოებმა მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს.

ეს საქმე საზოგადოებაში ფართოდ არის ცნობილი ე.წ. „პიჯაკების საქმის“ სახელწოდებით, რადგან სხვა კომპონენტებთან ერთად, მას მსჯავრი დასდეს ტანსაცმლის, მათ შორის, პიჯაკების შეძენის მიზნით სახელმწიფო სახსრების „გაფლანგვის“ გამო.

2. სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არსებული განაჩენების/განჩინებების საფუძველზე, რომლებიც სსკ-ის 182-ე მუხლის განმარტებისა და აღნიშნული მუხლით ქმედების გაფლანგვად კვალიფიცირების შემთხვევებს შეეხება, გამოყო ძირითადი ელემენტები, რომელთა არსებობის პირობებში არის დასაშვები ცალკეული ქმედების გაფლანგვის დანაშაულად მიჩნევა. კერძოდ, სსკ-ის 182-ე მუხლით კვალიფიცირებისათვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს ის, რომ:

„ა) დამნაშავეს გააჩნდეს უფლებამოსილება, ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში;

ბ) დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ახორციელებდეს ქონების მესაკუთრესთან სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ისეთი გამოხატულებით, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობა;

გ) დამნაშავეს გააჩნდეს ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს ამ ქონების განკარგვის უფლებამოსილება; და

დ) დამნაშავე ითვალისწინებდეს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურდეს ამ ზიანის დადგომა.“[3]

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით:

„აღნიშნული კრიტერიუმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქმედების გაფლანგვად მიჩნევისათვის განმსაზღვრელ ფაქტორს გაფლანგული სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვის სამართლებრივი და ფაქტობრივი შესაძლებლობის ელემენტების თანაარსებობა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ არ არსებობს ზემოხსენებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი, მათ შორის, არ დასტურდება სხვისი ნივთის ან ქონების განკარგვის სამართლებრივი უფლებამოსილების არსებობა, გამოირიცხება ქმედების გაფლანგვად კვალიფიცირება (იხ., მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №472აპ-18, 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №347აპ-17 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 16 ივნისის №739აპ-16 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის №339აპ-15 განაჩენი).“[4]

3. მიხეილ სააკაშვილისთვის ინკრიმინირებული ქმედების აღწერა

მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედება სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენებში შემდეგნაირად არის აღწერილი:

2004 წლის 4 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს.

2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე, საპრეზიდენტო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები იყო საჯარო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება.

ამ მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი – პირადი მოტივით, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის არამიზნობრივად გამოსაყენებლად, გადაწყვიტა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, მისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხის გამოყოფა, რაც სამსახურის უფროსების ო.ქ.-ისა და თ.ჯ-იას მონაწილეობით აღასრულა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, ზემოაღნიშნულმა პირებმა 2009-2013 წლებში „საიდუმლო“ გრიფის წერილებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, თითქოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 24 აპრილის N027-ს, 2010 წლის 11 იანვრის N01-ს, 2010 წლის 5 აგვისტოს N062-ს, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100-ს, 2012 წლის 27 სექტემბრის N014-ს, 2012 წლის 17 ოქტომბრის N016-ს და 2012 წლის 26 დეკემბრის N017-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყო – 5 952 500 ლარი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების გამოყენების მიზნით, თავისი 2011 წლის 4 იანვრის N09-ს, 2011 წლის 15 მარტის N060-ს, 2012 წლის 4 იანვრის N01-ს, 2012 წლის 2 თებერვლის N03-ს, 2012 წლის 19 მარტის N05-ს და 2013 წლის 4 იანვრის N01-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯის ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობა და ცხოვრება, ,,ვიპ“ მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 017 652,1 ლარი, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას მიერ 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის დამატებით, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი – 9 024 367.34 ლარი; კერძოდ:

  • სასტუმრო მომსახურებისათვის – 2 116 805.19 ლარი;
  • სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 921 878.36 ლარი;
  • მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად – 64 929 ლარი;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებითი მომსახურებისათვის – 1 425 725.8 ლარი;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებისათვის – 2 328 505.64 ლარი;
  • კოსმეტიკური პროცედურებისა და მკურნალობისათვის – 721 827.81 ლარი;
  • მედიკამენტების შესაძენად – 38 098.95 ლარი;
  • კერძო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 970.94 ლარი;
  • ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი;
  • საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 683 ლარი;
  • მიხეილ სააკაშვილის პირადი მზარეულის – ს. ქ. ლ-ას შრომის ანაზღაურებისათვის, მისი საცხოვრებელი ფართის ქირავნობისთვის, ესპანეთში მგზავრობისა და თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის – 191 643 ლარი;
  • სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურებისთვის – 588 128.73 ლარი.

აღნიშნულ ხარჯთა ჩამოწერა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-იას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც „საიდუმლო“ გრიფი „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით მიენიჭა, ვინაიდან, არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. მიხეილ სააკაშვილის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 9 024 367.34 ლარის, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.[5]

4. მიხეილ სააკაშვილისათვის ინკრიმინირებულ ქმედებაში სსკ-ის 182-ე მუხლის შემადგენლობის არსებობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასაბუთებული არ არის

ა) იყო თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ვითომდაც გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები

განაჩენებიდან არ იკვეთება საკმარისად დასაბუთებული საფუძველი იმისათვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს გაფლანგვის ობიექტად მიჩნეულ კონკრეტულ თანხებზე 182-ე მუხლის მნიშვნელობით მართლზომიერი მფლობელობა ან გამგებლობა ჰქონოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი პრეზიდენტის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა, რის გამოც პრეზიდენტი სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის.[6]

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისევე, როგორც ზემდგომმა სასამართლოებმა არ განასხვავეს ერთმანეთისგან პრეზიდენტის მიერ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების კანონით ბოძებული უფლებამოსილება და უკვე გამოყოფილი თანხების ფაქტობრივი/სამართლებრივი გამგებლობა და განკარგვა. როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, სსკ-ის 182-ე მუხლის შემადგენლობა რომ სახეზე იყოს, დამნაშავეს უნდა გააჩნდეს ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს ქონების განკარგვის უფლებამოსილება.

როგორც სასამართლოების მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების აღწერიდან ჩანს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების ხარჯვას 2009 წლის აპრილამდე ახორციელებდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“, ხოლო, 2009 წლის აპრილის შემდგომ მათ დაემატა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც.

კანონიერი იყო თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ მხარჯველ უწყებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც დამატებოდა, ამას ამ კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად - ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში - მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, კანონიერების საკითხზე მსჯელობას შემდეგ ქვეთავში კიდევ მივუბრუნდებით.

მაშასადამე, თუ უშუალოდ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სახსრებს არ ხარჯავდა და ამას სხვა უწყებები აკეთებდნენ, გამოდის, რომ სახეზე არ არის სსკ-ის 182-ე მუხლის შემადგენლობის პირველი აუცილებელი ელემენტი, რადგან ვითომდაც გაფლანგული სახსრები უშუალოდ პრეზიდენტის მფლობელობაში ან გამგებლობაში არ იმყოფებოდა.

სხვათა შორის, მსგავს სიტუაციაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რასაც საქართველოს უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა, სხვა საქმეში ბრალდებული პირი - გ.უ. გაამართლა სსკ-ის 182-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში სწორედ იმ მოსაზრებით, რომ მის ქმედებაში არ იყო გაფლანგვის, როგორც დანაშაულის, ძირითადი ნიშანი - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებობა, ვინაიდან ყველა ძირეული საკითხი, რაც დაკავშირებული იყო შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, განეკუთვნებოდა სხვა ორგანოს უფლებამოსილებას.[7]

სხვა საკითხია, რომ იმ საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, რასაც უზენაესი სასამართლო ასევე დაეთანხმა, ბრალდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 333–ე მუხლის პირველ ნაწილზე („სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“).[8]

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მკვეთრ სამართლებრივ ზღვარს სამოხელეო დანაშაულსა (სსკ-ის 332-ე/333-ე მუხლები) და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს (სსკ-ის 182-ე მუხლი) შორის. იმ პირობებში, როდესაც  ერთმნისვნელოვნად არ დასტურდება ქონების მართლზომიერი მფლობელობის ელემენტი, ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 182-ე მუხლით წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი ნორმის განმარტებას ბრალდებულის საზიანოდ (analogia in malam partem), რაც ეწინააღმდეგება კანონიერების ფუნდამენტურ პრინციპს.

ბ) დაარღვია თუ არა მიხეილ სააკაშვილმა კანონი, როდესაც მხარჯველ უწყებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც დაამატა?

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 2010-2013 წლებში მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფოდა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავდნენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა. ეს ნორმები, სარეზერვო ფონდების მოცულობებს თუ არ ჩავთვლით, დღესაც ამ სახით მოქმედებს.[9]

მაშასადამე, პრეზიდენტს კანონით ჰქონდა სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმართულების განსაზღვრის უფლებამოსილება.

თბილისის საქალაქო სასამართლო თავად მიუთითებს თავის განაჩენში პრეზიდენტის განკარგულებებს (2009 წლის 24 აპრილის N027, 2010 წლის 11 იანვრის N01, 2010 წლის 5 აგვისტოს N062, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100, 2012 წლის 27 სექტემბრის N014, 2012 წლის 17 ოქტომბრის N016, 2012 წლის 26 დეკემბრის N017 განკარგულებები), რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო უმეტესწილად „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების (ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენა, დასაცავ პირთა ფარული, წარმომადგენლობითი, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, ვიპ მომსახურების, მკურნალობის, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების ანაზღაურება) დასაფინანსებლად.“[10]

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ციტირებული ფრაზები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებდა: ჯერ ერთი, იგი ადგენდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯების მიმართულებებს და, მეორეც, ამ ხარჯებს მიმართავდა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

სასამართლოები პრეზიდენტს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ განკარგულებებში მითითებული ხარჯების გასაწევად პრეზიდენტმა თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადასცა და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“. თუმცა, რომელი კანონია, რომელიც პრეზიდენტმა მხარჯველი უწყების შერჩევისას დაარღვია, ამას სასამართლოები დამარწმუნებლად ვერ ამბობენ.

ამ საკითხზე მსჯელობისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, 2011 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, რომლის თანახმად, აკრძალული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და მის თანამშრომლებს დაკისრებოდათ ის ფუნქციები, რომელთა შესრულებაც მათ ამ კანონით არ ევალებოდათ.[11]

ჯერ ერთი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატომღაც არ მიუთითა აღნიშნული კანონის მითითებული ნორმის 2011 წლის 24 ივნისის შემდგომ რედაქციაზე, რომლის თანახმად, აკრძალვა ძალაში დარჩა, ოღონდ მას დაემატა დათქმა, „გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“[12] რადგან მიხეილ სააკაშვილს ბრალად, მათ შორის, 2011 წლის 24 ივნისის შემდგომ განხორციელებული ქმედებებიც შეერაცხა, გამოდის, სასამართლოსვე ლოგიკით, კანონში ამ ცვლილების შემდგომ განხორციელებული ქმედებები სავსებით კანონიერი ყოფილა.

თუმცა, კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თუნდაც 2011 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციის აკრძალვა რამდენად გამოსადეგი იყო ამ შემთხვევაში, ესეც საკითხავია, რადგან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ძირითადი ფუნქცია დასახელებული კანონის ყველა რედაქციით იყო და ამჟამადაც რჩება პრეზიდენტის დაცვა და ფორმალურად ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო სახსრების ხარჯვა რატომ არ შედიოდა სამსახურის ფუნქციებში, ესეც გაუგებარია. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პრეზიდენტის განკარგულებებში, რომლებითაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სახსრები გამოიყო, მითითებულია ამ სახსრების გამოყოფის მიზანზე - „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების“ დაფინანსებაზე, რაც ნამდვილად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციაა.

სასამართლოები ასევე მიუთითებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ექვემდებარებოდა, რაც რამდენადმე მაინც დამარწმუნებელ არგუმენტად ვერ გამოდგება იმის გამო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოც“ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილს ასევე დაბრალდა, რომ მან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იმიტომ გადააკისრა, რომ უნდოდა არამართლზომიერი ხარჯების გასაიდუმლოება. დაცვის მხარემ ეს იმით ახსნა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში რუსეთის მხრიდან არსებობდა საფრთხე იმისა, რომ პრეზიდენტი ლიკვიდირებული ყოფილიყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რაც აუცილებელს ხდიდა უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების გატარებას და სწორედ ამ ღონისძიებების ნაწილი იყო ხარჯების გასაიდუმლოებაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა იმ მიზეზით, რომ თუ საქმე უსაფრთხოებას ეხებოდა, მაშინ რატომ ყველა ხარჯი არ გასაიდუმლოვდაო. შესაბამისადო, დაასკვნა სასამართლომ, ხარჯების გასაიდუმლოების ნამდვილი მოტივი ის იყო, რომ არალეგიტიმური ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისგან დამალულიყოო.[13]

პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოში, რომელმაც ახლახანს ომი გადაიტანა მასზე შეუდარებლად ძლიერ მეზობელთან, და ამ მიზნით პრეზიდენტის გადაადგილების გასაიდუმლოება მეტისმეტად სერიოზული მოტივია იმისათვის, რომ სასამართლომ ერთი სუსტი არგუმენტით გააბათილოს.

ამრიგად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოსცემდა განკარგულებებს, რომ დასაცავ პირთა, მათ შორის, პრეზიდენტის, უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად პრეზიდენტის ფონდიდან სახსრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გადაცემულიყო, ამით იგი, დიდი ალბათობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დამარწმუნებლად დამტკიცება სასამართლოებმა ვერ მოახერხეს.

გ) ხარჯების „არამიზნობრიობის“ საკითხი

სხვა საკითხია თუ რამდენად სწორედ იხარჯებოდა დეკლარირებული მიზნებისთვის გამოყოფილი სახსრები, სხვა სიტყვებით, რამდენად შეესაბამებოდა თითოეული ხარჯი „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების“ დაფინანსების მიზანს. როგორც უკვე ითქვა, ამის უზრუნველყოფა უშუალოდ პრეზიდენტს არ ევალებოდა, რადგან ამ სახსრების მხარჯველი უწყება თვითონ არ იყო.

ხარჯების „მიზნობრიობის“ კუთხით ამ საქმეში ყველაზე სერიოზული პრობლემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს  9 მილიონ ლარზე მეტი თანხის „გაფლანგვა“ სასამართლოებმა ერთიან მასად შეურაცხეს.

სასამართლოების განაჩენებში ჩამოთვლილია:

  • სასტუმროს ხარჯები;
  • ავიაბილეთები;
  • ტრანსპორტი;
  • კვება;
  • ოჯახის წევრების მგზავრობა;
  • შვილების სწავლა;
  • მედიკამენტები;
  • კოსმეტიკური პროცედურები;
  • კერძო საცხოვრებელი;
  • ტანსაცმელი;
  • საჩუქრები;
  • სუვენირები;
  • პირადი მზარეული;
  • სტუმრების ხარჯები და ა.შ.

ეს ხარჯები ერთნაირი სამართლებრივი ბუნების არ არის, რის გამოც მათი საერთო „არამიზნობრიობის“ საკითხი დამარწმუნებელი ვერ იქნება თუნდაც საბიუჯეტო კანონმდებლობაში გაუთვითცნობიერებული ადამიანისთვის.

მაგალითად, სრულიად გაუგებარია სასამართლოების კატეგორიული დასკვნები საზღვარგარეთ პრეზიდენტის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების - სატუმროების, ავიაბილეთების, კვების და ა.შ. ხარჯების „არამიზნობრიობასთან“ დაკავშირებით. მაგალითად, არამიზნობრივად ჩაითვალა 2012 წლის მარტში ტაილანდში, სინგაპურსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად განხორციელებული ვიზიტების დროს სასტუმროებში, კვებასა და მგზავრობაში დახარჯული სახსრები, ჯამში 127 858, 60 856 და 47 845 ლარის ოდენობით. მიათვალა რა ეს ხარჯები მთლიანად სახელმწიფოსთვის მიყენებულ 9 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების „ზიანს“, სასამართლო, ცხადია, საერთოდ არ დაინტერესებულა იმით, რა მიზნებს ემსახურებოდა ეს ვიზიტები, ხომ არ ისახავდა ისინი, მაგალითად, ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის მიზნებს.

იგივე ეხება მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების გამასპინძლების ხარჯებს. დაცვის მხარეს თავის ზეპირ თუ წერილობით განცხადებებსა თუ საჩივრებში ძალზე მეტყველი მაგალითები მოჰყავს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაუთვალეს მიხეილ სააკაშვილს „არამიზნობრივ ხარჯად“ და საბიუჯეტო სახრების „გაფლანგვად“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის, აგრეთვე მაშინ ჯერ კიდევ სენატორ ბაიდენის გამასპინძლების ხარჯები; 2011 წლის მარტში აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის ხარჯი, რომლის ფარგლებში სააკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა და გაფორმდა  შეთანხმება ბათუმში „ტრამპ თაუერის“ აშენების შესახებ; 2011 წლის 23 დეკემბერს სააკაშვილის პრაღაში ჩასვლის ხარჯი, რომლის დროსაც იგი დაესწრო 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციების“ ერთ-ერთი ლიდერის, ჩეხეთის საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების სიმბოლოს - ვაცლავ ჰაველის დაკრძალვას. ასეთი მაგალითები დაცვის მხარემ ძალიან ბევრი მოიყვანა.

ცხადია, რომ ყველა ეს ხარჯი სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდა და მათი პრეზიდენტის პირად, კერძო ინტერესად გამოცხადება საღ აზრს ეწინააღმდეგება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს „ფუნქციური და პირადი ხარჯები“. მისივე აზრით, ფუნქციურია ისეთი ხარჯი, რომელიც თანამდებობის პირს სჭირდება თავისი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად და სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ხოლო პირად ხარჯებს მიეკუთვნება ისეთი ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული თანამდებობის პირის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელებასთან და საჭიროა კერძო (პირადი, ოჯახური, საყოფაცხოვრებო, დასვენების და სხვა მსგავსი) ინტერესების დასაკმაყოფილებლად.[14]

სასამართლოს არ მიუთითებია არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ან საჯარო ფინანსების სამართალში ხარჯების სწორედ ამგვარ კლასიფიკაციას ითვალისწინებს ან მის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ამიტომ გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ საფუძველს დაეყრდნო იგი აღნიშნული კატეგორიების გამოყენებისას.

ამასთან, ხარჯის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს არა იმას, სად იმყოფებოდა თანამდებობის პირი, არამედ იმას, ემსახურებოდა თუ არა კონკრეტული ხარჯი მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი არ იმყოფებოდა შვებულებაში და ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასრულებდა კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, მხოლოდ ის გარემოება, რომ ხარჯი საზღვარგარეთ იქნა გაწეული, ვერ გახდება მისი „პირად“ ხარჯად მიჩნევის საფუძველი. ასეთი დასკვნისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ კონკრეტული ხარჯი რეალურად ემსახურებოდა პირადი და არა სამსახურებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას.

შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში გაწეული ხარჯები მართლაც ტოვებს არამიზნობრივი ან არაეკონომიური ხარჯვის შთაბეჭდილებას, მაგრამ სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ ცალკე განეხილათ და ცალკე შეეფასებინათ 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემადგენელი თითოეული გაწეული ხარჯის მიზნობრიობა და კანონიერება, ეფექტიანობა და შედეგიანობა, რაც მათ არ გააკეთეს. მხოლოდ ცალკე ამოღებული მაგალითები ჯამური თანხის - 9 მილიონზე მეტი ლარის არამიზნობრიობას არ ასაბუთებს.

სისხლის სამართალში მოქმედებს ბრალის ინდივიდუალიზაციისა და გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი. ყველა ხარჯის ერთიან მასად გაერთიანება დარღვევაა როგორც  მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის კუთხითაც, რადგან განაჩენში თითოეული ეპიზოდის მიხედვით არ არის დადასტურებული და დასაბუთებული დანაშაულებრივი ქმედების არსებობა.

დ) სასამართლოების განაჩენებში არ იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილი ითვალისწინებდა, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებდა ბიუჯეტს და სურდა ამ ზიანის დადგომა

თუმცა, თუნდაც არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი უტყუარად ყოფილიყო დამტკიცებული 9 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემადგენელ თითოეულ და ყველა ხარჯთან მიმართებით და, ამასთანავე, შესაძლებელი ყოფილიყო ამგვარი ხარჯების პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის შერაცხვა, ამ გარემოებების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს საბიუჯეტო სახსრების „გაფლანგვას“.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გაფლანგვის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია გაფლანგვაში ბრალდებული პირის მიერ ცოდნა იმისა, რომ თავისი მოქმედებით ბიუჯეტს ზიანს აყენებს და ამგვარი საზიანო შედეგის დადგომის სურვილი.

ამასთანავე, სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გაფლანგვა წარმოადგენს ანგარებით დანაშაულს. აუცილებელია დასტურდებოდეს პირდაპირი განზრახვა და ეგოისტური მიზანი – საკუთარი ან მესამე პირის უსაფუძვლო მატერიალური გამორჩენის მიღება (animus rem sibi habendi). სუბიექტური მხარის ეს სავალდებულო კომპონენტი განაჩენებში სათანადოდ არ არის გამოკვლეული.

განაჩენებში ნახსენებია სიტყვები „პირადი მოტივი“, რომელიც, სასამართლოების თქმით, სააკაშვილს ამოძრავებდა, როდესაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დასაფინანსებლად თანხების მოთხოვნის უფლებამოსილება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე გადაიტანა.

ცხადია, ასეთი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება შეიძლებოდა საჭიროებდეს ადექვატურ დასაბუთებას. მისი არასაკმარისი დასაბუთების შემთხვევაში ლეგიტიმური იქნებოდა მსჯელობა იმაზე, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება ჯეროვნად. თუმცა ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით მართლსაწინააღმდეგო. იმ პერიოდში მოქმედი კონსტიტუციური მოდელის პირობებში პრეზიდენტი ფლობდა განსაკუთრებით ფართო აღმასრულებელ უფლებამოსილებებს და ნორმატიული თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემის მნიშვნელოვან დისკრეციას.

ასეთ პირობებში სასამართლოებს ეკისრებოდათ განსაკუთრებული ვალდებულება, დეტალურად განემარტათ, რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლით მიიჩნიეს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებად. კერძოდ, მათ უნდა ეჩვენებინათ, როგორ გარდაიქმნება განაჩენში მითითებული „პირადი მოტივი“ სახელმწიფო სახსრების „გაფლანგვის“ განზრახვად და რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს პრეზიდენტის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას, გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებსა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს შორის. მით უფრო, როდესაც საუბარია იმ სახის წარმომადგენლობით საქმიანობაზე, რომელიც, სასამართლოების მიერ დაუდგენელი საწინააღმდეგო გარემოებების არარსებობის პირობებში, ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობების გაღრმავებას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ლიდერებთან — საქმიანობას, რომელიც თავისი ბუნებით დაკავშირებულია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ინტერესებთან.

5. შეჯამება

შეჯამების სახით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხილულ საქმეში სსკ-ის 182-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (Nullum crimen sine lege – არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე), რომელიც კრძალავს სისხლისსამართლებრივი ნორმების ფართოდ და ბრალდებულის საზიანოდ განმარტებას. ვინაიდან არ დასტურდება არც ქონების მართლზომიერი მფლობელობა და არც ანგარებითი პირდაპირი განზრახვა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც ის ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან.

6. სასჯელის არაპროპორციულობა

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.

უპირველეს ყოვლისა, როდესაც პირს მსჯავრს დებენ მუხლით, რომლის შემადგენლობაც არ არსებობს, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის  შეფარდება ავტომატურად ხდება უსამართლო და არაპროპორციული. 

მაგრამ თუნდაც სასამართლოების განაჩენები მიხეილ სააკაშვილის მიერ „გაფლანგვის“ ჩადენასთან დაკავშირებით დასაბუთებული ყოფილიყო, რაც ასე არ არის, მიხეილ სააკაშვილისთვის სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის (აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 7-დან 11 წლამდე ვადით) – 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდება თავისთავად არაპროპორციულია იმ პირობებში, როდესაც, როგორც უკვე ვნახეთ, ე.წ. „არამიზნობრივი“ ხარჯების დიდი ნაწილი სინამდვილეში სავსებით მიზნობრივ ხარჯებს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, იმ პირობებშიც კი, თუ ცალკეულ ხარჯებში გამოიკვეთებოდა საბიუჯეტო დისციპლინის დარღვევა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება, ასეთი ქმედებები იქნებოდა ან ადმინისტრაციული ხასიათის გადაცდომა ან, უარეს შემთხვევაში, სხვა სისხლის სამართლის დანაშაული და არა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი იქნებოდა შესაბამისი სანქციაც.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლიანი საპატიმრო სასჯელის დადება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (კანონის გარეშე სასჯელის შეფარდების აკრძალვა). კანონის ბრალდებულის საზიანოდ ფართოდ განმარტების, ხარჯების დიფერენცირების არარსებობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხელოვნურად დამძიმების გამო, აღნიშნული სანქცია წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, არასამართლიან და აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.

B. სხვა მიმდინარე და დასრულებული საქმეები

როგორც ამ ანგარიშის I ნაწილში აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობდა და დასრულდა კიდეც კიდევ ერთი საქმე; ხოლო, კიდევ სხვა 2 საქმეზე სასამართლოში საქმეების განხილვა ჯერაც მიმდინარეობს. ეს საქმეებია:

  • საზღვრის კვეთის საქმე: ამ საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის გამო და მას მიესაჯა 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რომელიც ძალაში დატოვეს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს „ნაწილობრივ“ დაემატა „პიჯაკების საქმეზე“ განაჩენით დანიშნული 9 წლიანი სასჯელიდან 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (ანუ 9 წლიანი სასჯელის 89%). საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდების საქმე: ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალდება რამდენიმე ეპიზოდში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე. ამჟამად, ძნელია პროგნოზის გაკეთება, ამ სასჯელს სასამართლო უკვე შეფარდებულ 12.5 წლის ვადას დაუმატებს მიხეილ სააკაშვილს, თუ გამოიყენებს შთანთქმის პრინციპს, რომელ შემთხვევაშიც საერთო სასჯელი 12.5 წელზე დარჩება.

სსკ-ის 59-ე მუხლის პრინციპების გათვალისწინებით, უფრო მოსალოდნელია, რომ გამოყენებული იქნება შთანთქმის პრინციპი, რადგან მიხეილ სააკაშვილს ბრალდება ისეთი ქმედებების ჩადენა, რომელთა „ჩადენის“ დროს იგი მსჯავრდებული ჯერ არცერთ საქმეზე არ იყო. თუმცა, დღევანდელი რეჟიმის პირობებში, როდესაც სასამართლო მთლიანად რეჟიმის პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფება, არ არის გამორიცხული, სასჯელთა მთლიანად ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპიც იქნეს გამოყენებული.

  • „ზვიგენების საქმე“: ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის („მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ“) ჩადენა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც „პირბადეების” (ხელისუფლების პროგანდისტული არხების ინტერპრეტაციით - “საბოტაჟის”) საქმეზე არიან ბრალდებულები. ეს საქმეები ჩვენს ორგანიზაციას შესწავლილი და შეფასებული აქვს.[15]

რადგან ეს ვითომდაც დანაშაული მას შემდეგ იქნა ჩადენილი, რაც სააკაშვილი უკვე იქნა მსჯავრდებული 4 სხვა საქმეზე, იმავე სსკ-ის 59-ე მუხლის პრინციპების გათვალისწინებით, თითქმის უეჭველია, რომ გამოყენებული იქნება სასჯელთა შეკრების პრინციპი. ეს კი ნიშნავს, რომ შეკრებილი სასჯელების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადა შეიძლება 15.5 წლამდე გაიზარდოს.

IV. მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნით საპატიმრო დაწესებულებაში გამომწყვდევა ხელისუფლების გრძელვადიან პოლიტიკურ მიზნებს ააშკარავებს

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვების გამოყენების ფარგლები) ჭრილში „პიჯაკების“ და სხვა საქმეებზე არაპროპორციული სასჯელის შეფარდება თვალსაჩინოს ხდის ხელისუფლების უკანონო სტრატეგიულ მიზნებს.

კონვენციის მე-18 მუხლი კრძალავს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენებას სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომელთათვისაც ეს შეზღუდვებია დაწესებული. 

1. კონვენციის მე-18 მუხლის სტანდარტი და „ფარული მიზნის“ (Ulterior Purpose) ტესტი

საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“,[16] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა იკვეთება მაშინ, როდესაც უფლების შეზღუდვას (მაგალითად, დაკავებას ან პატიმრობას), ოფიციალურად დეკლარირებული სამართლებრივი მიზნის მიღმა, აქვს დომინანტური ფარული პოლიტიკური მიზანი. 

2. ხელისუფლების ფარული მიზანი

მიხეილ სააკაშვილისთვის „პიჯაკების საქმეზე“ შეფარდებული სასჯელი - 9 წლით (ხოლო საბოლოო ერთობლიობით 12 წლითა და 6 თვით) თავისუფლების აღკვეთა სწორედ გარკვეული ფარული მიზნის არსებობაზე მიუთითებს:

  • სასჯელის აშკარა არათანაზომიერება: სისხლისსამართლებრივი ნორმის (სსკ-ის 182-ე მუხლი) ბრალდებულის საზიანოდ ფართოდ განმარტება და პრეზიდენტის წარმომადგენლობითი/სახელმწიფოებრივი ხარჯების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვად გამოცხადება მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების ოფიციალური მიზანი მხოლოდ "საფარველია". 
  • არაპროპორციულობის ხარისხი: როდესაც ქმედება საუკეთესო შემთხვევაში საბიუჯეტო დისციპლინის ან სამოხელეო წესის დარღვევას წარმოადგენს, მისთვის 9 წლიანი პატიმრობის შეფარდება შურისძიების ან პოლიტიკური ნეიტრალიზაციის მიზანს უფრო ემსახურება, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას.
  • ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადება: ხელისუფლების ფარული მიზნის მეტყველი მაგალითია 2021 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერმინისტრის ღარიბაშვილის განცხადება: "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ".[17]

3. პოლიტიკური კონკურენტის ჩამოშორების სქემა

მერაბიშვილის საქმეში ევროსასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა მე-5 მუხლთან ერთობლიობაში კი დაადგინა (§ 354), მაგრამ არ მიიჩნია თვალსაჩინოდ, რომ ეს დარღვევა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორებით იყო განპირობებული (§ 332).

ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სააკაშვილის საქმეში თვალსაჩინოა სწორედ ეს ფარული მიზანი.

ა) სასჯელთა შეკრებისა და პერმანენტული დევნის ტაქტიკა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებულია პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნის ტაქტიკა (სულ 6 საქმე), სადაც განაჩენები ერთმანეთს მიყოლებით ემატება ან ნაწილობრივ იკრიბება.

„პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი სასჯელის დაკისრებითა და საზღვრის უკანონო კვეთის საქმის დამატებით, საბოლოო პატიმრობის ვადა დღეისათვის 12 წელსა და 6 თვეს აღწევს და დიდი ალბათობით ეს ვადა კიდევ გაიზრდება, როდესაც გამოტანილი იქნება განაჩენი კიდევ ორ საქმეზე.

ბ) საარჩევნო ციკლების ნეიტრალიზაცია (Political Sterilization)

მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეფარდებული 12.5 წლიანი პატიმრობის ვადა, რომლის ათვლაც 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო და, სულ მცირე, 2034 წლამდე გაგრძელდება (თუ მისი ხანგრძლივობა კიდევ არ გაიზარდა), მოიცავს რამდენიმე საპარლამენტო, ადგილობრივ და საპრეზიდენტო საარჩევნო ციკლს. დღევანდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას, სულ მცირე, 2032 წლის საპარლამენტო და 2033 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც. თუმცა, კიდევ ორ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და სასჯელების შეკრების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.

პატიმრობის ასეთი ხანგრძლივობა სცილდება ნებისმიერ გონივრულ სისხლისსამართლებრივ პრევენციის მიზნებს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტის სრულად ჩამოცილება მომავალი რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან, რათა ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ფიგურამ ვერ შეძლოს პოლიტიკურ პროცესებში უშუალო მონაწილეობა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალი, დაუსაბუთებელი ან/და დისპროპორციულად ხანგრძლივი საპატიმრო განაჩენების გარეშე, მიხეილ სააკავშვილი საპატიმრო დაწესებულებას 2027 წლის 30 სექტემბერს დატოვებდა.

V. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოტანილი განაჩენები, განსაკუთრებით ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“, აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმს.

აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, „პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს „პოლიტიკურ პატიმრად“:

ა) თუ პატიმრობა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი რომელიმე ფუნდამენტური გარანტიის - კერძოდ, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;

ბ). თუ პატიმრობა გამოყენებულია მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით და არ არის დაკავშირებული რაიმე დანაშაულის ჩადენასთან;

გ) თუ, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პატიმრობის ხანგრძლივობა ან მისი პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ დანაშაულთან მიმართებით, რომლის ჩადენისთვისაც პირი მსჯავრდებულია ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია;

დ) თუ, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, იგი სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული წესით არის დაკავებული; ან

ე) თუ პატიმრობა არის ისეთი სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ხელისუფლების ორგანოთა პოლიტიკურ მოტივებთან.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „პიჯაკების საქმეში“ მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების ფუნდამენტურ პრინციპს (Nullum crimen sine lege). ქმედებაში არ დასტურდება სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გაფლანგვის შემადგენლობა, რადგან საბიუჯეტო სახსრები პრეზიდენტის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არ ყოფილა, ხარჯები არ ყოფილა ინდივიდუალიზებული და არ იკვეთება ანგარებითი პირდაპირი განზრახვა. ამ ფონზე, 9 წლიანი პატიმრობის შეფარდება, რაც ნორმის მაქსიმალურ სანქციასთანაა მიახლოებული, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ და დისპროპორციულ პასუხისმგებლობას, რაც პირდაპირ მიუთითებს სამართლებრივი პროცესების პოლიტიკურ მოტივაციაზე.

გარდა ამისა, საქმეთა ერთობლიობა და სასჯელთა შეკრების პრინციპით პატიმრობის ვადის 12 წლითა და 6 თვით განსაზღვრა, რაც მიმდინარე საქმეების ფონზე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ავლენს ხელისუფლების დომინანტურ, ფარულ პოლიტიკურ მიზანს (Ulterior Purpose). პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადის დაკისრება სცილდება მართლმსაჯულების აღდგენის მიზნებს და ემსახურება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხანგრძლივ იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან (Political Sterilization).

ეს გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის “ა”, “გ”, “დ” და “ე” კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

 


[1] „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, https://transparency.ge/ge/blog/politikuri-patimrebis-sia.

[2] Saakashvili v. Georgia, Applications nos. 6232/20 and 22394/20, 23 May 2024.

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, N3/1/740,764, 7 ივნისი 2024, პ. II-49.

[4] იქვე, პ. II-49.

[5] იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი, საქმე N1/1793-15, გვ. 2-3.

[6] იქვე, გვ. 67.

[7] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინება, საქმე N106აპ-17, პ. 13.

[8] იქვე, პ. 5.

[9] საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 28.

[10] იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი, საქმე N1/1793-15, გვ. 67.

[11] იქვე, გვ. 51.

[12] საქართველოს კანონი, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, 2011 წლის 24 ივნისის შემდგომი რედაქციით.

[13] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი, საქმე N1/1793-15, გვ. 7-8.

[14] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი, საქმე N1/1793-15, გვ. 37.

[16] Merabishvili v. Georgia, Application no. 72508/13, [GC], 28 November 2017.

მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივი ანალიზი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.