მილიონ ლარზე მეტი სამინისტროების რეკლამისთვის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მილიონ ლარზე მეტი სამინისტროების რეკლამისთვის

21 ივლისი, 2015

 

სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის იანვარი-მაისის პერიოდში სარეკლამო რგოლების დამზადებასა და სხვადასხვა ტელევიზიებში მათ განთავსებაზე მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს. სარეკლამო რგოლების დამზადებაში ჯამში 199,521 ლარი დაიხარჯა, განთავსებში კი 902,559 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველომ“ სამინისტროების სარეკლამო დანახარჯებზე ინფორმაცია თავად სახელმწიფო უწყებებიდან და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმიდან მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტრომ, ასევე იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილებზე არ გვიპასუხეს.

სამინისტროებისა და სსიპ-ების სარეკლამო რგოლების უმეტესობა სოციალური რეკლამის სტატუსით უფასოდ არ განთავსდა. კომერციულმა არხებმა უფასოდ მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი განათავსეს – ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეორგოლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეორგოლები ჯარიმებზე მოქალაქეების ინფორმირების თაობაზე.

ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვიდეორგოლის დამზადება 43,000 ლარი დაჯდა, მისი ტელეეთერებზე განთავსება კი 463,352 ლარი. სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტომ პროგრამა „აწარმოე საქართველოსთვის“ პოპულარიზაციისათვის 52,000 ლარის ღირებულების ორი ვიდეორგოლი დაამზადა, რომელთა ეთერში განთავსებაც უწყებას 185,667 ლარი დაუჯდა. განათლების სამინისტროს სარეკლამო რგოლის განთავსება კი, რომელიც განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას აღწერს, სამინისტროს 124,495 ლარი დაუჯდა. თავად ვიდეორგოლი 8,870 ლარად დამზადდა.

სახელმწიფო უწყებების მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხები

უწყება

ვიდეორგოლის დასახელება/თემა

რეკლამის დამზადების ხარჯი (ლარი)

რეკლამის განთავსების ხარჯი (ლარი)

ტელევიზიები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლებაში არსებული სიახლეები

8,870

124,495

რუსთავი 2, იმედი

აიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (სოფლის მეურნეობის სამინისტრო)

დანერგე მომავალი

66,687

92,019

რუსთავი 2, იმედი, რეგიონული მაუწყებლები

სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო (ეკონომიკის სამინისტრო)

აწარმოე საქართველოში (ორი ვიდეორგოლი)

52,000

185,667

რუსთავი 2, იმედი, მაესტრო

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (ფინანსთა სამინისტრო)

EBRD-ის ბიზნესფორუმი

43,000

463,352

იმედი, მაესტრო, ჯიდიესი, კავკასია რუსთავი 2; რადიოები: იმედი, ფორტუნა, მაესტრო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სამინისტრო)

ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში

4,950

37,026

რუსთავი 2, იმედი

ჯანდაცვის სამინისტრო

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა

2,000

0

რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია

გარემოს დაცვის სამინისტრო

ნარჩენების მართვის კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირება ჯარიმებზე (ორი ვიდეორგოლი)

22,014

0

რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია

სულ

 

199,521

902,559

 

სამინისტროების და სსიპ-ების უმეტესობამ, ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების მომსახურება კონკურენტული ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შეიძინეს. გამონაკლისია განათლების სამინისტრო, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებით, და არა გამარტივებული შესყიდვებით განხორციელებამ, შესაძლოა თანხების დაზოგვას შეუწყოს ხელი.

მსხვილი ტელევიზიებისთვის სახელმწიფო უწყებებიდან რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხა მათი შემოსავლის დიდ წილს არ წარმოადგენს. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თვის სამინისტროებიდან და სსიპ-ებიდან ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული თანხა არხის 2015 წლის I კვარტლის შემოსავლის 3%-ია, ტელეკომპანია „იმედისთვის“ - 6.5%, „მაესტროსთვის“ კი დაახლოებით 10%.

ტელევიზიების მიერ სახელმწიფო უწყებების რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი

ტელევიზია

მიღებული შემოსავალი (ლარი)

რუსთავი 2

376,155

იმედი

308,472

მაესტრო

105,051

კავკასია

17,182

ჯი-დი-ეს

64,339

რეგიონული მაუწყებლები

29,388

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“