ENG

მაუწყებელთა დაფინანსების ზოგიერთი წყარო კვლავ უცნობია

25 ნოემბერი, 2013

მაუწყებლების მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშები დაფინანსების წყაროების შესახებ არასაკმარის ინფორმაციას შეიცავს.

ახლახანს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელთაგან დაფინანსების წყაროების შესახებ მიღებული მონაცემები გამოაქვეყნა. მაუწყებლებს პირველად მოუწიათ დაფინანსების იმ წყაროების გამჟღავნება, რომელთა მიერ მაუწყებლებისათვის გადარიცხული თანხების ოდენობა  2013 წლის მესამე კვარტალში (1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში) 7 000 ლარს აღემატებოდა.     

  • ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია მაუწყებელთა დამფინანსებელი კომპანიების იდენტიფიცირება, რადგანაც ანგარიშში აღნიშნული არ არის დამფინანსებელი კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ხშირად გასაჯაროებულ ინფორმაციაში სარეკლამო სააგენტოები და სხვა შუამავალი კომპანიებია შეტანილი - შედეგად ფაქტობრივი დაფინანსების წყარო უცნობი რჩება;
  • ექვსმა მაუწყებელმა დაფინანსების წყაროდ ოფშორულ მფლობელობაში მყოფი კომპანიები მიუთითა   
  • მაუწყებლები დაფინანსების წყაროებად რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიუთითებენ, მაგრამ ამ უწყებათაგან არცერთს ჯერჯერობით შესაბამისი კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ  სისტემაში ან განუთავსებია.

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 31 მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს შეიცავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფინანსური ანგარიშგების ფორმები  ბევრ მაუწყებელს არ წარმოუდგენია. ამ დროისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  99 რადიო და ტელეკომპანია აქვს დარეგისტრირებული,  რომლებსაც მაუწყებლობის ლიცენზია ან ავტორიზაცია აქვთ და კომისიის ზედამხედველობას ექვემდებარებიან.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაა თავმოყრილი, მაუწყებელთა დამფინანსებლებად დაახლოებით 100 სხვადასხვა სუბიექტს ითვლის - მათ შორის არიან კერძო კომპანიები, სარეკლამო სააგენტოები, პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის ახალი მოთხოვნები მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგია, რომლებიც ძალაში 2013 წლის ივლისში შევიდა.

4. კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.

4[1]კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს ამ მუხლის მე-4  პუნქტით დადგენილ, მაუწყებელთა მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს.

4.[2] კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

რამდენიმე მაუწყებელმა  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული ფინანსური ანგარიშგების ფორმები გააპროტესტა. ოქტომბერში „რუსთავი 2“-მა, „მაესტრომ”, „ტაბულამ“ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ  ფინანსური ანგარიშგების ფორმების შეცვლის  მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. მარეგულირებლის ინფორმაციით, დავის მოსაგვარებლად და კანონის შესაბამისი, ორივე მხარისათვის მისაღები ანგარიშგების ფორმის შესამუშავებლად, მან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველი საჯარო ანგარიში შეისწავლა  და დაასკვნა, რომ  ამჟამინდელი სახით გამოქვეყნებული მონაცემები მაუწყებელთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საკმარი არ არის. ჩვენი ანალიზით დადგინდა შემდეგი:

ვერ ხერხდება დამფინანსებელი კომპანიების იდენტიფიცირება

საქართველოს საჯარო რეესტრში არ იძებნება მაუწყებლთა მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის შემოსავლის წყაროდ მითითებული რიგი სუბიექტები, როგორიცაა მაგალითად, შ.პ.ს. „ჩემპიონები 11“ ან „ხელოვნების პრობ კავშირი“  - სავარაუდოდ,   ანგარიშგების ფორმების შევსებისას მაუწყებელთა მიერ ამ სუბიექტების დასახელების არასწორად ჩაწერის გამო. რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელია დამფინასებელი სუბიექტის დადგენა, რადგან საქართველოში  იმავე სახელწოდებით რამდენიმე კომპანიაა დარეგისტრირებული, მაგალითად, „ინტერკონტინენტალის”  ძიებამ შვიდი სხვადასხვა შედეგი მოგვცა, რომელთაგან ოთხს ზედმიწევნით იდენტური სახელი აქვს.

რეკომენდაცია: მითითებული სუბიექტების ადვილად იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს კომპანიების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითება უნდა მოსთხოვოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია  საქართველოს ფარგლებს გარეთაა რეგისტრირებული -  იმ იურისდიქციის დასახელებაც, რომელშიც ეს კომპანიაა რეგისტრირებული.

არასაკმარისი შესაბამისობა

რამდენიმე მაუწყებელმა არ დაასახელა კომპანიები, რომელთაგანაც შემოსავალი მიიღო. მაგალითად, მაუწყებელმა „გიორგი კოღუაშვილმა,” რომელიც რუსთავის საკაბელო ოპერატორია, შემოსავლის  მხოლოდ "1"  წყარო მიუთითა, თანაც წყაროს დასახელების გარეშე;  ტელეკომპანია „ეგრისს“ დეკლარირებული აქვს „სხვადასხვა შემოსავალი", მაგრამ წყაროები დაკონკრეტებული არა აქვს; სამ მაუწყებელს სპონსორისა და რეკლამის შემკვეთის გრაფაში მითითებული აქვს "0"; რამდენიმე მაუწყებელი, მათ შორის „მარნეული ტვ“, „რადიოიმედი“, „ტელეკომპანია თანამგზავრი“ და „ ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ სპონსორად საკუთარ თავს უთითებს და  დაფინანსების რეალურ წყაროს არ ამჟღავნებს. როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, მაუწყებელთა უმრავლესობას, როგორც ჩანს, შესაბამისი ანგარიში საერთოდ არ წარუდგენია.

რეკომენდაცია:

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს დეტალური  მითითებები და ინსტრუქციები უნდა მიაწოდოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვებათ მათ. ასევე კარგი იქნება, თუ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც წარდგენილი არა აქვთ ან არასრული სახით აქვთ წარდგენილი ანგარიში, სრული ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადა განესაზღვრებათ, ხოლო, მოთხოვნის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაფრთხილება მიეცემათ.

სარეკლამო სააგენტოები დაფინანსების ფაქტობრივი წყაროების ნაცვლად

თითქმის ყველა მაუწყებელი  შემოსავლის პირდაპირ  წყაროს უთითებს და არა ფაქტობრივ წყაროს. ამის მიზეზი კანონის ბუნდოვანი ფორმულირება შეიძლება იყოს. შედეგად, მაუწყებლები მათი შემოსავლის წყაროდ, ძირითადად, იმ სარეკლამო და მედია სააგენტოებს ასახელებენ, რომლებიც  კომპანიების მარკეტინგულ ბიუჯეტებს მართავენ. სამომხმარებლო თვალსაზრისით, ამგვარი ინფორმაციის  გამოყენების შესაძლებლობა ძალზე შეზღუდულია, რადგან მაყურებელს გაუჭირდება გაარკვიოს თუ რომელი კომპანია წარმოადგენს მაუწყებლის შემოსავლის ფაქტობრივ წყაროს და ვერ გაიგებს, რომელი სპონსორი, რეკლამის შემკვეთი ან დონორი შეიძლება ფლობდეს ეკონომიკურ ბერკეტებს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენის მოსახდენად.

რამდენიმე მაგალითი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სარეკლამო სააგენტოების და მედია გაყიდვების სახლების ჩამონათვალიდან: „შ.პ.ს. მაგი სტილი მედია“ (კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანია), შ.პ.ს. „ბეთერ ფლაი“, შ.პ.ს. „კრეატორი“, შ.პ.ს. „რეგიონ მედია მარკეტი“, შ.პ.ს. „ნიუ მედია აჭარა“, სარეკლამო სააგენტო „დელტა მედია“, შ.პ.ს.  „ედ კორპორაცია“, შ.პ.ს. „ თივი ლაინი“, შ.პ.ს. „მედია პოლისი“, შ.პ.ს. „მედია პორტი“, შ.პ.ს.  „მპგ ჯორგია“, შ.პ.ს.  „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შ.პ.ს. „პაბლისის დიალოგი“, შ.პ.ს. „პროესკო“, შ.პ.ს. „ბრენდჰაუზი“, შ.პ.ს. „ინტერ მედია“, შ.პ.ს. „ნოვა პროდაქშენს“, შ.პ.ს. „თბს ტვ“, შ.პ.ს.  „პრედა“ და შ.პ.ს. „ნიუსრუმი“.

„ტელეიმედი“   შემოსავლის წყაროებს შორის  გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე სარეკლამო სააგენტოს უთითებს:  Optimum Media Limited ( DDB CIS U.K. Limited-ის შვილობილი კომპანია), Publicis Hepta Group; Starcom Mediavest LLP, Media 10, Sky Media და Saatchi & Saatchi.

რეკომენდაცია:

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა კანონის ამჟამინდელი ფორმულირების იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ მაუწყებლებს ჰქონდეთ ვალდებულება იმ კომპანიათა სახელები მიუთითონ, რომლებიც დაფინანსების წყაროს წარმოადგენენ, ნაცვლად შუამავალი კომპანიებისა, როგორიცაა, მაგალითად, სარეკლამო სააგენტოები, რომელთა დასახელება საზოგადოებისთვის ბევრი არაფრის მთქმელია.

სატელეკომუნიკაციო კომპანიები როგორც შემოსავლის წყარო

რამდენიმე მაუწყებელმა შემოსავლის წყაროდ  საკაბელო და სატელიტური ოპერატორები  (შ.პ.ს.„ მე-7 არხი“, TV ERA, შ.პ.ს. „ბლექ სი სატი“, შ.პ.ს. „სატელიტსერვისი“) და სატელეკომუნიკაციო კომპანიები - „მაგთიკომი,” „მობიტელი,” „სილქნეტი,” „კავკასუს  ონლაინი” დაასახელა.

დაფინანსება ოფშორიდან

რამდენიმე მაუწყებელმა  დაფინანსების წყაროებად ოფშორული სუბიექტების მფლობელობაში მყოფი კომპანიები დაასახელა, შესაბამისად შეუძლებელია მათი ვინაობის და საქმიანობის დადგენა. ანონიმური ოფშორული სუბიექტების მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის პრევენცია იყო 2013 და 2011 წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი. 2011 წლის ცვლილებების თანახმად ოფშორულ სუბიექტებს ეკრძალებათ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობა და ვალდებულნი არიან გაასაჯაროონ ბენეფიციარი მესაკუთრეები. რა თქმა უნდა, ოფშორული სუბიექტების საკუთრებაში მყოფ კომპანიებს კვლავაც აქვთ უფლება, განახორციელონ მაუწყებელთა დაფინანსება რეკლამის განთავსების ან სხვა გზით.

  • „გლობალ  მედია ჯგუფი“ (GMG)  შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ „თბს ტვ-ს“ უთითებს, რომელიც   TBC TV Entertainment Holding-ს ეკუთვნის, მისი  30% კი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული Fonthill Ventures Limited-ის საკუთრებაა;
  • „რადიო არტი“ დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ უთითებს Geomultimedia LTD -ს, რომლის 50% პანამურ Kentrock Express AG-ს ეკუთვნის;
  • „რუსთავი 2“  დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ შ.პ.ს.„მობიტელს“ ასახელებს. „მობიტელი“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სახელით ოპერირებს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სამი სხვადასხვა სუბიექტის საკუთრებაა. ამათგან ორის  მესაკუთრეა ოფიციალურად რუსეთში რეგისტრირებული კომპანია  VimpelCom (რომელმაც  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე „ბილაინ საქართველოში” საკუთარი აქციები 51 % -დან 80%-ამდე გაზარდა); „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც აღნიშნავდა, იმის მკაფიო ნიშნებზე, რომ „ბილაინის“  აქციათა უმცირესობის ბენეფიციარი მფლობელები (ადრე ისინი აქციათა 49%-ს,, ახლა  კი 20%-ს ფლობენ) მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი „რუსთავი 2“-ის ბენეფიციარ მესაკუთრეებთან;
  • „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (ტაბულა ტვ) დაფინანსების წყაროდ ასახელებს შ.პ.ს. „ყოველკვირეულ საინფორმაციო ანალიტიკურ ჟურნლ ტაბულა“-ს, რომლის აქციათა 51% UCG Green Power LTD-ის საკუთრებაა, რომელიც, თავის მხრივ, სრულად პანამურ Rylf Management SA-ს ეკუთვნის;
  • „ტელეიმედი“ და ტელეკომპანია “კავკასია” დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ უთითებენ, შ.პ.ს. “ჯორჯია მედია იქსჯეინჯი”-ს, რომლის აქციათა 80% მალტაში დარეგისტრირებულ Vostok Media Exchange-ს ეკუთვნის.   

პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო სუბიექტებისგან მიღებული შემოსავლები

რამდენიმე მაუწყებელმა რეკლამის შემკვეთთა თუ სპონსორთა სახით პოლიტიკური პარტიები და სამთავრობო სუბიექტები მიუთითა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ გასაჯაროებულა თანხის ოდენობა. ანგარიშების მიხედვით (რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულია)

  • ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ რეკლამები განათავსა რეგიონულ ტელეარხებზე: „გურია“, „რიონი“ და ბათუმის „25-ე არხი“;
  • ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  რეკლამა განათავსა  „რუსთავი 2“-ზე და „მზეზე“;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკლამა განათავსა „რუსთავი 2“-ზე;
  • დაცვის პოლიციამ თანხები გამოუყო „ტელეიმედს“;
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხები გამოუყო ტელეკომპანია “გურჯაანს;”
  • რუსთავის მერიამ თანხები გამოუყო „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიას.”

სახელმწიფო სუბიექტთა მიერ განხორციელებული ყველა შესყიდვა და კონტრაქტი გასაჯაროებულია და მათი ნახვა შესაძლებელია  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების ვებგვერდზე. ამ ხარჯების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტები აღნიშნულ ინტერნეტ პლატფორმაზე  ხშირად  რამდენიმე კვირის დაგვიანებით ათავსებენ. ამ ეტაპზე არც რუსთავის მერიის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეკრულებები ონლაინ ხელმისაწვდომი არ არის.

პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულოა დამფინანსებლების და შემომწირველების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენა, რომელიც თავის მხრივ ამ ინფორმაციას ასაჯაროვებს.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: ნანა საჯაია
Media