ENG

მაღალჩინოსნების მიერ საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები: ანაკლიის მაგალითი

30 ოქტომბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თაახმად, 2009-2010 წლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიში მიწების ხელში ჩაგდების მიზნით, მიწის მესაკუთრეებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ადრეც იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა ახლა დაზარალებულები უკვე ღიად საუბრობენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. კადრებში ჩანს, თუ როგორ ემუქრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი ოჯახის წევრების დაპატიმრებით ან სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათმობდნენ ქონებას.

წამოგიდგენთ კადრებს, სადაც დაზარალებული საუბრობს იმაზე, თუ როგორ ჰპირდებოდა ზაზა გოროზია სახელმწიფოს მიერ უკვე ჩამორთმეული მიწის სანაცვლოდ მესაკუთრეს კომპენსაციის გადახდას ან ალტერნატიულ ნაკვეთს იმ ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო „ანაკლია“ აშენდა. აგრეთვე წარმოვადგენთ ზუგდიდის პროკურატურის მიერ ზეწოლის და დაშინების შედეგად თამაზ შონიას მიტოვებული მიწის ისტორიას.

ასევე, ვავრცელებთ სამეგრელო ზემო სვანეთის საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, შოთა ბიგვავას განცხადებას, რომელიც საუბრობს, თუ როგორ აიძულებდა პრეზდენტის რწმუნებული ზაზა გორზია გაენადგურებინათ (დაეწვათ) მიწის მესაკუთრეთა უფლებების დამადასტურებელი საარქივო მასალები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ იურისტები და რეგიონული ოფისების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი საკითხების მოძიებასა და კვლევაში. გასული კვირის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეხვდნენ არაერთ დაზარალებულს. ჩვენი ორგანიზაცია უახლოს დღეებში გამოაქვენებს დამატებით ინფორმაციასა და ინტერვიუებს. ამასთანავე, მიღებული ინფორმაციის საბოლოო შეჯამებისთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო” დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეების საკუთრების დარღვევის ფაქტებს გამოიძიებს. ორგანიზაცია ფლობს შესაბამის მასალებს და მტკიცებულებებს საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებ. მზად ვართ, გადავცეთ აღნიშნული მასალები დაინტერესებულ ორგანოებს.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“