ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების რეორგანიზაციის პროცესი ხარვეზებით ჩატარდა
2015 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ქალაქ ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელებული რეორგანიზაცია როგორც სამართლებრივი, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით, კითხვის ნიშნებს აჩენს. რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისას არ იქნა გათვალისწინებული გამჭვირვალობისა და დასაბუთებულობის პრინციპები.
რეორგანიზაციის დასაწყისი
2015 წლის 1 ივლისს, ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 35 ფილიალის ხელმძღვანელმა გაერთიანების დირექტორისგან მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში მათი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება მიიღო. ქალაქ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები ა(ა)იპ-ებში აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი იყო. თავად ბაგა-ბაღების დირექტორები კი, რეორგანიზაციას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდნენ.
რეორგანიზაციის შესახებ გაფრთხილების მიღებისთანავე ბაგა-ბაღების დირექტორებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქალაქის თვითმმართველობიდან მიიღეს შეთავაზება, საკუთარი ინიციატივით მოეთხოვათ ატესტაცია და წერილობით დაედასტურებინათ თანხმობა, რომ ატესტაციის მათთვის არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ისინი თანამდებობებს დატოვებდნენ. დირექტორებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და მოითხოვეს ატესტაციის ერთი წლით გადავადება, თუმცა თვითმმართველობაში ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ქუთაისის მერიაში არც აღნიშნულ შეთავაზებას ადასტურებენ.
პრესკონფერენციის შემდეგ, 2015 წლის 6 აგვისტოს, ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულება ყველა დირექტორთან შტატების შემცირების საფუძვლით შეწყდა. რეორგანიზაციის ფარგლებში არ განთავისუფლებულა მხოლოდ 3 ბაგა-ბაღის დირექტორი, ვინაიდან ისინი ამ დროისათვის კუთვნილ დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდნენ.
გათავისუფლების შემდეგ, 2015 წლის 19 აგვისტოს, ბაგა-ბაღების დირექტორებმა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება მოითხოვეს, რაზეც 2015 წლის 21 აგვისტოს, გაერთიანების დირექტორის წერილობითი პასუხი მიიღეს, რომელსაც თანდართული ჰქონდა ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის 2015 წლის 3 აგვისტოს #38 ბრძანება ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის წარმომადგენლების ფუნქციების განსაზღვრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გაერთიანების ახალი წესდებით დადგენილი ფილიალის სტრუქტურაში არ არის განსაზღვრული „გაერთიანების დირექტორის წარმომადგენლის“ საშტატო ერთეული. ბრძანებაში მითითებულია, რომ გაერთიანების დირექტორს აქვს უფლება„ მერთან შეთანხმებით ფილიალში ჰყავდეს დირექტორის წარმომადგენელი/შემდგომში წარმომადგენელი, რომელთანაც აფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებებს“. ამასთან, დირექტორის წარმომადგენლის ფუნქციები შინაარსობრივად თითქმის არ განსხვავდება რეორგანიზაციით გაუქმებული საშტატო ერთეულის - ფილიალის უფროსის ფუნქციებისაგან.
რეორგანიზაციისა და დაგეგმილი ატესტაციის ფარგლებში გამართული კონსულტაციების შედეგად, ბაგა-ბაღების დირექტორებს 2015 წლის 1 სექტემბერს 10 დღის ვადით დროებითი შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდათ. ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან შრომითი ურთიერთობების გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ატესტაციაში მიღებული შედეგები იქნებოდა გათვალისწინებული (ხელშეკრულებების 2.3 პუნქტი).
ატესტაციაში მონაწილეობა ბაგა-ბაღების 24 ყოფილმა დირექტორმა მიიღო, რომელთაგან ბარიერი 15-მა გადალახა. ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თითოეულ მათგანთან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა (მანამდე მათ უვადო შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ). ამავე ვადით გაუფორმდა ხელშეკრულებები ატესტაციის შედეგად მაღალი შედეგების მქონე დანარჩენ 17 მონაწილესაც.
ფაქტების ანალიზის შედეგად გამოვლენილი პრობლემები:
-
რეორგანიზაციის შედეგად, საშტატო ერთეულები არ შემცირებულა: კონკრეტული საშტატო ერთეული გაუქმდა, თუმცა, ამავე რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა ანალოგიური ფუნქციის საშტატო ერთეული, რის შედეგადაც შტატების რაოდენობა უცვლელი დარჩა. ამასთან, ბაგა-ბაღების დირექტორების განთავისუფლების ბრძანებებში პირდაპირ იყო მითითებული, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა „შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო“. რეორგანიზაციის საბოლოო შედეგმა კი გამოავლინა, რომ რეორგანიზაციის პირობებში წარმოქმნილი უკლებლივ ყველა ვაკანტური ადგილი რეორგანიზაციის ფარგლებშივე შეივსო და ამრიგად, შტატები რეალურად არ შემცირებულა.
-
რეორგანიზაციის პირობებში ფილიალის უფროსის გაუქმებული და დირექტორის წარმომადგენლის ახალშექმნილი საშტატო ერთეულების ფუნქციები შინაარსობრივად იდენტურია. ეს კი ბუნებრივია საზოგადოებაში ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანი სისტემის ფუნდამენტური სრულყოფა არ ყოფილა. თუკი არსებობს ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის შტატის არსებობის აუცილებლობა, მაშინ ნაკლები მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თანამდებობის სახელწოდების ცვლილებას და ეს შტატის რეალური შემცირების მოტივად ვერ იქნება მიჩნეული.
-
რეორგანიზაციის დროს დამსაქმებელს აქვს რეორგანიზაციის აუცილებლობის დასაბუთების ცალსახა ვალდებულება. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია განმარტოს ის სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები, რომელიც აუცილებელს ხდის რეორგანიზაციას, რაც ბაგა-ბაღების გაერთიანების შემთხვევაში არ მომხდარა.
-
ატესტაციის მონაწილე პირები საკონკურსო-საატესტაციო პროცესში გამოცდების ეროვნული ცენტრის ჩართვას ითხოვდნენ, თუმცა თვითმმართველობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
-
ფილიალების იმ დირექტორებსაც კი, რომლებმაც ტესტირება წარმატებით გაიარეს და რეორგანიზაციამდე უვადო ხელშეკრულებები ჰქონდათ, გაუფორმდათ ვადიანი, კერძოდ კი, 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რაც შრომითი პირობების გაუარესებად შეიძლება ჩაითვალოს. ბაგა-ბაღების გაერთიანებას ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ არ დასჭირდება რაიმე სახის დასაბუთება ამ პირების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით:
-
ქუთაისის თვითმმართველობამ უნდა დაიცვას დასაბუთების აუცილებლობის მაღალი სტანდარტი, როგორც ზოგადად რეორგანიზაციის, ასევე კონკრეტული პირის შრომითი ურთიერთობის მოშლის შემთხვევებში;
-
აუცილებელი რეორგანიზაციის პირობებში ცვლილებები არა ფორმალური, არამედ შინაარსობრივი და სტრუქტურული გარდაქმნის სახეს უნდა ატარებდეს;
-
რეორგანიზაციის ფარგლებში საგამოცდო პროცესებში უნდა მოხდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მხარის აქტიური ჩართვა, რაც გაზრდის ნდობას და გამორიცხავს შესაძლო მიკერძოებული შედეგის დადგომას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ რეორგანიზაციის პროცესი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ებში კანონის სრული დაცვით, სამართლიანობის, ობიექტურობისა და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდება.