კონკურსის წესით სახელმწიფო შესყიდვები კვლავ დაბალკონკურენტულია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსი საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება კონკურსის განმარტებას კიდევ უფრო აზუსტებს. ბრძანების თანახმად, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის თანახმად, საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად.
საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები კი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებითაა განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნულ საკითხებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №7 “კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანებით, 2015 წლის ივლისიდან კონკურსის წესით სახელმწიფო შესყიდვების წესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა.
ცვლილებამდე კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერებისგან განსხვავებით, შესყიდვების სააგენტოს გვერდის ავლით ხორციელდებოდა. ეს პროცესი ნაკლებად გამჭვირვალე იყო, რადგან ის ელექტრონულად არ ტარდებოდა და არც კონკურსის შედეგების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობდა.
მოქმედ კანონმდებლობას, 2015 წლის ივლისამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება განსაზღვრავს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის მინიმალურ ვადას, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. იქამდე კონკურსის ვადას თავად შემსყიდველი ადგენდა, რაც კორუფციის რისკებს წარმოშობდა.
ასევე, ცვლილებების შემდეგ საკონკურსო წინადადების წარდგენა და კონკურსის პროცესის წარმართვა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რაც პროცესის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
2015 წლის ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებებით, კონკურსანტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება როგორც შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დადებითად შეაფასა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ აღნიშნული ცვლილებების გატარება და 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში კონკურსის წესით სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი ტენდენციები შეისწავლა.
2015 წლის ივლისიდან 2016 წლის მარტამდე მთლიანობაში 104 კონკურსი გამოცხადდა, შედეგად კი სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებს შორის 3.9 მლნ ლარის ღირებულების 37 ხელშეკრულება გაფორმდა. კონკურსების ჯამურ ღირებულებასა და ხელშეკრულებების ღირებულებას შორის სხვაობა 4 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ კონკურსების შედეგად, სახელმწიფო უწყებებმა რვა თვის განმავლობაში თითქმის 4 მლნ ლარი დაზოგეს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დაბალი იყო. კონკურსები გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და გამოქვეყნებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად რაიმე სახის კანონდარღვევა არ ფიქსირდება.
ყველაზე მსხვილი შემსყიდველები და მიმწოდებლები
ყველაზე ხშირად კონკურსს, როგორც შესყიდვის საშუალებას ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი მიმართავს. ამის მიზეზი ბუნებრივია ისაა, რომ ფონდის საქმიანობა მოიცავს შესყიდვის იმ კატეგორიებს (არქიტექტურული და საინჟინრო საქმეები), რომლებზეც შესყიდვა კონკურსის წესით ხდება. ამ უწყებაზე კონკურსების მთლიანი ღირებულების 82% (3.2 მლნ ლარი) მოდის. 150 000 ლარზე მეტის ღირებულების რვა ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს კი 400,000 ლარის ღირებულების ერთი ხელშეკრულება. შედარებით უფრო მცირე ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული 10-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებას.
კონკურსებზე დახარჯული თანხების ნახევარზე მეტი ერთ კომპანიაზე შპს „სტუდია 21”-ზე მოდის, რომელმაც ჯამში 1.8 მლნ ლარის ღირებულების ორი კონკურსი მოიგო. ყველა სხვა კომპანიის ჯამური შემოსავლები ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლებია.
დაბალი კონკურენცია კონკურსებში და ცვლილებები ხელშეკრულებებში
104 გამოცხადებული კონკურსიდან თითქმის ნახევარში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო, 38 კონკურსს კი მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. ჯამში ხელშეკრულებები 31 სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმდა.
ცნობისათვის, 2014 წელს გამოცხადებული 228 კონკურსიდან 140-ში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, კონკურსის ახალი წესის შემოღებამ ჯერჯერობით დადებითად ვერ იმოქმედა კონკურენციის ზრდაზე.
12 ხელშეკრულებაში გაფორმების შემდეგ სხვადასხვა სახის ცვლილებები შევიდა. საყურადღებოა შპს „ვოლ”-სა და სსიპ 112-ს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც გაუქმდა, რადგან სამუშოების შესრულება ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის კაბელების აღმოჩენის გამო ვერ მოხერხდა. მსგავსი შემთხვევები მიუთითებენ შესყიდვების დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რის შედეგადაც გარკვეული რისკების წინასწარ გათვლა ვერ ხერხდება.