კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა
თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) კომისიონერის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა შეარჩია. აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ივლისში ირაკლი ჩიქოვანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მცირე მასშტაბის კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა და შერჩეული კანდიდატების საქმიანობის შესახებ არსებული საჯარო მონაცემები გაანალიზა. აღმოჩნდა, რომ ორ კანდიდატს მჭიდრო კავშირები აქვთ ბეჟუაშვილების ოჯახთან. მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ბეჟუაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა და განაცხადა, რომ პარლამენტში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
პარლამენტმა დეკემბრის შუა რიცხვებამდე (კანდიდატების წარდგენიდან 30 დღის ვადაში) კენჭისყრით უნდა აირჩიოს ახალი კომისიონერი. 5 ადამიანისგან შემდგარი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას (მაგრამ არანაკლებ დამსწრე წევრთა ერთი მესამედისა) მიიღებს პლენარულ სხდომაზე.
ეს პარლამენტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევის მეორე მცდელობა იქნება. ოქტომბრის დასაწყისში იმ დროისათვის შერჩეული სამი კანდიდატიდან - გიორგი ჭოლაძე, დავით თუთბერიძე და თეიმურაზ ღოღობერიძე - ვერც ერთმა მიიღო საკმარისი ხმა. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის სერიოზული საშიშროება იკვეთებოდა.
კანონის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ინტერესთა კონფლიქტში იმყოფება, თუ იგი გაწევრიანებულია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, უკავია თანამდებობა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, ან ანაზრაურებას იღებს როგორც თანამშრომელი ან აქციონერია იმ კომპანიისა, რომლის საქმიანობაც კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება, ასევე თუ მას რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი გააჩნია ამ კომპანიაში. ასევე ინტერესთა კონფლიქტად კვალიფიცირდება შემთხვევა, როდესაც კომისიონერი არის კომისიას დაქვემდებარებული პირის წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი. კომისიის წევრის ოჯახის წევრებს (ერთ ოჯახში მცხოვრებ პირებს) უფლება არა აქვთ, ჰქონდეთ რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიასთან. |
კანდიდატები
გიორგი ჭოლაძე
გიორგი ჭოლაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიონერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მეორედ წარადგინა. ოქტომბერში პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრაზე მან დანარჩენ ორ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო (მის სასარგებლოდ პარლამენტის 25-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 21 დეპუტატი იყო), მაგრამ ეს ხმები აღნიშნულ თანამდებობაზე მის დასამტკიცებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. გიორგი ჭოლაძე შპს საქართველოს მედია ჰოლდინგის დირექტორია, კომპანიისა, რომელიც რობერტ ბეჟუაშვილის საკუთრებაში არსებულ Chemexim International-ს ეკუთვნის (მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია). „საქართველოს მედია ჰოლდინგი“ შვილობილი კომპანიის საშუალებით, რომლის იურიდიული წარმომადგენელიც არის ჭოლაძე, გამოსცემს ინგლისურენოვან გაზეთს Business Week. ის ასევე ფლობს საქართველოს ბიზნესის საკონსულტაციო პორტალს gbc.ge - ვებ-გვერდი, რომელიც ახალ ამბებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროდან ისტორიებს აქვეყნებს. 2009 წელს კომპანია ტელეიმედისთვის ბიზნეს სიახლეების შოუს, სახელად „კაპიტალს“, ამზადებდა.
რობერტ ბეჟუაშვილი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მესაკუთრეა. იგი ასევე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და გელა ბეჟუაშვილის (თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი) მამაა. წარსულში ბეჟუაშვილების ოჯახი ფლობდა აქციებს „რუსთავი 2“-ში, „მზესა“ და „პირველ სტერეოში“ (როგორც პირდაპირ, ისე Chemexim International-ის საშუალებით).
ჭოლაძე ასევე ხელმძღვანელობდა „საქართველოს მედია კავშირის ჰოლდინგს“ (2013 წლის თებერვალში მისი ლიკვიდაცია მოხდა), „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ დაარსებულ კიდევ ერთ კომპანიას. იმ პერიოდში ჰოლდინგი მედია აქტივების მართვის მიზნით უფრო აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მედია სექტორში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამჟამად წარდგენილ მეორე კანდიდატ ოთარ პატარქალაშვილთან ერთად (იხ. ქვემოთ).
გიორგი ჭოლაძე ძმასთან, ლევან ჭოლაძესთან ერთად, აქციებს ფლობს LTD Air Black Sea-ში. ლევან ჭოლაძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია. მას ასევე რიგი მაღალი თანამდებობა ეკავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში: 2005 წელს იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მოგვიანებით იმავე წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2007-2008 წლებში ეკავა საქართველოს კონტროლის პალატის (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარის თანამდებობა, რის შემდეგაც 2011 წლამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ოთარ პატარქალაშვილი
ოთარ პატარქალაშვილს ეკუთვნის სარეკლამო და საკონსულტაციო ფირმა შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგი“. ა.წ. ნოემბრამდე პატარქალაშვილი ბეჟუაშვილების ოჯახის საკუთრებაში მყოფი რამდენიმე კომპანიის დირექტორი და წარმომადგენელი იყო. იგი იყო „ვაიმაქს ჯორჯიას“ დირექტორი - ეს ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ადრე Chemexim International-ის საკუთრებაში იყო, ახლა კი მისი მესაკუთრე ვასილ კობაიძეა, რომელიც ასევე ფლობს ტელეკომპანია „პირველ სტერეოს“. პატარქალაშვილი ხელმძღვანელობდა შპს Georgian Business Week-ს, მის შვილობილ კომპანიას Business Week-ს და მუშაობდა „საქართველოს მედია კავშირის ჰოლდინგში“, კომპანიაში, რომელიც ბეჟუაშვილების ოჯახის მედია აქტივებს მართავდა და რომელმაც 2013 წელს შეწყვიტა არსებობა. მიმდინარე წლის ნოემბრიდან პატარქალაშვილი ზემოაღნიშნულ ყველა კომპანიაში ტელეკომპანია „მზის“ მესაკუთრემ ზვიად ამირიძემ ჩაანაცვლა.
ბეჟუაშვილების ოჯახი წარსულში ფლობდა წილებს კომპანიებში „რუსთავი 2“, „მზე“ და „პირველი სტერეო“ (როგორც პირდაპირ, ასევე Chemexim International-ის საშუალებით). დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პირები კვლავაც ფლობენ აქციებს კომპანიებში „პირველი სტერეო“ და „მზე“.
მირონ ჩიგოგიძე
მირონ ჩიგოგიძე სოფლის მეურნეობის პროდუქტთა იმპორტ-ექსპორტის კომპანიის PPC დირექტორი და აქციათა 30 პროცენტის მფლობელია. 2008 წელს იგი საქართველოს კონტროლის პალატის უფროსის მოადგილედ მუშაობდა (ლევან ჭოლაძის დაქვემდებარებაში). მანამდე კი, 2006-2007 წლებში, ჩიგოგიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ასევე იძებნება ჩანაწერი ვინმე მირონ ჩიგოგიძის შესახებ, რომელიც ვარდების რევოლუციამდე თავდაცვის სამინისტროში საფინანსო-სოცსაბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა და პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ჰქონდა („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ვერ შეძლო, დაეზუსტებინა, ნამდვილად არის თუ არა ეს პიროვნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატთა შორის დასახელებული მირონ ჩიგოგიძე - ამომრჩეველთა რეესტრში, თბილისში ამ სახელით მხოლოდ ერთი ამომრჩეველია რეგისტრირებული).
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.