კომპანია „ვისოლი“ აღარ ყიდის „აპი სუპერის“ ბენზინს
შარშან გამოქვეყნებულ კვლევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედარების საფუძველზე, აღნიშნავდა, რომ იტალიიდან საქართველოში იტალიური კომპანია „აპის“ ბენზინ „სუპერის“ (ოქტანური რიცხვი 98) იმპორტი რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, კომპანია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „აპი სუპერის“ ნიშანდებით გაყიდული ბენზინი არ შეესაბამებოდა „აპი სუპერის“ მახასიათებლებს. ეს გახლდათ მომხმარებლის უფლებების დარღვევა და უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რაც კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.
ასეთი ფაქტის არსებობა იმაზეც მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა. იმ პირობებში, როდესაც ამგვარი ზედამხედველობა არ ხორციელდება, კერძო კომპანიის ზემოაღნიშნული ქცევა შეიძლება მის მიერ ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით კონკურენტ ფირმებთან შედარებით უპირატესობის მოპოვების ცდად განიხილებოდეს (როგორც ცნობილია, იტალიური წარმოშობის პროდუქცია მომხმარებლისთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ამდენად, საქონლის იტალიური წარმოშობის პროდუქტად ნიშანდების გამო შეძენისას შეიძლება მომხმარებელმა მცდარი არჩევანი გააკეთოს).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ განუმარტა ის რეგულაციები, რომელთა თანახმად, „აპი სუპერით“ უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) ბენზინის გაყიდვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კომპანიამ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და აღმოფხვრა აღნიშნული შეუსაბამობა, კერძოდ, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე აღარ იყიდება „აპი სუპერის“ ნიშანდების ბენზინი.
სურათზე მოცემულია კომპანია „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის აბრა ჩვენი კვლევის გამოქვეყნებამდე და მისი გამოქვეყნების შემდეგ: