ENG

კახა ბექაურის მსგავსად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კიდევ ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

25 იანვარი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აგრძელებს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის წევრების მიერ თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლას. წინამდებარე კვლევით დგინდება, რომ კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, ვერც კომისიის კიდევ  ერთი წევრი, მერაბ ქათამაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ხელისუფლების მხრიდან მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.  

ვინ არის მერაბ ქათამაძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევამდე მერაბ ქათამაძე  სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. მერაბ ქათამაძე გახლდათ დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მერიდიანის“, გამომცემლობა „აზრის” და საინფორმაციო სააგენტო „მეცხრე ტალღის“ დამფუძნებელი. ასევე იკავებდა გაზეთ „კვირის ფოსტის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. 2013 წელს ბატონი ქათამაძე მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში სპეციალისტად, მოგვიანებით კი 2014-2015 წლებში იმავე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტი გახდა.

მერაბ ქათამაძე მრჩევლის რანგში ანაზღაურებას იღებდა საქართველოს რესპულიკური პარტიის, ასევე პ/გ ქართული ოცნებისაგან. რესპუბლიკური პარტიის წევრობა გახდა საფუძველი, რომ მერაბ ქათამაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ შეარჩიეს, ვინაიდან საკონკურსო კომისიის წევრების განცხადებით, “ბორდის” წევრად პოლიტიკური ზეგავლენებისაგან თავისუფალი კანდიდატის შერჩევა სურდათ. თუმცა, მოგვიანებით, ამ გარემოებას  მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის დროს მერაბ ქათამაძისთვის ხელი არ შეუშლია.

რამდენიმე მცდელობის შემდგომ მერაბ ქათამაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 2015 წელს  აირჩიეს. 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ქათამაძის, როგორც კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის წევრის შემოსავალი 168 069 ლარია, ხოლო 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიღებული შემოსავალი მითითებული არ არის.

მერაბ ქათამაძის განათლება  

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა  ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”. ქათამაძემ 1981 წელს  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაასრულა, სპეციალობა - მართვის ავტომატიზებული სისტემები, კვალიფიკაცია - ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი  ინფორმაციის  პასუხად დგინდება, რომ მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.

როგორ აირჩიეს მერაბ ქათამაძე კომისიის წევრად

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ღია კონკურსში მონაწილე  კანდიდატურებიდან პრეზიდენტი მთავრობას უთანხმებს არანაკლებ სამ კანდიდატურას, რაც დასტურდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილი კანდიდატი არჩეულად  ითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარისა.

კომისიის  წევრად მერაბ ქათამაძე ზემოთ მითითებული პროცედურის თანახმად აირჩა. სამწუხაროდ, ხელისუფლების არც ერთმა შტომ არ გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ქათამაძის დიპლომი კანონის მოთხოვნებს და პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.

ინსტიტუციური პრობლემა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ მერაბ ქათამაძე  ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ეკავოს კომისიის წევრის თანამდებობა. კახა ბექაურის მსგავსად, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, მერაბ ქათამაძესაც მოვუწოდებთ გადადგეს თანამდებობიდან, ვინაიდან მნიშვნელოვანია კომისიაში შესაბამისი კვალიფიკაციის პირები საქმიანობდნენ.

არსებული კვლევა ასევე ადასტურებს იმ ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან, ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას.

სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან  კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურთან დაკავშირებულ პრობლემას  არანაირი მოკვლევა  არ მოჰყოლია. ამგვარი  ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეპუტაციას და სანდოობას.  

სამომავლოდ მსგავსი კაზუსების  თავიდან აცილების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუ კომისიის წევრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ეს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდეს, ვინაიდან მოქმედ კანონმდებლობაში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ჩამონათვალში მსგავსი საფუძველი არ ფიგურირებს.