კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის/თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის/თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

11 დეკემბერი, 2017

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს.

ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრი?

2014 წელს კახა ბექაური კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრად იქნა არჩეული, 2017 წელს კი ამავე კომისიის თავმჯდომარედ.  კახა ბექაურის აკადემიურ ხარისხისთან დაკავშირებით საუბარი მაშინაც იყო, როცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მან პრეზიდენტს საბუთები წარუდგინა. კახა ბექაური ამტკიცებდა, რომ მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდა წაყენებულ მოთხოვნებს და „კიბერნეტიკა, ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს“.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა  ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”1.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ ბექაურის მიერ წარდგენილი დიპლომი და გადამზადების კურსების სერტიფიკატი (რომლის ასლიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს, თუმცა თავის დროზე პარლამენტს ცნობა გაუგზავნა მისი არსებობის შესახებ) ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.

ვინ არის კახა ბექაური

კახა ბექაური საქართველოს მედია სივრცისთვის კარგად არის ცნობილი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებებში, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელის, ტელეკომპანია “მზის”, “მაესტროს” წამყვან თანამდებობებზე. კახა ბექაური იყო ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია “მეცხრე არხის”  დირექტორი.  მე-9 არხიდან წამოსვლის შემდეგ ბექაური 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა, ხოლო 2017 წელს იმავე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა საქართველოში  და შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე, მას, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, შრომის ანაზღაურების სახით  700 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.

მარეგულირებელ კომისიის წევრად მუშაობის პერიოდში კახა ბექაურის სახელთან არის დაკავშირებული მაუწყებლობის შესახებ კანონში “რეკლამის” რეგულაციასთან დაკავშირებით ინიცირებული სადავო ცვლილებების აქტიური ლობირება. აღნიშნული საკანომდებლო წინადადება, მართალია  ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ თავად დრო და ფორმა, ექსპერტების შეფასებით, ნაჩქარევი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური ტელევიზიის “რუსთავი 2”-ისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას და არა კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. კახა ბექაური ასევე აქტიურად ლობირებდა და დღეს უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგშიც მხარს უჭერს კომისიის მიერ დანერგილ სადავო პრაქტიკას, რომელიც მაუწყებელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის მოთხოვნებს უყენებს.

რა აკადემიური ხარისხი აქვს კახა ბექაურს?

კახა ბექაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 1986-1992 წლებში სწავლობდა. თსუ-ს მიერ გაცემული დიპლომის მიხედვით, მან დაამთავრა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, გამოყენებითი მათემატიკის, სპეც. ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით და მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია.

კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივმართეთ, ვინაიდან  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 1986-1992 წლებში მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თსუ-ს მიერ მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს გაცემული დიპლომი  მართალია უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, მაგრამ არანაირად არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული კონკრეტული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის კანდიდატის შესარჩევად  პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაგზავნილ ცნობაში წერია, რომ ბექაურმა 1994 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) მენეჯმენტის სპეციალობით, თუმცა როგორც ESM-ის სამართალმემკვიდრე “თავისუფალი უნივერსიტეტიდან” მიღებული ინფორმაციით დგინდება, ბექაურის მიერ დასრულებული სასწავლო პროგრამა არის სპეციალისტთა გადამზადების 9 თვიანი ფასიანი კურსი. აღნიშნული სასწავლო პროგრამა არ უთანაბრდება  აკადემიურ ხარისხს. კურსდამთავრებულები კი იმ დროისთვის მხოლოდ   ESM-ის  სერთიფიკატებს იღებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბექაურს მედია საშუალებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კანონი შესაბამის სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, კონკრეტულ განათლებასაც ითხოვს, რაც ბექაურს, არსებული ინფორმაციით, არ გააჩნია.

როგორ აირჩიეს ბექაური თანამდებობაზე?

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევის წესს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, ღია კონკურსში მონაწილე  კანდიდატურებიდან პრეზიდენტი, ამავე კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე, მთავრობას უთანხმებს არანაკლებ სამ კანდიდატურას, რაც დასტურდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილი კანდიდატი არჩეულად  ითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარისა.

კომისიის  წევრად კახა ბექაური, როგორც ზემოთ აღვწერეთ,  პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მონაწილეობით აირჩა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა კახა ბექაურის დიპლომი კანონის მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ მთავრომამ დამატებითი შესწავლის გარეშე დაუდასტურა კანონთან შეუსაბამო კანდიდატურა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიოგრაფიული ცნობა, მათ შორის იმის შესახებ, რომ კახა ბექაურს მენეჯმენტის განათლება აქვს მიღებული ისე გაუგზავნა პარლამენტს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ფიზიკურად არ გააჩნდა. თავის მხრივ, კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა, როგორც ჩანს, არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს შეუსწავლია, რასაც მას კანონი ავალდებულებდა2. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატები კომიტეტზე განიხილეს და როგორც სხდომის ოქმიდან ჩანს, მათი ბიოგრაფიებიც მოისმინეს, თუმცა ამის მიუხედავად, მხარი მაინც დაუჭირეს კახა ბექაურის კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე გატანას. ამდენად, კანონის მოთხოვნებთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის სათანადო შესწავლის გარეშე, კახა ბექაური 83 ხმით კომისიის წევრად აირჩიეს.

ხელისუფლების ყველა შტოს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია კომისიის წევრების შერჩევისას. როგორც დოკუმენტებიდან დგინდება, სამწუხაროდ,  არც ერთმა ორგანომ არ გადაამოწმა, თუ რამდენად აკმაყოფილებდა კახა ბექაურის განათლების დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სათანადო ყურადღება არ მიექცა, მათ შორის ონლაინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნული კანდიდატურის კვალიფიკაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე.

რა უნდა მოხდეს?

შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ კახა ბექაური ვერ აკმაყოფილებს კომისიის წევრობისათვის კანონით დადგენილ კრიტერიუმს. ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ კახა ბექაური საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პირები მუშაობდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის და ტელეკომუნიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას, ზედამხედველობასა და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების დაკისრებას. ამ უფლებამოსილებებს 6 წლის ვადით არჩეული ბექაური სათანადო დიპლომის გარეშე უკვე თითქმის 4 წელია ასრულებს.

საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში კომისიის წევრის იმპიჩმენტის შესაძლებლობას არ იცნობს და არც სასამართლო წესით შემოწმების შესაძლებლობა არსებობს ამ ეტაპზე. შესაბამისად მსგავსი კაზუსების სამომავლოდ თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოცემული საკითხი გათვალისწინებული იქნას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძვლად.

პარალელურად შესწავლილი უნდა იყოს თუ რატომ არ მოხდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესამისად შემოწმება თუ რამდენად ფლობდა კახა ბექაური კანონმდებლობით დადგენილ განათლების ხარიხს.

————————————————————

1 მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი

2 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, მუხლი 6, 1-2 პუნქტი, 2016 წლის 21 ნოემბერი.