ENG

ქართული ინტერნეტბაზარი ცვლილებების მოლოდინში

14 აგვისტო, 2015

 

საქართველოში ინტერნეტბაზარზე ორი უმსხვილესი კომპანია – „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ. კომპანიებმა შერწყმის შესახებ განაცხადი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკვე შეიტანეს.

11 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომისია სამი თვის ვადაში შეისწავლის კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო და საცალო ბაზრის სეგმენტებზე არსებულ პირობებზე შესაძლო გავლენებს და ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით საჯარო სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საჯარო და ხელმისწავდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

კომისიის მთავარ კითხვაზე, თუ რა არის ქვეყანაში ორი უმსხვილესი, კონკურენტი ინტერნეტპროვაიდერის გაერთიანების მთავარი მიზეზი, „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ ერთი და იგივე პასუხი აქვთ – საქართველოს ინტერნეტბაზარი არ არის დიდი, ბევრი კომპანიისთვის განვითარების შანსები ნაკლებია, ინტერნეტბაზარზე კომპანიების გამსხვილება მსოფლიო ტრენდია.

„ერთმა მსხვილმა კომპანიამ შესაძლოა უფრო მეტი შექმნას, ვიდრე ორმა საშუალო ზომის ან პატარამ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად სილქნეტის შემთხვევაში, უფრო მეტ რეზულტატს მივაღწევთ ბაზარზე,“ – განაცხადა „კავკასუს ონლაინის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჭიაურელმა მედიასთან საუბრისას.

„სილქნეტის“ დირექტორის, ლევან ბუჩუკურის აზრით, გაერთიანება საშუალებას გაუხსნის კომპანიას ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის. თუმცა ამ მოსაზრებას სხდომაზე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური, რომელმაც შეახსენა კომპანიების წარმომადგენლებს, რომ ბაზარზე ორი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მფლობელი კომპანიის გაერთიანებას შესაძლოა კომისიის მხრიდან დამატებითი რეგულაციების დაწესება მოჰყვეს, რაც ინვესტორებისთვის ხშირად მიმზიდველი არ არის.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 2015 წლის 22 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ განაცხადზე. სამთვიან კვლევაში საქართველოში ინტერნეტბაზრის დეტალურად შესასწავლად, კომისია ჩართავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებს ან კომპანიებს და, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მაქსიმალურად შეეცდება გაითვალისწინოს ევროპული გამოცდილება ამ მიმართულებით.

პარალელურად კომისიაში შესულია კიდევ ერთი განაცხადი, რომლითაც „კავკასუს ონლაინი“ და „მაგთიკომი“ ითხოვენ ნებართვას „კავკასუს ონლაინის“ საცალო აქტივების „მაგთიკომისთვის“ მიყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. თუმცა ჯერ კომისიას ამ საკითხზე არ უმსჯელია.

„უახლოეს დღეებში „კაუკასუს ონლაინი“ არ გამორიცხავს სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან ერთად მიმართოს კომისიას ერთობლივი საქმიანობის წარმოებისა თუ აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე მისი პოზიციის გასაგებად. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომისიაში განსახილველად შეტანილია ანალოგიური წერილი „მაგთიკომთან“ დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე პროცესები სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარების პროცესში ბუნებრივია“, – ნათქვამია „კავკასუს ონლაინის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასში აცხადებენ, რომ ინტერნეტბაზარზე საბაზრო ძალაუფლების მქონე ორი უმსხვილესი კომპანიის გაერთიანება და, შესაბამისად, ერთ-ერთის, ამ შემთხვევაში „კავკასუს ონლაინის“ გასვლა ბაზრიდან, შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ რისკებს. სწორედ ამ პოტენციური რისკების შესასწავლად და ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ გაერთიანების შემთხვევაში მომხმარებლის ინტერესს არ დააზარალებს, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის მაქსიმალური, სამთვიანი ვადა აიღო.

„სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ პოზიციები ბაზარზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, დღეს „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ჯამში ინტერნეტბაზრის 81%-ს ფლობენ. 2015 წლის 15 ივნისის მონაცემებით, „სილქნეტი“ ინეტრნეტმომსახურებას უწევს 234, 542 რეგისტრირებულ აბონენტს, ხოლო „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტსერვისს 156,458 აბონენტს აწვდის სულ საქართველოში რეგისტრირებული 571,576 აბონენტიდან. შესაბამისად, ამ ორ კომპანიას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სხვა ოპერატორები როგორც აბონენტების, ასევე შემოსავლების თვალსაზრისითაც.

„სილქნეტი“ ოპერირების მობილური კავშირგაბმულობის სფეროშიც, თუმცა მობილური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ის სიდიდით მეოთხე კოპანიაა და 26,000-მდე აბონენტით კონკურენციას ვერ უწევს „მაგთიკომს“, „ჯეოსელსა“ და „მობიტელს“.

პარალელურად, „სილქნეტი“ ლიდერობს ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების პროვაიდერთა შორისაც და 2014 წლის სექტემბერიდან სტაბილურად უსწრებს „მაგთიკომს.“ ამ ტიპის მომსახურება „კავკასუს ონლაინსაც“ აქვს, თუმცა ასეთი აბონენტების რაოდენობა 3-4 ათასს არ სცილდება.

„სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ კონკურენტები არიან ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის სფეროში. 2015 წლის მაისის მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტს ყველაზე მეტი აბონენტისთვის „მაგთიკომი“ ახორციელებს, მას 109,883 აბონენტი ჰყავს. მეორე ადგილზეა „სილქნეტი“ 97,680 აბონენტით. მესამე ადგილზეა „სუპერ ტვ“ 54,986 აბონენტით და მას მოსდევს „კავკასუს ონლაინი“ 42,063 აბონენტით. თუმცა ამ ოთხი კომპანიიდან მხოლოდ „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ სთავაზობენ მომხმარებელს IP ტელევიზიას, ანუ ე.წ. „გადახვევის სერვისს“.

2014 წლის ბოლოს „სილქნეტმა“ შეწყვიტა საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მიწოდება მომხმარებლებისათვის. პარალელურად 2014 წლის ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ტრაფიკიდან „კავკასუს ონლაინის“ შემოსავლები და გაუტოლდა „მაგთიკომის“ შემოსავლებს. 2015 წლის ივნისში კი გაუსწრო კიდეც და „კავკასუს ონლაინმა“ დაახლოებით 150,000 ლარით მეტი შემოსავალი მიიღო საერთაშორისო ტრაფიკიდან, ვიდრე „მაგთიკომმა“. თუმცა საერთაშორისო ტრაფიკის მიწოდების უპირობო ლიდერად ბაზარზე კვლავ „მობიტელი“ რჩება.

ვინ ფლობს „სილქნეტსა“ და „კავკასუს ონლაინს“

სატელეკომუნიკაციო კომპანიები ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და სულ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ თითოეულ ადამიანზე, რომელიც იყენებს მობილურ ტელეფონს, ინტერნეტბანკს თუ უბრალოდ ელ-ფოსტას. სწორედ ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2013 წელს გამოაქვეყნა ანგარიში და შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ფლობს იმ კომპანიებს, რომლებმაც ამდენი იციან ჩვენს შესახებ.

2013 წლის ანგარიში აჩვენებდა, რომ საქართველოს მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების უმრავლესობა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ბელიზში და აშშ-ს შტატ დელავერში მდებარე ფიქტიური კომპანიები აკონტროლებენ, რომლებსაც მხოლოდ საფოსტო ყუთი აქვთ და ოფისი და თანამშრომლები არ ჰყავთ. ამ ეგზოტიკურ თუ ნაკლებად ეგზოტიკურ ადგილებში კომპანიის რეგისტრაცია ან ვინაობის გადამოწმების გარეშეა შესაძლებელი, ან ადგილობრივი კანონმდებლობა მფლობელებს დამალვის შესაძლებლობას აძლევს. 2013 წლის მსგავსად დღესაც ინტერნეტბაზარზე ორ უმსხვილეს კომპანიას ისევ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები ფლობენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დღეს „კავკასუს ონლაინის“ წილებს სამი კომპანია ფლობს:

  • უცხოური საწარმო International Online Networks LLC, ვირჯინიის კუნძულები, ბრიტანეთი - 36.20000000%
  • ნელგადო ლიმითედი, ვირჯინიის კუნძულები, ბრიტანეთი – 19.80000000%
  • „გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი“, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო – 44.00000000%

2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მამია სანადირაძემ, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელია, განაცხადა, რომ 2010 წლის მარტში მას კომპანიის 50%-ის გაყიდვა აიძულეს. ამ მოვლენამდე ნახევარი წლით ადრე, „კავკასუს ონლაინს“ მთავრობამ სხვადასხვა დარღვევების გამო, რამდენიმე ეტაპად 11.6 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სანადირაძის თქმით ამან კოპანია გაკოტრებამდე მიიყვანა.

საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2013 წლის დეკემბრით თარიღდება, „სილქნეტის“ აქციების 100%-ს ფლობს მალტის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული კომპანია „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედი“.

„სილქნეტი“ 2010 წლის მარტში „ვანექსის,“ „აჭარის ტელეკომის“ და „გაერთიანებული ტელეკომის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა. ეს უკანასკნელი ყოფილი სახელმწიფო კომპანიაა და დიდი რაოდენობით სპილენძის სატელეკომუნიკაციო მავთულებს ფლობს. იმ დროისათვის, ამ სამ კომპანიას ქართულ–ყაზახური კონსორციუმი ფლობდა.

„სილქნეტი“ სააქციო საზოგადობის ფორმითაა რეგისტრირებული. ამ იურიდიულ ფორმას საჯარო რეესტრში აქციონერების ვინაობის საჯარო გამოქვეყნება არ მოეთხოვება. 2013 წელს, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ტელეკომუნიკაციების სექტორის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, რომ „სილქნეტის“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დავიდ ბორდერი იყვნენი.

„სილქ როუდ ჯგუფს“ თბილისისა და ბათუმის „რედისონის“ სასტუმროები ეკუთვნის და დონალდ ტრამპის ბრენდის ქვეშ დაგეგმილ პროექტებსაც ეს კომპანია ახორციელებდა. იგი ასევე BTA ბანკის აქციების 50.99%-ის მფლობელია. „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია ჯგუფის“ 2011 წლის აუდიტის ანგარიშის მიხედვით „სილქ როუდ ჯგუფის“ სამი მფლობელის კუთვნილებაშია ასევე საწვავით მოვაჭრე კომპანია „ვისოლის“ და მისი შვილობილი კომპანიების 25%, მათ შორის სარეკლამო კომპანია „ველაჯიო“, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“, რაგბის გუნდი „ყოჩები“ და საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის მონაცემებთან შედარებით (31%) 2015 წლისთვის 4%-ით გაიზარდა ინტერნეტის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი და 35% შეადგინა, დღემდე მოსახლეობის 46% ინტერნეტს არასდროს იყენებს. კომპიუტერული ცოდნა და ინტერნეტზე წვდომა ძალიან დაბალია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და 56 წელზე უფროს მოქალაქეებს შორის.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2015 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტი მის მომხმარებლებს ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებისთვის (75%) და ინფორმაციის მოძიებისთვის (41%) სჭირდებათ. მეორე მხრივ, ინტერნეტმომხმარებლები ხშირად სოციალურ ქსელებსაც ინფორმაციის მიღებისთვის იყენებენ. დღეს ინტერნეტი ინფორმაციის მიღების მეორე უმნიშვნელოვანესი წყაროა ტელევიზიის შემდეგ.

2012 წლის ბოლოს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ განხორციელებული კვლევის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 24% მოიხმარდა ინტერნეტს ყოველდღიურად. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით კი საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს, 579 ათასი აბონენტი შეადგინა. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 26.0%-ით (120 ათასი აბონენტით) გაიზარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად დააკვირდება საქართველოს ინტერნეტბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს და მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესი; ასევე ამ პროცესის მიმდინარეობაში ჩართული იყვნენ არასამათავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ ექსპერტიზას შესაბამის სფეროში.

„სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ კონკრეტულ შემთხვევაზე ჩატარებული მოკვლევა, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტისთვისაც. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სურათის კვალიფიციური და დეტალური შეფასება და ამ სფეროში მოსალოდნელი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ყველა შესაძლო რისკების დროულად იდენტიფიცირება.

Author: ნინო რობაქიძე