„ქართუ ჯგუფის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი მაღალ თანამდებობაზე
2016 წლის 12 იანვარს თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილის თანამდებობაზე „ქართუ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა.
გრიგოლ ლილუაშვილი “ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. მას პარალელურად კომპანია “ოლდ სითი დეველოფლენტში” დირექტორის პოზიციაც უკავია. შპს “ოლდ სითი დიველოპმენტი” 2014 წლის 11 მარტს არის რეგისტრირებული და გრიგოლ ლილუაშვილი დაფუძნების დღიდან მისი დირექტორია. კომპანიის მესაკუთრე თავდაპირველად შპს “ჯი სი ეფ პარტნიორები” იყო, რომელსაც ამჟამად გიორგი ბაჩიაშვილი (50%) (თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) და უჩა მამაცაშვილი (50%) (სს ”საპარტნიორო ფონდის” დირექტორის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი) ფლობენ. 2014 წლის აპრილიდან შპს “ოლდ სითი დიველოპმენტის” მესაკუთრე სს FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ია. აღსანიშნავია, რომ სწორედ “ოლდ სითი დეველოპმენტს” ეკუთვნის “პანორამა თბილისის” პროექტი, რომელიც სოლოლაკის ქედის, თავისუფლების მოედნისა და ერეკლეს მოედნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.
თბილისის მერის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნა გააგრძელებს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მომუშავე პირების ან მათი ოჯახის წევრების დანიშვნის იმ ტენდენციას, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნება. ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც წერდა. ეს ტენდენცია ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებ, ხოლო ლილუაშვილის მიერ აღნიშნული პოსტის დაკავება მას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.