ქარის მიერ წაღებული – 103 მილიონ ლარიანი იუსტიციის სახლის 23 მილიონ ლარიანი სახურავი
დღეს ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუირება მიმდინარეობდა. ძლიერმა ქარმა თბილისის ცენტრში მდებარე იუსტიციის სახლს სახურავი გადახადა, რამაც სამაშველო სამსახურის ჩარევა გახადა საჭირო. ინტერპრესის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სახურავის პანელების გარკვეული ნაწილი ამოვარდნილია და იუსტიციის სახლის შესასვლელში მეხუთე სართულის სიმაღლიდან იატაკზე არის ჩამოცვენილი.
თბილისის იუსტიციის სახლის სახურავი გადასახადის გადამხდელებს 10,3 მილიონი ევრო – დაახლოებით 23,5 მილიონი ლარი დაუჯდათ. მშენებლობა იტალიურმა კომპანიამ, Permasteelisa Interiors s.r.l.-მა აწარმოა (კონტრაქტის ნომერი: CMR120186299). მშენებლობა 2012 წლის 1 მარტს დაიწყო და ექვს თვეში, 30 აგვისტოს დასრულდა. კონტრაქტის მიხედვით, სახურავის საგარანტიო პერიოდი ცოტა ხნის წინ ამოიწურა – კომპანიის მიერ წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთ წელში, რაც, სავარაუდოდ, 2012 წლის შემოდგომაზე უნდა მომხდარიყო.
სახურავის გარეშე, იუსტიციის სახლის მშენებლობა 61 მილიონი დოლარი – 103 მილიონი ლარი დაჯდა. ამ შემთხვევაში მშენებელი Huachuan Georgia Limited Company-ს მიერ (ჩინეთის მთავრობის მიერ კუთვნილი კომპანიის, China Chengdu Import & Export Group Co, LTD-ის შვილობილი კომპანია, კონტრაქტის ნომერი: CMR120078699).
შენობის დიზაინის ხარჯების გამოკლებით, იუსტიციის სახლის მშენებლობა ჯამში დაახლოებით 126,5 მილიონი ლარი დაჯდა. ორივე მშენებლობის შესყიდვა პირდაპირი შესყიდვის წესით მოხდა, ანუ კონტრაქტი კომპანიებთან პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაფორმდა სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული ბანკის მიერ ელექტრონული შესყიდვების კონკურენტული და ღია პროცედურებისათვის გვერდის ავლით.
მიწის გაყიდვა (განახლება)
5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წერილით მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, სადაც აღნიშნავს, რომ ბანკი მხოლოდ პროექტის თანადამფინანსებლად გამოდიოდა და არც კონტრაქტების მინიჭებაში და არც იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს ეროვნული ბანკი წერილში მიუთითებს, რომ ის მიწა, რომელზეც იუსტიციის სახლი აშენდა, ბანკს 2011 წლის 1 თებერვლის პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა (N01/02/01). განკარგულების შედეგად, ეროვნული ბანკის კუთვნილებაში მოექცა 5,500 კვადრატული მეტრი შენობა სანაპიროს ქუჩა #2–ში (16,400,000 ამერიკული დოლარის ღირებულების) და ასევე მიწის ნაკვეთი (100,000 ამერიკული დოლარის ღირებულების). აღნიშნული ქონების საფასურის გადახდის სანაცვლოდ, პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს ეროვნულ ბანკს ავალდებულებდა იუსტიციის სახლის მშენებლობა 16,400,000 ამერიკული დოლარით თანადაეფინანსებინა.
საქართველის კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის საქმიანობის დამოუკიდებელი უნდა იყოს.
ფოტო: © ინტერპრესნიუსი