კარგი პრაქტიკის შესახებ OGP-ის სამიტი ცუდი პრაქტიკით ჩატარდა
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალური სამიტის ორგანიზებისთვის, სულ მცირე, 1,78 მლნ ლარი დაიხარჯა და ამ თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რაც ეწინააღმდეგება როგორც სარეზერვო ფონდის დანიშნულებას, ასევე თავად „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და კარგი მმართველობის პრინციპებს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად მრავალმხრივ რეფორმებს გულისხმობს და საქართველომ, როგორც ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანამ, მის გლობალური სამიტს 2018 წლის 17-19 ივლისს უმასპინძლა.[1] სამიტის ორგანიზების ფარგლებში იუსტიციის სამინისტრომ 1 491 466 ლარის ღირებულების 60 ხელშეკრულება, პარლამენტმა 271 374 ლარის ღირებულების 39 ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო თბილისის მერიამ 19 098 ლარი დახარჯა.
საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის” ინიციატივას წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროსთვის 2017 წლის სექტემბერში, სამიტამდე სულ მცირე 9 თვით ადრე, უკვე ცნობილი იყო, რომ საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავჯდომარე ქვეყანა ხდებოდა და სამიტის მომავალი მასპინძელიც ის იქნებოდა. ამას ადასტურებს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე 2017 წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნებული სიახლე:
„თეა წულუკიანმა [OGP-ის აღმასრულებელი] კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მომავალ ზაფხულს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი ჩატარდება.”
სახელმწიფო ბიუჯეტის, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დეკემბერში მტკიცდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა წარედგინება. ამის შემდეგ, 2 თვე მიმდინარეობს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის საბოლოო ვერსია არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარედგინება პარლამენტს. შესაბამისად, სამიტის სათანადო დაგეგვმისათვის არსებობდა გონივრული ვადა, რაც ორგანიზებისთვის საჭირო თანხის იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინების საშუალებას იძლეოდა.
ამის მიუხედავად, 2018 წლის ივლისში სამიტის ორგანიზებისთვის საჭირო 1.66 მლნ ლარი მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გამოუყო.[2] საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. „ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალური სამიტის ორგანიზება კი, როგორც უკვე ითქვა, შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტში.
წინასწარვე ცნობილი მოსალოდნელი ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება ბიუჯეტის დაგეგმვის ცუდი პრაქტიკაა და ეწინააღდეგება სარეზერვო ფონდის დაფინანსების გამოყენების არსს. ამასთან, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე არ ვრცელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, ამ სახსრებით განხორციელებული შესყიდვები ტენდერის გზით არ მიმდინარეობს.
სამიტის ორგანიზებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული 1 491 466 ლარის ფარგლებში დადებული, ყველაზე მსხვილი ხელშეკრულებებია:
ხელშეკრულების საგანი | მიმწოდებელი | ხელშეკრულების ღირებულება |
მომსახურების შესყიდვა | შპს “მოზაიკა პლიუსი” | 469 616 ₾ |
რესტორნის მომსახურების შესყიდვა | შპს "ჯი ემ თი მთაწმინდა" | 255 411 ₾ |
სტუმრებისთვის გადასაცემი სასაჩუქრე ნაკრების შესყიდვა | შპს “მოზაიკა პლიუსი” | 137 300 ₾ |
გახმოვანების, საკონფერენციო და სინქრონული თარგმნის სისტემით მომსახურების შესყიდვა | შპს "კონფერენს გრუპი" | 118 550 ₾ |
სარეზერვო ფონდის ნაცვლად, სამიტის ხარჯების სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინების შემთხვევაში, ზოგიერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი შესყიდვა ტენდერის გზით, კონკურენტულ პირობებში განხორციელდებოდა. ამით საბიუჯეტო სახსრების უფრო ეკონომიურად და ეფექტიანად ხარჯვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ამავე დროს, შესყიდვის პროცესი გამჭვირვალე, შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ელექტრონულად ხელმისაწვდომი იქნებოდა, რისი უზრუნველყოფაც “ღია მმართველობის პარტნიორობის” ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
[1] ინიციატივას საქართველო 2011 წელს შეუერთდა, 2017 წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა გადაიბარა. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. გლობალურ სამიტში ინიციატივის წევრი 75 ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
[2] 2018 წლის ივლისის N1393 განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან 1,58 მილიონი ლარი გამოუყო. გადაწყვეტილების მიზანი სამიტთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა იყო. თუმცა, 2018 წლის 27 ივლისის N1445 განკარგულებით მასში ცვლილება შევიდა და გამოყოფილი თანხა 1,66 მლნ ლარამდე გაზარდა.
ბლოგი მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით