ქალები თვითმმართველობაში: გენდერული დისბალანსი დასავლეთ საქართველოს 44 მუნიციპალიტეტში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქალები თვითმმართველობაში: გენდერული დისბალანსი დასავლეთ საქართველოს 44 მუნიციპალიტეტში

18 მაისი, 2016

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დასავლეთ საქართველოს 44 მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული წარმომადგენლობა. კვლევის მიზანი იყო შეგვედარებინა 2015 წლის ივლისში არსებული მდგომარეობა 2016 წლის აპრილში არსებულ ვითარებასთან. 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევისგან განსხვავებით, ამჯერად ორგანიზაციამ არამხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონები, არამედ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარებაც შეისწავლა.

მიღებული საშტატო ნუსხების, ასევე მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ:

  • დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობა/მერიებში ქალებს არ უკავიათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი პოზიციები;

  • დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა წევრთა სრული შემადგენლობის დაახლოებით 13%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18%) გურიის მუნიციპალიტეტებშია, ყველაზე დაბალი (8%) - აჭარაში. საკრებულოების 1240 მანდატიდან 2014 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალებმა მხოლოდ 154 მანდატი მიიღეს;

  • ნაკლებად არიან წარმოდგენილები ქალები საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელების პოზიციებზეც: 243 ფრაქციიდან ქალები მხოლოდ 24-ს ხელმძღვანელობენ. ყველაზე ნაკლებად საკრებულოში რეგისტრირებულ ფრაქციებს ქალები აჭარაში თავმჯდომარეობენ (სრული რაოდენობის მხოლოდ 3%-ს), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივაც გურიაშია - 17%;

  • მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვითარებაა საკრებულოებში არსებულ კომისიებში - თუ ფრაქციების შემთხვევაში, თავმჯდომარებიის მხოლოდ 10% იყო ქალი, კომისიების ხელმძღვანელების სრული შემადგენლობიდან ქალთა წილი დაახლოებით 16%-ია. ყველაზე მეტ კომისიას ქალები გურიაში ხელმძღვანელობენ (35%), ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთშია (11%);

  • დასავლეთ საქართველოს არცერთი მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ქალი არ არის;

  • 44 მუნიციპალიტეტის 97 მოადგილის პოზიციიდან მხოლოდ 8 თანამდებობა უკავიათ ქალებს (ონში, ცაგერში, სამტრედიაში, ტყიბულში, ჭიათურაში, მესტიაში, სენაკსა და შუახევში);

  • პოზიციები, რომლებიც ქალებს უკავიათ მუნიციპალიტეტის გამგეობებში/მერიებში ძირითადად, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის მიმართულებებს ეხება;

  • მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებში სულ 5498 პირია დასაქმებული, მათ შორის 2205 (40%) ქალია;

  • ქალები გამგეობებში/მერიებში 384 სამსახურიდან 84-ს, 646 განყოფილებიდან კი 278-ს ხელმძღვანელობენ;  

დეტალური მონაცემები დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მიხედვით მუნიციპალიტეტების გენდერული წარმომადგენლობის შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემულ აღწერილობებსა და ცხრილებში:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

მერია/გამგეობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 6 მუნიციპალიტეტის ყველა პირველი პირი მამაკაცია, ქალაქ ბათუმის მერისა და 5 მუნიციპალიტეტის გამგებლების 23 მოადგილეს შორის არცერთი ქალი არაა.

ბათუმის მერიისა და ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გამგეობების 53 სამსახურის უფროსების პოზიციებიდან მხოლოდ 7 იკავებენ ქალები, მათგან 4 ამ უფლებამოსილებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ასრულებენ, ხულოსა და შუახევში ყველა სამსახურის უფროსები მამაკაცები არიან.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა გამგეობებში არსებულ განყოფილებებში - ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებში მოქმედი 103 განყოფილებიდან 36-ს ქალები ხელმძღვანელობენ, მათ შორის, ყველა მეტი - 10-10 პოზიცია ამ თვალსაზრისით ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკავიათ.

 

სულ კი აჭარის ავტონომიური რესბპუბლიკის 6 მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლში 869 პირი მუშაობს, საიდან ქალი 293-ია და მათი რაოდენობა კაცების რაოდენობაზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.

საკრებულო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 162 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 13 მოიპოვეს, რაც საკრებულოს წევრთა სრული რაოდენობის მხოლოდ 8%-ია. ყველა მეტი ქალი (5) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშია არჩეული, ქალთა წარმომადგენელობის განსაკუთრებული სიმცირით (1-1 ქალი წევრი) გამოირჩევიან მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტები - ხულო და შუახევი, თუმცა არც თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოშია ქალთა სიმრავლე (2).

გამგეობების მსგავსად, ქალები არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებენ - არცერთ მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობითი ორგანოს მეორე მეორე პირი ქალი არ არის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალთა წარმომადგენლობის შედარებით მაღალ დონესთან ერთად, იმითაც გამოირჩევა, რომ აღნიშნული საკრებულო ერთადერთია მთელ რეგიონში, სადაც ქალი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეა - მზია ზოიძე ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარეა. საერთო ჯამში, ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში, 32 ფრაქციაა რეგისტრირებული, მათგან 6-6 ქობულეთში, ხულოსა და  ქედაში.

ოდნავ განსხვავებული მდგომარებაა საკრებულოს კომისიებთან დაკავშრებით: 6 საკრებულოს 28 კომისიიდან 4-ის თავმჯდომარე ქალია, მათ შორის ორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თითო-თითო კი ბათუმსა და შუახევს.

ხელვაჩაური აჭარის რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საკრებულოს აპარატის უფროსი ქალია. სულ მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატებში 108 მოქალაქეა დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა (65) ქალია, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ/არ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და საუკეთესო შემთხვევაში, ასრულებენ საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის მოვალეობას.

 

სამცხე-ჯავახეთი

მერია/გამგეობა

დასავლეთ საქართველოს რეგიონების მსგავსად, არც სამცხე-ჯავახეთის რომელიმე მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციას არ იკავებს ქალი. ქალები არც გამგებლების მოადგილეებად არიან დანიშნულები.

რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და ქალაქ ახალციხის მერიის 303 საქალაქო სამსახურიდან 37-ის ქალები ხელძღვანელობენ, რაც საერთო რაოდენობის 12%-ია. საინტერესოა, რომ ნინოწმინდა საქალაქო სამსახურების უფროსების პოზიციები გენდერული ნიშნით თანაბრად არის განაწილებული (7-7), ქალაქ ახალციხის 10 სტრუქტურული ერთეულიდან კი 6-ს ქალები მართავენ, 4-ს კი კაცები, ახალქალაქში კი 8-ვე სამსახურს მამრობითი სქესის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ.


ქალები ჭარბობენ გამგეობების განყოფილებათა უფროსების პოზიციებზე: აჭარასთან შედარებით, აქ გენდერული ბალანსი მეტად არის დაცული. ასპინძასა და ახალციხის თემის გამგეობებში ქალები გაცილებით მეტ განყოფილებას ხელმძღვანელობენ, ვიდრე კაცები. სულ კი რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ აპარატში 590 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 212 (35%) ქალია.

 

საკრებულო

რეგიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოებს სულ 182 წევრი ჰყავთ, აქედან ქალებმა მხოლოდ 22 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 13%-ია. ყველაზე მეტი ქალი არჩეულია (9 ქალი წევრი 23 მანდატიანი საკრებულოდან) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ახალქალაქის საკრებულოში კი არცერთი ქალი წევრი არ არის.

არცერთ საკრებულოს არ ჰყავს ქალი თავმჯდომარე, ქალაქ ახალციხის საკრებულო კი რეგიონში ერთადერთია, რომლის თავმჯდომარის მოადგილე ქალია, დანარჩენი 7-ვე მოადგილე კაცია.  

საკრებულოების 38 ფრაქციიდან მხოლოდ 5 ფრაქციას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, აქედან ორი ბორჯომის საკრებულოშია რეგისტრირებული, 34 კომისიიდან კი 4-ს ხელმძღვანელობს ქალი.


სამეგრელო-ზემო სვანეთი

გამგეობა/მერია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი მამაკაცია, მათ 21 მოადგილეს შორის კი მხოლოდ ორი ქალია, ცხრამეტი კი მამაკაცი:

 

ათივე მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უმრავლესობა მამაკაცია. 90 სამსახურის უფროსს შორის 21 ქალია, 69 კი მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხუთ სამსახურს ქალი ხელმძღვანელობას, 3 სამსახურს კი მამაკაცი. ქალაქ ზუგდიდის მერიაში კი 4 სამსახურის ხელმძღვანელი ქალია, 5 სამსახურისა კი მამაკაცი. ასევე მეტნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილნი ქალები და მამაკაცები სამსახურის უფროსის პოზიციაზე სენაკის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ მამაკაცები ხელძღვანელობენ სამსახურების აბაშის, მარტვილის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში:

რაც შეეხება გამგეობების/მერიების განყოფილებების უფროსებს 214 განყფილების უფროსს შორის 90 ქალია, 124 მამაკაცი. ქალაქ ფოთის მერიაში, ხობისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობებში უფრო მეტნი არიან განყოფილების უფროსი ქალები ვიდრე მამაკაცები, განყოფილების უფროსებს შორის გენდერული ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების გამგეოებებში:

რაც შეეხება ზოგადად მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და მერიებში დასაქმებულთა რაოდენობას სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 მუნიციპალიტეტში მომუშავე 1311 მოხელეს შორის, 544 ქალია, 767 კი მამაკაცი. გენდერული ბალანში მომუშავეთა საერთო რიცხოვობაში მეტ-ნაკლებად დაცულია ქალაქ ზუგდიდის მერიაში, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გამგეობებში. ქალაქ ფოთის მერიასა და მესტიის გამგეობაში კი მომუშავეთა საერთო რიცხოვნობით ქალები ჭარბობენ მამაკაცებს.


საკრებულო

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 289 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 34 მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 13,33 %-ის ტოლია.

ათივე საკრებულოში როგორც თავმჯდომარის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცებს მხოლოდ მამაკაცები იაკავებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოების 50 მუდმივმოქმედ კომისიის თავმჯდომარეს შორის მხოლოდ 8 არის ქალი, რაც საერთო რაოდენობის 19% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარეები მხოლოდ მამაკაცები არიან თემი ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს და მესტიის საკრებულოებში.

66 ფრაქციიდან ქალი თავმჯდომარე მხოლოდ 5 ფრაქციას ჰყავს, რაც საერთო რაოდენობის 8%-ის ტოლია:

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატის მმართველ რგოლში ქალები და მამაკაცები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილნი, საკრებულოების აპარატში კი ქალთა რაოდენობა  57.44%-ია.

გურია

გამგეობა/მერია

სამეგრელო-ზემო სვანეთის მსგავსად გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი მამაკაცია,  ასევე მხოლოდ მამაკაცები იაკავებენ გამგებლის/მერი მოადგილეთა პოზიციებს.

ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უმრავლესობა მამაკაცია. 335 სამსახურის უფროსს შორის 7 ქალია, 28 კი მამაკაცი.

გამგეობბსა და მერიაში არსებულ 73 განყოფილებიდან კი 31 განყოფილებას ქალი ხელძღვანელობს, 42 კი მამაკაცი.

 

 

საკრებულო

გურიის ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოების 125 მანდატიდან ქალებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ 22 მანდატის მოპოვება შეძლეს, რაც საერთო რაოდენობის 21 პროცენტია.

ოთხივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარები მამაკაცები არიან, რაც შეეხება საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეებს აღნიშნულ პოზიციაზე ქალი მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოშია დასაქმებული.

გურიის ოთხი მუნიციპალიტის საკრებულოში არსებული 20 მუდმივმოქმედი კომისიიდან შვიდი კომისიის თავმჯდომარე ქალია, ცამეტისა კი მამაკაცი. 23 ფრაქციიდან კი მხოლოდ 4 ფრაქციის ხელმძღვანელია ქალი, 19 ფრაქქციას კი მამაკაცი თავმჯდომარე ჰყავს.

გურიის  მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატის მმართველ რგოლში ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან წარმოდგენილნი, საკრებულოების აპარატში კი ქალთა რაოდენობა  64.06%-ია.

 


იმერეთი

მერია/გამგეობები

თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების უმაღლეს თანამდებობებს იმერეთის რეგიონში გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ მამაკაცები იკავებენ.

რაც შეეხება მერის/გამგებლის მოადგილეებს ამ შემთხვევაში უკვე ჩნდება ქალთა წარმომადგენლობა, თუმცა მაინც ძალიან მცირედ. იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტების მერია/გამგეობებში მხოლოდ 3 გამგებლის მოადგილე ქალია.

რეგიონის მაღალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, გამონაკლისის გარეშე მამაკაცები ისევ უმრავლესობით არიან წარმოდგენილი. იმერეთის მუნიციპალიტეტების 108 სამსახურიდან მხოლოდ 17 სამსახურის უფროსია ქალი, ხოლო 91 სამსახურის უფროსი კაცი

რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ქალთა წარმომადგენლობა მცირედ, მაგრამ დინამიურად იზრდება თანამდებობრივი ხარისხის შემცირების პარალელურად. ამ მხრივ გამოირჩევა ხონის მუნიციპალიტეტი - 9 განყოფილებიდან 7 განყოფილების უფროსი ქალია და 2 მამაკაცი

საერთო ჯამში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ კონკრეტული შემთხვევების მიუხედავად, გენდერული დისბალანსია არა მხოლოდ მაღალ თანამდებობებზეა, არამედ ზოგადად ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს შორისაც. მიუხედავად ამისა აღსანიშნავია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელიც ერთადერთია ორივე რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი (73 ქალი, 63 კაცი)


საკრებულოები

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, აქაც მეტ-ნაკლებად იგივე გენდერული დისბალანსი შეინიშნება. იმერეთის რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს ქალი და მხოლოდ ორ, ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არიან ქალები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

 


რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ საჩხერის საკრებულოს - 6 ქალი, 22 კაცი და ხარაგაულის საკრებულოს - 7 ქალი, 28 კაცი. საერთო ჯამში იმერეთის საკრებულოების მხოლოდ 44 წევრია (12% საერთო რაოდენობიდან) ქალი და 318 კი კაცი.

ფრაქციის თავმჯდომარეების თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე მაღალი ბაღდათის საკრებულსა - 2 ფრაქციის თავმჯდომარე ქალი და ქუთაისის საკრებულოშია - 2 კომისიის თავმჯდომარე ქალი. საერთო ჯამში იმერეთის საკრებულოებში კომისიის თავმჯდომარეებიდან 9 ქალი და 51 კაცია. კიდევ უფრო მეტი გენდერული დისბალანსია ფრაქციების თავმჯდომარის დონეზე - იმერეთის საკრებულოებში ამ პოზიციაზე მხოლოდ 6 ქალი და 69 კაცია წარმოდგენილი.

 

წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული დისბალანსი ქალთა სასარგებლოდ, მხოლოდ საკრებულოს აპარატებშია - საკრებულოების აპარატების 99 თანამშრომელი ქალი და 74 მამაკაცი.
 

საკრებულოს აპარატების უფროსებისა და საკრებულოს აპარატის განყოფილებების უფროსების დონეზე გენდერული წარმომადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება;

 


რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთი

გამგეობები

თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების უმაღლეს თანამდებობებს რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთის რეგიონში გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ მამაკაცები იკავებენ

რეგიონში მუნიციპალიტეტების მასშტაბით მხოლოდ 2 გამგებლის მოადგილე ქალია წარმოდგენილი.

 

გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი თანამდებობების სრული უმრავლესობა მამაკაცებს უჭირავთ. რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის რეგიონში გამგეობების 32 სამსახურიდან ქალები მხოლოდ 5 სამსახურს ხელმძღვანელობენ, ხოლო მამაკაცები 27

 

აღმასრულებელ ორგანოებში, დაბალ მენეჯერულ რგოლებში ქალების წარმომადგენლობა შედარებით მზარდია. მაგალითად, რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე საერთო ჯამში მეტი ქალია წარმოდგენილი, ვიდრე მამაკაცი. რეგიონის გამგეობების 58 განყოფილებიდან 31 მათგანს ხელმძღვანელობს ქალი და 27-ს - კაცი. რაც შეეხება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში განყოფილების უფროსის დონეზე ქალთა წარმომადგენლობის ზრდას, აღსანიშნავია ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სადაც 10 განყოფილებიდან 7 განყოფილების უფროსი ქალია.

 

თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოების საერთო გენდერული სურათი ნათლად გვიჩვენებს იმ გენდერულ დისბალანსს, რომელიც აქ დასაქმებულ ადამიანებს შორის არსებობს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სადაც თითქმის იდეალური გენდერული ბალანსია - 36 ქალი და 37 მამაკაცი.

 

საკრებულო

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, აქაც მეტ-ნაკლებად იგივე გენდერული დისბალანსი შეინიშნება. რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან მხოლოდ ონის საკრებულოს ხელმძღვანელობს ქალი. რეგიონში არ არის არცერთი ქალი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

 

საკრებულოს წევრებთან დაკავშირებით, ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ონის საკრებულოს - 8 ქალი, 25 კაცი. საერთო ჯამში რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთის საკრებულოებში მხოლოდ 19 ქალი (საერთო რაოდენობის 15%) და 101 კაცია.

 

მუნიციპალიტეტების საკრებულოების კომისიები და ფრაქციები, ქალთა დაბალი წარმომადგენლობით გამოირჩევა. აღნიშნულ თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე მაღალი ლენტეხის საკრებულოშია - 2 კომისიის თავმჯდომარე ქალი. საერთო ჯამში რაჭა ლეჩხუმი ზემო სვანეთის საკრებულოების კომისიებში 4 ქალი და 16 კაცია წარმოდგენილი. კიდევ უფრო მეტი გენდერული დისბალანსია ფრაქციების თავმჯდომარის დონეზე - 3 ქალი და 25 კაცი.

 

 

წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული დისბალანსი ქალთა სასარგებლოდ რეგიონში მხოლოდ საკრებულოს აპარატებშია. რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში - საკრებულოების აპარატების 30 თანამშრომელი ქალი და 9 კაცია

საკრებულოს აპარატების უფროსებისა და საკრებულოს აპარატის განყოფილებების უფროსების დონეზე გენდერული წარმომადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება;

 

დასკვნა:

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს წარმოდგენილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშო ცხოვრების აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, იზრუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ლიდერ ქალთა გამოვლენას და მათ შემდგომ გაძლიერებას. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კარგი იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს ქალები წარედგინათ მერის/გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იზრუნონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რათა ცენტრალური თუ ადგილობივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესებს უკეთ აკმაყოფილებდეს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“