ENG

კახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა

29 თებერვალი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ კვლევას აგრძელებს. ორგანიზაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ მონაცემები უკვე გამოაქვეყნა. ამჯერად, მიმოვიხილავთ კახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში არსებულ მდგომარეობას.

კახეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ა(ა)იპ-ებში 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 15 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობასა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობებს ეხება.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ:

  • 2014 1 მაისის მდგომარეობით, კახეთის მუნიციპალიტეტებში 91 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, ხოლო 2016 წლის იანვრის მონაცემებით, მათი რაოდენობა 93-ია.

  • ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 5 164 საშტატო ერთეულიდან 6 059 საშტატო ერთეულამდე - მთლიანობაში 895 ერთეულით გაიზარდა;

  • საშტატო ერთეულების ზრდამ ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 369 ათასი ლარით, წლიურად კი, საშუალოდ 4 430 000 ლარით გაზარდა;

  • ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა არცერთ მუნიციპალიტეტში;

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თელავის ამჟამად ლიკვიდირებულ მუნიციპალიტეტში სულ 17 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა. რეფორმის შემდგომ კი, ორი ახალი თვითმმმართველი ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად, თელავის თემისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების რაოდენობა 21-მდე, დასაქმებულთა რაოდენობა კი, 273 საშტატო ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ხარჯი ორივე მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 118 ათასი ლარით გაიზარდა;

  • თელავის გარდა, 2014 წლის არჩევნების შემდგომ, 2 ახალი ა(ა)იპ დაფუძნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში - “სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა” და “სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანება”;

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების: “კულტურის ცენტრი”, “საბიბლიოთეკო გაერთიანება” და “ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის” რეორგრანიზაცის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი”, შესაბამისად, ა(ა)იპების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა;

  • 2 ერთეულით შემცირდა ა(ა)იპების რაოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც;

  • კახეთის მუნიციპალიტეტის 93 ა(ა)იპ-ს შორის 18 სპორტის სხვადასხვა სახეობაში მუშაობს, 27 ა(ა)იპ კი კულტურის სფეროში.

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტებმა უნდა განსაზღვრონ, თუ რა სახის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის. მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა პირველადი საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუმცა, არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვაკანტურ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის შერჩევის შესაძლებლობას არ იძლევა და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში მითითებული იყო, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში 2014 წლის მაისის მდგომარეობით, თვის მანძილზე გასაცემი ხელფასი შეადგენდა 265 518,1 ლარს, 2016 წლის იანვრის მდგომარეობით კი 341 414 ლარს. ინფორმაციის ხელახალი გადამოწმებისას გაირკვა, რომ გრაფიკში გაიპარა ტექნიკური შეცდომა და რეალურად 2014 წლის მაისის მდგომარეობით გასაცემი ხელფასი შეადგენდა 152 345.5 ლარს, 2016 წლის იანვრის მდგომარეობით კი 158 775 ლარს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“