ENG

ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის რეგულირების ახალი კანონპროექტის შესახებ

25 დეკემბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა საქართველოს პარლამენტის წევრის ბატონ კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და აღნიშნავს შემდეგს:

როგორც ცნობილია, დღეისათვის საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის არსებობისთვის აუცილებელი მხოლოდ საბაზისო რეგულაციები მოქმედებს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კი დღემდე ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის წესებისა და პრინციპების დარღვევის არც ერთი საქმის ინიციირება ან მოკვლევა არ განუხორციელებია. ამასთანავე, ქვეყანაში კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის არსებობა აუცილებელია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად. 

კანონპროექტით შემოთავაზებულია ჯანმრთელობის დაცვის სექტორში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კანონმდებლობაში ფრაგმენტული ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა – ფარმაცევტულ, სადაზღვევო და ჰოსპიტალურ ბაზრებზე მოქმედი კომპანიების ვერტიკალური ინტეგრაციის (ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ მოცემული სამი საქმიანობიდან ორის ან მეტის ერთდროულად განხორციელების) განხილვა, როგორც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა, და კომპანიების დავალდებულება, რომ ცვლილების ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში თავიანთი საქმიანობა ამ ნორმას შეუსაბამონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იძულებითი რეალიზაციის წესით გასხვისდება, ხოლო გასხვისების შედეგად შემოსული თანხა კომპანიის მესაკუთრეს გადაეცემა. 

ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება შემოთავაზებულია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში: „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“. შესაბამისად, იმისთვის, რომ ბაზარზე კომპანიის კონკრეტული ქცევა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად დაკვალიფიცირდეს, პირველ რიგში, აუცილებელი პირობაა, რომ კომპანია დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ეს კი შესაბამის ბაზარზე (ფარმაცევტული, სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სეგმენტებზე ცალ-ცალკე) მნიშვნელოვანი საბაზრო წილის (არანაკლებ 40 პროცენტის) ფლობას გულისხმობს. როგორც წესი, მნიშვნელოვანი საბაზრო წილი კომპანიის მიერ შესაბამის ბაზარზე წინა 3 ფინანსური წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობის წილის მიხედვით, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მეთოდოლოგია სააგენტოს ჯერ არ შეუმუშავებია, ხოლო თუ ჯანმრთელობის დაცვის სექტორში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარმოებული კვლევების („ჯანდაცვა საქართველოში“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“, 2012) შედეგებს დავეყრდნობით, ერთი ურთიერთდამოკიდებული პირი ზემოხსენებულ სამ ბაზარზე ცალ-ცალკე მნიშვნელოვან საბაზრო წილს არ ფლობს. აქედან გამომდინარე, შექმნილი რეალობა, ერთი მხრივ, ბუნდოვანს ხდის თავად კანონპროექტის მიღების მიზანს, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში სრულფასოვანი კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს არსებობის რეალურ საჭიროებაზე მიუთითებს. 

საგულისხმოა ასევე ის სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგები და საფრთხეები, რომლებიც კანონპროექტით შემოთავაზებული კომპანიის იძულებითი რეალიზაციის წესით გასხვისების და ამ პროცესში დეტალური რეგულაციის (გასაყიდი ფასის, გასხვისების პროცედურის) არარსებობის რეალურად ამოქმედებას შეიძლება მოჰყვეს. აღნიშნული წესის კანონმდებლობით დანერგვა უდავოდ უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და საინვესტიციო იმიჯზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებული კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და კონკურენციის სფეროში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმის გატარება. ამასთან, კანონმდებლობისადმი ფრაგმენტული მიდგომა და სათანადო ცვლილების განხორციელება მხოლოდ სადავოს გახდის სავარაუდო ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების ეფექტიანობას. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კონკურენტულ გარემოზე ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა საკანონმდებლო დონეზე ყველა ეკონომიკურ სექტორში თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, ხოლო სექტორში არსებულ კონკურენციის დინამიკასა და მომხმარებელზე ვერტიკალური ინტეგრაციის ეფექტის ან/და დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანიის  გავლენა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე, კომპეტენტური კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს მოკვლევის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე უნდა შეფასდეს. 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
healthcare