ჯანდაცვის სამინისტომ 400,000 ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ჯანდაცვის სამინისტომ 400,000 ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა

12 თებერვალი, 2021

 

მიმდინარე წლის 20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid. აპლიკაციის შექმნა, რომელიც 9 თვით ადრე, 16 აპრილს ამოქმედდა, 400,000 ლარზე მეტი (120,000 ევრო) დაჯდა. სამინისტროს დღემდე არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა ეს ძვირადღირებული პროექტი წარუმატებლად.

პასუხგაუცემელი დარჩა შემდეგი კონკრეტული კითხვები:

  • რა იყო ის კონკრეტული მიზეზი/ები, რის გამოც გადაწყდა აპლიკაციის დეაქტივაცია?
  • 2020 წლის შემოდგომაზე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების დაწყების შემდეგ, რატომ არ მოხდა აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება?
  • თუ პრობლემა იყო პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი, მაშინ დააბრუნა თუ არა კონტრაქტორმა კომპანიამ თანხა, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული?

იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და, სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შეიძლება კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდეს, გაუგებარია, რატომ გააუქმა სამინისტრომ აპლიკაცია, რომლის სრულფასოვნად ამოქმედებას ვირუსის გავრცელების შენელება უნდა გამოეწვია – აპლიკაციის შემქმნელი ორგანიზაციის ცნობით, მისი მთავარი დანიშნულება სწორედაც ინფექციის გავრცელების შენელება იყო.

Stop Covid აპლიკაციის საბაზისო ვერსია ავსტრიულმა არასამთავრობო ორგანიზაცია NOVID20-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და ის ლიცენზიის გადასახადის გარეშე გახადა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მთავრობისთვის. ფასიანი იყო მხოლოდ საბაზისო აპლიკაციის მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე და მისი სამთვიანი ტექნიკური უზრუნველყოფა (მომსახურების გახანგრძლივების პერსპექტივით), რა სამუშაოსაც აგრეთვე ავსტრიული კომპანია Rocket Media Communications ასრულებდა; სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ სამთვიანი ხელშეკრულება.

აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაიგოს, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან. აპლიკაციის მქონე სმარტფონები დაშიფრვის წესით ადგენენ და იმახსოვრებენ ერთმანეთთან სიახლოვეს. როდესაც მომხმარებელი აპლიკაციაში მონიშნავს საკუთარ თავს, როგორც ვირუსით ინფიცირებულს, ეს ჯერ მოწმდება მთავრობის ხელთ არსებულ ინფიცირებულთა სიაში, ხოლო დადასტურების შემთხვევაში, ავტომატური შეტყობინება ეგზავნება ყველა იმ სმარტფონს, რომელიც ინფიცირებულთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მინიმუმ 15 წუთით 2 მეტრზე ახლო მანძილზე იმყოფებოდა.

ამგვარად, აპლიკაციის მიზანი არასდროს ყოფილა ახალი ინფიცირებულების გამოვლენა; მისი მიზანი იყო მოსახლეობის დახმარება კონტაქტების გამოვლენის და მართვის პროცესში, რასაც დადებითად უნდა ემოქმედა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაზე.  

აპლიკაციის მუშაობის პრინციპიდან და მიზნიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ის წარმატებით მხოლოდ მასობრივი გამოყენების შემთხვევაში იმუშავებდა. მასობრივი გამოყენების მისაღწევად კი საჭირო იყო შესაბამისი მასშტაბის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა. აპლიკაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი განცხადებები და ვიდეომასალა ძირითადად მისი გააქტიურების პირველი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა; ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არ განხორციელებულა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში რეალურად დაიწყო ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა, თუ რა თანხა დაიხარჯა აპლიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

აპლიკაციის წარმატების გასაზომად ორი მთავარი მანიშნებლის გამოყენება შეიძლება:

1. გადმომწერების რაოდენობა – 9 თვის განმავლობაში აპლიკაცია სულ 232,659-მა ადამიანმა გადმოიწერა, საიდანაც გადმოწერების 85% პირველ თვეში დაფიქსირდა, ხოლო 64% (150,000 გადმოწერა) პირველ 24 საათში (იხ. ცხრილი). მთლიანი გადმოწერების მხოლოდ 9% დაფიქსირდა 2020 წლის ბოლო 3 თვეში, როდესაც ყველაზე მწვავედ იდგა ვირუსის უკონტროლო გავრცელების პრობლემა.

გარდა ამისა, 232,659 გადმომწერი მთლიანობაშიც დაბალი მაჩვენებელია, რადგან საზოგადოებრივი აზრის ბოლო (2020 წლის) კვლევით საქართველოში ოჯახების 80%-ს ერთი სმარტფონი მაინც აქვს (88%-ს თბილისში).

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აპლიკაციისადმი თავდაპირველი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ შეძლო ამ ინტერესის გაღვივება და შენარჩუნება, რათა საჭირო დროს აპლიკაციას შეემსუბუქებინა ვირუსის გავრცელების პროცესი.

2. ინფიცირების შესახებ თვითშეტყობინებების რაოდენობა – ოფიციალური მონაცემებით, აპლიკაციის საშუალებით ვირუსით ინფიცირების შესახებ 11,437 თვითშეტყობინება დაფიქსირდა, რაც 21 დეკემბრის მდგომარეობით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 5.6% იყო (იხ. ცხრილი). 3 თვით ადრე, 2020 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით სულ 27 თვითშეტყობინება იყო გაგზავნილი, რაც ინფიცირებულთა იმდროინდელი რაოდენობის 0.9% იყო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმავე პერიოდში (2020 წლის 17 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე) მხოლოდ მცირედით გაიზარდა აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აპლიკაციის მასობრივი გამოყენების შემთხვევაში თვითშეტყობინების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა; შესაბამისად, მეტ ადამიანს მიუვიდოდა შეტყობინება ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ, რაც დადებითად იმოქმედებდა ვირუსის გავრცელების შენელებაზე.

წარმატების კიდევ ერთი მანიშნებელი შესაძლოა ყოფილიყო იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს მიუვიდათ ინფიცირებულ მომხმარებელთან კონტაქტის შესახებ. თუმცა, სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, ეს მონაცემი არ ფიქსირდება.

2020 წლის 16 აპრილს გაშვებულ Stop Covid აპლიკაციასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები

მონაცემთა გამოქვეყნების თარიღი

აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობა

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები

ვირუსით ინფიცირების თვითშეტყობინება

თვითშეტყობინებების წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში

17 აპრილი

(წყარო)

151,000

დღეში - 22

სულ - 370

0

0

5 მაისი

(წყარო)

200,000

დღეში - 11

სულ - 604

0

0

17 ივნისი

(წყარო)

203,684

დღეში - 9

სულ - 888

10

1.1%

17 სექტემბერი

(წყარო)

211,308

დღეში - 179

სულ - 2,937

27

0.9%

21 დეკემბერი

(წყარო)

232,659

დღეში - 2,635

სულ - 204,003

11,437

5.6%

 

ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მედიას აპლიკაციის გაუქმების ორი მიზეზი დაუსახელა, რომელთაგან ვერცერთი ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად:

1. დასრულდა კონტრაქტის კონკრეტული ეტაპი და სამინისტრომ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა – სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აპლიკაციის გაშვება და მისი 3 თვიანი მომსახურება 120,000 ევრო დაჯდა. სამინისტრომ მოგვაწოდა ავსტრიულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებაც. სამინისტროს წერილში არაფერია ნათქვამი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. თუ ასეთი შეთანხმება შედგა და მომსახურება გაგრძელდა კიდევ 6 თვით, 2021 წლის 20 იანვრამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ აწ უკვე გაუქმებულ აპლიკაციაზე, სინამდვილეში, კიდევ უფრო მეტი დაიხარჯა.

2.გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი დასტაბილურდა, ამ ეტაპზე აპლიკაციის საჭიროება არ არის“ – გაუგებარია რას გულისხმობს სამინისტრო დასტაბილურებაში მაშინ, როდესაც ოფიციალური გათვლებით პანდემია შესაძლოა კიდევ წელიწადი, წელიწადნახევარი გაგრძელდეს.

და ბოლოს, პრობლემად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ აპლიკაციის მოსამზადებლად გაფორმებული ხელშეკრულება არ აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა პირობებით იხარჯება საბიუჯეტო თანხები. ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსხვავებული წესები დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტები შეიძლება დაიდოს შესყიდვების სისტემის გარკვეული მოთხოვნების გვერდის ავლით. გაუმართლებლად მიგვაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა, რადგან ეს ზრდის კორუფციისა და რესურსების არასათანადო მართვის რისკებს.

მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ.