ENG

იპოთეკით დატვირთული ქონებიდან გამოსახლება კანონის მიღების მიუხედავად მაინც შესაძლებელი იქნება

12 სექტემბერი, 2013

10 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა  და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა გედევან ფოფხაძის მიერ 29 ივლისს წარმოდგენილი კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 თებერვლამდე პოლიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს აღსრულების ისეთ პროცედურებში, როდესაც, სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს უძრავი ქონებიდან მოვალის იძულებით გამოსახლება კრედიტორისათვის ან სხვა პირისათვის გადაცემის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, პოლიცია ვერ მოახდენს იმ პირთა გამოსახლებას, რომელთა საცხოვრებელი ბინები სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით იყო დატვირთული. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არსებითად არაფერს შეცვლის მოვალეებისთვის და ცრუ მოლოდინების მიცემით, ასევე, უარყოფით გავლენას მოახდენს საბანკო სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ბიზნესგარემოზე.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩერდება სააღსრულებო წარმოებაში პოლიციის მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ეს ვერ შეზღუდავს იძულებით აღსრულებას. მოვალეები მხოლოდ შეცდომაში იქნებიან შეყვანილი და არარეალური იმედები გაუჩნდებათ, რადგანაც გამოსახლება პოლიციის ჩარევის გარეშეც, აღსრულების პოლიციის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი. კანონის მიხედვით, აღმასრულებელს შეუძლია იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს როგორც შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, ასევე  აღსრულების პოლიცია, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულია და მისი პირდაპირი და ერთადერთი მოვალეობაა იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა. აღსრულების პოლიციაზე არ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ კანონი, შესაბამისად, სააღსრულებო პროცედურებში მონაწილეობის უფლება მას ძველებურად შეუნარჩუნდება.

აქედან გამომდინარე, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული ცვლილების მიზანი – აღსრულების შეჩერება 2014 წლის 1 თებერვლამდე – მიღწეული ვერ იქნება, რადგან, როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, კანონმდებლობა ითვალისწინებს იძულებით აღსრულებას (მათ შორის, გამოსახლება, გამოყვანა და ა.შ.) პოლიციის მონაწილეობის გარეშეც. სავარაუდოდ, ეს ცვლილება გათვალისწინებული იყო, როგორც დამატება რამდენიმე თვის წინ ინიცირებული კიდევ ერთი ცვლილებისა, რომელიც ასეთ საქმეებზე აღსრულების პროცესის 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა. ცნობისათვის, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მსგავსად, უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ბიზნესომბუდსმენმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ და სხვა ორგანიზაციებმა. მიუხედავად იმისა, რომ გვჯერა რომ, ბევრი ადამიანი ხსენებული პრობლემის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნულ ცვლილებით, ვერ მოგვარდებოდა იმ პირთა პრობლემები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებების შესრულება. ამ პირებს მაინც მოუწევთ ვალების გასტუმრება ან ბინების დათმობა თუნდაც 7 თვის შემდეგ. გარდა ამისა, ახალი რეალობა მცირე და საშუალო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობისთვის შექმნიდა არახელსაყრელ გარემოს, რასაც სამუშაო ადგილების შემცირებაც და საინვესტიციო გარემოს გაუარესება მოყვებოდა. ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, პარლამენტმა პროექტის განხილვა  შეაჩერა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ „პოლიციის შესახებ“ კანონის წარმოდგენილ ცვლილებას ცალკე ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა მისი მიღებით შეიძლება მოვალეებს გაუჩნდეთ ფუჭი იმედი, რომ მათ ვერ გამოასახლებენ, რეალურად კი გამოსახლება მაინც იქნება შესაძლებელი.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება და შეცდომაში არ შეიყვანოს დაზარებული მოქალაქეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებ ქმედებად და არა – ქვეყნისთვის გრძელვადიანი სარგებლის მომტან ნაბიჯად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“