იფიქრეთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და დაასაქმეთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ორგანიზაციებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იფიქრეთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და დაასაქმეთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ორგანიზაციებში

03 დეკემბერი, 2015

 

ომარ როდონაიას შესახებ საზოგადოებამ გაზეთ “ბათუმელებიდან” გაიგო. ჟურნალისტმა ნანა კვაჭაძემ ერთ სტატიაში ჩაატია იმ ადამიანის გასაჭირი, რომელსაც სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ვამჩნევდით დიდი ხნის განმავლობაში.

სტატიის ათასობით მკითხველში ასობით ადამიანი მისი დამხმარე აღმოჩნდა - ქველმოქმედების მასშტაბი საქართველოს ფარგლებს გასცდა და დიდ ბრიტანეთშიც კი დაიწყეს მისთვის განკუთვნილი შემოწირულობების შეგროვება.

მატერიალურ სიდუხჭირესთან ერთად, ომარისთვის სოციალიზაციაც პრობლემაა - სტიგმამ პრაქტიკულად კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ უბიძგა, ამას ჯანმრთელობის გაუარესებაც დაერთო. გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალს მაინც მიაგნო - “ბათუმელების” მთავარ რედაქტორთან ეთერ თურაძესთან საუბარმა სტატიის მომზადებას დაუდო საფუძველი - ომარმა საკუთარ ხმა გაგვაგონა!

ორგანიზაციაში იმაზე ფიქრი დავიწყეთ, როგორ აღმოგვეჩინა დახმარება მისთვის, ვიფიქრეთ რომ ამ ადამიანისთვის ერთჯერადი დახმარების გაწევა (რაც ასევე გავაკეთეთ) არ არის ის, რას მის ყოფას ღირსეულს გახდის. ვიცით, რომ ამ ადამიანებს საზოგადოებისგან არა შეცოდება, არამედ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობის შეგრძნება სჭირდება. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ,  რომ ომარს დავასაქმებდით ბათუმის ოფისში. ხელშეკრულებას ხელი უკვე მოვაწერეთ - მისი დახმარებით ვეცდებით უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების მცირე ბაზა შევქმნათ და მათი პრობლემების შესახებ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა, ეს იქნება განცხადება, წერილი თუ ადვოკატირების სხვა ფორმა. მატერიალურ სტაბილურობასთან ერთად, ომარი რეალიზების შესაძლებლობას მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ პირველ ასეთ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული პირებისგანაც შემხვედრი გადაწყვეტილებები მოჰყვება.

უპირველესად კი ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას და დევნილთა სამინისტროს ვგულისხმობთ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გაზეთ “ბათუმელებთან” საუბარში საზოგადოებას დაპირდა, რომ ომარს საცხოვრებელი კეთილმოწყობილი ფართით უზრუნველყოფს (უკიდურეს შემთხვევაში, გაარემონტებენ იმ ოთახს, სადაც ომარი ამჟამად ცხოვრობს, უზრუნველყოფენ სველი წერტილებითა და გათბობით). მეორე საკითხია ომარისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თემა - შესაბამისი დოკუმენტაციით წერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში უკვე გავაგზავნეთ. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობას გადაუგზავნის ომარისთვის დევნილის სტატუსისა და იმ სოციალური დაცვის მექანიზმების მისაღებად, რაც სტატუსთან არის დაკავშირებული.

ქალაქის თვითმმართველობის მიერ ომარის განსახლების საკითხის გადაწყვეტაში სავარაუდოდ რამდენიმე თვე გავა, მას კი ასეთ პირობებში ზამთრის გადატანა გაუჭირდება. საბედნიეროდ, “ბათუმელების” სტატიის გამოქვეყნებიდან ძალიან მალე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყოველთვიურად შეაგროვებენ თანხას მისი ახალი ბინის ქირის გადასახდელად. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” გადაცემა “რეალური სივრცის” ჟურნალისტებს. ბინის ძებნაში ჩართულია ჩვენი ორგანიზაციის ბათუმის ოფისიც. იმედია, რამდენიმე დღეში ომარი გაცილებით უკეთეს პირობებში იცხოვრებს, ვიდრე ახლა.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ალბათ ძალიან ცოტა ძალისხმევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყოველი დღე ისეთი ადამიანების იყოს, რომლებიც არ უშინდებიან სირთულეებს და კარჩაკეტილობამ არ გააბოროტა. გვინდა ვთხოვოთ ყველა ორგანიზაციას და მოქალაქეს, მაქსიმალურად იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გავუადვილოთ ამ ადამიანებს ცხოვრება და როგორ მოვახდინოთ მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. იფიქრეთ მათზე, როდესაც ახდენთ ქალაქის დაგეგმვას, სოციალური პროგრამების იმპლემენტაციას და რაც მთავარია, საკადრო პოლიტიკის შემუშავებას. მიეცით მათ საშუალება, გამოიჩინონ თავი და დაასაქმეთ თქვენს ორგანიზაციებში. ეს მათთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნება.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“