„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღების ვალდებულება კვლავ შეუსრულებელი რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღების ვალდებულება კვლავ შეუსრულებელი რჩება

21 დეკემბერი, 2021

წინამდებარე პუბლიკაცია ეხება კანონს „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“, რომლის მიღებით უნდა შევსებულიყო საჯარო მმართველობის სფეროს კანონმდებლობაში არსებული თეთრი ლაქები და გაზრდილიყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტები. საქართველოს მთავრობას შესაბამისი კანონპროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა წარედგინა პარლამენტში, თუმცა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

ნებისმიერ ქვეყანაში საჯარო მმართველობის სისტემები რეგულარულ განახლებას და რეფორმირებას საჭიროებს, რათა სახელმწიფომ ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ ტექნოლოგიურ ცვლილებებს. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის და ათწლეულების განმავლობაში ქვეყანამ საჯარო მმართველობის რეფორმის არაერთი ეტაპი გამოიარა. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პლატფორმები, რომელთა ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი საჭირო რეფორმის განხორციელების ვალდებულება აიღო. ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს თამაშობს 2014 წელს ხელმოწერილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და მისგან გამომდინარე ასოცირების დღის წესრიგები და ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დაგროვდა არაერთი ისეთი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა აღებული და დღემდე არ შეუსრულებია.

ინფორმაციის თავისუფლების რეგლამენტირების და მკაფიო მოწესრიგების საჭიროება საქართველოში მრავალი წელია დგას. დღესდღეობით საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე მუხლშია გაბნეული და შინაარსიც ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს: ბუნდოვანია ნორმების გავრცელების საზღვრები, არასაკმარისადაა განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ცნება, არ არსებობს დარღვევებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი და ა.შ.

ახალი კანონის ინიცირების ვალდებულება მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს აიღო, როდესაც ის ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის 2014 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აისახა.[1] იმავე წელს ვალდებულება დაკონკრეტდა „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში, როდესაც მთავრობის დადგენილებით[2] განისაზღვრა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონპროექტი პარლამენტსა და მთავრობას 2015 წლის გაზაფხულზე წარედგინებოდა.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ახალი კანონის მიღების მიზანი იყო „ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმების დახვეწა; კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრა; ნათელი და კონკრეტული რეგულირებების შემუშავება.“ მთავრობის დადგენილებით, ვალდებულების შესრულების პასუხისმგებელ უწყებად იუსტიციის სამინისტრო განისაზღვრა.

2014 წელს იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტის პირველი ვერსია იმავე წელს შექმნა.[3] მიუხედავად ამისა, 2015 წელს კანონპროექტის წარდგენა არ მომხდარა.

ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის სამოქმედო გეგმაში იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებად კანონპროექტის მთავრობისთვის წარდგენა იყო განსაზღვრული,[4] თუმცა სამინისტროს კანონპროექტი არც 2016 წელს წარუდგენია მთავრობისთვის. ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის თანახმად: „მიმდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის დახვეწა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად და პარლამენტს დასრულებისთანავე წარედგინება.“[5]

2016 წლის დეკემბერში მთავრობის დადგენილებით განახლდა „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ.), რომელშიც კანონპროექტის ინიცირების ახალ ვადად 2017 წლის დეკემბერი განისაზღვრა.[6] იგივე ვადები განისაზღვრა ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმაშიც.[7]

2017 წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის პირველი ვერსია.[8] კანონპროექტის ამ ვერსიით გათვალისწინებული იყო ახალი ინსტიტუტის - ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის შემოღება, რომლის ფუნქციაც ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის თავისუფლების დაცვის ზედამხედველობა უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოვიდა და დაზუსტდა კანონში აქამდე არსებული ტერმინები და განმარტებები,[9] საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, რეესტრის წარმოების წესები და ინფორმაციის დამუშავების კრიტერიუმები. შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის მიღებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიები.

კანონპროექტის ტექსტის გასაჯაროების და დაინტერესებული მხარეების მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის შენიშვნების მიწოდების მიუხედავად, 2017 წლის დეკემბერში კანონპროექტის მთავრობისთვის ან პარლამენტისთვის წარდგენა არ მომხდარა.

ამის შემდეგ ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრა კანონპროექტის ინიცირების ახალი ვადა – 2018 წლის ივლისამდე.[10] მას შემდეგ რაც იუსტიციის სამინისტრომ კვლავ არ შეასრულა ვალდებულება, ახლა უკვე 2019 წლის სამოქმედო გეგმით ინიცირების ვადად 2019 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდი განისაზღვრა.[11] პროექტის ინიცირება არც ამ ვადებში არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის” საქართველოს 2018-2019 წლების და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 და 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმებში „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ვალდებულება უკვე ვეღარ მოხვდა.

გარდა ჩამოთვლილი შეთანხმებებისა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონპროექტის” მთავრობისთვის წარდგენის ვალდებულება განსაზღვრულია საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით[12] და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით[13]. ორივე დოკუმენტით კანონპროექტის მთავრობისთვის წარდგენის ვადად 2019 წლის IV კვარტალი იყო განსაზღვრული, ხოლო პასუხისმგებელ უწყებად იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განისაზღვრა.[14]

„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” კანონის მიზანია, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და საჯარო რესურსებზე საზოგადოებრივი კონტროლისთვის დამატებითი და აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლები შექმნას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის გაზრდის გზით. შესაბამისად, აუცილებელია, იუსტიციის სამინისტრომ და მთავრობამ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, განაახლონ/დაიწყონ კანონპროექტის ინიცირების პროცესი, რათა რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს აღებული ვალდებულებები.

 


[1] საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ, 2014 წლის 3 სექტემბერი, მთავრობის განკარგულება N1516, დანართი გვ. 44, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496190?publication=0

[2] „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის #557 დადგენილება, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2510377?publication=0

[3] „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში”, IDFI, 2016 წელი https://idfi.ge/ge/access-to-opena-data-in-georgia

[4] საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ცხრილის N70.10. რიგი: https://bit.ly/3zbUsaG 

[5] საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, ცხრილის N 70.10 რიგი  https://bit.ly/2VTyHxX

[6] „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის #539 დადგენილება, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3456448?publication=0

[7] საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ცხრილის  N32.1. რიგი,  https://bit.ly/31tv1WM

[8] პროექტის ტექტი, https://bit.ly/3ioCMBP

[9] მაგალითად, საჯარო დაწესებულებად ჩაითვალა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაეკისრა კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც (შპს, სს) სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 50% ან მეტია.

[10] საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ცხრილის N3.1. რიგი, https://bit.ly/3xRNnvK

[11] საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ცხრილის N50.1 რიგი, https://bit.ly/2TmhBbf

[12] „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივნისის N274-ე დადგენილება, http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=423&info_id=72422

[13] „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 ოქტომბრის

N484-ე დადგენილება, https://matsne.gov.ge/ka/document/view/4586360?publication=0

[14] იქვე, დანართი 2, აქტივობა N3.1.1.