ENG

იმერეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა

13 ნოემბერი, 2018

 

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან შედარებით, გაზრდილია. ამასთან, სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალია. მიუხედავად ამისა, ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს შორის დაბალია.

2014 წლის მოწვევის საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობა 11.6 %-ს შეადგენდა, 2017 წელს არჩეულ  საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 15.5 %-ია. 2017 წელს იმერეთის საკრებულოებში 374 წევრი აირჩიეს, რომელთაგან 316 მამაკაცი, 58 კი ქალი იყო, 2014 წელს არჩეული 379 წევრიდან 336 მამაკაცი იყო და მხოლოდ 43 - ქალი.

მიუხედავად ქალთა წარმომადგენლობის ზრდისა, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალების რაოდენობა მაინც მცირეა.

იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტიდან 3-ში (ხარაგაული, ტყიბული, თერჯოლა) საკრებულოს თავმჯდომარე ქალია. მხოლოდ ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებს ჰყავთ ქალი მოადგილე. ზოგადად, საკრებულოების თანამდებობის პირებს შორის 169 მამაკაცია, 33 კი ქალი, რაც თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 16.3%-ს შეადგენს.

რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერი მამაკაცია, მათ 22 მოადგილეს შორის კი მხოლოდ სამი ქალია: ქუთაისის, ტყიბულისა და ჭიათურის მერიებში.

მერიის სამსახურების უფროსების უმრავლესობაც მამაკაცია: 103 სამსახურის უფროსს შორის 84 მამაკაცია, 19 კი ქალი. განსხვავებული მდგომარეობაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც  სამსახურის უფროსის 6 პოზიციიდან, 4 ქალს უკავია.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების (ე.წ. სოფლის გამგებელი) გენდერულ გადანაწილებას, რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის მერების 184 წარმომადგენელს შორის 170 მამაკაცია, 14 კი ქალი, რაც საერთო რაოდენობის 7.6%-ს შეადგენს. მხოლოდ მამაკაცი წარმომადგენლები ჰყავთ ადმინისტრაციულ ერთეულებში ზესტაფონის, ვანის, ბაღდათისა და ჭიათურის მერებს.