„ჰუმანითი ჯორჯია“ -გამოუცდელი კომპანია, რომელმაც მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა
წინა კვირას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პაციენტებისთვის „ჰუმანითი ჯორჯიას’’ მაღალხარისხიანი მედიკამენტები შეღავათიან ფასებში უკვე ხელმისაწვდომია. მისი განმარტებით, სამინისტროს მიზანი რომელიმე კომპანიის ლობირება კი არ არის, არამედ ისეთი სისტემის შექმნაა, რომელიც ხარისხს და კონკურენციას უზრუნველყოფს. „ჰუმანითი ჯორჯია’’ შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც ჩაერთოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მინისტრი ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ იგივე პირობებით სხვა კომპანიებიც გამოჩნდებიან, რადგან ეს ბაზარზე კონკურენიას გაზრდის, თუმცა ამ ეტაპზე „ჰუმანითი ჯორჯია’’ ერთადერთია. ამ კომპანიას „საპარტნიორ ფონდი” დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარით აფინანსებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ერთგვარი ექსკლუზიური ურთიერთობა მცირე გამოცდილებისა და ისტორიის მქონე ამ კომპანიასთან ბევრ კითხვას აჩენს, ასევე, ვფიქრობთ, რომ ამ პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კონკურენცია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.
„ჰუმანითი ჯორჯია’’ სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2015 წლის 29 აპრილს დარეგისტრირდა. მისი ხელმძღვანელი ანდრეი კუზმაა. როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ვკითხულობთ, „ჰუმანითი არის ფარმაცევტული კონცერნი, რომელიც სპეციალიზდება მედიკამენტების შექმნა-განვითარებასა და წარმოებაზე. ჰუმანითის პროდუქციის პორთფოლიოში შედის 700-ზე მეტი ფართო სპექტრის სხვადასხვა დოზისა და მიღების წესის მქონე მედიკამენტი. განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის ასევე ჰუმანითის 156 ახალი პროდუქცია (ჰუმანითის კვლევისა და განვითარების ცენტრი).’’ კომპანიის სტრატეგია ქართულ ბაზარზე იაფი წამლების იმპორტია, ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა - წარმოება და შემდეგ პრეპარატების ექსპორტზე გატანა, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ საავადმყოფოებთან ურთიერთობით შემოიფარგლება. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანია ანალოგიური სქემით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ეს პროექტი დასრულებული სახით მხოლოდ საქართველოშია და სხვა ქვეყნებში ის მხოლოდ დამუშავების ეტაპზეა.
„საპარტნიორო ფონდის” ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს „საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით Humanity Holding GmbH-მა სს „ჰუმანითი ჯორჯია" (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" (Humanity Georgia) შორის გააფორმდა. ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ასევე კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.’’
როგორც აღინიშნა, სს „ჰუმანითი ჯორჯია’’ Humanity Holding GmbG-ის შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი ავსტრიული კომპანიაა. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია Humanity Holding GmbH-ს ისტორია და დავადგინეთ, რომ ამ კომპანიის მმართველი დირექტორი არის ნორბერტ კუდერი. კომპანია დარეგისტრირებულია ვენაში 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით ორი თვით ადრე სანამ „ჰუმანითი ჯორჯია’’ საქართველოში დარეგისტრირდებოდა. აქედან ნათელია, რომ Humanity Holding GmbH-ი ახალი კომპანიაა და მას აღნიშნულ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კიდევ ერთი ავსტრიული კომპანია ProjectH Holding GmbH-ია, რომლის მმართველი დირექტორიც იგივე ნორბერტ კუდერია. ავსტრიულ სამეწარმეო რეესტრში ეს ადამიანი კიდევ ხუთი კომპანიის მმართველ დირექტორად ფიგურირებს, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა კუდერს მხოლოდ კომპანიების საკუთარ სახელზე დარეგისტირერება ევალება, მათი რეალური მენეჯერები კი სხვები არიან.
სს „საპარტნიორო ფონდიდან’’ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ფონდში, „ჰუმანითი ჯორჯიას’’ პროექტის პირველადი განხილვა დაწყებულია 2015 წლის 8 აპრილს, პარტნიორთა შეთანხმება დამტკიცებულია ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2015 წლის 20 ნოემბერს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტის ფინანსურ დეტალებზე და მისი განხორციელების გეგმაზე. საწარმოს მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია - 2016 წლის აპრილი-მაისი, პროექტის განხორციელების ხანგრძლივობა კი - 24 თვეა. „საპარტნიორო ფონდი” საკუთარი მანდატის შესაბამისად მონაწილეობას იღებს პროექტის კაპიტალის ფორმირებაში არა უმეტეს 49.9%-ის წილით (ბიზნესგეგმის თანახმად დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარი), თუმცა ფონდის მონაწილეობის ოდენობა საბოლოოდ დაზუსტდება პროექტის ფინანსურ დეტალებზე და მისი განხორციელების გეგმაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი კომპანია პასუხისმგებელი იქნება პროექტისათვის საჭირო სხვა დაფინანსების (სესხი და კაპიტალშენატანი) მოზიდვაზე, აგრეთვე პროექტის წარმატებით განხორციელებაზე და დამატებით იღებს ვალდებულებას ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ გამოისყიდოს ფონდის წილი წინასწარ შეთანხმებულ ფასად, რომელიც აღემატება ფონდის პირველადი ინვესტიციის ღირებულებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH ახალი შექმნილია და ის ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობს. ასევე ნათელია, რომ კომპანიამ მოლაპარაკებები ჯერ მთავრობასთან დაიწყო და რაც მათგან მხარდაჭერა მიიღო მას შემდეგ მოხდა მისი საქართველოში დარეგისტრირება.
კითხვებს ბადებს ის ფაქტი, თუ რატომ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინიტრო „ჰუმანითი ჯორჯიასთან’’, როცა ეს კომპანია არის ახალი, გამოცდილების არმქონე. მაშინ როცა საქართველოში არის ბევრი სხვა ფარმაცევტული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით. მაგალითად, ერთ-ერთ ტელეინტერვიუში „პსპ”-ეს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ტალღაში მათ მიერ წამლით მომარაგებასთან დაკავშირებით არც კი მიუმართავთ, რომ მიემართათ ანალოგიური მედიკამენტების მიწოდებას იგივე პირობებით ისინიც მოახდენდნენ.
ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას” მენეჯმენტში გიორგი საგანელიძე („საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძის ძმისშვილი) მაღალ პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს, შესაძლოა, მართლაც მაღალი კვალიფიკაცია გააჩნია და გასაკვირი არ უნდა იყოს მისი წარმატებული კარიერა, აღნიშნული ნათესაური კავშირი მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს ამ პროცესში შესაძლო კორუფციული გარიგების არსებობაზე.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას „ჰუმანითი ჯორჯიას’’ მიერ იმპორტირებული და წარმოებული მედიკამენტების ფასები და შესაბამისად ხარისხიც. როგორ ახდენს ან გეგმავს ის კონკურენტებზე დაბალ ფასად მედიკამენტების იმპორტს, წარმოებას და ასევე მათი ხარისხის შესაბამის დონეზე შენარჩუნებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „საპარტნიორო ფონდის” ვებგვერდზე პირდაპირ წერია, რომ ფონდის თანამშრომლობა Humanity Holding GmbH-თან საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით მოხდა, რაც პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა, ან მისი ზოგიერთი წევრი ამ კომპანიას ლობირებს.
საინტერესოა, რომ ეს პროცესი გავს კიდევ ერთ შემთხვევას, როდესაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებითი კორექტირების და მთლიანად ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის 2015 წლის 7 აპრილს 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა გამოუცდელ ბრიტანულ კომპანია „გლობალ ალიანსს” (Global Alliance for Health and Social Compact Ltd). ამასთანავე, რამდენიმე დღით ადრე, 2015 წლის 18 მარტს, „გლობალ ალიანსისგან” 300,000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „საპარტნიორო ფონდმაც” გააფორმა. ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელი იყო გვეთქვა, რომ ამ კომპანიას ჰქონდა საკმარისი გამოცდილება და ექსპერტიზა იმისთვის, რომ მას სათანადოდ დაეგეგმა და განეხორციელებინა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.
ზემოთ აღწერილი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა ან მისი კონკრეტული წევრები, გაურკვეველი ინტერესებიდან გამომდინარე უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ გარკვეულ კომპანიებს, სხვა კომპანიების უგულებელყოფის ხარჯზე. ვფიქრობთ აუცილებელია ამ კითხვებზე ამომწურავი განმარტებების მიღება. უდავოა, რომ ეს გარემოებები ინვესტორებში უნდობლობას იწვევს და აზიანებს ბიზნეს გარემოს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითად აისახება.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
-
განმარტოს თუ რატომ ენდო იმ კომპანიას, რომელსაც გამოცდილება ფაქტობრივად არ გააჩნია და საინტერესოა, რა სარწმუნო ინფორმაციას ფლობს ამ კომპანიის კომპეტენციაზე;
-
მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რეალურად ვინ დგას Humanity Holding GmbH-ის უკან, რათა შემცირდეს კორუფციის რისკები.