გიორგი ჩიკვაიძის საქმე: როგორ გარდაიქმნა პოტენციურად სამოქალაქო დავა პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნად
უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივ დევნას ეხება, პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა. სამართალდამცავ სისტემაში კორუფციულ-ნეპოტისტურ ინტერესებთან ერთად, ამ საქმეში იკვეთება, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი.
რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის ვრცელი ანალიზი, სადაც, სხვა გარემოებებთან ერთად, მივუთითებდით იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენა ივანიშვილმა, თავისი პირადი ფინანსური ინტერესების რეალიზაციის მიზნით, მის კონტროლს დაქვემდებარებული პროკურატურა და მართლმსაჯულების სისტემა თავის ყოფილ ხელქვეითთან თუ დაახლოებულ პირთან არსებითად სამოქალაქო ხასიათის დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტებად.
გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი ასეთი შემთხვევაა, თუ როგორ გარდაიქმნება პროცესის ბოროტად გამოყენების შედეგად პოტენციურად სამოქალაქო დავა სისხლისსამართლებრივ დევნად.
ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე და რატომ შეიძლებოდა ის გამხდარიყო პოლიტიკური დევნის სამიზნე?
გიორგი ჩიკვაიძე, ერთ დროს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი საქართველოში წარმატებით ეწეოდა იახტების ბიზნესს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, როდესაც უარი თქვა ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე. საქმე ეხებოდა დასავლეთის მიერ სანქცირებული, პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ხელშემწყობი ოლიგარქის -- ოლეგ დერიპასკას იახტის თურქეთიდან, საქართველოს დროშით და ბათუმის საზღვაო ზოლის გავლით, რუსეთში გადაყვანას.
რამდენად სიმართლეს შეესაბამება ჩიკვაიძის მიერ მონათხრობი ეს ამბავი, ამის შემოწმების შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცა, ივანიშვილის რეჟიმი რომ რუსეთის მარიონეტია და მისი ყოველი ნაბიჯი რომ პუტინის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამაში ეჭვი დღეს არცერთ პროგრესულ ძალას, მათ შორის, არც ჩვენ ორგანიზაციას ეპარება. ერთი რამ ცხადია, ასეთი დავალება თუ მართლაც არსებობდა, იგი პირადად ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ გაიცემოდა. ასევე ცხადია ისიც, რომ მის შესრულებაზე უარი ივანიშვილს არ მოეწონებოდა, რადგან მის მიმართ დერიპასკას და სხვა რუსი ოლიგარქების და, რაც მთავარია, პუტინის რეჟიმის მესვეურების კეთილგანწყობას ეს გარემოება საფრთხეს შეუქმნიდა.
გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილს და მის რეჟიმს კიდევ ერთ უცნაურ და სკანდალურ ისტორიაში ამხელს, სადაც იკვეთება ივანიშვილის პირადი კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, მან, სუსის დავალებით, იახტა შეიძინა მონტენეგროში მცხოვრები რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრისა და მისი მეუღლისათვის, რომელთანაც, ჩიკვაიძის თქმით, ივანიშვილს მჭიდრო ურთიერთობა აქვს. უკანონობა ამ შემთხვევაში არა იახტის შეძენის ფაქტშია, არამედ -- იახტის შემძენის პიროვნებაში. გარდა ამისა, ჩიკვაიძის თქმით, მან სუსისვე დავალებით, ჩერნოგორიაში ზემოაღნიშნულ წყვილს რაღაც შამანურ-მაგიური თუ სხვა მსგავსი რიტუალებისთვის გამოსაყენებელი ნივთიერება ჩაუტანა, რაც საქართველოს საზღვრის კვეთის დადგენილი წესისა და საბაჟო პროცედურის დარღვევით მოხდა.
გიორგი ჩიკვაიძის საქმის არსი
როგორც გიორგი ჩიკვაიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, 2022 წლის გაზაფხულზე მან და მისმა პარტნიორმა, ჩიკვაიძის კომპანიის - შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ თანადირექტორმა ირაკლი პაპიაშვილმა გაიცნეს დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი, 100% წილის მესაკუთრე და იმ დროს დირექტორი ელგუჯა თურმანიძე, რომელთანაც გარკვეული საქმიანი ურთიერთობები და საერთო გეგმები ჩამოუყალიბდათ. გიორგი ჩიკვაიძის თქმით, მან უზრუნველყო ელგუჯა თურმანიძის და მისი კომპანიის თანამშრომლების ჩაყვანა კანის იახტების ფესტივალსა და დიუსელდორფის გამოფენაზე.
2022 წლის 10 სექტემბერს შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმას“ და შპს „ელთ ბილდინგს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ამ ორი საწარმოს სახელით ხელს აწერდნენ მათი დირექტორები გიორგი ჩიკვაიძე და ელგუჯა თურმანიძე. ნასყიდობის საგანი იყო იტალიური წარმოების “Azimut Atlantis 45 2023” მოდელის იახტა, რომლის ჩამოყვანისა და ელგუჯა თურმანიძის საწარმოსათვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აიღო გიორგი ჩიკვაიძის საწარმომ. თავის მხრივ, ელგუჯა თურმანიძის საწარმომ ვალდებულება აიღო გადაეხადა გიორგი ჩიკვაიძის საწარმოსათვის ნასყიდობის საგნის ფასი 424,500 ევროს ოდენობით. ხელშკრულების თანახმად, იახტის მიწოდების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. იმავე ხელშეკრულების თანახმად, იახტის ფასი მყიდველს უნდა გადაეხადა 4 ტრანშად. ბოლო ტრანშის საბოლოო თარიღად დადგენილ იქნა 2023 წლის 25 აპრილი.
2022 წლის 7 ნოემბერს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში. ცვლილების თანახმად, იახტის ნასყიდობის ფასი შემცირდა და 416,700 ევროთი განისაზღვრა.
სადავო არ არის, რომ „ელთ ბილდინგმა“ დროულად შეასრულა თავისი ვალდებულება და დადგენილ დროში მთლიანად გადაიხადა ნასყიდობის საგნის ფასი.
რაც შეეხება, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, ჩიკვაიძის მიერ დასახელებული გარკვეული გარემოებების გამო -- ზღვაზე შტორმი, დამზადებული იახტის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, მისი შეცვლის შეუძლებლობა და სხვ. -- შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმამ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და დადგენილ დროში ხელშეკრულებაში მითითებული იახტა მყიდველს ვერ მიაწოდა.
აღნიშნული გარემოების გამო, მხარეთა შეთანხმებით, 2023 წლის 31 აგვისტოს 2022 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგნად, “Azimut Atlantis 45 2023” იახტის ნაცვლად, მითითებულ იქნა “CRANCHI M44 HT 2023” მოდელის იახტა. ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადად განისაზღრა 2023 წლის 20 სექტემბერი, ხოლო მიწოდების ადგილად -- ესპანეთის ქალაქი ალიკანტე.
ვინაიდან შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმამ“ ვერც ეს ვალდებულება შეასრულა, 2023 წლის 20 სექტემბერს მხარეებმა კიდევ ერთხელ შეიტანეს ცვლილება 2022 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და იახტის მიწოდების თარიღად განსაზღვრეს 2023 წლის 20 დეკემბერი. გარდა ამისა, იმავე ცვლილებით, გიორგი ჩიკვაიძემ თავის თავზე აიღო ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა და ხელშეკრულებაში, თავის კომპანიასთან ერთად, მითითებულ იქნა, როგორც „თავდები/სოლიდარული მოვალე“.
2023 წლის 15 დეკემბერს მხარეებმა კიდევ ერთი ცვლილება შეიტანეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში და იახტის მიწოდების ადგილად განსაზღვრეს 2024 წლის 15 იანვარი, გარდა ამისა, ამ ცვლილებით ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების თავდებობა და სოლიდარული ვალდებულებები, გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად, აიღეს ირაკლი პაპიაშვილმა და შპს „რამსეს იახტსმა“, რომლის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი ირაკლი პაპიაშვილი იყო.
გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა გადაწყვიტეს დაებრუნებინათ „ელთ ბილდინგისთვის“ გადახდილი იახტის საფასური. ამ მიზნით, 2023 წლის დეკემბერში, ირაკლი პაპიაშვილის ანგარიშიდან „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე ჩაირიცხა 50 000 ევრო. გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ვალი გადახდილი იქნებოდა სრულად, რომ არა მისი და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც, მისი შეფასებით, წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და პოტენციურად სამოქალაქო დავის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების უკანონო გამოყენებით გადაჭრის მცდელობას.
გიორგი ჩიკვაიძის თქმით, რაც მან მისი გამოკითხვის დროს დააფიქსირა, ელგუჯა თურმანიძე მას ერთხელ დამუქრებია, რომ მისი ნათესავი -- ვლადიმერ თურმანიძე -- აჭარის პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირი იყო და, რომ ამ უკანასკნელის მეშვეობით ის მას გაანადგურებდა, რადგან ამ სამოქალაქო ტიპის საქმეს „ლამაზად გადაიტანდა სისხლის სამართალში“.
ცნობისათვის, საუბარია იმ ვლადიმერ თურმანიძეზე, რომელმაც თავი მზია ამაღლობლის საქმის პროკურორობით გამოიჩინა, რისთვისაც ესტონეთმა და ლიეტუვამ იგი დაასანქცირა.
გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის დარღვევით
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ელგუჯა თურმანიძის მუქარა, თუ ის მართლა იქნა გახმოვანებული, ლიტონი სიტყვები არ ყოფილა.
2024 წლის 23 იანვარს შედგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, აღნიშნულ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის („თაღლითობა“) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით („ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“) და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („დიდი ოდენობით“). გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შპს „ელთ ბილდინგის“ დირექტორის -- გიორგი კასრაძის 2024 წლის 17 იანვრით დათარიღებული განცხადება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ზაზა მეტონიძის 2024 წლის 23 იანვრის დადგენილებით, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. აღნიშნულ დადგენილებაში აღიარებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას. თუმცაო, ნათქვამია დადგენილებაში, „საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად მიზანშეწონილია სისხლის სამართლის N... საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს.“
დადგენილებაში მითითებული საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანება წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის მიღებული, რომ განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის საკითხები.
აღნიშნული ბრძანების დანართის, სახელწოდებით „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა“, პირველი პუნქტის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი“. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნული დანართი რაიმე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ფაქტია, რომ აღნიშნულ დანაშაულზე მითითებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უნდა დაწყებულიყო არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, მაგალითად, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. ამგვარ უფლებამოსილებას ციტირებული ნორმა აჭარის პროკურორს არ გადასცემს.
აჭარის პროკურორის ზემოთ ხსენებულ დადგენილებაში, დადგენილების იურიდიულ საფუძვლებად, სხვა აქტებთან ერთად, მითითებულია საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 მარტის N34-გ, 2020 წლის 06 მაისის N021 და N016 ბრძანებები, რომელთაგან პირველი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და საქართველოს პროკურატურის ვეგვერდებზე არ იძებნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ დადგენილებას, ისინი არათუ არ ანიჭებს აჭარის პროკურორს უფლებამოსილებას ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღოს საქმე ერთი ორგანოდან და გადასცეს მეორეს, არამედ 2020 წლის 06 მაისის N021 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად აჭარის ა/რ პროკურორი უფლებამოსილია ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში, ანუ გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანებით დამტკიცებული ქვემდებარეობის წესით და არა სხვაგვარად. იმავე დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს ამოცანებია ა/რ პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება. ანუ, საგამოძიებო სამმართველო ვერ გამოიძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი ქვემდებარეობის წესის თანახმად პროკურატურის ქვემდებარე არ არის.
გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავის ზემოაღნიშნულ დადგენილებაში აჭარის პროკურორი საქმის აჭარის პროკურატურისთვის გადაცემის მოტივად მიუთითებს „საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების“ ჩატარების მიზანზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად (იხ. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი), საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ვალდებულება ყველა სამართალდამცავი ორგანოს გამომძიებლის საერთო ვალდებულებაა და საქმის ერთი ორგანოდან ამოღების და მეორესთვის გადაცემის საფუძველი ის ვერ გახდებოდა. გარდა ამისა, გაუგებარია, როგორ „გადასცა“ ეს საქმე აჭარის პროკურორმა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას, თუ საქმის გამოძიება ისედაც აჭარის პროკურატურაში დაიწყო.
ზემოაღნიშნული დარღვევები იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ჩიკვაიძის განცხადება, რომ ელგუჯა თურმანიძე მას განადგურებით ემუქრებოდა და ამ მუქარის რეალობასთან შესაბამისობის საბუთად აჭარის პროკურატურაში გავლენიანი ნათესავის არსებობაზე მიუთითებდა, შესაძლოა, მართლაც სიმართლეს შეესაბამებოდეს. სხვაგვარად, ძნელია რაიმე სხვა ახნა მოეძებნოს იმ გარემოებას, თუ საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის როგორი დარღვევა მოუხდა აჭარის პროკურორს იმისათვის, რომ ერთი ჩვეულებრივი, არსებითად სამოქალაქო საქმის გამოძიება მაინცდამაინც აჭარის პროკურატურისათვის დაექვემდებარებინა.
საქმის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა -- კიდევ ერთი თვითნებური აქტი
ის გარემოება, რომ საქმის გამოძიება აჭარის პროკურატურამ თვითნებურად, საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის დარღვევით, თავის თავს დაუქვემდებარა, ირიბად აღიარებულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ. 2024 წლის 1 მარტს გენერალური პროკურორის მოადგილემ - გიორგი ბადაშვილმა მიიღო დადგენილება საქმის გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისათვის გადაცემის შესახებ. დადგენილებაში, სხვა აქტებთან ერთად, მითითებულია გენერალური პროკურორის 2020 წლის 26 მარტის N33-გ და N34-გ ბრძანებებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში არ იძებნება.
საქმის აჭარის პროკურატურიდან ამოღების და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისათვის გადაცემის მიზეზი და მიზანი დადგენილებაში ახსნილი არ არის. ასევე არ არის ახსნილი, თუ რატომ გადაეცა საქმე აღნიშნულ ორგანოს მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის გამოძიება ისევე არ არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე, როგორც არ იყო აჭარის პროკურატურის ქვემდებარე. უფლებამოსილების ქონა მისი გამოყენების აბსოლუტური დისკრეციის ქონას არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ცხადია, არ წარმოადგენს.
გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თაღლითობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და მითვისების შემადგენლობის უქონლობა
2024 წლის 4 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსმა პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა მიიღო დადგენილებები გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის ბრალდების შესახებ. ორივე მათგანს ბრალი წარედგინა არა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის -- თაღლითობა -- ჩადენაში, რითაც დაიწყო მათ მიმართ გამოძიება, არამედ იმავე კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის -- მითვისება ჩადენაში. კერძოდ, ბრალი წარდგენილი იქნა 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“) და „დ“ ქვეპუნქტებით („სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“), აგრეთვე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („დიდი ოდენობით“). გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
როგორც უკვე აღინიშნა, გამოძიება თავდაპირველად თაღლითობის ფაქტზე მითითებით მიმდინარეობდა. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი „თაღლითობას“ განმარტავს, როგორც „მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თაღლითობის განხორციელების დროს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რის გამოც დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშანს (საქმე №1288აპ-24, 13 თებერვალი, 2025 წელი, პ. 5.3). ამასთან, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ხერხი წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს (საქმე №712აპ-17, 22 მაისი 2018 წელი). გარდა ამისა, იმისათვის, რომ პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი თაღლითობის ჩადენაში, უტყუარად უნდა იქნეს დადგენილი დანაშაულის სუბიექტური მხარე, რომ პირს გარკვეული ვალდებულების აღებისას წინასწარ ჰქონდა განზრახული სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება და მიზნის მისაღწევად მოქმედებდა სპეციალური ხერხის – მოტყუების გამოყენებით (№479აპ-24, 8 აგვისტო, 2024, პ. 8).
საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა იმაში, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, ანუ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს უკვე არ ჰქონდათ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების განზრახვა და სურვილი, რომ ამის სანაცვლოდ მათ განზრახული ჰქონდათ ნასყიდობის ფასის შესაბამისი ფულადი სახსრების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამისთვის ისინი ატყუებდნენ მყიდველს. გაუგებარია, ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებს შორის არსებული ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციის რომელი ნაწილი შეიცავდა ტყუილს. ბოლოს და ბოლოს, ჩიკვაიძე და პაპიაშვილი არათუ არასდროს გაურბოდნენ პასუხისმგებლობას, მათ პირადი პასუხისმგებლობაც აიღეს მათი კომპანიის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე, როდესაც თავდებობა იკისრეს.
როგორც ჩანს, გამოძიების რაღაც ეტაპზე ეს გარემოება კარგად გააცნობიერეს გენერალურ პროკურატურაშიც და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც. როგორც ჩანს, სწორედ ამ მოსაზრებით შეცვალეს მათ ტაქტიკა და ბრალად ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს მითვისება წარუდგინეს, რითაც საკუთარი თავი კიდევ უფრო მძლავრ ხაფანგში გახვიეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველ ნაწილში მითვისება ან გაფლანგვა განმარტებულია, როგორც „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა.“
დანაშაულის ობიექტური მხარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ის, რომ ნივთი ან ქონებრივი უფლება „სხვისი“ უნდა იყოს. საკუთარი ნივთი ან ქონებრივი უფლება პირს შეუძლია ისე განკარგოს, როგორც მას მოესურვება. შესაბამისად, საკუთარი ნივთის ან ქონებრივი უფლების საკუთარი შეხედულების შესაბამისად გამოყენება, განკარგვა, დახარჯვა და სხვ. არავის შეიძლება ჩაეთვალოს მითვისებად ან გაფლანგვად.
როგორც ზემოთ ითქვა, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი). მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია (და საკმარისია), რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სკ 186-ე მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, ფული, როგორც მოძრავი ქონება, რომელიც მყიდველმა -- შპს „ელთ ბილდინგმა“, ნამდვილი უფლების საფუძველზე, რომელიც 2022 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, წინასწარ გადაუხადა გამყიდველს -- შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმას“, გადახდისთანავე ამ უკანასკნელის საკუთრება გახდა.
მხარეებს შორის არ დადებულა, მაგალითად, დავალების ხელშეკრულება (სკ 709-ე - 723-ე მუხლები), რომლის შემთხვევაშიც ივარაუდება, რომ ქონება, რომელიც მარწმუნებელმა გადასცა მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად, მარწმუნებლის ქონებაა (სკ 716-ე მუხლი).
შესაბამისად, პროკურატურა ბრალდებულებს ბრალს სდებს იმ ქონების „მითვისებაში“, რომელიც მყიდველის - შპს „ელთ ბილდინგის“ საკუთრებიდან იმ მომენტში გავიდა, როდესაც იგი შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს კი ნიშნავს, რომ არ არსებობს მითვისების შემადგენლობა. ბრალდებულებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომელსაც ისინი ვერ ჩაიდენდნენ, თუნდაც ამის დიდი სურვილი ჰქონოდათ. თეორიულად ბრალდებულებს შეიძლება მიეთვისებინათ მხოლოდ შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ფულადი სახსრები. თუმცა, პროკურატურა ამაში ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალს არც სდებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება
2024 წლის 5 ივლისს, მას შემდეგ, რაც გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალი წაუყენეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მაგრამ 2025 წლის 11 მარტს სასამართლომ კვლავ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილის მიმართ გირაო ძალაში დატოვა.
პროკურატურის და სასამართლოს შეცვლილი პოზიცია, დიდი ალბათობით, განპირობებული იქნა ივანიშვილის რეჟიმის პოზიციის შეცვლით, რომელიც, როგორც ჩანს, ძლიერ გააბრაზა გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევამ. ამას მოწმობს პროკურორ ჯავარაშვილის განცხადებაც: „მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.
რადგან პროკურორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები ამგვარი განცხადების დასასაბუთებლად, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ „ინფორმაცია“ ჩიკვაიძის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის შესახებ არის პროკურატურის მიერ შეთხზული.
Pacta sunt servanda
სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს. Pacta sunt servanda. ეს პრინციპი, ცხადია, გიორგი ჩიკვაიძეს და მის კომპანიასაც ეხება. არ არის სადავო, რომ ჩიკვაიძის საწარმომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ვერ შეასრულა. რატომ ვერ შეასრულა, რა ფაქტორებმა შეუშალა მას ხელი და უნდა დაკისრებოდა თუ არა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მას პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი უნდა გაერკვია სამოქალაქო სასამართლოს.
თუმცა, პრობლემა ის არის, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სხვა გზა აირჩია. არის ნიშნები იმისა, რომ იგი ცდილობს საკუთარი კორუფციულ-ნეპოტისტური კავშირებისა და ამ საქმის მიმართ რეჟიმის პოლიტიკური ინტერესის შეხამებას და სათავისოდ გამოყენებას. მთავარი პრობლემა კი ისევ და ისევ არალეგიტიმური რეჟიმის ხასიათშია, რომლისთვისაც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება მისი პოლიტიკური, სტრატეგიული, ფინანსური, კორუფციული თუ სხვაგვარი ინტერესებისათვის მისი არსებობის აუცილებელი ფაქტორი გახდა.
დასკვნა
- გიორგი ჩიკვაძის საქმე არსებითად სამოქალაქო ხასიათისაა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი სამოქალაქო დავის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხილულიყო.
- გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების ამოქმედება წარმოადგენს ამ მექანიზმებისა და მთლიანად სამართალდამცავი/მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას.
- სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მოტივი, დიდი ალბათობით, ორგვარია: ერთი მხრივ, იკვეთება გიორგი ჩიკვაიძის მოწინააღმდეგე მხარის კორუფციულ-ნეპოტისტური ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმის ინტერესი, რომ ანგარიში გაუსწოროს ერთ დროს მის მხარდამჭერ ბიზნესმენს, რომელმაც გაბედა და ჯერ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი, ხოლო შემდეგ ამის შესახებ საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი.