განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-19:30)
ჩვენი დაკვირვებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კვლავ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მარნეულის 36.22 ოლქი, რომლის უბნებზეც მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა დაძაბულობა. უბნების გარეთ მობილიზებულები არიან პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები. არსებობს რისკი, რომ 20:00 საათის შემდეგ ხმების დათვლის პროცესის მიმდინარეობისას კიდევ უფრო გაიზარდოს დაძაბულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოები საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად.
მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
გორის 42.32 ოლქის 44-ე უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ალბერტ მერებაშვილს. მისი თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან” კობა ბერიანიძე და მისი თანმხლები პირები. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
ხელვაჩაურის 72.83 ოლქის მე-20 და 45-ე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსისპირება მოხდა კომისიის წევრებს, წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს შორის. ამ ეტაპზე სიტუაცია განმუხტულია.
მცხეთის 27.17 ოლქის 24-ე უბანზე გადასატანი ყუთისთვის წაღებული ბიულეტენებიდან კომისიის წევრებმა უკან მოიტანეს ერთით ნაკლები, მიზეზი უცნობია, ყუთის წამღებები აცხადებენ, რომ ბიულეტენი ალბათ დაეკარგათ.
ბათუმის 69.30 ოლქის მე-7 უბანზე, ასევე თბილისის მთაწმინდის 01.01 ოლქის პირველ, მე-9 და 25-ე და ისნის 09.07 ოლქის 35-ე უბნებზე დღის განმავლობაში გამოცხადდნენ ის ამომრჩევლები (ერთიანობაში 17-მდე ამომრჩეველი), რომლებსაც აღენიშნებოდათ მარკირება. არც ერთ აღნიშნულ უბანზე ეს ამომრჩევლები ხმის მისაცემად არ შეუშვეს.
ქუთაისის 38.59 ოლქის 59-ე უბანზე „ქართული ოცნების” წარმომადგენელი უბანზე ეწეოდა აგიტაციას, მოუწოდებდა შემოხაზოს #41.
სამგორის 13.06 ოლქის 71-ე უბანზე იძულებით გადაადგილებულ ამომრჩეველს უფლება მისცეს მხა მიეცა დევნილის მოწმობის გარეშე.
ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული პირი მაინც დატოვა უბანზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ აქტივისტებს და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია და საშუალება მისცენ საარჩევნო კომისიის წევრებს მშვიდ გარემოში მოახდინონ ხმების დათვლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 31 ოქტომბერს 11:30-ზე. სადაც წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დაკვირვება შესაძლებელი გახდა შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით: Polish Aid, SolidarityFund PL, Open Society Georgian Foundation.