ENG

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00)

30 ოქტომბერი, 2016

 

ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები იმყოფებიან, დროულად გაიხსნა.

ამ დროისთვის ჩვენ მიერ დაფიქსირდა 30-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 6 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც ტენდენციის სახით დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიების (ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”) დანიშნული წევრების მიერ უარის თქმა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა:

  • მთაწმინდის 1.01 ოლქის მე-8 უბაზე;
  • სამგორის 13.06 ოლქის 71-ე უბანზე;
  • კრწანისის 07.04 ოლქის მე-9 უბანზე;
  • ბათუმში 69.79 ოლქის მე-10 უბანზე;
  • გორის 41.32 ოლქის 35-ე უბანზე.

ბაღდათის 51.52 ოლქის მე-13 და რუსთავის 30.20 ოლქის 24-ე უბნებზე ჩვენი დამკვირვებლები არ შეუშვეს. მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ სამკერდე ნიშანზე არ ეწერა კონკრეტულად იმ უბნის ნომერი, რომელზეც დამკვირვებელი უნდა დააკვირდეს არჩევნების მსვლელობას. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ამასთანავე, ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე სთხოვდა ახალ სამკერდე ნიშანს, რის გამოც არ არეგისტრირებდნენ ჩანაწერთა წიგნში.

ბათუმში 69.79 ოლქის 65-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველი აგიტაციას ეწეოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ დროებით ჩაანაცვლა კომისიის ეს წევრი.

მარნეულის 36.22 ოლქის 27-ე უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით მიაცემინეს ხმა.

მარნეულის 36.22 ოლქის მე-18 უბანზე 8-დან 9 საათამდე დამკვირვებლებს არამართლზომიერად უზღუდავდნენ უფლებებს, სთხოვდნენ კანონით გაუთვალისწინებელ დისტანციის დაცვას, კომისიის წევრები აგრესიულად იყვნენ განწყობილები დამკვირვებლების მიმართ. ამავე უბანზე 8 საათისკენ იმყოფებოდნენ არაუფლობემოსილი პირები, რომლებსაც კომისიის თავმჯდომარემ დაატოვებინა უბანი, რამაც გამოიწვია მცირე სიტყვიერი დაპირისპირება.

მცხეთის 37.27 ოლქის 44-ე უბანზე „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორის" დამკვირვებელი ამომრჩევლებს ეკითხებოდა სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გააძევა დამკვირვებელი უბნიდან.

თბილისში 18.09 ოლქის 32-ე უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, კომისიის წევრები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ჩვენმა დამკვირვებელმა და ცესკოს წარმომადგენელმა პარტიის წამომადგენელს მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში გამოუძახებდნენ პოლიციას. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.

საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 19:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 31 ოქტომბერს 11:30-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც. 

 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დაკვირვება შესაძლებელი გახდა შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით: Polish Aid, SolidarityFund PL, Open Society Georgian Foundation.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“