ENG

განახლებადი ბლოგი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

27 ოქტომბერი, 2013

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააშუქებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან მოვლენებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ twitter-ზე (@TIGeorgiaEng), #GVote

 

20.00 რუთავი 2-ის ექზიტპოლები:

გიორგი მარგველაშვილი  67% დავით ბაქრაძე 20% ნინო ბურჯანაძე 8% გიორგი თარგამაძე 1% შალვა ნათელაშვილი 2% კობა დავითაშვილი 1%

20.00 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (16:00 - 20:00 სთ.)

16.00 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00 - 16:00)

12.42- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პრეს-რელიზი არჩევნების დღის დაკვირვებასთან დაკავშირებით 7:00 -დან შუადღემდე. ამჟამად მხოლოდ ქართულად. ინგლისური თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება უმოკლეს დროში.

12.02 - ჭიათურის მე-11 უბანზე, რეგისტრატორებმა არ ჩაატარეს მარკირების პროცედურა. რამდენიმე ამომრჩეველი მარკირების გარეშე იქნა დაშვებული. საჩივრის დაწერის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

11.36 -   ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცედურების ინგლისური სახელმძღვანელო იხილეთ მითითებულ ფაილზე http://www.cesko.ge/uploads/other/16/16792.pdf.

11.34 - თერჯოლის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა საარჩევნო კაბინის გარეთ შემოხაზა  ბიულეტენში ნომერი და ჩააგდო ყუთში, რაც ითვლება აგიტაციად და აკრძალულია.

11.32 - გლდანის 70-ე უბანზე, როგორც ჩვენი დამკვირვებელი იუწყება,  რამდენიმე პიროვნებამ სცადა ხმის მიცემა ვადაგასული პირადობის მოწმობებით. აღნიშნულის უფლება მათ კანონის შესაბამისად არ მიეცათ.

11.30 - ქუთაისის 32-ე უბანზე ამომრჩეველს  პირადობის მოწმობის ასლის წარდგენის საფუძველზე მიეცა ხმის მიცემის უფლება.

11.29- ჭიათურის 32-ე უბანზე  რამდენიმე ამომრჩეველს არ გაუვლია  მარკირების სითხეზე შემოწმება.

10.40 - საინტერესოა, როგორი იქნება ამომრჩეველთა აქტივობის დღევანდელი მაჩვენებელი . გასული არჩევნების აქტივობა : 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები :  59.7%; 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები 47.9 %; 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: 53.2%. გასული არჩევნების მონაცემები იხილეთ საიტზე  http://data.electionportal.ge/

10.21- საბურთალოს მე-9 უბანი: ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, გაიარა მარკირების პროცედურა. აღმოჩნდა, რომ ის არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე. ჩვენმა მობილურმა  ჯგუფმა შეატყობინა ამის შესახებ საოლქო კომისიას. კომისიამ აღმოფხვრა პრობლემა და ამ ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილზე, შესაბამისი საარჩევნო უბანი ჩააყენა საქმის კურსში, რათა მას არ დაეკარგა ხმის მიცემის უფლება 

10.17- მარნეულის 59-ე უბანზე ნაკადის მაკონტროლებელს არ აქვს ულტრაიისფერი ნათურა და რამდენიმე პიროვნებამ შესაბამისი შემოწმების გარეშე მისცა ხმა. 

10.13- ჩხოროწყუს 21-ე უბანზე  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დამკვირვებლებისგან მალულად ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს.

09.00 – მარნეულის 49-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ბიულეტენების დასანიშნ სპეციალურ ბეჭედზე პირველი ნაკვეთურის გაკეთებისას დაიზიანა ხელი, რის გამოც მეორე ნაკვეთური აღარ გააკეთა. ნაკვეთური მხოლოდ ერთ ბეჭედს აქვს.

08:46- ბათუმის  8-ე საარჩევნო უბანზე 80 მოქალაქე ვერ ახერხებს ხმის მიცემას, საარჩევნო სიაში არყოფნის გამო. ჯერჯერობით მოუგვარებელია

08.08 -საბურთალოს 49-ე საარჩევნო უბანზე ერთდროულად სამი წარმომადგენელია “ქართული ოცნებიდან”. საერთაშორისო გამჭვივალობის დამკვირვებელმა შეატყობინა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეს და მათ დაატოვებინეს უბანი. მოგვარებულია

08:00 – ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.

07.58 - საბურთალოს 78-ე საარჩევნო უბანზე  საერთაშორისო გამჭვივალობის დამკვირვებელი თავიდანვე არ დაუშვეს უბანზე, ორგანიზაციის მობილური ჯგუფი დაუკავშირდა საარჩევნო უბანს და მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა.

07.36 - ქობულეთის 38-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო კოდექსის დარღვევა: წილისყრით მხოლოდ ერთი ადამიანი შეირჩა გადასატანი საარჩევნო ყუთის წასაღებად.

 

ჩვენი წინასაარჩევნო ანგარიშები:

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
Gvote