გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: საბა სხვიტარიძის განაჩენი
2025 წლის 12 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა არ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტისა და პოლიტიკური პარტიის „ახალი“ წევრის საბა სხვიტარიძის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც მან საბა სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის („ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“) ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად ორი (2) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საბა სხვიტარიძეს მსჯავრი დაედო იმის გამო, რომ მან ვითომდაც ორჯერ ხელკეტი ჩაარტყა თავში ვინმე მირიან ქავთარაძეს, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის პოლიციელი და შემთხვევის ღამეს, სამოქალაქო ტანსაცმელში, სახეშენიღბული, აშკარად პროვოკაციის მოწყობის მიზნით იმყოფებოდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ და სხვა, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ და სახედაფარულ პოლიციელებთან ერთად, უშვერი სიტყვებით იგინებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით.
განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან ეფუძნება ბრალდების საეჭვო მტკიცებულებებს - მათ შორის, პოლიციელების ცრუ ჩვენებებსა და გაურკვეველი წარმოშობის არაავთენტიკურ ვიდეო მასალას, მთლიანად უგულებელყოფს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, ბრალდების გამაბათილებელ მტკიცებულებებს და, ამდენად, ეწინააღმდეგება სამართლის იმ პრინციპებს, რომლებზეც მოსამართლემ თავად მიუთითა თავის განაჩენში.
ქვემოთ აღწერილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საბა სხვიტარიძე, ისევე, როგორც სამოქალაქო პროტესტების ათეულობით სხვა მონაწილე, დაისაჯა იმიტომ, რომ იგი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და მათ ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას.
საბა სხვიტარიძის ბრალდების უკანონობის შესახებ ჩვენ საზოგადოებას დეტალური ანალიზი მივაწოდეთ 2025 წლის 30 იანვარს.
ამ სტატიაში არ არის შეფასებული სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. რადგან სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „დადგენილი“ ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები, ყველაფერი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართ არის ნათქვამი, mutatis mutandis ეხება სააპელაციო სასამართლოსაც.
1. ვინ არის საბა სხვიტარიძე?
როგორც უკვე აღინიშნა, საბა სხვიტარიძე არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის “ახალი” წევრი. პარტიაში გადასვლამდე იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფში”, იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი. მისი ორგანიზაცია მუშაობდა და კვლავაც მუშაობს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული რეფორმებისა და არჩვევნების მონიტორინგის საკითხებზე. საბა სხვიტარიძე აქტიურად იყო ჩართული “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობაში, იყო ამ აქციების ატიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორიც. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ მოძრაობებთან კომუნიკაციაში. ის არის საჯარო პირი და ძალიან აქტიურად გამოთქვამდა თავის კრიტიკულ მოსაზრებებს “ქართული ოცნების” პოლიტიკასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო აქტივობისთვის პირველად ის 2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. დემონსტრაციის სხვა მონაწილეებთან ერთად იგი 2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა. დაკავებისას პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა, ხოლო სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა.
2. თავდაპირველი და შეცვლილი ბრალი
ა) თავდაპირველი ბრალი და მისი უსაფუძვლობა
თავდაპირველად საბა სხვიტარიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისათვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან (7) თერთმეტ (11) წლამდე ვადით.
რადგან თავად ე.წ. დაზარალებულ მირიან ქავთარაძის აღიარებითაც და ბრალდების სხვა მტკიცებულებებითაც უტყუარად არის დადგენილი და იმთავითვე ცხადი იყო, რომ მირიან ქავთარაძე შემთხვევის ღამეს სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, თავი კაპიუშონით, ხოლო სახე პირბადით ჰქონდა დაფარული, შესაბამისად, საბა სხვიტარიძისთვის ბრალის წარდგენა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით იყო აშკარა თვითნებობა პროკურატურის მხრიდან. აღწერილ გარემოებებში, თუნდაც საბა სხვიტარიძეს ჩაედინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაც თავისთავად დამტკიცებული არ არის, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მის წინაშე პოლიციელია, რომელიც „სამსახურებრივ საქმიანობას“ ახორციელებს.
ბ) თავდაპირველი ბრალის შეცვლა
მართალია, ბრალის წარდგენიდან შვიდ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, როდესაც უკვე საქმე სასამართლოში განიხილებოდა, პროკურატურამ თავადვე შეცვალა ბრალი და საბა სხვიტარიძის მიერ ვითომდაც ჩადენილი ქმედება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაზე გადააკვალიფიცირა, აშკარაა, რომ ბრალის შეგნებულად დამძიმებით პროკურატურამ ბოროტად გამოიყენა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე თავისი დისკრეციული უფლებამოსილება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. თუმცა, იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით.
გ) თავდაპირველი უსაფუძვლო ბრალის პრაქტიკული შედეგი
სულ მცირე, ერთი პრაქტიკული შედეგი, რომელიც პროკურატურამ ბრალის განზრახ და უსაფუძვლო დამძიმების გზით მიიღო ის იყო, რომ სასამართლოს ყოველგვარი ჯეროვანი დასაბუთების გარეშე მიაღებინა გადაწყვეტილება სხვიტარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. მართალია, სასამართლოები იშვიათად ეუბნებიან პროკურორებს უარს პირის პატიმრობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რითაც უგულებელყოფენ, როგორც სისხლის სამართლის პროცესის პრინციპებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციას, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით, პრაქტიკაში ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პატიმრობას სასამართლოები ძალზე იშვიათად იყენებენ ხოლმე.
3. განაჩენის დაუსაბუთებლობა
ა) მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო
(i) პოლიციელების ცრუ ჩვენებები
სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, დაეყრდნო ე.წ. დაზარალებული პოლიციელის მირიან ქავთარაძის და მისი კოლეგების - მიხეილ წიკლაურის, ლუკა ჯინჭარაძის, მიხეილ სუჯაშვილის ცრუ ჩვენებებს. ქვემოთ ახსნილი მიზეზების გამო სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა და ვალდებულიც იყო სარწმუნოდ არ მიეჩნია მათი ჩვენებები. თუმცა, ამის სანაცვლოდ, სასამართლომ თავის გამამტყუნებელ განაჩენს ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად სწორედ ეს ჩვენებები დაუდო.
- ბრალდების მოწმეთა ჩვენებების სიტყვა-სიტყვითი იდენტურობა. როგორც ჩვენს ადრინდელ ანალიზშიც აღვნიშნეთ, გამოძიების ეტაპზე ამ პირებმა გამომძიებელს სიტყვა-სიტყვით იდენტური ჩვენებები მისცეს. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ 4 დეკემბერს საღამოს საათებში იმყოფებოდნენ თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.
ყველამ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ“, თუმცა, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. თითოეულმა მათგანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ „აგრესიულები“, „ ყვიროდნენ და იგინებოდნენ“ პოლიციელების მისამართით, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი „წესრიგის დამცველები“ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისაკენ, მაგრამ ამაზე, მათი თქმით, აქციის მონაწილეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ. ყველა მოწმემ განაცხადა, რომ მათ დაინახეს, რომ „უეცრად აქციის მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, მუქი ფერის წვერით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, მიუახლოვდა ჩვენს თანამშრომელს მირიან ქავთარაძეს და თავის არეში ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რა დროსაც მირიან ქავთარაძეს თავიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ ხსენებული პირი სწრაფად შეერია აქციის მონაწილეებს და მიიმალა.“ ეს ფრაზა, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი ამ ამ ე.წ. „მოწმეების“ გამოკითხვის ოქმში, სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი ერთი ოქმიდან მეორეში.
ჩვენებების ასეთი არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ ვერბალური იდენტურობა იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად ეს ჩვენებები დაზარალებულის და მისი კოლეგების მონათხრობი კი არ არის, არამედ გამომძიებლის მიერ წინასწარ შეთხზული ვერსიაა, რომელსაც დაზარალებულმა და „მოწმეებმა“ უბრალოდ ხელი მოაწერეს. ეს გარემოება ნებისმიერ ნეიტრალურ და ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენდა გონივრულ ეჭვს ამ „მოწმეების“ და მათი ჩვენებების სანდოობის თაობაზე. თუმცა, სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არც გასჩენია და ამის შესახებ არც განაჩენში აღუნიშნავს რამე.
- წინააღმდეგობრივი ჩვენებები „დანაშაულის ადგილთან“ დაკავშირებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში დაზარალებულიც და სხვა პოლიციელი მოწმეებიც „დანაშაულის ადგილად“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიას ასახელებდნენ, სადაც, მათი თქმით, მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია და სადაც აქციის მონაწილეები „აგრესიულად“ იქცეოდნენ და „ყვიროდნენ და იგინებოდნენ“ რატომღაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი „წესრიგის დამცველების“ მისამართით. სასამართლოში მათ ჩვენებები შეცვალეს და „დანაშაულის ადგილად“ მიუთითეს თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი,“ სადაც საბა სხვიტარიძე ნამდვილად იმყოფებოდა. ამ ორ სასტუმროს შორის მანძილი დაახლოებით 650 მეტრია. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს ყურადღება მიაქცია წინააღმდეგობას ჩვენებებს შორის და მოახსენა სასამართლოს, რომ ასეთი წინააღმდეგობა დანაშაულის ადგილის თაობაზე მოწმეების სანდოობას ძირს უთხრის. თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო დაეყრდნო გამოძიებლის განმარტებას, რომ ეს თურმე იყო მხოლოდ „ტექნიკური შეცდომა“, რომელიც შემდგომში გამოსწორებულ იქნა.[1]
სასამართლოს მიერ ამ ძალზე სერიოზული პრობლემის უგულებელყოფა ბრალდების სასარგებლოდ მის პირდაპირ მიკერძოებაზე მიუთითებს. დანაშაულის ადგილის შესახებ წინააღმდეგობრივი ჩვენებების მხოლოდ „ტექნიკურ შეცდომად“ გამოცხადება არადამარწმუნებელია შემდეგი გარემოებების გამო:
- როგორც უკვე აღინიშნა, მანძილი ორ სასტუმროს შორის 650 მეტრია, რომელთაგან პირველი „თბილისი მერიოტი“ რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, ხოლო, მეორე - „ქორთიარდ მერიოტი“ თავისუფლების მოედანზე. თავდაპირველ ჩვენებებში მითითებულია კიდეც არა მხოლოდ სასტუმროს სახელი - „თბილისი მერიოტი“, არამედ მისი მდებარეობაც - რუსთაველის გამზირი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ნეიტრალურ ადამიანს შეიძლება კიდევაც ეფიქრა, რომ რადგან ორივე სასტუმრო „მერიოტის“ ბრენდს ეკუთვნის, მართლაც შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი ტექნიკურ შეცდომას. მაგრამ ცრუ ჩვენებების მიმცემები თავიანთ ყალბ ნარატივს ქვემოთ მითითებული გარემოებების გამო სწორედ რუსთაველის გამზირს უკავშირებდნენ.
- აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ე.წ. “ტექნიკური შეცდომა” რომელიმე ერთ, ცალკე აღებულ დოკუმენტში კი არ “გაიპარა”, იგი ფიქსირდება გამოძიების საწყის ეტაპზე შედგენილ ყველა საპროცესო დოკუმენტში - მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში, სხვიტარიძის ამოცნობის ოქმებში, სხვიტარიძის ბრადებულად და ქავთარაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილებებში, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაში და სხვ.
- აქცია იმ საღამოს და საერთოდ იმ დღეებში სწორედ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა და არა თავისუფლების მოედანზე. ამიტომაც ყვებოდნენ თავდაპირველ ჩვენებებში ცრუ მოწმეები, რომ ისინი აქციაზე „საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ“ და, რომ აქციის მონაწილეები მათ მიმართ „აგრესიულად იქცეოდნენ“. შესაბამისად, თავდაპირველად მათ შექმნეს თავიდან ბოლომდე ყალბი ნარატივი თუ სად და რა გარემოებებში იქნა ჩადენილი „დანაშაული“.
- ასეთი ყალბი ნარატივი განზრახ იქნა გამოგონილი იმის გამო, რომ იმ დროს და იმ მომენტში, როდესაც ზიანი მიიღო, ე.წ. „დაზარალებული“, თავის კოლეგებთან ერთად, საპროტესტო აქციაზე წესრიგს კი არ იცავდა, არამედ პროვოკატორად და „ტიტუშკად“ იყო მივლენილი თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“, რათა იქ შეკრებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩხუბში გამოეწვია. როგორც გამოირკვა, ეს მიზანი კიდევაც მიღწეულ იქნა, რადგან პოლიციელ „ტიტუშკებსა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მართლაც მოხდა, რაც იმით დაიწყო, რომ ქავთარაძემ ხელი დაარტყა ერთ-ერთ ოპოზიციონერ ქალს, რომელმაც ქავთარაძეს კაპიუშონი ჩამოხადა. როგორც ჩანს, სწორედ ამ შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანება “დაზარალებულმა” პოლიციელმა. ოღონდ პოლიციელის მხრიდან ასეთი ქცევა - ჩხუბის პროვოცირება და შემდგომში ჩხუბში მონაწილეობა არა თუ არ თავსდება მის სამსახურებრივ უფლებამოსილებებში, არამედ არსებითად დანაშაულებრივია და ნებისმიერი მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ სწორედ ამგვარად იქნებოდა კვალიფიცირებული.
- სწორედ ასეთი დანაშაულებრივი ქცევის მისაჩქმალად და შესანიღბად იქნა გამოგონილი გამომძიებლის მიერ ფაბულა, რომ თითქოს დაზარალებული და სხვა „მოწმეები“ რუსთაველის გამზირზე აქციაზე წესრიგის დასაცავად იყვნენ. თავისუფლების მოედანი და „ქორთიარდ მერიოტი“ ამ ყალბი ფაბულისთვის არ გამოდგებოდა, რადგან იმ საღამოს იქ აქცია უბრალოდ არ მიმდინარეობდა. შემდგომში, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩხუბის ადგილი, გარემოებები და მიმდინარეობა ტელეკომპანიების მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცა და ამის შემსწრე უამრავი სხვა მოწმეც არსებობდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოუხდა პროკურატურას, დაეზუსტებინა ბრალი და შეეცვალა შემთხვევის ადგილი.
- ბრალის შეცვლის და დანაშაულის ადგილის შეცვლის კვალდაკვალ ბრალდების მხარემ დაზარალებულს და მის ამფსონებს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ახალი მიზანიც მოუძებნა. შეცვლილ ბრალში და ჩვენებებში მითითებულ იქნა, რომ პოლიციელი „ტიტუშკები“ თურმე იმ ადგილას „საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“ კი არ იყვნენ, არამედ „ოპერატიულ“ ანუ საიდუმლო დავალებას ასრულებდნენ და სწორედ ამიტომაც არ ეცვათ პოლიციელის ფორმა,[2] რაც სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია.[3]
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაეთანხმა რა მითითებას „ტექნიკურ შეცდომაზე“, სასამართლომ ბრალდების ვერსიებსა და პოლიციელი ცრუ მოწმეების ჩვენებებს შორის არსებით წინააღმდეგობაზე თვალი დახუჭა და მოახდინა ლეგიტიმაცია იმისა, რაც ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლოსთვის ბრალდების ამ მტკიცებულებების უარყოფისა და ბრალდებულის გამართლების საფუძველი გახდებოდა.
(ii) საქმის გამომძიებლის ცრუ ჩვენება
სასამართლომ თავისი განაჩენი ასევე დააფუძნა გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის ცრუ ჩვენებას.[4] ეს არის ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ადამიანი, რომელმაც შეგნებულად გააყალბა საქმე, შეადგინა ყალბი ფაბულა და თითოეულ მონაწილეს მის მიერვე გამოგონილი როლი მიუჩინა, რაც ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებსა და სხვა საპროცესო დოკუმენტებშიც აისახა. გარდა ამისა, როგორც საბა სხვიტარიძე ირწმუნება, ედიშერაშვილმა იგი თავის ოთახში მარტო დატოვა რამდენიმე ნიღბიან პირთან, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ სხვიტარიძეს.
(iii) კანონის დარღვევით შედგენილი ამოცნობის ოქმები
სასამართლო ასევე დაეყრდნო ამოცნობის ოქმებს[5], რომელთა თანახმად, ცრუ მოწმე პოლიციელებმა ფოტოსურათით „ამოიცნეს“ საბა სხვიტარიძე, როგორც პირი, რომელმაც 4 დეკემბერს საღამოს, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ ორჯერ ჩაარტყა ხელკეტი დაზარალებულ პოლიციელს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. იმავე მუხლის მე-5 ნაწლის თანახმად, ფოტოსურათით პირის ამოცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამომცნობისათვის ამოსაცნობი პირის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან.
საქმის მასალების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ორ ცრუ მოწმე პოლიციელს ამოსაცნობად ფოტოსურათები წარედგინა 2025 წლის 5 დეკემბერს 02:15 და 02:40 საათზე, ხოლო, საბა სხვიტარიძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანეს 04:52 საათზე. ამასთან, იგი ფაქტობრივად დაკავებულ იქნა ზესტაფონის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით 200 კმ-ის მოშორებით, რაც, საბა სხვიტარიძის მამის ჩვენებით, დაახლოებით 00:30 საათზე მოხდა.[6]
ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან დასტურდება, რომ საბა სხვიტარიძის ამოსაცნობად წარდგენა სავსებით შესაძლებელი იყო, ეს არ უკავშირდებობა არაგონივრულ ძალისხმევას, და იმავე ღამეს იგი რეალურად კიდევაც იქნა მიყვანილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. შესაბამისად, გამომძიებელი ვალდებული იყო დალოდებოდა საბა სხვიტარიძის მიყვანას პოლიციაში და მხოლოდ ამის შემდეგ, მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა მისი ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება. ამის სანაცვლოდ იგი არ დაელოდა საბა სხვიტარიძის მიყვანას და ამოცნობა ფოტოსურათის გამოყენებით ჩაატარა, რითაც უხეშად დაარღვია სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა.
სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
რადგან მოცემულ შემთხვევაში საბა სხვიტარიძის ამოცნობა სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის არსებითი დარღვევით ჩატარდა, სასამართლო ვალდებული იყო დაუშვებელ მტკიცებულებებად ეცნო ამოცნობის ოქმები. ამის სანაცვლოდ, სასამართლომ არათუ არ ცნო დაუშვებელ მტკიცებულებებად ამოცნობის ოქმები, ისინი ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს.
(iv) ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიჩნეულიყო
ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს, იყო ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც, ბრალდების და ახლა უკვე სასამართლოს მტკიცებით „გარკვევით ჩანს საბა სხვიტარიძის სახე, რომელსაც ხელში უჭირავს ხელკეტის მსგავსი საგანი“ და „ასევე, კარგად ჩანს მირიან ქავთარაძე, რომელსაც საბა სხვიტარიძე თვში რამდენჯერმე ურტყამს ხელკეტის მაგვარ საგანს“.[7]
სასამართლომ უარყო დაცვის აპელირება იმის შესახებ, რომ: ა) ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული პირი არ არის საბა სხვიტარიძე; ბ) თავად ჩანაწერი მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, არ არის დადგენილი რამდენად ავთენტიკურია იგი და აღენიშნება თუ არა მონტაჟის კვალი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაპირისპირების ეპიზოდში საბა სხვიტარიძე „ცალსახად იდენტიფიცირებულია“ და მისი ვინაობის დადგენისათვის „რაიმე მეცნიერული ცოდნა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება არ იყო საჭირო“.[8] რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობას, სასამართლომ განაცხადა, რომ გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა ვიდეოჩანაწერის „მომპოვებელი პირი“ ალექსანდრე გაჩეჩილაძე და სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, ვინც გამოითხოვა და დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ „არც ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობა დგას ეჭვეშ.“[9]
ქვემოთ აღწერილი გარემოებების გამო ეს ვიდეოჩანაწერი, ნაცვლად იმისა, რომ გამამტყუნებელ განაჩენს დადებოდა საფუძვლად, სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიჩნეულიყო.
(iv-ა) ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა
დაცვის მიერ დასმულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს მტკიცება, რომ ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანს საბა სხვიტარიძის სახე და მეცნიერული ცოდნა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება არ იყო საჭირო, უკანონო და თვითნებურია.
ჯერ ერთი, საბა სხვიტარიძის სახე გარკვევით სრულებითაც არ ჩანს. მეორეც, რადგან დაცვის მხარემ დასვა საკითხი, რომ ვიდეოჩანაწერში ხელკეტის მჭერი პირი საბა სხვიტარიძე არ არის, სასამართლოს ნამდვილად სჭირდებოდა რაღაც ობიექტური მტკიცებულება, მოცემულ შემთხვევაში სწორედ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სახის ნაკვთების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, უტყუარად და პირუთვნელად დაადგენდა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი, რომელსაც ხელში ხელკეტი უჭირავს და დაზარალებულს ურტყამს, სწორედ საბა სხვიტარიძეა და სხვა არავინ.
ასეთი ობიექტური მტკიცებულების უქონლობის პირობებში, მოსამართლემ გამამტყუნებელ განაჩენს თავისი სუბიექტური შეფასება და ვარაუდი დაუდო საფუძვლად, რითაც უხეშად დაარღვია სსსკ-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი). გარდა ამისა, იმავე მოქმედებით სასამართლომ უხეშად დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, რომელსაც განამტკიცებს სსსკ-ის მე-9 მუხლი. ბრალდების პოზიციის ნაკლი - ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის უქონლობა - სასამართლომ თავისი სუბიექტური შეფასებით „გამოასწორა“, რითაც თავისი, როგორც ნეიტრალური მსაჯულის როლიდან გავიდა და მბრალმდებლის ფუნქცია იტვირთა.
ჰაბიტოსკოპირ ექსპერტიზას ასევე უნდა დაედგინა ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობის საკითხიც, ხომ არ არის მასზე მონტაჟის კვალი და სხვა, რაზეც უფრო დეტალური მსჯელობა ქვემოთ გვექნება.
(iv-ბ) ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა და ავთენტიკურობა არ დადგენილა
სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი.
საქმის მასალების თანახმად, ვიდეოჩანაწერი, რომელიც საფუძვლად დაედო საბა სხვიტარიძის გამამტყუნებელ განაჩენს, გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა 2025 წლის 5 დეკემბერს ვინმე ტატო მაისურაძის ფეისბუქ გვერდზე დაათვალიერა და აღნიშნული გვერდიდან გადმოიწერა. შესაბამის დათვალიერების ოქმში მითითებულია ტატო მაისურაძის ფეისბუქ ექაუნთის ვებ მისამართიც. შესაბამისად, სასამართლოს მტკიცება, რომ ვიდეოჩანაწერის „ავთენტიკურობა ეჭვქვეშ არ დგას მარტო იმიტომ, რომ სასამართლოზე დაიკითხა სალომე ედიშერაშვილი, ხოლო, გამოძიების გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი, ვისთანაც ინახებოდა ფეისბუქ გვერდიდან გადმოწერილი ვიდეოჩანაწერის ასლი, სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არასაკმარისია.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმას, რომ დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ სახეზეა ორი პირობა: ა) ცნობილია მისი წარმომავლობა; და ბ) ის ავთენტიკურია.
- წარმომავლობის საკითხი სრულად არ შემოწმებულა
სალომე ედიშერაშვილს შეეძლო სასამართლოსთვის მხოლოდ ნაწილობრივ (და არასრულად) მიეცა ჩვენება ვიდეოჩანაწერის წარმომავლობის შესახებ. ნაწილობრივი იმიტომ, რომ სალომე ედიშერაშვილი არ იყო აღნიშნული ვიდეოჩანაწერის პირველწყარო, იგი მას არ შეუქმნია. შესაბამისად, იმისათვის, რომ ვიდეოჩანაწერის წარმომავლობის თაობაზე სასამართლოს სრული წარმოდგენა შექმნოდა, ჯერ ერთი, სასამართლოზე მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ტატო მაისურაძე - პირი, რომელმაც ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი თავის ფეისბუქ გვერდზე და რომლისგანაც ჩამოტვირთა იგი სალომე ედიშერაშვილმა. მეორეც, ადვილი შესაძლებელია, რომ არც ტატო მაისურაძე ყოფილიყო ვიდეოჩანაწერის შემქმნელი და მასაც ვიღაც სხვა პირისგან ჰქონოდა მოპოვებული ეს ვიდეოჩანაწერი. ეს გარემოებაც ტატო მაისურაძის დაკითხვის საფუძველზე უნდა გამორკვეულიყო და ვიღაც სხვა პირის არსებობის შემთხვევაში ისიც უნდა ყოფილიყო დაკითხული.
მაგრამ სასამართლოზე სალომე ედიშერაშვილის გარდა ვიდეოჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით სხვა არავინ დაკითხულა. შესაბამისად, ვოდეოჩანაწერის წარმომავლობა დადგენილად ვერ ჩაითვლება და სასამართლომ ღიად დაარღვია კანონის - სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
- ავთენტიკურობა არ დადგენილა
თუნდაც ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა სრულად ყოფილიყო დადგენილი, რაც როგორც უკვე აღინიშნა, ასე არ არის, მთლიანად ღიად დარჩა მისი ავთენტიკურობის საკითხი. სასამართლო შეცდა ან შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც აღნიშნა, რომ ავთენტიკურობის პრობლემა არ დგას მარტო იმიტომ, რომ სასამართლოზე დაიკითხა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს, რომ დადგენილ იქნეს დოკუმენტის წარმომავლობა და ავთენტიკურობა. სასამართლოს არ შეეძლო ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობის საკითხი მხოლოდ სალომე ედიშერაშვილის ან რომელიმე სხვა პირის, რომელმაც შექმნა, მოიოპოვა ან რომელთანაც ინახებოდა აღნიშნული დოკუმენტი, დაკითხვის საფუძველზე დაედგინა, რადგან ასეთ საკითხებს ისევ და ისევ ექსპერტიზა, მოცემულ შემთხვევაში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ადგენს. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სწორედ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას უნდა დაედგინა, რამდენად ნამდვილია ვიდეოჩანაწერი, ხომ არ არის იგი ხელოვნურად შექმნილი, ან ხომ არ ეტყობა მას მონტაჟის კვალი. მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა საჭირო არ არის და ამ საკითხებზე სასამართლოს არც კი უმსჯელია, რადგან შესაბამისი მეცნიერული ცოდნა მას არ გააჩნია და ასეთ საკითხებზე მსჯელობა მას ვარაუდის დონეზეც კი არ შეეძლო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რადგან ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა სრულად არ იყო გამოვლენილი, ხოლო მისი ავთენტიკურობა საერთოდ არ იქნა დადგენილი, სასამართლოს ეს ვიდეოჩანაწერიც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო. ამის სანაცვლოდ, სასამართლომ ეს დაუშვებელი მტკიცებულებაც დაუდო საფუძვლად გაგამტყუნებელ განაჩენს, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
ბ) სასამართლომ უგულებელყო მტკიცებულებები
გამოძიების ეტაპზეც და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაცვის მხარემ წარმოადგინა არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც საბა სხვიტარიძის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს.[10]
ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლო მხოლოდ მოკლე განხადებით შემოიფარგლა:
„აღნიშნული მოწმეები არაფერს ამბობენ უშუალოდ მირიან ქავთარაძისთვის საბა სხვიტარიძის მიერ დაზიანების მიყენების ფაქტზე. შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.“[11]
ამრიგად, სასამართლო უბრალოდ უარი თქვა დაცვის მტკიცებულებების შეფასებაზე. როგორც ჩანს, მისთვის მტკიცებულებას მხოლოდ მაშინ აქვს მტკიცებულებითი ძალა, როდესაც ის ბრალდებულის მამხილებელია და არა გამამართლებელი. ასეთი მიდგომა ძირეულად ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს საყოველთაო პრინციპებს და სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომ არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
გ) სამართლიანი სასამართლოს პრინციპების შესახებ სასამართლოს განცხადებები ფუჭია
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლიანი სასამართლოს ეს ფუნდამენტური პრინციპი ასახულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონშიც. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
იმავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლოს სისხლის სამართლის პროცესის ამ ფუნდამენტური პრინციპების შესახებ კარგად მოეხსენება. იგი მათზე მითითებასაც აკეთებს თავის განაჩენში.[12] ამავე პრინციპების გასამყარებლად, იგი უხვად იშველიებს ციტატებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებიდანაც.[13]
ზემოთ აღწერილი გარემოებები დასტურია იმისა, რომ სასამართლოს განაჩენი ამ პრინციპების უხეში დარღვევით არის გამოტანილი და რომ სასამართლოს მიერ მათზე მითითება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
დ) წამებაზე რეაგირების უქონლობა
როგორც ჩვენს უწინდელ ანალიზშიც და ზემოთაც აღვნიშნეთ, პოლიციაში მიყვანის შემდეგ საბა სხვიტარიძეზე სასტიკად იძალადეს ნიღბიანმა პირებმა, რომლებთან პირისპირაც იგი გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა თავის კაბინეტში მარტო დატოვა.
ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„დაცვის მხარის აღნიშნული განცხადების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. განაჩენის გამოტანის მომენტისთვის შემაჯამებელი გადაწყვეტილება საგამოძიებო ორგანოს არ მიუღია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, დადგენილად ან უარყოფილად მიიჩნიოს ბრალდებულის პრეტენზიები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ, ვინაიდან აღნიშნული დამატებით ძიებას საჭიროებს და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება სწორედაც საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს.“[14]
სავარაუდო წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მოსამართლის ასეთი გულგრილი დამოკიდებულების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ განვლილი 10 თვის განმავლობაში გამოძიება ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ. ხოლო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს სასამართლო, უკვე გაუქმებულია და მისი საქმეები იმავე პროკურატურას აქვს გადაბარებული, რომლის მიერაც იქნა ყალბი ბრალდება წარდგენილი საბა სხვიტარიძის მიმართ.
დასკვნა
- საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს. 2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუსაბუთებელია და ეფუძნება ცრუ ჩვენებებსა და საეჭვო ვიდეომასალას. სხვიტარიძე ცნობილი იყო როგორც პოლიტიკური პარტიის „ახალი“-ს წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო და ანტირუსულ აქციებში.
- საქმის მიმდინარეობისას პროკურატურამ თავდაპირველად სხვიტარიძეს წაუყენა მძიმე ბრალდება — პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც 7-11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. მოგვიანებით, ბრალდება გადაკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. მაგრამ გვიანდელი ბრალდება ისევე თვითნებური და უკანონოა, როგორც თავდაპირველი.
- სასამართლომ ვერ დაიცვა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპები — უდანაშაულობის პრეზუმფცია, მტკიცებულებათა შეფასების მიუკერძოებლობა და ეჭვის შემთხვევაში ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, უგულებელყო ინფორმაცია სხვიტარიძის პოლიციაში ფიზიკური ძალადობის შესახებ.
- სასამართლომ განაჩენის საფუძვლად გამოიყენა პოლიციელთა იდენტური და ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებები, ფოტოსურათით ჩატარებული ამოცნობა და სოციალური ქსელიდან აღებული ვიდეოჩანაწერი, რომლის წარმომავლობა და ავთენტიკურობა არ დადასტურდა. ვიდეომასალაზე აღბეჭდილი პირი არ არის საბა სხვიტარიძე და სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუშვებელი მტკიცებულებები დაუდო. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც სხვიტარიძის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ.
- ამდენად, საქმე აღიქმება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპოზიციური აქტივისტის მიმართ და ასახავს სისტემურ პრობლემებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. სიყალბის მასშტაბი, რომელიც პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ იქნა დაშვებული ამ საქმეზე, იმაზე მიუთითებს, რომ საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია.
საჯარო მოსამსახურეები, რომლებმაც საბა სხვიტარიძის საქმის გაყალბებაში ან/და მის არასათანადო მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა:
მოსამართლეები
ჯვებე ნაჭყებია
ლელა მარიდაშვილი
გიორგი კერატიშვილი
პროკურორი
როინ ხინთიბიძე
პოლიციელები
სალომე ედიშერაშვილი
მირიან ქავთარაძე
მიხეილ სუჯაშვილი
მიხეილ წიკლაური
ლუკა ჭინჭარაძე
ვანო გავაშელიშვილი
ლევან კუნდუხაშვილი
თორნიკე ჯაფარიძე
ზურაბ ბერუაშვილი
თედორე გიორგაშვილი
გიორგი ტაბატაძე
ეკატერინე მთივლიშვილი
ალექსანდრე გაჩეჩილაძე
იოსებ სიგუა
გიორგი თაყაძე
სოსო ოდიშვილი
[1] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი საბა სხვიტარიძის მიმართ, პ. 3.20.
[2] იქვე, პპ. 2.5-2.8.
[3] იქვე, პ. 3.16.
[4] იქვე. პპ. 2.10, 3.18.
[5] იქვე, პ. 3.16.
[6] იქვე, პ. 2.22.
[7] იქვე, პ. 3.18.
[8] იქვე, პ. 3.18.
[9] იქვე, პ. 3.18.
[10] იქვე, პპ. 2.23-2.30.
[11] იქვე. პ. 3.22.
[12] იქვე., პპ. 3.1-3.3.
[13] იქვე, პპ. 3.4-3.11.
[14] იქვე. პ. 3.21.