გამოიწვია თუ არა ლარის კურსის გაუფასურება დოლარის გამყარებამ?
ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთი ბოლო ახსნის მიხედვით, რომელზეც ხელისუფლებაც აპელირებს, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა დოლარის საყოველთაო გამყარებით არის გამოწვეული. ამ მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყნის სავალუტო გაცვლითი კურსების დინამიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ეს მონაცემები მართლაც აჩვენებს, რომ ქართული ლარი სხვა ვალუტებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაუფასურებული ვალუტაა. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მსჯელობა სრულყოფილი არ არის.
თუ ვინმეს სურს, ლარის გაუფასურება ძირითადად დოლარის საყოველთაო გამყარებით ახსნას, მაშინ ათვლის წერტილი უნდა იყოს არა ერთი წლის წინანდელი პერიოდი, არამედ ის მომენტი, როდესაც ლარმა დაიწყო მკვეთრი გაუფასურება, კერძოდ, 2014 წლის 20-21 ნოემბერი. ამ თარიღამდე ლარი მთელი წლის განმავლობაში სტაბილურობით გამოირჩეოდა, შესაბამისად, კურსის ცვლილების გამოსათვლელად 2014 წლის დასაწყისის აღება არარელევანტურია.
ჩვენ შევადარეთ 2014 წლი 20 ნოემბრიდან დღემდე დოლართან მიმართებაში იმ უცხოური ვალუტების კურსების ცვლილება, რომლებიც აქტიურად განიხილებოდა ბოლო პერიოდში. როგორც აღმოჩნდა, ქართული ლარი რუსული, ბელორუსული და მოლდოვური ვალუტების შემდეგ გაუფასურების მასშტაბით მე-4 ადგილზეა.
დოლართან მიმართებაში უცხოური ვალუტის გაუფასურება (%)
20.11.2014 - 29.01.2015
მონაცემების წყარო: xe.com
აქედან გამომდინარე, მხოლოდ დოლარის საყოველთაო გამყარებასა და სხვა ვალუტების სისუსტეზე აპელირება ქართული ლარის გაუფასურების რეალური მიზეზების ასახსნელად არ გამოდგება.