გამარტივებული შესყიდვები ბათუმში საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებლად მანკიერი პრაქტიკაა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გამარტივებული შესყიდვები ბათუმში საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებლად მანკიერი პრაქტიკაა

09 ოქტომბერი, 2019

 

2017-2019 წლებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებებისთვის 1,493,385 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 827,735 ლარი  (ჯამური თანხის დაახლოებით 55%) გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა.

წინასწარ განსაზღვრულ, კალენდრით დადგენილ ღონისძიებებზე (საახალწლო კონცერტები, ბათუმის საკურორტო სეზონის გახსნა, 26 მაისი, ბათუმობა) საბიუჯეტო თანხების გამარტივებული წესით ხარჯვა თავად გამარტივებული წესით შესყიდვის დასაბუთების კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2017-2019 წლებში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებისთვის  გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა.

კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი გარემოებები:

  • 2017-2019 წლებში ბათუმის კულტურის ცენტრმა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობად 33 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 827,735  ლარი იყო. სულ საკვლევ პერიოდში, კალენდრით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე  39 ტენდერისა და პირდაპირი შესყიდვის გზით 1,493, 385 ლარი დაიხარჯა.
  • შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვებს სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობით ხსნიდნენ.
  • ყველაზე დიდი თანხა - 697,105 ლარი გამარტივებული შესყიდვების გზით ბათუმის კულტურის ცენტრმა დახარჯა.
  • 2017-2019 წლებში „ბათუმობისადმი” მიძღვნილი ყველა ღონისძიება უტენდეროდ ჩატარდა და ჯამში 249,558 ლარის ოდენობის 18 პირდაპირი შესყიდვა გაფორმდა; 26 მაისის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხის 81% ასევე უტენდეროდ დაიხარჯა. რაც შეეხება ტურისტული სეზონის გახსნას და საახალწლო ღონისძიებებს, აქ გახარჯულ თანხაში გამარტივებული შესყიდვების წილი 46% და 31%-ია.
  • გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტორი კომპანიებიდან ერთ-ერთი -  ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის კომპანია „ი(ნ)ვენტ პროდაქშენსია“. 2017 წელს აჭარის კულტურის სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების ორგანიზება სწორედ ამ კომპანიას 105,500 ლარად დაუკვეთა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე ეჭვები მაშინაც გამოთქვა.
  • გამარტივებული შესყიდვებიდან საყურადღებოა კომპანია „ჯეო ივენთთან” გაფორმებული ხელშეკრულებაც. კომპანიას დაფუძნებიდან ერთ თვეში, 2018 წლის მაისში, ბათუმის კულტურის ცენტრმა 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაზე 56,980 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.

დასკვნა და რეკომენდაციები

საზეიმო ღონისძიებების გასამართად, ბოლო სამ წელიწადში 39 შესყიდვა განხორციელდა, აქედან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოცხადდა კონკურენტული ელექტრონული ტენდერი, სხვა 33 შესყიდვა კი გამარტივებული გზით განხორციელდა.

უტენდეროდ გახარჯული 827,735 ლარიდან 247,688 ლარი მუსიკალურ შემსრულებლებთან და მუსიკალური ბენდების მენეჯერებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის. კულტურის სფეროდან მომსახურების მიღება ისეთივე სტანდარტული პროცესი არ არის, როგორც სხვა შესყიდვების (მშენებლობა, დაგეგმარება, საქონლის მიწოდება და ა.შ.) შემთხვევაში, რადგან პროცესი შემოქმედებას ეხება. ამიტომ გასაგებია, თუ რატომ მიმართავენ შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკას. თუმცა, მნიშვნელოვანია, არტისტების შერჩევისთვის გამჭვირვალე და განჭვრეტადი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციის რისკები.

ზემონახსენები ღონისძიებები შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან წლის დასაწყისშივე იგეგმება. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ უწევთ შემსყიდველ ორგანიზაციებს ამა თუ იმ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვების დაჩქარებულად გაფორმება. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს კონკურენტული ტენდერი, რაც მომსახურეობის ფასს შეამცირებს და შესაძლო ფარული გარიგებების რისკს აღმოფხვრის.

ამასთან, ხშირად ის კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებენ, მსგავსი ტიპის მომსახურების მისაღებად გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც უმეტესად უკონკურენტოდ იმარჯვებენ, რაც კულტურის სფეროს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, მაქსიმალურად აღკვეთონ კალენდრით გათვალისწინებული საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკა და დროულად დაგეგმონ და გამოაცხადონ კონკურენტული ელექტრონული ტენდერები. ამასთან, ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს მოვუწოდებთ შეისწავლოს შპს „ჯეო ივენთთან” ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები და გამოიკვლიოს, რითი დაასაბუთა კულტურის ცენტრმა ახალდაარსებულ და გამოუცდელ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმება ტენდერის გვერდის ავლით.