ერთპარტიული პარლამენტი და დემოკრატიის გაუქმება საპარლამენტო რესპუბლიკაში

მეთოდოლოგია
წარმოდგენილ ანგარიშში შეფასებულია “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ საანგარიშო პერიოდში (2024 წლის 25 ნოემბერი - 2025 წლის 21 ოქტომბერი) განხორციელებული აქტივობები. ანგარიში ეფუძნება პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციას, ასევე საჯარო წყაროებში არსებულ ცნობებს.
1.ძირითადი მიგნებები
პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით:
- პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა;
- პარლამენტმა ცნო წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული.
ერთპარტიული პარლამენტი:
- 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მანდატები. სამმა უარი თქვა მანდატებზე, ხოლო ერთი („გახარია საქართველოსთვის“) ფორმალურად ინარჩუნებდა მანდატებს, მაგრამ არ მონაწილეობდა საქმიანობაში. მოგვიანებით 2025 წლის ოქტომბერში ისინი შეუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას;
- მმართველი პარტიის სიით არჩეული დეპუტატები გავიდნენ უმრავლესობიდან და შექმნეს „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“. ამ გზით შეიქმნა ფორმალური, მაგრამ არა რეალური ოპოზიცია.
გაუქმდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები:
- პარლამენტის ახალი რეგლამენტით გაუქმდა მინისტრის საათი და თემატური მოკვლევის ინსტიტუტი;
- საანგარიშო პერიდოში არცერთ კომიტეტს არ მიუწვევია თანამდებობის პირი მოსასმენად;
- დეპუტატების მიერ მხოლოდ 4 სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა.
“ქართულმა ოცნებამ” დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიების გაუქმების მიზნით შექმნა:
“ქართულმა ოცნებამ” შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისთვის. კომისიის დასკვნა საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაუქმებას და პოლიტიკური პლურალიზმის მოშლას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელოვნურად შექმნილმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გახადა შესაძლებელი აღნიშნული კომისიის შექმნა.
კომიტეტებმა მნიშვნელოვანი ფუნქციები დაკარგეს:
კომიტეტები აღარ განიხილავენ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორებიცაა დროებითი კომისიების შექმნა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, პრეზიდენტის არჩევა, იმპიჩმენტი და სხვა.
გაუქმდა პარლამენტის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები:
- გაუქმდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭო და გენდერული თანასწორობის საბჭო;
- რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა პარლამენტის კვლევითი ცენტრი.
პარლამენტი დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად იქცა:
- გაუქმდა ღია მმართველობის საბჭო;
- პარლამენტი და კომიტეტები აღარ არიან ვალდებულნი წარადგინონ წლიური სამოქმედო გეგმები;
- ვებგვერდზე აღარ ქვეყნდება სამუშაო ჯგუფების ოქმები და შეხვედრების დეტალური ინფორმაცია;
- საკანონმდებლო წინადადებები აღარ განიხილება კომიტეტებში და მხოლოდ დეპუტატებთან იგზავნება.
პარლამენტმა მიღებული კანონებით ფაქტიურად გააუქმა კონსტიტუციური უფლებები:
პარლამენტის მიერ მიღებულია კანონებით ფაქტიურად გაუქმდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება; გაუარესდა მედიის თავისუფლების გარანტიები, შეიზღუდა პასიური საარჩევნო უფლება.
პარლამენტმა საბოლოოდ თქვა უარი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე და მიიღო კანონები, რომლის მიზანიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა:
- პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას და კრძალავს მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის მიღებას.
- გაუქმდა კანონდებლობაში ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
II. მნიშვნელოვანი მოვლენები
2.1. პარლამენტი ოპოზიციის გარეშე
„ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ:
1. სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა; 2. პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რაც პარლამენტს ართმევდა იურიდიულ შესაძლებლობას ეცნო ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილება.
“ქართული ოცნების” პარლამენტი უფლებამოსილების ცნობისთვის შეიკრიბა 2024 წლის 25 ნოემბერს. საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება.
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტს, რომ არ მომხდარიყო უფლებამოსილების ცნობა.
უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ოდირის შეფასების მიხედვით, „ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიამ აღნუსხა ამომრჩეველზე ზეწოლის მრავალი ფორმა, მათ შორის, დაშინება, იძულება და მოსყიდვა. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად აფერხებდა ამომრჩეველთა შესაძლებლობას, გადაწყვეტილება თავისუფლად და შიშის გარეშე მიეღოთ. განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ადგილობრივ აქტივისტებზე, ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე და საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, რაც მათ არჩევანის თავისუფლებას საგრძნობლად ზღუდავდა.” არჩევნები არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, რომელთაგან სამმა უარი თქვა მანდატებზე და პარლამენტიდან გავიდა, ხოლო, ერთი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ფორმალურად კი ინარჩუნებდა პარლამენტის მანდატებს, მაგრამ არ მონაწილეობდა საქმიანობაში. მოგვიანებით, 2025 წლის ოქტომბერში, მათ დაარღვიეს ოპოზიციის ერთიანი მიდგომა და შეუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, რამაც მათ მიმართ პარლამენტის გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
პარტია “გახარია-საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლამდე „ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად შექმნა ე.წ. „ოპოზიცია“, კერძოდ უმრავლესობიდან გაიყვანა რამდენიმე, თავისი სიით პარლამენტში გასული დეპუტატი, რომლებსაც შეაქმნევინა ერთი ფსევდოოპოზიციური ფრაქცია „ხალხის ძალა“ და ერთიც ასევე ფსევდოოპოზიციური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.
2024 წელს პირველად მოხდა ახალი წესით პრეზიდენტის არჩევა. 2024 წლის 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. კენჭისყრის პროცედურაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
2.2. თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევა
გამჭვირვალობისა და ღიაობის მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი ერთპარტიულ უწყებად ჩამოყალიბდა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარლამენტში ოპონენტი აღარ ჰყავს. 2025 წლის პირველ აპრილს ქართული ოცნების წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის საფუძველზეც გაუქმდა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პაკეტი მოიცავს ცვლილებებს 14 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აფერხებს სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას.” ამასთან, “არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად ისინი არიან დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს.”
სხვა შეზღუდვებთან ერთად, საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, პარლამენტს წარუდგინონ საპროკურორო საბჭოს, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ არიან უფლებამოსილი, მონაწილეობა მიიღონ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელების შესარჩევად პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიებში. ისინი ასევე გამოირიცხებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და სხვა ორგანოების წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესიდან.
პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომელიც მიზანად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას და კრძალავს მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის მიღებას. აღნიშნული კანონები ანგარიშის მომდევნო თავებშია განხილული.
სამოქალაქო საზოგადოება ყველა მიმართულებით აღმოჩნდა ქართული ოცნების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. რეპრესიული კანონების მიღებამ ფაქტობრივად გაუქმებამდე მიიყვანა ორგანიზაციები. ამ ყველაფერს კი თან სდევს საერთაშორისო პარტნიორების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება და ცრუ ბრალდებები.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები არაერთხელ გახდენენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ობიექტებიც.
2025 წლის 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ქორიძეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს. ზვიად ქორიძე ბათუმში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა და აკვირდებოდა სასამართლო პროცესს პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტ, მზია ამაღლობელის საქმეზე.
თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა დიმიტრი სამხარაძე – ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, ქართული ოცნების პარლამენტის წევრი. მან საზოგადოებას თავი პარლამენტში არაეთიკური ქცევებით დაამახსოვრა. თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ: გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; გოჩა სამხარაძე – სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძის ნათესავი და თანმხლები პირის მძღოლი და რამდენიმე სხვა პირი.
თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე და კრიტიკული აზრის მქონე პირებზე თავდასხმაში პარტიის ლიდერები არიან ჩართულები, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.
“ქართულმა ოცნების” თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. საბოტაჟის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო რგანიზაციის ანგარიში დააყადაღა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თუ წევრი დაიბარეს დაკითხვაზე. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“.
2025 წლის სექტემბერში ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგი, რაც “გრანტების შესახებ” კანონში აპრილში მიღებულ ცვლილებებს მოჰყვა. ეს ცვლილებები, არღვევს გაერთიანების თავისუფლებას და მიზნად ისახავს ხელისუფლების კრიტიკოსების დისკრედიტაციასა და დაშინებას. მოგვიანებით მონიტორინგის არეალი გაფართოვდა და დღეს უკვე 100-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხო, მათ შორის ისეთ ორგანიზაციებსაც რომლებიც მუშაობენ ქალების, ბავშვებისა და შშმ პირების უფლებებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების დევნას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო აქტორების მხრიდან.
III. ანტიდემოკრატიული კანონები
3.1 მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული კანონები
“ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა არაერთ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლითაც შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მნიშვნელოვნად გააუარესა მედია გარემო:
- ხულიგნობის მუხლის გავრცელება სოციალურ მედიაზე
2025 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტანილი ცვლილების თანახმად, „წვრილმანი ხულიგნობა“ გავრცელდა „საჯარო სივრცეში” ლანძღვა-გინებაზეც. ამ მუხლის უწინდელი რედაქციით, „წვრილმანი ხულიგნობის“ ჩადენა შესაძლებელი იყო მხოლოდ „საზოგადოებრივ ადგილებში“.
განსხვავება ტერმინებში შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს იმგვარად, რომ პირი დაისაჯოს არა მხოლოდ გარე სივრცეში “ლანძღვა-გინებისთვის, მოქალაქეებზე ფიზიკურად შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარი მოქმედებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს”, არამედ როდესაც იგი ამგვარ მოქმედებას ახორციელებს ვირტუალურ სივრცეში, მაგალითად სოციალურ ქსელებში. მსგავსი კანონები მხოლოდ ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს, როგორიც რუსეთი და ბელორუსიაა. აკრძალული ქმედების ამგვარი გაფართოვება გაუმართლებელია, რადგან თუ ფიზიკურ სივრცეში დებოშის ატეხვა შეიძლება მართლაც არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გაუგებარია, როგორ შეიძლება იგივე შედეგის მომტანი იყოს თუნდაც ლანძღვა-გინება და შეურაცმყოფელი გადაკიდება ვირტუალურ სივრცეში.
- სიტყვისა და გამოხატვი შინაარსობრივი რეგულირება და ჟურნალისტის დაცვის გარანტიების შეზღუდვა
“ქართული ოცნების” წევრებმა 2025 წლის 26 ივნისს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და აზრის თავისუფლებასთან, ფუძემდებლურ საერთაშორისო პრინციპებთან და აუქმებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიებს:
- ჟურნალისტს შესაძლოა დააკისრონ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, რაც აქამდე დაცული იყო პროფესიული საიდუმლოს პრინციპით;
- გაუქმდა წესი, რომლის მიხედვითაც თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობდა და ეს ეჭვი კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ეჭვი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო;
- გაუქმდა წესი, რომელიც კრძალავდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას იმ შემთხვევებში, როცა საქმე ეხებოდა ისეთ მოვლენებს, რომელთა ცოდნაც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხებოდა ვიღაცის პირად ცხოვრებას ან პერსონალურ მონაცემებს;.
- ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება. მოსარჩელე, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ვალდებულებისგან გათავისუფლდება. ასევე ცილისწამების დროს მოსარჩელემ აღარ უნდა ამტკიცოს რომ ზიანი მიადგა. თუკი პირი მიიჩნევს რომ განცხადებით სახელი გაუტყდა, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს;
- დაწესდა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში, რაშიც სოციალური მედიაც იგულისხმება. შესაბამისად, სახელმწიფოს მიეცემა უფლება შეაფასოს და დაარეგულიროს, რას ამბობს ან ავრცელებს ადამიანი საჯაროდ და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმაზე დაყრდნობით, თუ რა შინაარსი აქვს კონკრეტულ აზრს ან გამოთქმულ ფრაზას;
- გაუქმდა გამოხატვის თავისუფლების დროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება (კვალიფიციური პრივილეგია) იმ შემთხვევაში, თუ პირმა მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად ან იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს და აშ. ასეთ შემთხვევებში პირი ვეღარ განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან თუ ფაქტი, რომელიც მან გაავრცელა მცდარი აღმოჩნდა;
- თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
- მედიის შემზღუდველი საკანონდებლო ცვლილებები
2025 წლის 1 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორ პაკეტს დაუჭირა მხარი, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
პირველი მათგანის ამოცანაა გადაუკეტოს კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების წყაროები. იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.
მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები.
- მიღებული ცვლილებით თითქმის გაუქმების დონემდე მცირდება მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმის როლი. ისეთ საკითხებს როგორიცაა, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ფაქტების სიზუსტე და მიუკერძოებლობა, უმეტეს წილად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს;
- იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება. შესაბამისად, იკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.
- იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
- „უცხოური ძალა“ განმარტებულია, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული;
- დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.
- ცვლილების თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
- ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.
- ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
- ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია.
- დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. მათი მთავარი მიზანია, დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით.
- ამ რეპრესიული წესების მიზანია, მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები.
3.2 შეკრების თავისუფლების გაუქმებისკენ მიმართული კანონები
“ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში.
ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარს ატარებდა და მიზნად ისახავდა ერთი მხრივ დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას.
2024 წლის 13 დეკემბრის და 2025 წლის 6 თებერვალს ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში.
ცვლილებებით კანონში სამართალდარღვევად განმოცხადდა ისეთი ქმედებები, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა დასჯადი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებები და 10-ჯერ გაიზარდა არსებულ დარღვევებზე ჯარიმები:
- „პრევენციული დაკავების“ მექანიზმის შემოღებით შესაძლებელი გახდა პირის დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია;
- 10-ჯერ და 20-ჯერ გაზარდა ჯარიმის ოდენობა, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის
- ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება აიკრძალა აქციაზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვა,ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება, სცენის და მსგავსი კონსტრუქციების მოწყობა, დახურულ სივრცეში, შენობაში მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აქციის ჩატარება;
- პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება 6 000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღიანი პატიმრობით დასჯადი გახდა. სამართალდამცავის „ლანძღვა-გინებისათვის” 15-დან 60 დღემდე პატიმრობა დაწესდა;
- ე.წ. “სპონტანური” შეკრებისას შემოღებულ იქნა ხელისუფლებისათვის შეტყობინების ვალდებულება.
2025 წლის 2 ივლისს ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ჯარიმის გადაუხდელობისთვის ადმინისტრაციული წესით პატიმრობა დაწესდა.
- გზის გადაკეტვისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის განისაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით;
- პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობაც არანაკლებ 30 დღით პატიმრობით დასჯადი გახდა.
“ქართული ოცნების” წევრებმა 2025 წლის 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ჯარიმა გაუქმდა და პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული წესით პატიმრობა, ხოლო განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით პატიმრობა დაწესდა ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან დროებითი კონსტრუქციის, მაგალითად კარვის მოწყობა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით აქციის სხვაგვარად ჩატარება შესაძლებელია, ხალხისა და ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნა. აღნიშნული ქმედებებითვის ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო სისხლის სამართლის წეით პატიმრობა ერთიდან 4 წლამდეა გათვალისწინებული.
ცვლილებები ვენეციის კომისიათან ერთად მწვავედ გააკრიტიკა Amnesty International-მა, როგორც „ახალი დრაკონული კანონები, რომელსაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“.
3.3. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისკენ მიმართული კანონები
ქართულმა ოცნებამ ორჯერ შეცვალა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი. ცვლილებების მიზანი ოპონენტი პოლიტიკური პარტიების ჩამოშორება იყო.
2025 წლის 13 მაისს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს, გარდა იმისა, რომ შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება”, რისი უფლებამოსილებაც მას მანამდეც ჰქონდა, ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, “რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).”
2025 წლის 16 ოქტომბერს კვლავ შევიდა ცვლილება აღნიშნულ კანონში. ცვლილება ითვალისწინებს როგორც პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. ცვლილებებით ნებისმიერი პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელება. ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
3.4. არასამთავრობო ორგანიზაციები წინააღმდეგ რეპრესიული კანონები
- ფარა: მორიგი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე
2025 წლის 1 აპრილს “ქართული ოცნების” პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”. იმ შემთხვევაში თუ პირი აგენტად არ დარეგისტრირდება მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კანონში კვლავ ფიგურირებს სიტყვა „აგენტი", რომელიც 2022 წელს “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული „რუსული კანონის" პირველად ვერსიაში იყო (კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“) და რომელსაც შემდეგ სახელი გადაერქვა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ ეწოდა.
ე.წ” “ფარა” არის რუსული კანონების ციკლის გაგრძელება, რომლის პირველი ვერსია 2023 წლის გაზაფხულზე, ხოლო მეორე ვერსია 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო “ქართულმა ოცნებამ” და ამ კანონების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციათა გაუქმება იყო.
- მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა და მიღება აიკრძალა
„ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მთავრობის სავალდებულო თანხმობას დაექვემდებარა გრანტების გაცემა და მიღება. ასევე, მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს გაცემული გრანტის მიზნობრიობის ცვლილებაც. გრანტად ჩაითვლება ასევე გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო. ამ საქმიანობის ფარგლებში ბიუროს ფაქტობრივად უსაზღვრო უფლებამოსილება მიენიჭა.
„აკრძალული” გრანტის მიღება იწვევს გრანტის მიმღები პირის დაჯარიმებას გრანტის ოდენობის ორმაგი ოდენობით. გრანტის მიმღებს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს გრანტის მიღებიდან 6 წლის განმავლობაში.
„ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომ დონორის მიერ გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარ თანხმობას, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას.
აქვე აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა წინასწარ დაასახელეს მათთვის არასასურველი ორგანიზაციები, რომლებსაც არ მისცემენ თანხმობას გრანტის მიღებაზე.
27 მაისს “ქართულმა ოცნებამ” კანონში დამატებითი ცვლილებები დააინიცირა, კერძოდ აკრძალვის წესები არ გავრცელდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაზე, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამაზე ერაზმუს+ (Erasmus+), ასევე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე.
3.5. საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება და მნიშვნელოვანი საჯარო უწყებების გაუქმება
- საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება
“ქართულმა ოცნებამ” ოთხჯერ შეცვალა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რითიც მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობა და ფაქტიურად გააუქმა წლების განმავლობაში განხორციელებული საჯარო სამსახურის რეფორმის ყველა მიღწევა.
პირველი ეტაპის ცვლილებები 2024 წლის დეკემბერში, 5 დღიანი განხილვის შედეგად, დაჩქარებული წესით მიიღეს; მეორე ეტაპის ცვლილებები, ასევე დაჩქარებული წესით, - 2025 წლის 6 თებერვალს; მესამე პაკეტის ცვლილებებს 20 თებერვალს დაუჭირეს მხარი, ხოლო მეოთხე ეტაპის ცვლილებებს - 1 აპრილს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წესი. კერძოდ, შუა რგოლის თანამდებობის პირები - დეპარტამენტის და სამსახურის მოქმედი უფროსები და მათი მოადგილეები აღარ ითვლებიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად. ამიერიდან ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევიან და უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოსაზრებით შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და გაათავისუფლოს საჯარო მოხელე სამსახურიდან. გარდა ამისა, უწყების ახალი ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირი ავტომატურად ტოვებს თანამდებობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მინისტრი მისთვის სასურველ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და ხელმძღვანელების მოადგილეებს დანიშნავს. დანიშვნის დროს კი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ შესაბამისი ხელმძღვანელის მიმართ ლოიალურობა და არა კვალიფიკაცია. ეს ცვლილება საჯარო მოხელეების დაშინებას ემსახურება და პირდაპირი გზავნილია, რომ თუ ისინი კვლავ იქნებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები, ნებისმიერ დროს დაკარგავენ სამსახურს და საჯარო მოხელეების გარანტიები მათ ვეღარ დაიცავთ.
ცვლილებებით ასევე ბრუნდება საჯარო მოხელის უკონკურსოდ დანიშვნის წესი. ახალ ხელმძღვანელებს/მინისტრებს უფლება ენიჭებათ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე (მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამსახურის უფროსი, მოადგილე და ა.შ.) ხელშეკრულებით, უკონკურსოდ, დანიშნონ პირები მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადით. ეს ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას და პროფესიულ სტანდარტებს.
კიდევ ერთი ცვლილება საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემას შეეხება. კერძოდ, საჯარო მოხელეს წელიწადში ერთის ნაცვლად, 2-ჯერ შეაფასებენ და 2 უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მას ორი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დაატოვებინებენ სამსახურს. ამასთანავე, დაწესებულების უფროსს შეუძლია შეცვალოს საჯარო მოხელის უშუალო უფროსის შეფასება, რაც შეიძლება ამ პირის გათავისუფლებისა ან მისთვის ხელფასის 20% დაქვითვის საფუძველი გახდეს. აღნიშნული ცვლილების მიზანიც ის არის, რომ თუკი ახალი უწყების ხელმძღვანელი მოისურვებს მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გაშვებას, მისთვის მოცემული მოხელის უშუალო ხელმძღვანელის დადებითი შეფასება აღარ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ მისთვის არასასურველი, თუნდაც მაღალკვალიფიციური კადრი თანამდებობიდან გაუშვას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაშიც კი სამსახურში აღარ აღადგენენ და რეზერვში ჩარიცხავენ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხელეები უკანონოდ გათავისუფლდებიან, რაც ზემოთ აღწერილი ცვლილებებზე დაყრდნობით უკიდურესად მარტივი ხდება, და ამას ისინი სასამართლო წესით დაასაბუთებენ, უსამართლობას მაინც ვერ აღმოფხვრიან და სტატუსქვოს ვერ აღიდგენენ.
თუკი სასამართლომ რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, გათავისუფლებულ პირს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება და მას 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით მხოლოდ 1 თვის განაცდურს აუნაზღაურებენ.
საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ.
საჯარო სამსახურში წმენდისა და რეპრესიების მორიგი ცვლილებები საგარეო უწყებას შეეხო. კერძოდ, ქართული ოცნების ინიციატივის თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, მივლინებულ პირს შეიძლება მივლინება ვადაზე ადრე შეუწყვიტონ, თუ მინისტრის დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები დაარღვია, რომელმაც „შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს”.
- მნიშვნელოვანი საჯარო უწყებების გაუქმება
აღნიშნული კანონების მიღების პარალელურად პარლამენტმა გააუქმა არაერთი სსიპ-ი.
2025 წლის 1 აპრილიდან გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო. ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიმართ მათი პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის პირდაპირი ფუნქცია საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება იყო. საჯარო სამსახურის ბიურო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ არალეგიტიმურმა მთავრობამ ქვეყნისთვის ეს მეტად საზიანო გადაწყვეტილება საზოგადოების ზურგს უკან, ყოველგვარი რაციონალური დასაბუთების გარეშე მიიღო.
გარდა ამისა, გაუქმდა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ. როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და აღნიშნული სსიპი გადავა სამინისტროს შემადგენლობაში.
ცენტრის გაუქმებას წინ უძღვოდა NATO-ს წევრ ქვეყნებში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება, მათ შორის - ამერიკაში, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვასა და პოლონეთში.
“ქართული ოცნების” წევრებმა მხარი დაუჭირეს “ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაუქმდა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონის ცვლილებების შედეგად, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.
ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტო გახდა. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს ცვლილებები 2025 წლის 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში და დაზვერვის სამასახურში დასაქმებულ პირებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები
„ქართული ოცნების” მორიგი ინიციატივით გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურას შეუერთდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტურობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის 9 დათქმიდან ერთ-ერთი იყო.
„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა. ამ მიზნისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ.
2025 წლის 6 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით პარლამენტი კვლევით ცენტრი გააუქმა და 21 საჯარო მოხელე სამსახურის გარეშე დატოვა. პარლამენტის კვლევითი ცენტრის გაუქმებაც მისი თანამშრომლების აქტიურობასა და სამოქალაქო პროტესტში ჩართვას უკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ 3 აპრილს შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 11 სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია გამოაცხადა, რომლის მიზანიც „საქართველოს პარლამენტის აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის“ უზრუნველყოფაა.
3.6. სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეღუდვისკენ მიმართული ცვლილებები
2025 წლის 2 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც წარმოადგენს მმართველი ძალის გაცხადებულ მცდელობას სამართლებრივი სივრცის ტოტალური კონტროლი დაიკანონოს და გააუქმოს სასამართლო ხელისუფლებაზე საზოგადოების ზედამხედველობის საჯარო მექანიზმები.
- სასამართლო დარბაზები მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა. სხდომების აუდიო-ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.
- ასევე დაიხურა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა. სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ყველა ინსტანციაში არ გასაჩივრდება გადაწყვეტილება, იგი საზოგადოებისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი;
- სასამართლოს შეუძლია სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
- შეიცვალა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა.მოსამართლეების რაოდენობა გაიზრდა, ხოლო არამოსამართლე წევრების რაოდენობა შემცირდა - 12 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრი. ცვლილებები გამოიწვევს სასამართლო კლანის კიდევ უფრო გაძლიერებას. აგრეთვე გაუარესდა საბჭოს გამჭვირვალობაც, რადგან იგი აღარ იქნება ვალდებული გამოაქვეყნოს მთელი რიგი საჯარო ინფორმაცია, როგორიცაა სხდომის ოქმები, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია და სხვა;
- მნიშვნელოვნად შეიზღუდა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები და გაძლიერდა მათზე კონტროლის მექანიზმები: მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ საჯარო ღონისძიებებში ან ტრენინგებში მონაწილეობდეს საბჭოს ნებართვის გარეშე. გაიზარდა მოსამართლეთა მივლინების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე; ამასთანავე, დაიშვება ამ ვადის გაგრძელებაც 2 წლით;
წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს სახიფათო უკუსვლას სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის კუთხით და სასამართლოს, რომლის დამოუკიდებლობის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, კიდევ უფრო დახურულ უწყებად აქცევს. სასამართლო პროცესების დახურვა, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლოს ზედამხედველობის საჯარო მექანიზმებს.
ცვლილებებით იზღუდება მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. ტრენინგებსა და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის რეგულირება საბჭოს ნებართვით, მივლინების ვადების ზრდა და შესაძლო გახანგრძლივება ემსახურება მოსამართლეებზე გავლენის გაძლიერებას და მათ პერსონალურ თავისუფლებაზე ინსტიტუციურ კონტროლს.
3.7. რეპრესიული ცვლილებები სისხლის სამართლის მიმართულებით - ანონიმური მოწმე, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა და ქონების ჩამორთმევა
- ანონიმური მოწმე სისხლის სამართლის პროცეში
2025 წლის 2 ივლისს სისხლის „ქართულმა ოცნებამ” ცვლილებები შეიტანასამართლის კოდექსში, რომლის თანახმად, შესაძლებელია მოწმის ვინაობა დარჩეს უცნობი. კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ გამოძიებაში მონაწილის ვინაობა უვადოდ შეიძლება იყოს დაფარული. პროცესზე ანონიმური მოწმე დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევის შესაძლებლობაც დაცვას აღარ ექნება, არ ეცოდინება მოწმის ვინაობა, რაც სრულად დაარღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.
- მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, დაკავშირებული პირებისაგან ქონების ჩამორთმევა და მსჯავრდებულისათვის ოჯახის წევრების დახმარების შეზღუდვა
2025 წლის 3 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ” სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან.
ამავე ცვლილებებით დაკანონდა საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე (ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის- 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის- 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი).
მსჯავრდებულს ეკრძალება მცირე ოდენობის თანხაზე მეტი (საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა) დახმარების მიღება. აქ იგულისხმება საცხოვრებელი ფართით, ტრანსპორტითა თუ ნებისმიერი სახის მატერიალური დახმარება. ვინც ასეთ დახმარებას აღმოუჩენს (მათ შორის ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი) დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა - 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის ეს ცვლილებები შეუსაბამოა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ზიანის ანაზღაურების მიზნით საგნის/ქონების ამოღება არა მხოლოდ დაზარალებულისაგან, არამედ მისი ახლო ნათესავებისა და დაკავშირებულ პირებისაგან ეწინააღმდეგება ინდივიდუალური პასუხისგებლობის პრინციპს.
„საქართველოდან გასვლის აკრძალვის“ სოციალური დაცვის ღონისძიებად გამოცხადება სცდება დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებს, ადამიანის უფლებების პრინციპებსა და საფრთხეს უქმნის პირის თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ასეთი აკრძალვა შესაძლებელია არასაპატიმრო ან პირობითი სასჯელის შემთხვევებშიც.
კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღვოდა სპეცსამსახურების მიერ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება და დაკავება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავებოდა დიდი ოდენობით ქონების მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები უკუძალით ბაჩიაშვილზეც გავრცელდებოდა.
მსჯავრდებულისათვის აკრძალვა, მიიღოს დახმარება ახლობლებისაგან და ამისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითად უფლებებს, ასევე ჰუმანურობის პრინციპებს.
IV. საპარლამენტო კონტროლი
4.1პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებით საპარლამენტო კონტროლის გაუქმება
„ქართული ოცნების” დეპუტატებმა 2025 წლის 13 მაისს მხარი დაუჭირეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტს, რომლითაც ფაქტობრივად გაუქმდა საპარლამენტო კონტროლი და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა; პარლამენტში გაუქმდა საბჭოები, რომელთა მიზანიც ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა იყო.
ახალი რეგლამენტით პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი მთავარი ფუნქციის - მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე. “ქართული ოცნების” პარლამენტი პრაქტიკაში ისედაც აღარ იყენებდა მის ხელთ არსებულ მექანიზმებს. მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, საბჭოები და კომიტეტები ხშირად ფორმალურად ფუნქციონირებდა და რეალურ ზედამხედველობას არ უზრუნველყოფდა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტით:
- გაუქმდა საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმები მინისტრის საათი და თემატური მოკვლევის ინსტიტუტი. საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმების გაუქმება პოლიტიკური კომფორტის შექმნას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში მინისტრის საათის გაუქმების საპირწონედ ინტერპელაციის რაოდენობის ზრდა არის დასახელებული, თუმცა ეს ორი მექანიზმი არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს;
- გაუქმდა კომიტეტის მნიშვნელოვანი ფუნქციები. კომიტეტი აღარ განიხილავს შემდეგ საკითხებს: თანამდებობის პირის არჩევა, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, პრეზიდენტის არჩევა, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება და სხვა საკითხები.
- ქალთა და ბავშვთა უფლებები საპარლამენტო საქმიანობის პრიორიტეტი აღარ არის. გაუქმდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო. მართალია უკანასკნელი წლებია საბჭოებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდათ, თუმცა იმის ნაცვლად რომ ქართულ ოცნებას პარლამენტის ეს სტრუქტურული ერთეულები აემუშავებინა, საერთოდ უარი თქვა მათზე;
- პარლამენტის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაუარესდა: გაუქმდება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო; პარლამენტი და კომიტეტები აღარ არიან ვალდებული წარადგინონ წლის სამოქმედო გეგმები; კომიტეტი აღარ არის ვალდებული, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები; საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტზე აღარ განიხილავენ. ამის ნაცვლად, საკანონდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გაეგზავნება, რომელთაც 1 თვის ვადა ექნებათ წინადადების შესაბამისად წარადგინონ საკანონმდებლო ინიციატივა;
- პარლამენტის წევრებისთვის პოლიტიკური გამოხატვა შეიზღუდა და ოპოზიციის უფლებები შემცირდება. ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ. შესაბამისად სხდომაზე არ დასწრება გაცდენად ჩაითვლება. პლენარული და კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას მოწვეულმა პირმა თავი უნდა შეიკავოს განვითარებული მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტში რეალური ოპოზიცია არ არსებობს, ისინი მაინც ცდილობენ ინსტიტუციურ დონეზე შეამცირონ ოპოზიციის საზედამხედველო ბერკეტები: უქმდება ფრაქციის უფლებამოსილება, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს ბიუროს თავმჯდომარეს სხდომის ჩატარების შესახებ, ოპოზიციას გაურთულდება სხვა დროებითი კომისიის შექმნა კვორუმის გაზრდის გამო. კომისიის შექმნისთვის პარლამენტის წევრთა ¼ -ის ნაცვლად ⅓ თანხმობა იქნება საჭირო.
4.2 პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია - როგორც ოპონენტების მოშორების ინსტრუმენტი
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა. 2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი დადგენილება და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.
კომისია შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით, რადგან მის დასაკომპლექტებლად “ქართული ოცნების” სიით არჩეული “პარლამენტის წევრები” გაიყვანეს “ქართული ოცნების” ფრაქციიდან და ფიქციური, ვითომ “ოპოზიციური ფრაქციების” შექმნით და კომისიაში შეყვანით შეეცადნენ საზოგადოებისთვის მოეჩვენებინათ, რომ კომისიაში ოპოზიციაც იყო წარმოდგენილი.
10 კაციან საგამოძიებო კომისიაში 5 ადგილი მიეკუთვნა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, 2 ადგილი მიეკუთვნა „ხალხის ძალას“, 1 - „ევროპელ სოციალისტებს“ და 2 - პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს. თუმცა, რადგან “გახარია- საქართველოსთვის” პარტიის არჩეული დეპუტატები ბოლო დრომდე უარს აცხადებდნენ პარლამენტში მუშაობაზე, მათთვის განკუთვნილი ადგილები „ვაკანტურად“ დარჩა.
კომისიის შექმნის პროცესი უკვე საწყის ეტაპზე არღვევდა როგორც კონსტიტუციას, ისე პარლამენტის რეგლამენტს. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არსებობს კონკრეტული ეჭვი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მხრიდან სამართალდარღვევაზე. ახალი კომისიის მანდატი კი ამ ფარგლებს სცილდებოდა — ის მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების ქმედებების გამოკვლევას, რაც კანონით დაუშვებელია, რადგან პარტია არ წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს. გარდა ამისა, კომისიის მანდატი უკავშირდებოდა 2003 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდს, რაც არღვევდა კონკრეტულობისა და დროითი პროპორციულობის პრინციპს.
ორივე დადგენილების განმარტებითი ბარათი სავსეა პოლიტიკური შეფასებებით, მაგრამ არსად მინიშნებაც კი არ არის ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა ან კორუფციული სამართალდარღვევაზე, რომელიც დღეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერ ხარჯვასთან.
კომისიის მანდატის უკანონო გაფართოვებაზე მეტყველებს საკუთრივ საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელშიც ფართო ადგილი აქვს დათმობილი წამების, არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობის, სხვა სახის ძალადობის, ბიზნესის რეკეტის შესახებ ცალკეული საქმეების აღწერას. სადავო არ არის, რომ ასეთი დანაშაულების შესახებ ცნობები თავისთავად სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების საქმეა. ნაკლებად სადავოა ისიც, რომ ასეთი საქმეების გამოძიება, თუ ასეთი რამ არ მომხდარა, შეიძლება შედიოდეს სახელმწიფოს „პოლიტიკურ ინტერესებში“ და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარებოდეს დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მანდატს. მაგრამ საქმე ის არის, რომ კომისიის დასკვნაში აღწერილი საქმეები, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებს ეხება, უკვე გამოძიებულია და მათ გამო არა ერთმა პირმა აგო კიდევაც პასუხი ჩადენილი ქმედებებისათვის. შესაბამისად, გაუგებარია, რაღა უნდა გამოეძიებია ამ კუთხით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას.
2025 წლის 3 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საგამოძიებო კომისის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლითაც დაამტკიცა საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტმა ფაქტიურად სისტყვა-სიტყვით გადმოიტანა თავის დადგენილებაში კომისიის დასკვნის ძირითადი „მიგნებები“.
ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ერთადერთი მტკიცებულების სახით ერთვის თან „ქართული ოცნების“ დეპუტაციის კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც მიზნად ისახავს სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის თაობაზე.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოში მოისპობა, ხოლო, სულ მცირე, 700 000 ამომრჩეველი, რომელმაც თავისთავად ნაკლებად სანდო ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ამ პარტიებს მისცა, არჩევანის გარეშე დარჩება.
4.3 საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმების გამოყენება
ქართული ოცნების პარლამენტში ფაქტობრივად გაუქმებულია საპარლამენტო კონტროლი როგორც კანონის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით.
გაუქმდა საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმები მინისტრის საათი და თემატური მოკვლევის ინსტიტუტი. ის მექანიზმებით რაც დარჩა რეგლამენტში არ გამოყენებულა პარლამენტის მიერ.
საანგარიშო პერიოდში არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.
ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით სადეპუტატო კითხვა საანგარიოში პერიოდში (25.11.25-21.10.25) 4 კითხვა გაიგზავნა.
|
თარიღი |
ავტორი |
ადრესატი |
საკითხი |
|
20.12.2024 |
თენგიზ შარმანაშვილი |
სამხარაულის ბიურო |
კონკრეტული ექსპერტიზის მიმდინარეობაზე |
|
13.02.2025 |
მიქანაძე გივი |
იუსტიციის სამინისტრო |
არასრუწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე |
|
31.03.2025 |
დალაქიშვილი ალექსანდრე |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების შესახებ. |
|
07.10.2025 |
შატაკიშვილი ირაკლი |
ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების დადგენასთან და მათ აღმოფხვრასთან დაკავშრებით |