ENG

ერევა თუ არა ეკა ბესელია თვითმმართველი ქალაქ ფოთის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში?

30 აპრილი, 2013

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფოთის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ კანდიდატთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ბრალს სდებენ ნეპოტიზმსა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში. ამ მხრივ, ყველაზე აქტიური რეგიონული ელექტრონული გამოცემა TSpress-ია, რომელმაც დეპუტატის საქმიანობაზე რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიზანშეწონილად ჩათვალა, დეპუტატთან დაკავშირებული შეკითხვები თავად ეკა ბესელიასთვის დაესვა და გაერკვია, ამეტებს თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას დეპუტატი.

ფოთის ახალი მერის დანიშვნა

2013 წლის 11 იანვარს ფოთის საკრებულომ ახალ მერად დავით სარსანია აირჩია. დავით სარსანია ადგილობრივ მედიასთან არ უარყოფდა, რომ მისი კანდიდატურა ეკა ბესელიასთვის მისაღები იყო და საკუთარ თავს მაჟორიტარი დეპუტატის ფავორიტადაც კი ასახელებდა. თავად დეპუტატი ინტერვიუში ამბობს: „საკრებულომ დაამტკიცა სარსანია, სადაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, როგორ შეიძლებოდა მე დამენიშნა სარსანია?“ – ამგვარად უარყო ბესელიამ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ სარსანიას არჩევაში დაკავშირებით მისი აქტიურობა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ საკრებულოს იმდროინდელ თავმჯდომარეს ივანე საღინაძეს, მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება სთხოვა.  „მე ვთქვი, რომ დემოკრატიული იქნებოდა საკრებულოს გამოეცხადებინა კონკურსი და კონკურსით დაენიშნათ მერი. ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც მე ვახმოვანებდი ამომრჩევლის გარკვეული ჯგუფის თხოვნით“, – უთხრა ეკა ბესელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელს, თუმცა იქვე დაამატა, რომ არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია.

რაც შეეხება საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ივანე საღინაძის მიერ თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებას, ბესელია აცხადებს, რომ ახალი მერის არჩევასთან ამ ფაქტს არავითარი კავშირი არ ჰქონდა. თავად საღინაძე მედიასთან ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ფოთში შექმნილი ვითარების გამო მიიღო. „კერძოდ, ვერ დავნიშნეთ მერი. ამიტომ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ქალაქის აღმშენებლობას და არ წარმოიშვას პრობლემები, მივიღე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“, – უთხრა საღინაძემ ჟურნალისტებს 2012 წლის 6 დეკემბერს, თანამდებობის დატოვებისას.

თუ საღინაძის მიერ თანამდებობის დატოვება არანაირად არ უკავშირდება ახალი მერის არჩევა-დამტკიცებას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ გახდა შესაძლებელი საკრებულოს ახალი მერის არჩევა საღინაძის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის დროს.

ფოთში პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნა

ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი შენგელია თანამდებობიდან 2012 წლის ნოემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. ფოთის მაჟორიტარს არ დაუმალავს, რომ შენგელიასთან დაკავშირებით მას არაერთმა მოქალაქემ მიმართა საჩივრით. მეტიც, ბესელია საჯაროდ ამბობდა, რომ შენგელიას გათავისუფლების საკითხი შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან განიხილა. შედეგად, შენგელია გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ვაკანტურ ადგილზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაჟორიტარი დეპუტატის ნათესავი ზურაბ ალასანია დანიშნა. ეკა ბესელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბარში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალასანიას სამინისტროში რეკომენდაცია გაუწია, თუმცა ამის მიზეზად არა მასთან ნათესაობა, არამედ მისი კომპეტენცია და პიროვნული თვისებები დაასახელა. „როცა მკითხეს ამ ადამიანზე, დავახასიათე ძალიან თამამად, რომ ის არის პროფესიონალი, არის წესიერი ადამიანი, არის გამოცდილი, სისტემაში დიდხანს მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მაგრამ არა პოლიციის უფროსად, უფრო დაცვის პოლიციის კუთხით.   ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კადრია ალბათ“, – თქვა ბესელიამ ორგანიზაციის წარმომადგენელთან საუბრისას.

რაც შეეხება დიმიტრი შენგელიას, ბესელიას ინფორმაციით, ის ამ დრომდე რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სასაზღვრო პოლიციაში, რაც მაჟორიტარი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზია დღემდე: „ასეთი გავლენა რომ მქონდეს, ჩემი სურვილებით ხალხი ინიშნებოდეს და თავისუფლდებოდეს, დიდი ხანია ვითხოვ ამ ადამიანის გათავისუფლებას, იმიტომ რომ მის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი პრეტენზია“, – თქვა ეკა ბესელიამ.

სხვა საკადრო ცვლილებები

კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის წევრის, ლევან ჩოჩიას დანიშვნას შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. ბესელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბარში თქვა, რომ ჩოჩია დაინიშნა არა შემოსავლების სამსახურში, არამედ გაფორმებულია ეკონომიკურ ზონაში ერთ-ერთ პოზიციაზე, თუმცა არა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ჩვენმა წარმომადგენელმა სცადა გაერკვია, ნამდვილად დაინიშნა თუ არა ჩოჩია ამ უწყებაში, თუმცა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გვითხრეს, პასუხისთვის შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მიგვემართა. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ჩოჩია აღნიშნულ დეპარტამენტში არ დანიშნულა.

მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის ურთიერთობა ადგილობრივ მედიასთან

24 აპრილს გამოცემა TSpress-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს“. სტატიაში ნათქვამია, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია გამოცემასთან კომენტარს არ აკეთებს, რასაც ადასტურებს კიდევაც გამოქვეყნებული ვიდეო. რაც შეეხება ფოთის მერს დავით სარსანიას, ის სატელეფონო საუბარში გამოცემის ჟურნალისტს ეუბნება, რომ მისი უფლებაა, ჟურნალისტის კითხვებს საერთოდ არ უპასუხოს. თავის მხრივ, გამოცემა წერს, რომ საჯარო პირების გაღიზიანება გამოიწვია რამდენიმე სტატიამ, რომელიც ეკა ბესელიას და დავით სარსანიას საქმიანობას ეხებოდა.

მიგვაჩნია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკადრო პოლიტიკა უნდა წარმართონ დამოუკიდებლად, შესაბამისი კანონის დაცვით, რაც გულისხმობს ახალი კადრების აყვანას მხოლოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით – ღია, გამჭვირვალე კონკურსის წესის დაცვით.

თანამდებობის პირთა დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ერთის მხრივ კონკურსის ჩატარების დროს პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ მხარდამჭერი განცხადებებისგან, როგორც ეს მოხდა ფოთის მერის არჩევის დროს. აღნიშნულმა განცხადებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასა და კონკურსის შედეგებზე.

თანამდებობის პირთა შერჩევისას პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი გამოცდილება, კვალიფიკაცია, შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან. რეკომენდაციებს კი პოლიტიკური თანამდებობის პირი უნდა გასცემდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წარმოადგენს დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის დამატებით მოთხოვნას. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ზეპირი სახის რეკომენდაციის გაწევა კონკრეტულ კანდიდატებზე, შესაძლებელია, გახდეს ნეპოტიზმის განვითარებისა და სახელწიფო უწყებებზე არაპირდაპირი ზემოქმედების საფუძველი.

რაც შეეხება ფოთის ზოგიერთი მაღალჩინოსანის მედიასთან ურთიერთობას, ვფიქრობთ, რომ ისინი ყურადღებით უნდა მოეკიდონ მედიის წარმომადგენელთა მოთხოვნებს და გასცენ პასუხი საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ეს კითხვები მათთვის. თავის მხრივ, ჟურნალისტებსაც აქვთ ვალდებულება  გამოაქვეყნონ მხოლოდ დადასტურებული და არაერთგზის გადამოწმებული ინფორმაცია. ასევე, თანამდებობის პირების ინტერესებში უნდა იყოს კორექტულად გასცენ პასუხი ჟურნალისტებს,  რადგანაც თავად კითხვის მიზანი ინფორმაციის გადამოწმება შეიძლება იყოს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“