ელექტროენერგიის ტარიფები და ელექტროსისტემის გამოწვევები საქართველოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ელექტროენერგიის ტარიფები და ელექტროსისტემის გამოწვევები საქართველოში

02 სექტემბერი, 2015

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მიმდინარე წლის აგვისტოდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის რეგიონებში ელექტროენერგიაზე ახალი, გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ის გარეშე 3.348 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო დღგ-ის ჩათვლით კი 3.95 თეთრი/კვტ.სთ-ით, საშუალოდ 32%-ით გაიზარდა (იხილეთ ცხრილი 2). სემეკის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ტარიფების ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებითაა გამოწვეული, რამაც ელექტროენერგიის შესყიდვის ფასის და შემდეგ უკვე სამომხმარებლო ტარიფების ზრდა გამოიწვია. ჩვენი აზრით, მიმდინარე წელს ტარიფის ზრდის მიზეზი მართლაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, თუმცა 2013 წელს ენერგოსექტორზე ტარიფების შემცირების კუთხით გატარებულმა პოლიტიკამაც, ვფიქრობთ, სექტორზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომლის მოთხოვნითაც სემეკ-მა ახალი ტარიფები დაადგინა, მომსახურების არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ფარავს და ელექტროენერგიით საქართველოს რეგიონებში (კახეთის გარდა) მილიონზე მეტ აბონენტს ამარაგებს. შესაბამისად, ტარიფების ზრდა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე აისახება. ამასთანავე, მიმდინარე წლის 23 ივლისს, სემეკს ტარიფის ზრდის თაობაზე სს „თელასმაც“ მიმართა. ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო მოსმენები უკვე გაიმართა. 24 აგვისტოს სემეკმა სს „თელასს“ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი დაახლოებით 6 თეთრით გაუზარდა და 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით 11.173 თეთრი/კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა. სამომხმარებლო ტარიფი, ელექტროენერგიის შესყიდვის დანახარჯების გარდა, სხვა კომპონენტებითაც (საოპერაციო, კაპიტალური დანახარჯები და ა.შ) ფორმირდება; ამიტომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა რამდენით მოხდება, ამის თქმა წინასწარ რთულია. მარეგულირებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ 150 დღე – მიმდინარე წლის 18 დეკემბრამდე აქვს. თუმცა, როგორც კომისიაში განმარტავენ, საბოლოო გადაწყვეტილება ვადაზე ადრე იქნება ცნობილი.

ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება; განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ნაწილზე, რომელთა ელექტროენერგიის დანახარჯებსაც მათ სამომხმარებლო კალათაში შედარებით უფრო დიდი ხვედრითი წილი უკავია. ელექტროენერგიის ხარჯი საწარმოო ხარჯების ნაწილიცაა, ამიტომ ტარიფის ზრდამ პროდუქციის წარმოების დანახარჯების და შედეგად მისი საბაზრო ფასების ზრდაც შეიძლება გამოიწვიოს.

ეროვნული ვალუტის რყევები ტარიფებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. წლიურად დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში, ქვეყნის ენერგომომარაგებაში თბოსადგურების (სადაც ელექტროენერგია იმპორტირებული ბუნებრივი აირით იწარმოება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია. ბუნებრივი აირის და იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხდება. ამ რისკების შესამცირებლად ქვეყნის შიდა რესურსებით წარმოების გაზრდაა აუცილებელი, რაც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ინვესტიციების მოზიდვა საწყის ეტაპზე ზრდის ამ სექტორის დანახარჯებსაც, რაც კვლავ ტარიფებზე პოვებს ასახვას.

2013 წელს ტარიფების შემცირებამ კომპანიებს შემოსავლები და შედეგად მოგების მარჟა შეუმცირა. ბუნებრივია, როდესაც მოგების მარჟა მცირდება, სექტორიც ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, განსაკურებით კი ენერგოსექტორი, რომელიც მაღალი დანახარჯებით ხასიათდება. მიმდინარე ტარიფის ზრდაზე ლარის კურსის გაუფასურებამ მართლაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა იქონია, თუმცა 2013 წელს ტარიფების და მოგების განაკვეთის შემცირებამ, სექტორში ინვესტიციების განხორციელება გარკვეულწილად შეაფერხა. 2013 წელს ტარიფების შემცირება რომ არ მომხდარიყო, დღეს (თუ ლარი ისევ ისე გაუფასურდებოდა) ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯების ზრდა მაინც მოხდებოდა, თუმცა სექტორი ამ შოკს შესაძლოა უფრო მომზადებული დახვედროდა და უარყოფითი ეფექტებიც ამხელა აღარ ყოფილიყო.

გრაფიკი 1: ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ქვეყნების მიხედვით (31.07.2015 პერიოდისთვის არსებული მონაცემები)

წყარო: სემეკი

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია (გრაფიკზე ტარიფები გაანგარიშებულია კურსით 1 აშშ დოლარი = 2.3 ლარს), ამიტომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა მაინც არა მაღალი ტარიფი, არამედ დაბალი შემოსავლებია. შესაბამისად, ქვეყნის მთავარი გამოწვევა კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა, რაც მომხმარებელთა შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფებთან და ზოგადად ელექტროენერგიის სექტორთან დაკავშირებული პრობლემები და რეკომენდაციები უფრო დეტალურად ქვემოთ არის განხილული.

  1. საქართველოს ელექტროსისტემა და ენერგობალანსი

საქართველოს ელექტროსისტემა პირობითად ოთხ საფეხურად შეიძლება დაიყოს: (1) ელექტროენერგიის წარმოება, (2) გადაცემა, (3) დისპეტჩირება და (4) განაწილება.

წარმოება

ელექტროენერგიის წარმოებას ამ ეტაპზე 63 ჰიდროსადგური და 3 თბოსადგური (მეოთხე გარდაბნის თბოსადგურია; მისი ტესტირება ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მიმდინარე წლის ივნისში მოხდა) უზრუნველყოფს. სამივე თბოსადგური გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოადგენს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამივე რეზერვშია. სამივე არის მაღალდანახარჯიანი სადგური, ამიტომ როცა ელექტროენერგიის სიჭარბეა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, დისპეტჩერი მათ აჩერებს და რეზერვში აყენებს. თუმცა, მათთვის ფიქსირებული საფასურის (სიმძლავრის საფასურის) გადახდა მაინც ხდება, იმისთვის, რომ მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ.

გადაცემა

ელექტროენერგიის გადაცემას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით ბაზარზე სამი კომპანია (1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, (2) სს „საქრუსენერგო“ და (3) სს „ენერგოტრანსი“ უზრუნველყოფს.

დისპეტჩირება

საქართველოს ელექტროსისტემის დისპეტჩირებას გადაცემასთან ერთად სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს, რომელიც 2002 წლიდან ჩამოყალიბდა და მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ქვეყნის ელექტროსისტემის მდგრადი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

განაწილება

ელექტროენერგიის განაწილებას სამი კომპანია (1) სს „თელასი“, (2) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ და (3) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს. თითოეული მათგანი განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მოქმედებს და შესაბამის რეგიონში ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს. სს „თელასი“ საქართველოს დედაქალაქის 524.5 ათას აბონენტზე მეტს ემსახურება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოს რეგიონებში (კახეთის გარდა) მილიონზე მეტ აბონენტს ამარაგებს, ხოლო კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის განაწილებას სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ უზრუნველყოფს. ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ კახეთის რეგიონში ერთადერთი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც 2003 წლის 15 აპრილს სს „სინათლე“-ს ბაზაზე შეიქმნა და მისი აბონენტთა რაოდენობა 133,556 შეადგენს.

ელექტროენერგიის ბაზრის ქსელური კომპონენტი (გადაცემის და განაწილების სექტორი), ისევე როგორც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების და განაწილების სექტორი, და წყალმომარაგების სისტემა, ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს. ბუნებრივი მონოპოლიები ჩნდება მაშინ, როდესაც მაღალი მუდმივი დანახარჯების გამო ბაზარზე ერთი კომპანიის ფუნქციონირება უფრო ეფექტიანია, ვიდრე კონკურენტული გარემოს არსებობა. ბუნებრივი მონოპოლიის შემთხვევაში კომპანია ფლობს ბერკეტს მაღალი ფასის დაწესებით მომხმარებლის ხარჯზე საკუთარი მოგების ზრდა მოახდინოს, ამიტომაც აუცილებელია მისი რეგულირება.

საქართველოს ენერგობაზარზე ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ახორციელებს. კომისია ფაქტობრივი ხარჯების და არსებული გარემოებების გათვალისწინებით ელექტროსისტემაში მოქმედი თითოეული კომპანიისთვის ოპტიმალურ ტარიფებს ადგენს და კომპანიებისთვის დაწესებული ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს. მისი მისიაა დარგის ეფექტურად რეგულირებისთვის შექმნას სამართლებრივი საფუძვლები და რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესები დააბალანსოს.

ცხრილი 1: საქართველოს ენერგობალანსი, 2010-2015 წლები

ელექტროენერგიის მიწოდება (მლნ.კვტსთ) 2010 2011 2012 2013 2014 2015 (იანვარი-ივნისი)
სულ გამომუშავება 10,057.7 10,104.5 9,697.6 10,058.8 10,369.6 5,575.2
თბოსადგურები სულ 682.8 2,212.1 2,477.1 1,787.7 2,035.9 1,101.8
თბოსადგურების წილი % 6.8 21.9 25.5 17.8 19.6 19.8
ჰიდროსადგურები სულ 9,374.9 7,892.5 7,220.5 8,271.0 8,333.7 4,473.4
ჰიდროსადგურების წილი % 93.2 78.1 74.5 82.2 80.4 80.2
იმპორტი სულ 222.1 471.0 614.6 484.1 851.9 349.5
რუსეთიდან 211.9 447.6 517.0 460.5 607.0 247.8
აზერბაიჯანიდან 10.1 23.4 97.5 23.6 184.2 101.7
სომხეთიდან 0.0 0.0 0.0 0.0 2.1 0.0
თურქეთიდან 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0
იმპორტის % წილი მიწოდებაში 2.2 4.5 6.1 4.7 7.7 6.0
სულ რესურსი 10,279.7 10,575.5 10,312.2 10,542.9 11,221.5 5,924.7
ქსელში მიწოდება 10,141.2 10,383.1 10,086.5 10,344.7 11,005.6 5,800.0
ელექტროენერგიის მოხმარება            
მომხმარებელზე მიწოდება 8,441.1 9,256.6 9,379.4 9,690.2 10,170.1 5,275.5
ექსპორტი სულ 1,524.3 930.6 528.2 450.4 603.6 400.2
რუსეთში 1,117.1 588.6 369.4 370.6 160.1 106.3
აზერბაიჯანში 14.3 5.9 11.8 6.6 8.0 0.0
სომხეთში 89.4 117.5 67.9 73.2 140.5 49.3
თურქეთში 303.4 218.6 79.0 0.0 236.5 244.6
სულ მოხმარება 9,965.4 10,187.2 9,907.5 10,140.6 10,773.8 5,675.7
სულ მოთხოვნა კარგვების გათვალისწინებით 10,141.2 10,383.1 10,086.5 10,344.7 11,005.6 5,800.0
ბალანსი ექსპორტ-იმპორტი 1,302.2 459.6 -86.4 -33.7 -248.3 50.7

წყარო: ესკო

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს, ძირითადად შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ყველაზე დიდი ოდენობით რუსეთიდან ახდენს, შემდეგ აზერბაიჯანიდან, სომხეთსა და თურქეთიდან. იმპორტირებული ელექტროენერგიის პროცენტული წილი მთლიან მიწოდებაში წინა წლების განმავლობაში მეტწილად იზრდება (გამონაკლისი 2013 წელია), რაც მაღალი დანახარჯების გამო უარყოფითი ფაქტია. ასევე, მეტწილად იზრდება თბოსადგურების წილიც მთლიან გამომუშავებაში (გამონაკლისი აქაც 2013 წელია). ვინაიდან თბოსადგურები ელექტროენერგიის მიწოდების ძვირადღირებულ რესურსს წარმოადგენს, მათი წილის ზრდაც სახარბიელო არ არის. ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტს, ძირითადად გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი ოდენობით კვლავ რუსეთში, შემდეგ თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახდენს. მონაცემებიდან ნათელია, რომ ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსი (ექსპორტ-იმპორტი) წლების განმავლობაში მეტწილად უარესდება და უარყოფითმა სალდომ, გასული 5 წლის განმავლობაში მის მაქსიმუმს 2014 წელს 248.3 მლნ.კვტსთ-იანი მაჩვენებლით მიაღწია. სავაჭრო სალდოს ასეთი გაუარესება იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდამ გამოიწვია. გასული ხუთი წლის განმავლობაში, იმპორტის ყველაზე დიდი მაჩვენებლი 2014 წელს 851.9 მლნ.კვტსთ-ი დაფიქსირდა. ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, რასაც შიდა რესურსებით წარმოების ზრდა ვერ აბალანსებს. შესაბამისად, თბოსადგურების მიერ წარმოებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდის საჭიროება დგება, რასაც საერთო ჯამში დანახარჯების და შედეგად ტარიფების კიდევ უფრო მეტად ზრდისკენ მივყავართ.

2. ელექტროენერგიის ტარიფები

2.1. ელექტროენერგიის ტარიფების ფორმირება

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ 2008 წლის N33 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება. კომისია ასევე ადგენს ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების ტარიფის ზედა ზღვარს. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ტარიფები.

გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიას ქვეყნის შიგნით არსებული გენერაციის სხვადასხვა წყაროებიდან ყიდულობენ, ყიდულობენ იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ასევე ქსელში არსებულ დანაკარგებს; შემდეგ ამ შესყიდვის ღირებულებას ამატებენ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებას და გარანტირებული სიმძლავრის საფასურს; რასაც ემატება საკუთარი განაწილების ტარიფი (მომსახურების საფასური, რომელშიც კომპანიას აქვს ყველა ფიქსირებული ხარჯი მათ შორის: ხელფასები, რემონტი, დაზღვევა, გადასახადები, მოგება, ცვეთა და ა.შ. ყველაფერი ის რაც საჭიროა თავისი ქსელის შენახვისთვის). შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფი პირობითად შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: (1) გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი, რომელშიც ერთიანდება ელექტროენერგიის წარმოების, იმპორტის, გარანტირებული სიმძლავრის, დანაკარგების და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ხარჯი და (2) ელექტროენერგიის განაწილების ხარჯი, რომელიც გამანაწილებელი კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებს მოიცავს.

საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ არის წარმოებული. თუმცა ძირითადად შემოდგომა – ზამთრის პერიოდში, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ამიტომ ენერგოგამანაწილებელი კომპანიები აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს ან/და თბოელექტროსადგურებიდან მის შეძენას ახდენენ. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯი შედარებით იზრდება.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე იაფიან ელექტროენერგიას დღეს, ძირითადად ენგურის და ვარდნილის ჰიდროსადგურები გამოიმუშავებენ, რაც ჰესების მიერ სულ წარმოებული ენერგიის 47%-ს (ენგურჰესი – 40% და ვარდნილჰესი – 7%) და სულ მიწოდებული ელექტროენერგიის 36%-ს (ენგურჰესი – 30% და ვარდნილჰესი – 6%) წარმოადგენს (2014 წლის მონაცემები). ამ ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი წილი, დაახლოებით 50% აფხაზეთში გადის, განსაკუთრებით კი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რაც მიწოდებული ელექტროენერგიის დაახლოებით 15%-ია. ეს ფაქტი კი ქვეყანაში, პიკურ პერიოდებში იაფიანი ენერგიის დეფიციტის შექმნას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

2.2. 2015 წელს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიზეზები

2014 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მთლიან მიწოდებაში 7.7% იყო, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი – 6% (იხილეთ ცხრილი 1). ეს მაჩვენებლები გასულ წლებთან შედარებით ისედაც მაღალი მონაცემებია და ლარის გაუფასურებამ (2012 წლის შემდეგ ლარი საშუალო წლიურად 33%-ით გაუფასურდა) ეროვნულ ვალუტაში გამოხატული იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯები კიდევ უფრო მეტად გაზარდა. თბოსადგურების წილი ელექტროენერგიის შიდა გამომუშავებაში გასულ წელს 19.6% და მიმდინარე წელს კი 19.8%-ია. თბოსადგურებს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ბუნებრივი აირი ესაჭიროებათ, რის იმპორტირებასაც ისინი სხვა ქვეყნებიდან ახდენენ. შესაბამისად, კურსის გაუფასურებამ ლარში გამოხატული იმპორტირებული ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასიც გაზარდა. ვალუტის რყევები იმპორტირებული ელექტროენერგიის და თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ფასზე პირდაპირ აისახება, რაც ჯამში, მიწოდებული ენერგიის მთლიანი მოცულობის 26% წარმოადგენს.

გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიას სხვადასხვა წყაროებიდან ყიდულობენ და შესყიდვის ხარჯიც დროისა და წყაროების მიხედვით განსხვავდება. სემეკი კი წლის განმავლობაში დაგეგმილი შესყიდვების მიხედვით საშუალო შეწონილ ფასს ადგენს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ აგვისტო-დეკემბრის პერიოდში შესასყიდი ენერგიის რაოდენობა 2,087 მლნ კვტ/სთ-ით დაიგეგმა, საიდანაც 52% ჰესებიდან, 39% – იმპორტირებული ენერგია და 9% – თბოსადგურებიდან შესასყიდი ენერგიაა. ლარის გაუფასურებამ გაზარდა თბოსადგურებისა და იმპორტირებული ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯი, რის შედეგადაც, ტარიფის უცვლელობის პირობებში კომპანია წლის ბოლოს ჯამში 70 მილიონამდე ლარის ზარალს მიიღებდა . კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფის 3.348 თეთრით ზრდა, აღნიშნული ზარალის თავიდან არიდების მიზნით მოხდა (სემეკის კომისიის წევრთან და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია).

თბოელექტროსადგურებისთვის დადგენილი ტარიფი ორ კომპონენტად იყოფა: (1) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – თბოელექტროსადგურის მოვლისა და შენახვის მუდმივი ხარჯები და (2) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, სადაც 99% ნედლეულის (ბუნებრივი აირის) ხარჯებს უკავიათ.

თბოსადგურები ბუნებრივ აირს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისგან“ ყიდულობენ, ხოლო შესყიდვის ფასი 1000 მ3-ზე 143$ -ია დღგ–ს გარეშე. 2014 წელს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების დაანგარიშება 1.75 გაცვლითი კურსის გათვალისწინებით მოხდა, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან, მაშინ როცა ელექტროენერგიის იმპორტი და თბოსადგურებიდან ელექტროენერგიის შეძენა აქტიურად ხდება, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ამის გამო თბოსადგურებს ხარჯების გასტუმრება უკვე 2.25 კურსით უწევდათ. ამ სხვაობით კი მათ დაახლოებით 28 მლნ ლარის ზარალი ნახეს.შესაბამისად, თუ ტარიფი უცვლელი იქნებოდა კომპანიები კვლავ ზარალს ნახავდნენ, ამიტომ სამ თბოელექტროსადგურს ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფები საშუალოდ 2.21 თეთრი/კვტსთ-ით გაეზარდათ.

ცხრილი 2: ელექტროენერგიის ტარიფების დინამიკა, 2006-2015 წლები

ცხრილი 2.1: ელექტროენერგიის ტარიფების დინამიკა, 2006-2013 წლები

კატეგორია (დღგ–ის გარეშე)
15.05.2006 - 01.07.2010 01.07.2010 - 31.12.2012 01.01.2013-31.03.2013
თელასი კახეთი ენერგო პრო თელასი კახეთი ენერგო პრო თელასი კახეთი ენერგო პრო
საყოფაცხოვრებო: 101 კვტსთ-ის ჩათვლით 11.42 11.00 11.00 11.42 11.00 11.00 8.42 11.00 8.00
საყოფაცხოვრებო: 101-301 კვტსთ 13.56 14.00 14.00 13.56 14.00 14.00 10.56 14.00 11.00
საყოფაცხოვრებო: 301 კვტსთ და მეტი 15.00 14.83 14.83 15.00 14.83 14.83 15.00 14.83 14.83

ცხრილი 2.2: ელექტროენერგიის ტარიფების დინამიკა, 2014-2015 წლები

კატეგორია (დღგ–ის გარეშე)
01.04.2013-31.08.2014 01.09.2014-31.07.2015 01.08.2015-31.12.2015
თელასი კახეთი ენერგო პრო თელასი კახეთი ენერგო პრო თელასი კახეთი ენერგო პრო
საყოფაცხოვრებო: 101 კვტსთ-ის ჩათვლით 8.03 11.00 7.63 8.03 11.00 7.630 8.03 11.00 10.978
საყოფაცხოვრებო: 101-301 კვტსთ 10.56 14.00 11.00 10.56 14.00 11.000 10.56 14.00 14.348
საყოფაცხოვრებო: 301 კვტსთ და მეტი 15.00 14.83 14.83 15.00 14.83 14.830 15.00 14.83 18.178

წყარო: სემეკი

2006-2012 წლებში სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ფიქსირებული იყო (ცხრილი 2). ამ მემორანდუმების თანახმად, ფიქსირებული ტარიფების სანაცვლოდ კომპანიები გარკვეულ საინვესტიციო ვალდებულებებს იღებდნენ. 2006-2012 წლებში ლარის კურსს დოლართან მიმართებაში მეტწილად გამყარების ტენდენცია ჰქონდა. კურსის გამყარების და ძირითადად ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის და შიდა საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებით ენერგოკომპანიებმა აღნიშნულ პერიოდში მაღალი მოგების მიღება მოახერხეს. ეს მოგება ძირითადი აქტივების დაახლოებით 20 %-მდე იყო – რაც მეტია მოგების იმ მარჟაზე, რაც საჭიროა კომპანიებისთვის რათა სექტორიდან არ გავიდნენ. დღეს ეს მოგება 13.5%-ს შეადგენს.

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთი იყო. 2013 წლიდან კომპანიებს სამომხმარებლო ტარიფი უნდა შეემცირებინათ და ამისთვის მათ რესურსების მოძიება დაევალათ. 2013 წლიდან ტარიფების ორსაფეხურიანი (ტარიფი არ შემცირებულა მესამე – 301 კვტსთ და მეტი კატეგორიისთვის, ცხრილი 2) შემცირება მოხდა – საშუალოდ 3.12 თეთრი/კვტსთ-ით, რაც კომპანიებს სწორედ მოგების დათმობის ხარჯზე მოუწიათ. 20%-მდე მოგება დაახლოებით 7-8%-ით შეუმცირდათ (სემეკის კომისიის წევრთან პირადი გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია).

2013 წელს ტარიფების შემცირებამ კომპანიებს შემოსავლები შეუმცირა და ინვესტიციების განხორციელებაც ამ სექტორში გარკვეულწილად შეაფერხა. ბუნებრივია, როდესაც მოგების მარჟა მცირდება, სექტორიც ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, განსაკურებით კი ენერგოსექტორი, რომელიც მაღალი დანახარჯებით ხასიათდება.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ენერგეტიკის სექტორში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკიდან ჩანს, რომ 2014 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როგორც აბსოლუტური მაჩვენებელი, ისე პროცენტული წილი მთლიან ინვესტიციებში მნიშვნელოვნად შემცირდა და 26%-დან 7.8%-მდე იკლო.

გასულ წელს 2012 წელთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში 45%-ით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა; 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ით ნაკლები, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე კი 63%-ით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი კი ვფიქრობთ, 2013 წელს განაწილების მარჟის შემცირება უნდა იყოს.

ანალიზიდან ცხადია, რომ მიმდინარე ტარიფის ზრდაზე ლარის კურსის გაუფასურებამ მართლაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა იქონია, თუმცა 2013 წელს ტარიფების და მოგების განაკვეთის შემცირებამ, სექტორში ინვესტიციების განხორციელება გარკვეულწილად შეაფერხა. 2013 წელს, მომხმარებლებმა ტარიფების შემცირებით გარკვეული შეღავათი მიიღეს; თუმცა ვფიქრობთ, რომ მათ ეს დანაზოგი ძირითადად სხვა პროდუქტების შეძენისკენ მიმართეს, მაშინ როცა საქართველო უფრო იმპორტიორი ვიდრე ექსპორტიორი ქვეყანაა. სექტორის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის კი საინვესტიციო დანაზოგის ზრდა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რისი გარკვეულწილად შეფერეხებაც 2013 წელს მოგების მარჟის შემცირების შედეგად მოხდა. ორი წლის წინ ტარიფების შემცირება რომ არ მომხდარიყო, დღეს ლარის ისევ ისე გაუფასურების შემთხვევაში, ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯების ზრდა მაინც მოხდებოდა, თუმცა სექტორს ეს შოკი შესაძლოა უფრო ადვილად გადაეტანა. 2013 წელს მოგება რომ არ შემცირებულიყო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღეს ტარიფების უცვლელად დატოვება სწორედ ამ მოგების ხარჯზევე შესაძლოა მომხდარიყო. ანუ, მოგების განაკვეთი 2013 წელს კი არა ახლა შემცირებულიყო, მაშინ როცა ტარიფების ზრდის საჭიროება ეკონომიკაში რეალურად არსებული პრობლემების გამო დადგა.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტარიფები 2013 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე რეგულირდებოდა, რაც წინა წლებში მიღებული მაღალი მოგების გამოქვითვის საშუალებას იძლეოდა. 2014 წელს კი სემეკმა ავსტრიელებთან ერთად ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რის საფუძველზეც დღეს ტარიფების დადგენა ხდება. ახალი მეთოდოლოგია კი წინა წლებში არსებული მეთოდოლოგიის რევიზიას არ ითვალისწინებს. ამიტომ კომპანიების მიერ 2014 წლამდე მიღებული მაღალი მოგების გათვალისწინება დღევანდელი მეთოდოლოგიით უკვე ვეღარ მოხდებოდა (სემეკის კომისიის წევრთან პირადი გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია).

სემეკი მუდმივმოქმედი საჯარო იურიდიული პირია, რომელიც თავის საქმიანობაში არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას და ორგანიზაციას; თუმცა ვინაიდან ისიც სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, მათი პოლიტიკის გათვალისწინება, კომისიასაც გარკვეულწილად უწევს; მიუხედავად იმისა, კომისია სახელმწიფო პოლიტიკას ეთანხმება თუ არა. ამიტომ, თუ 2013 წელს ტარიფები არ შემცირდებოდა და მთავრობის ინიციატივა დღეს ტარიფის უცვლელად დატოვება იქნებოდა, მრავალ ფაქტორთა გათვალისწინების გამო, რთულია გადაჭრით იმის თქმა, ტარიფები მიმდინარე წელს მაინც გაიზრდებოდა თუ არა; თუმცა კომპანიებს ტარიფების უცვლელად დატოვების რესურსი დღეს უფრო მეტად ექნებოდათ.

ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ენერგოსექტორი (ისევე როგორც სხვა ბიზნეს სექტორები), თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური წნეხისგან. ტარიფების ცვლილება მხოლოდ სექტორის რეალური დანახარჯების გაზრდის ან შემცირების შედეგად უნდა ხდებოდეს. ტარიფი უნდა გაიზარდოს და უნდა შემცირდეს კიდეც, თუ ეს სექტორის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარეობს და ბუნებრივად ხდება, ყველანაირი პოლიტიკური ინიციატივების და პოპულისტური გადაწყვეტილებების გარეშე.

3. ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის უარყოფითი ეფექტები და რეკომენდაციები

ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ხარჯების ზრდის კუთხით უარყოფითად აისახება. ტარიფები იზრდება კომერციული მომხმარებლებისთვისაც, რამაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების ზრდა და ადგილობრივი პროდუქციის გაძვირებაც შეიძლება გამოიწვიოს. ტარიფების და ფასების ზრდა განსაკუთრებით მცირე შემოსავლიან მოსახლეობას აზარალებს, რომელთა სამომხმარებლო ხარჯებშიც პირველადი მოხმარების პროდუქციას შედარებით უფრო მაღალი ხვედრითი წილი უკავია.

მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება გადაწყვიტა. მინისტრთა კაბინეტმა მიმდინარე წლის 30 ივლისს სუბსიდირების ახალი გეგმა დაამტკიცა. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას რეგიონის სოციალური დაუცველი მოსახლეობის ის ნაწილი მიიღებს, ვისაც 70 000 ან ნაკლები ქულა აქვს. ბიუჯეტიდან ამისთვის წლის ბოლომდე 6 მლნ ლარი გამოიყოფა. ანალოგიური გეგმა თბილისში ტარიფის მატების შემთხვევაშიც ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტრო ენერგიის გამანაწილებელ კომპანიებთან ბაზათა გაცვლის სისტემას შექმნის. თვის ბოლოს გამანაწილებელი კომპანიები ტარიფის ზრდის შედეგად მიღებულ ფასთა შორი სხვაობას დათვლიან და ჯანდაცვის სამინისტრო ამ განსხვავებას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუნაზღაურებს. აქედან ნათელია, რომ ფასთა სხვაობას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო დაუფარავს, რის შედეგადაც მათთვის ელექტროენერგიის ტარიფი რეალურად არ შეიცვლება.

  • ჩვენი აზრით,სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის დაბალანსება, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს, თუმცა სუბსიდირება ზოგადად დარგის და ეკონომიკის გაჯანსაღების გზას არ წარმოადგენს. საქართველოს ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ისედაც მძიმე ტვირთია. დამატებითი სუბსიდირება ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტად დააწვება. ბიუჯეტის ხარჯების ზრდის შემთხვევაში ლარის კურსის გაუფასურების და შედეგად ტარიფების კვლავ ზრდის რისკი კიდევ უფრო გაიზრდება. საზოგადოდ, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ სოციალური შეღავათები ნებისმიერ სფეროში არა მთელ მოსახლეობას, არამედ მის მხოლოდ ყველაზე მოწყვლად ნაწილს უნდა გაუწიოს;

  • სამომავლოდ,ჩვენი აზრით, საჭიროა დიფერენცირებული ტარიფის შემოღება. სასურველია როგორც დღე-ღამური, ისე სეზონური ტარიფის დაწესება, რაც პიკების მოხსნას და ელექტროენერგიაზე მომხმარებლების დანახარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. მართალია, ეს ისევ დამატებით ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, რამაც მოკლევადიან პერიოდში სამომხმარებლო ტარიფების ზრდა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მომხმარებელთა დანახარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს;

  • დღეს ელექტროენერგეტიკული სისტემის განაწილების და გადაცემის სექტორი ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამანაწილებელი კომპანიები გენერაციის წყაროებსაც ფლობენ და ამ სექტორში დღეს კონკურენტული გარემო არ არის. ამიტომ, სამომავლოდ საჭიროა ისეთი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც გენერაციის სექტორში კონკურენციას შეუწყობს ხელს, უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმების დანერგვას და სრულყოფას, როგორც ელექტროენერგიით ვაჭრობის საბითუმო, ასევე საცალო დონეზე;

  • იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ქვეყნის ენერგომომარაგებაში თბოსადგურების და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია, ვალუტის კურსის ცვლილება ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნული შოკების ეფექტის შემცირების მიზნით, საჭიროა ქვეყანამ თავისი რესურსებით უფრო მეტი ელექტროენერგია აწარმოოს. ვინაიდან ძველი სადგურები თითქმის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ელექტროსისტემის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ახალი სადგურების მშენებლობაა აუცილებელია, რაც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია. ახალი ინვესტიციები საწყის ეტაპზე ზრდის ამ სექტორის დანახარჯებსაც, რაც კვლავ ტარიფებზე პოვებს ასახვას. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. შესაბამისად, ქვეყანაში მთავარი პრობლემა მაინც არა მაღალი ტარიფი, არამედ დაბალი შემოსავლებია; ამიტომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა, რაც მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე დადებითად აისახება.

 

Author: ნუცა თოხაძე, მარიამ ჩაჩუა