დიპლომატი ირაკლი კვანჭახაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას, ბიზნეს საქმიანობას და შემოსავალს არ უთითებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დიპლომატი ირაკლი კვანჭახაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას, ბიზნეს საქმიანობას და შემოსავალს არ უთითებს

13 ნოემბერი, 2023

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა,  ირაკლი კვანჭახაძემ, 2023 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ მიუთითა სამეწარმეო საქმიანობა, უძრავი ქონებები და ხელფასი.

დარღვევა I: ირაკლი კვანჭახაძემ დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში და ასევე, მეუღლის, თამარ ბლაგიძის კუთვნილი 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში.

დარღვევა II: კვანჭახაძემ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ბიზნეს ინტერესების შესახებ. კერძოდ, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კვანჭახაძე შპს ედენა-ს 16.25%-ის, ხოლო შპს ნიკუ-ს 25%-იანი წილის მფლობელია. ამ ორი კომპანიიდან, საქსტატის ბიზნეს რეგისტრის თანახმად, ბოლო ერთი წლის მანძილზე აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა შპს ედენა. თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს აქტიური საწარმოდან მიღებული შემოსავალიც.

დარღვევა III: ირაკლი კვანჭახაძემ მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა. თანამდებობის პირს კანონით ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა.

დარღვევა IV: კვანჭახაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება (ხელფასი). საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 და 2021 წლების დეკლარაციებში ასახა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ირაკლი კვანჭახაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.