ENG

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გამოწვევები საქართველოში

18 იანვარი, 2016

 

საქართველოში 5 წლამდე ბავშვების, ახალშობილთა, ნეონატალური და დედათა სიკვდილიანობის) მაჩვენებელი ევროპის რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 1000 ახალშობილზე 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ს შეადგენდა, მათ შორის, ახალშობილთა (1 წლამდე ასაკის) გარდაცვალების მაჩვენებელი 11-ს, ნეონატალური სიკვდილიანობის (28 დღემდე ასაკის) კი – 7-ს. ბავშვების უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებით კი, 2013 წელს საქართველოში 1000 დაბადებაზე 5 წლამდე გარდაცვალების 13.1 ფაქტი დაფიქსირდა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დედათა სიკვდილიანობის (ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზებით, ორსულობისას ან ორსულობის შეწყვეტიდან 42 დღის მანძილზე გარდაცვლილ ქალთა) მაჩვენებელი 2013 წელს საქართველოში 23-ს შეადგენდა 100 000 ახალშობილზე.

Save the Children-ის 2015 წლის რანჟირების სისტემაში, რომელიც დედათა და ბავშვთა კეთილდღეობას ეხება, 179 ქვეყანას შორის საქართველომ 86-ე ადგილი დაიკავა.

შედარებისთვის, 2012 წლის მონაცემებით, ევროკავშირში 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი ყოველ 1000 ბავშვზე 5-ს შეადგენდა. ასევე, 2012 წლისთვის არსებული მონაცემებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოზე მაღალი მხოლოდ ყაზახეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იყო. მსგავსი ვითარებაა ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარებისასაც.

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზები, სხვა საკითხებთან ერთად, მჭიდროდ არის დაკავშირებული ფეხმძიმობისას დედის ჯანმრთელობასთან, მშობიარობის პირობებსა და მშობიარობის შემდეგ პირველი საათების ან კვირის დროს არსებულ გარემოებებთან. მათ შორის, საყურადღებოა სტაციონარული დაწესებულებების/სამშობიარო სახლების მდგომარეობა და მათ მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი, ასევე ორსულობისას დედის სათანადო კვებასთან დაკავშირებული საკითხები.

სტატისტიკის სამსახურის მონცემების თანახმად, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით ერთ წლამდე ასაკის 600 ახალშობილი იღუპება. ამ მომენტისათვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა ძირითადი მიზეზები იწვევს ახალშობილთა გარდაცვალებას. თუმცა, ქართველი მედიკოსები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმ რისკფაქტორებზე მიუთითებენ, რაც ახალშობილთა ჯანსაღი განვითარების შემაფერხებელია. აღნიშნული ფაქტორები კი რკინადეფიციტური ანემია, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით გამოწვეული დეფექტები, დედათა ორსულობამდელი არასათანადო კვება და ფოლიუმის ნაკლებობა, არასათანადო კვება ორსულობისას და დაბადებულ ახალშობილთა მცირეწონიანობაა. გამოცდილება ცხადყოფს, რომ რაიმე ტიპის ფორტიფიცირება (მიკროელემენტებითა და ვიტამინებით საკვების გამდიდრდება) ამგვარ რისკებს თითქმის 75%-ით ამცირებს.

ცხრილი 1: მშობიარობისა და 1 წლამდე ახალშობილთა გარდაცვალება





წელი

მშობიარობის რაოდენობა

1 წლამდე ახალშობილთა გარდაცვლება

1000 მშობიარობაზე გარდაცვლილთა რაოდენობა

2010

63238

701

11.09

2011

58577

703

12

2012

57695

715

12.39

2013

58445

640

10.95

2014

61275

578

9.43

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, სამშობიარო სახლები, სადაც ერთი წლის განმავლობაში 500-ზე ნაკლები მშობიარობა ფიქსირდება, არ არიან მზად ისეთი სახის კლინიკური გამოცდილების და აღჭურვილობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, რაც მომსახურების სათანადო ხარისხსა და მშობიარობის შემდეგ მოვლის უსაფრთხო პირობებს უზრუნველყოფს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიდან წელიწადში 500-ზე ნაკლები მშობიარობის ფაქტი საშუალოდ 63 სამედიცინო დაწესებულებაში ფიქსირდება. მაგალითისთვის, 2014 წელს საქართველოში მოქმედი 101 სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ორსულობასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებდა, 60-მა სამედიცინო დაწესებულებამ 500-ზე ნაკლები მშობიარობა მიიღო. შესაბამისად, სამშობიარო სახლების/სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 60%-ს, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, შესაძლოა არ ჰქონდეს მომსახურების სათანადო ხარისხის მიწოდების შესაძლებლობა. მეტიც – გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი სამშობიარო სახლების/შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 20-25% წელიწადში 100-ზე ნაკლებ მშობიარობას ემსახურებოდა.

ცხრილი 2: სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა მიღებული მშობიარობების დაბალი მაჩვენებლით





წელი

სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა

500 მშობიარობაზე ნაკლები

100 მშობიარობაზე ნაკლები

2010

98

64

24

2011

96

60

26

2012

94

56

23

2013

98

63

26

2014

101

60

23

2015*

102

70

34

* იანვარი-სექტემბერი, წინასწარი მონაცემები

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ამ პრობლემის დასაძლევად ქვეყნები რეგიონალიზაციას მიმართავენ, რაც ჯანდაცვის სისტემის ისეთ ორგანიზებას გულისხმობს, როდესაც ქვეყნის განსაზღვრულ რეგიონში სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას თავიდან არის აცილებული ძვირადღირებული მომსახურების დუბლირება და უზრუნველყოფილია აუცილებელი მომსახურების ხელმისაწვდომობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პერინატალური სერვისის (ორსულთა პატრონაჟის, სამეანო და ახალშობილთა მოვლის) მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოში განხორციელდება პერინატალური სერვისების რეგიონალიზაცია და შესაბამისი რეფერალის სქემის ამოქმედება, რაც განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01­2/ნ ბრძანებით, „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანების თანახმად, 2015 წლის განმავლობაში პერინატალური სამსახურებისთვის რეგიონალიზაციის დონეების მინიჭება და შესაბამისი რეფერალის სქემის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს პილოტურად, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში.

ეს სისტემა პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებს განსაზღვრავს და პერინატალური სამედიცინო მომსახურების მიწოდების მოდელს წარმოადგენს. ამ სისტემით ხდება ორსულთა, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების კლასიფიკაცია მათი სიმძლავრეების მიხედვით, არსებული რისკის შესაბამისად. შედეგად, ინერგება ორსულების, დედებისა და ახალშობილების მოვლის დიფერენცირებული სისტემა.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთან ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული მათი სათანადო კვების საკითხები. ამ მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლოა, საკვები პროდუქტების გამდიდრება იყოს.

საკვები პროდუქტების ფორტიფიცირება

საკვები პროდუქტების ფორტიფიცირებას მსოფლიოში 70 ქვეყანაზე მეტი ახორციელებს; მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა. ფორტიფიცირება – ფართო მოხმარების საკვებ პროდუქტში მინერალებისა და ვიტამინების დამატებას გულისხმობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქვეყნებს, მათი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, საკვები პროდუქტების შესაბამისი მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებისკენ ხშირად მოუწოდებს.

საქართველოში პურის ფქვილის რკინით და ფოლიუმით ფორტიფიკაციის სტრატეგია ჯერ კიდევ 2006 წელს დაინერგა. GAIN-ის გრანტის – საფუძველზე 2006 წელს, დაიწყო პროექტი პროექტი სახელწოდებით: „რკინითა და ფოლიუმის მჟავით პურის ფქვილის ფორტიფიცირების პროგრამა საქართველოში”. თუმცა დღემდე ქვეყანაში პურის ფქვილის ფორტიფიცირება კვლავ არ ხდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ქრონიკულად არასაკმარისი კვება ბავშვებსა და მოზარდებში ჯანმრთელობის გართულებებს იწვევს და ზრდასრული მოსახლეობის ქმედითუნარიანობაზე არასასიკეთოდ აისახება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არასათანადო კვების ნიადაგზე განვითარებული რკინადეფიციტური ანემიის გამო 5 წლამდე ასაკის ყოველი მესამე ბავშვი ზრდის განვითარებაში ჩამორჩება. რკინადეფიციტური ანემია ორსულობისას მცირეწონიანი ბავშვების დაბადების რისკს ზრდის. ანემიის 2 მილიარდი შემთხვევა სრულად განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკაში ხვდება, ხოლო რკინადეფიციტურ ანემიაზე საერთო ანემიური სტატისტიკის 70-80% მოდის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული 2015 წლის სურსათის და ჯანსაღი კვების ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ რკინადეფიციტური ანემია ყველაზე ხშირად რეპროდუქციული ასაკის, ორსულ და მეძუძურ ქალთა, ასევე ადრეული ასაკის ბავშვთა შორის გვხვდება.

მსოფლიო სტატისტიკა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეყრდნობა, ცხადყოფს, რომ 2011 წელს მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 6.9 მილიონი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არასწორი, არასრულფასოვანი კვება გახდა, აქედან შემთხვევების 35%-ში – არასრულფასოვანი კვების მიზეზით. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით საქართველოში 1 წლამდე 3337 ბავშვია გარდაცვლილი, თუმცა უცნობია, თუ რამდენი მათგანია დაღუპული არასრულფასოვანი კვების გამო.

არსებული არასახარბიელო სტატისტიკის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და გაერთიანებული ერების საკვებისა და აგროკულტურების ორგანიზაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლებია მოუწოდებენ ქვეყნებს, დაიწყონ საკვები პროდუქტების ფორტიფიცირება. ფორტიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც მძიმე სოციალური ფონია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საკვებ პროდუქტებზე არ აქვთ წვდომა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების საკვებისა და აგროკულტურების ორგანიზაციის 2006 წლის სახელმძღვანელოში, ფორტიფიცირების შემდეგ რამდენიმე მეთოდზეა საუბარი: მასობრივი ფორტიფიცირება, მიზნობრივი ფორტიფიცირება და მარკეტინგული ფორტიფიცირება. მასობრივი ფორტიფიცირება მასობრივი მოხმარების ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა პურის ფქვილი, ბრინჯი, რძე და სხვა ვიტამინისა და მინერალის დამატებით ხდება. ხოლო, მიზნობრივი ფორტიფიცირებისას, იმ კონკრეტული სამიზნე ჯგუფისათვის, როგორიცაა ბავშვები, მოხუცები, ქალები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისი მინერალებისა და ვიტამინების დამატება ხდება.

ფორტიფიცირებას შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტი დაექვემდებაროს. ფორტიფიცირებისას გამოიყენება A, B, D ვიტამინები, ასევე რკინა და ფოლიუმის მჟავა. ხშირია იოდით საკვები პროდუქტების, უმეტესად კი, მარილის გამდიდრება, რასაც საქართველო 2007 წლიდან ახორციელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სურსათის და ჯანსაღი კვების ეროვნულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, საკვები პროდუქტების ვერ/არ მიღების გამო გამოწვეული ანემია (რკინადეფიციტი) „საშუალო“ სირთულის პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში არსებული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 22.8%-ს, ასევე 15-49 ასაკის არაორსულთა 24.1%-ს და ორსულ ქალთა 25.6%-ს სხვადასხვა ფორმით გამოხატული ანემია აღენიშნებოდათ.

რკინადაეფიციტი იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მოზარდის გონებრივი განვითარების შეფერხება, სკოლის ასაკის მოსწავლეებში კონცენტრაციის დეფიციტი.

რკინის დეფიციტთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ასევე მაღალია ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის მაჩვენებელი, რომელიც 15-49 წლის არაფერხმძიმე ქალებში 37%-ს აღწევს. ორსულობის პეროდში ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების ნაკლოვნებებს იწვევს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული მასალის თანახმად, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ნერვული ღეროს დეფექტებს იწვევს, ყველაზე ხშირად კი, ისეთ დეფექტებს, როგორიცაა Spina bifida – (ზურგის ტვინის თიაქარი, ზურგის ტვინისა და ხერხემლის განვითარების მძიმე თანდაყოლილი დეფექტი), როდესაც ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს, რის შედეგადაც ირღვევა ზურგის ტვინის ფუნქცია. ზურგის ტვინის თიაქრით დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და საჭიროებენ მრავლობით ქირურგიულ ჩარევას. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობითაა ასევე გამოწვეული ანენცეფალია – თავის ტვინის განუვითარებლობა ან არასრული განვითარება. ანენცეფალიის მქონე ბავშვები კვდებიან დაბადებამდე ან მალევე დაბადების შემდეგ. თავის ტვინის თიაქარი (encephalocele) თავის ქალის ღიაობის გამო ტვინის ქსოვილის კანქვეშ გამოსვლას იწვევს.

„მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ქალებში, რომლებიც ორსულობის წინ და ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად იღებენ 400 მკგ ფოლიუმის მჟავას, ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი 50-70%-ით შემცირებული. ცნობილია, რომ ორსულობათა საშუალოდ 50% დაუგეგმავია (საქართველოში, 2010 წლის RHS კვლევის მონაცემებით, ბოლო ორსულობის 36% იყო დაუგეგმავი; 2005 წელს ეს მაჩვენებელი იყო 52%; ხოლო 1999 წელს – 59%). ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლიუმის მჟავას,“ – ნათქვამია მასალაში.

შესაბამისად, ჯანსაღი და შრომისუნარიანი თაობების არსებობისათვის, მნიშვნელოვანია ორსულობამდე და ორსულობის პროცესში რეპროდუქციული ასაკის ქალებს არ აღენიშნებოდეთ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. ხოლო, ვინაიდან საქართველოში ორსულობების დიდი რაოდენობა (2010 წლის კვლევის თანახმად, 36%) დაუგეგმავია, მნიშვნელოვანია, რომ სახელწიფომ უზრუნველყოს ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირებული პროდუქტების მიწოდება მოსახლეობისათვის, რათა დაუგეგმავი ორსულობის პირობებში ორგანიზმმა ნაყოფის სრულყოფილი განვითარება უზრუნველყოს. პურის ფქვილის ფოლიუმის მჟავით გამდიდრება, პირველ რიგში, შეამცირებს ფოლიუმის მჟავით გამოწვეულ დეფექტებს და ახალშობილთა სიკვდილიანობას.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარება შესაძლოა ფორტიფიცირებით მოხდეს, მცირეწონიან ახალშობილთა გარდაცვალების შემცირებაა. UNICEF-ის 2010 წლის კვლევის მიხევით, საქართველოში დაბადებულ ახალშობილთა 5.5% 2500 გრამზე ნაკლებს იწონის, 2954 ახალშობილი 2000-დან 2499 გრამამდე იყო, 458 ჩვილი კი 2000 გრამზე მცირე წონით დაიბადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ბავშვებს რომელსაც დაბადებისას მცირე წონა (2500 გრამი) აღენიშნებათ, ნაადრევად გარდაცვალების 20-ჯერ მეტი რისკი აქვთ, ვიდრე ბავშვებს მეტი წონით. დაბალი წონის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია დედის ჯანმრთელობას და მის კვებით რაციონს ორსულობამდე და ორსულობის დროს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საკვები პროდუქტები შეიცავდეს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ახალშობილის სწორ განვითარებას, ასეთი უმთავრესი კომპონენტები კი სწორედ ფოლიუმის მჟავა, რკინა და მინერალებია.

მცირე თუ არამცირე წონიანი ბავშების ჯანსაღად განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ძუძუთი კვებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ძუძუთი კვების პროცესი დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიწყოს. განსაკუთრებით მისასალმებელია ექსკლუზიურად ძუძუთი კვება (ხელოვნური დანამატის გარეშე), რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალშობილის ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას. ძუძუთი კვების სასურველი ხანგრძლოვობა 2 წელია.

კვლევამ, რომელიც UNICEF-მა 2010 წელს ჩაატარა, აჩვენა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა. ბავშვების 13%-ს არასოდეს უკვებია ძუძუთი, ხოლო 6 თვემდე ასაკის ბავშვების მხოლოდ ნახევარი იკვებება ექსკლუზიურად ძუძუთი. საშუალოდ, ბავშვებს ძუძუთი კვება 9-10 თვის ასაკში უწყდებათ (მაშინ, როცა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თანხმად, ძუძუთი კვების ხანგრძლივობა 2 წლამდე უნდა იყოს). ძუძუთი კვება 12-14 და 20-23 თვის ბავშვებში ძალზე იშვიათია. მხოლოდ ბავშვების ერთ მესამედში გვხვდება ძუძუთი კვებისა და დამატებითი საკვების სათანადო კომბინაცია 24 თვემდე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რკინადეფიციტური ანემიის განვითარება მეძუძურ ქალებშიც ძალიან აქტიურად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ პურის ფქვილის ფორტიფიცირებით ეს პრობლემაც ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს.

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პურის ფქვილის ფორტიფიცირება დამატებით დანახარჯებს არ მოითხოვს და არც ისეთი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტის გაძვირებას, როგორიც პურია, არ გამოიწვევს.

პურის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგაძის განცხადებით, ფორტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე იმპორტირებული პურის ფქვილი. მისი განცხადებით, ფქვილის პროდუქტების ფორტიფიცირების ნიადაგზე პურის გაძვირების საფრთხე არ დგას და გაცილებით მაღალია ის სარგებელი, რომელიც ფორტიფიცირების შედეგად დადგება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ეკონომიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავით ფქვილის გამდიდრების დანახარჯმა წელიწადში 3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 145 მილიონი აშშ დოლარი დააზოგინა. ფორტიფიცირებაზე ინვესტირებულ ყოველ 1 დოლარზე 45 დოლარი ეკონომია კეთდება.

2006 წლის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ფორტიფიცირების ნიადაგზე 37%-ით არის შემცირებული ნერვული მილის დეფექტები ახალშობილებში. კანადაში იგივე მონაცემი 46% აღწევს, ჩილეში – 41%. ფორტიფიცირების დაწყებიდან ამ ქვეყნებში ნერვული ღეროს დეფექტები 30-50%-ით შემცირდა. ამ სტატისტიკის თანახმად, დღეში დაახლოებით 60 ბავშვის გადარჩენაა შესაძლებელი.

UNICEF-ის კვლევა აჩვენებს, რომ მალნუტრიციის პრობლემის გამო საქართველოს უკვე 1.3 მილიარდ ლარის ზიანი მიადგა და 4300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა. პრობლემის გადასაჭრელად, გაეროს ბავშვთა ფონდი ნუტრიციული ინტერვენციის იდეით გამოდის. საერთაშორისო მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ შემოთავაზებული პორტფოლიოს განხორციელებას შეუძლია ერთი მეოთხედით შეამციროს ყოველი ათწლეულის 1.3 მილიარდ დოლარიანი დანახარჯი და 1000 ბავშვამდე გადაარჩინოს. სამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის დაფინანსებით განხორციელებულმა 15 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამებმა ათი წლის განმავლობაში შეიძლება 343 მილიონი დოლარის სარგებელი მოიტანოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი დახარჯული დოლარი 20 დოლარზე მეტ ამონაგებს მოიტანს. ეს მიდგომა ზუსტად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიან გეგმას და ამ გეგმის ფარგლებში განხორციელებულ თუ განსახორციელებელ ინვესტიციებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პარლამენტი მზად არის ამ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანოს, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა შედგება ფორტიფიცირების საჭიროების და მიკროელემენტების შესახებ კვალიფიცური კვლევა, რომლითაც უნდა განხორციელდეს ფორტიფიცირება. დეპუტატის განმარტებით, ასევე უნდა დადგინდეს, თუ როგორი ტიპის ფორტიფიცირებაა განსახორციელებელი, მიზნობრივი თუ მასობრივი.

ფორტიფიცირების შედეგად ქვეყანა დაზოგავს იმ თანხებს, რომელიც განკუთვნილია ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით გამოწვეული დეფექტების სამკურნალოდ, ასევე მცირეწონიანი ბავშვების საინკუბატორო და სხვა სამედიცინო დანახარჯებს და ხანგრძლივ პერსპექტივაში გაზრდის ზრდასრული მოქალაქეების ქმედითუნარიანობას, რაც 10 წლის პერსპექტივაში 343 მილიონი დოლარის სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“